ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2019


***

მაშინ როდესაც ადამიანები გვტკივა,
სხვა ყველა ტკივილი აზრს კარგავს.

ადამიანები, ადამიანებს ნერვებს უქუცმაცებენ.

ცხოვრება მინდა ხიდან ფოთლის ნარნარ ვარდნას გავდეს,
მშვიდად ვიცხოვროთ და უმტკივნეულოდ მოვკვდეთ.
მაგრამ სხვაა ცხოვრება,
ცხოვრება ქარია, რომელიც ხან რას მიგვახეთქებს, ხან რას.
გვფლეთს,
გვანაწევრებს
და მრავალნაწილად მიმოგვფანტავს დედამიწაზე.

სანამ მოვკვდები,
იქამდე მრავალჯერ მომკლავენ.
თქვენც მოგკლავენ,
მზად უნდა იყოთ ამისთვის.

ცხოვრება ჩაკეტილი ოთახია,
ჩვენ კი მათში გამომწყვდეული,
მთელი სიცოცხლის მანძილზე ვეძებთ სივრცეს,
საიდანაც ჟანგბადს შევისრუტავთ,
ბოლოს კი უჰაერობით ვკვდებით.

ყოველ დღე გული იმიტომ არ მტკივა,
რომ თრომბის ნიშნები მაქვს,
იმიტომ მტკივა,
რომ მოლოდინი მაქვს, რაღაც ცუდის,
რაღაც ისეთის,
რაც ვიცი გულში შემიძვრება და ვერაფრით გარეთ ვერ გამოვდევნი.
ეს არ არის ჩემი პესიმისტური განცხადება,
პესიმისტი ნამდვილად არ ვარ.

მაშინ როდესაც,
ჭამის დროს ფიქრობ რომ ეს ლუკმა,
სხვას შენზე მეტად სჭირდება,
ცაზე,
მორიგი აუხდენელი ოცნების ვარსკვლავი წყდება.

მე ჩემი ჩამოხეული შინაგანი სამყარო,
საჯაროდ არასდროს გამომიფენია.
ასე იქცევიან სიგიჟის ზღვარზე მყოფი ადამიანები.
მაგრამ ზოგს უმართლებს და პოულობს ისეთ ადამიანს,
ვინც აღწევს ამ სამყაროში და მის დაფლეთილობას,
საკუთარი არსებობით ამრთელებს.

ვისახავთ მიზნებს და ისიც არ ვიცით,
იარსებებს თუ არა ხვალინდელი დღე ჩვენს ცხოვრებაში.

დღეს გავიგე, რომ 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა
და
15 წლის სიცოცხლე მომაკლდა ალბათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები