ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
13 თებერვალი, 2009


თავი 8. იასამნები ("გაცვლა")

თეონას საოცრად უყვარდა იასამნები. ნებისმიერ სხვა ყვავილს ერჩია!
იასამნებს შორის კი მუქ, ხავერდოვან იასამანზე გიჟდებოდა.
იასამნების პირველი აყვავილებიდან მისი ყვავილობის დასრულებამდე – თეონას ოთახში მუდმივად ამშვენებდა ლარნაკს დიდი თაიგული და საოცარ სურნელს აფრქვევდა გარშემო.

თეონა 17 წლის იყო მაშინ.
პატარა ცელქი გოგონა სადღაც გამქრალიყო და მისი ადგილი ცქრიალა      ზღვისფერთვალება ასულს დაეკავებინა, რომელსაც წელზე სცემდა ოქროსფერი დალალები.
ძალიან განსხვავდებოდნენ დები ერთმანეთისგან,– 15 წლის ნინუცას მწვანე თვალები და წაბლისფერი, მუჭისსიმსხო ნაწნავები ჰქონდა.

გიზომ ამბავი მოიტანა, რომ თეონას უფროსი ბიძაშვილი ნანა თხოვდება და ქორწილი აპრილის ბოლოს დანიშნესო. სასიძო გურჯაანის რაიონიდან იყო, სოფელ ვეჯინიდან.

აპრილის ბოლოს საქორწილო მაყრიონი ვეჯინისკენ გაემართა. ვეჯინი გურჯაანში ჩასვლამდე პირველივე სოფელია. კავკასიონის საოცარი ხედი იშლება ვეჯინიდან.

სასიძოს ეზოში უამრავ ხალხს მოეყარა თავი. თბილისიდანაც ბევრნი ჩავიდნენ, – მაყრიონის 12 მანქანა მიადგა ეზოს.
მანქანების გაჩერებისთანავე ატყდა ზურნა და დოლი, მუსიკით შეხვდნენ ნეფე–პატარძალს.
ნეფე–პატარძალი ცეკვა–ცეკვით შევიდა ეზოში. ცეკვავდა ყველა, ვისაც კი ხელის გაშლა შეეძლო. თეონას მამა და მამიდა, გიზო და ლიტა, როგორც ყოფილი მოცეკვავეები, ცეკვით დაიღალნენ.
– აბა, ერთი განიერი შალახოოო!  – გასძახა გიზომ დამკვრელებს და ლაზათიანად გაშალა ხელები. გიზომ ნინუცა გამოიწვია, – ისიც ხომ მოცეკვავე იყო!
მოიხიბლენ სტუმრები მამა–შვილის ცეკვით. აღფრთოვანებული შეძახილები ისმოდა ირგვლივ.
მოცეკვავეებს შუაში ბიძია ოთარი ჩაუხტათ, – ისიც მოცეკვავე და “შალახო“ მაშინვე „ქართულმა“ შეცვალა. ოთარმა ლიტა გამოიწვია.
– ეს ხალხი სუ მოცეკვავეებია?
– ნახეთ, ქაა, როგო უსვამენ ფეხებსა... ქალები კიდენა დაფრინავენ ჰაერში!
– მააშ, ქალო, ეგეთი ცეკვა ტელევიზორშიც აღარ მინახამს კაი ხანია!
– უი, უი, ის პატარაც როგო კარქათ ცეკვამს, ქააა!... – ეჩურჩულებოდნენ იმ სოფლის ქალები ერთმანეთს.

თეონა თინიკოსთან და დანარჩენ ბიძაშვილებთან ერთად იდგა და ჩუმად ეღიმებოდა, – ეს ხომ მისი ოჯახის წევრების შესახებ ჩურჩულებდნენ მასპინძლები!
მალე მექორწილენი სუფრასთან მიიპატიჟეს.
თეონა და ნინუცა ნეფე–პატარძლის მაგიდასთან ახლოს დასხდნენ.

ასეთი ქორწილი არავის ახსოვდა: ნანა, პატარძალი არაჩვეულებრივად უკრავდა და მღეროდა. თავიდან დაქირავებული დამკვრელები უკრავდნენ, მაგრამ მერე ჯერ გიტარა მიაწოდეს პატარძალს, შემდეგ – პიანინო მოაგორეს ნეფე–დედოფლის მაგიდასთან  და პატარძალი თავად უკრავდა და მღეროდა თავისივე ქორწილში. არ გეგონოთ, ამას მოთხრობისთვის გამორჩეული ხიბლის მისანიჭებლად ვწერდე, – ხომ გეუბნებით, ასეთი ქორწილი არავის უნახავს–მეთქი!...

ნანას, თეონასა და ნინუცას შეწყობილი ჰქონდათ ხმები და იმდენი იმღერეს, რომ ყელის ძარღვები სტკიოდათ.

გვიან ღამით დაიშალნენ სტუმრები. პატარძლის მაყრიონი სიძის ოჯახის ნათესავებმა და მეზობლებმა გაინაწილეს და მოასვენეს.

დილას გრძელ, შემინულ აივანზე გაშალეს სუფრა.
2 საათისთვის აიშლებოდნენ,  – სტუმრები თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მანამდე კი გემრიელად მოილხინეს.
იმ დღეს რამდენიმე ისეთი სტუმარიც მოვიდა, რომლებმაც წინა დღეს ვერ მოახერხეს მოსვლა. მათ საგანგებოდ ხვდებოდნენ მასპინძლები.

12 საათი ხდებოდა, როცა თეონას ზურგს უკან იასამნის საოცარმა სურნელმა ჩაიარა.
თეონას პირთან მიტანილი ჩანგალი ხელში გაუშეშდა, შემდეგ კი ნელა, ძალიან ნელა მობრუნდა და... იასამნების უზარმაზარ თაიგულს მიაჩერდა.
– ღმერთო, რა თვალები აქვს! ასე გიყვარს, გოგო, იასამანი? – გაიგო საოცრად თბილი, დაბალი, ხავერდოვანი ხმა.

თეონამ უხმოდ დაუქნია თავი, ისე რომ იასამნებისთვის თვალი არ მოუცილებია.
– რომელ საათამდე იქნებით აქ? – იკითხა ისევ ხმამ.
– ორამდე!...
– ორამდე არსად წახვიდეთ... მოგისწრებთ!...

ვაჟი სწრაფად მიუახლოვდა ნეფე–პატარძალს, იასამნებიც მიართვა და ბეჭედიც გადასცა საჩუქრად და... ჩქარი ნაბიჯით დატოვა სუფრა, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად გააქროლა გურჯაანის მიმართულებით.

– თეონა, მოდი, რამე იმღერეთ? – სთხოვეს სტუმრებმა.
– ნანა, რა ვიმღეროთ? – გასძახა თეონამ ბიძაშვილს.
– აქეთ მოდი, თეონა!... ნინუცა, შენც!... მოდით ორივე!
ნანამ გიტარას წამოავლო ხელი და...
ძალიან დიდხანს ისმოდა აივნის ღია ფანჯრებიდან გოგონათა ტკბილი სიმღერა.

თეონამ შეპარვით შეხედა საათს... 2 სრულდებოდა, ის ვაჟი კი – არსად ჩანდა.
– ნანა, ვინ იყო ის ბიჭი?
– რომელი, თეონა?
– აიი, ის, იასამნები რომ მოგართვა.
– უი, მე არ ვიცნობ... მოიცა, ინგას ვკითხავ.

ნანამ თავის მულს, ინგას რაღაც ჰკითხა ჩუმად და იმანაც ჩუმადვე უპასუხა რაღაც.

– ნანა, გეხვეწები, არ გაჩერდე, რა? ის ბიჭი ჩემი იასამნებისთვის წავიდა... მოგისწრებთო და... არ ჩანს ჯერ! – გადაულაპარაკა ბიძაშვილს და ახლა პიანინოსკენ მიაჩოჩა სკამი.
– კი... მაცალე! – უპასუხა ნანამ და პიანინოსთან გადაინაცვლა. – იმ ბიჭს მალხაზი ქვია, წითელი „ნოლ–შესტი“ ყავს, 26 წლის არის...
შემდეგ სუფრას გახედა და ბიძამისი მონახა თვალებით:
– გიზო ბიძია, ისე არ გაგიშვებ, რამე თუ არ გაცეკვეთ... ცეკვა „ქართული“... – გამოაცხადა ხმამაღლა და პიანინოს კლავიშებზე ააცეკვა თითები.

გიზოს ბევრი ხვეწნა არ დასჭირვებია, ხელი გაშალა და წრეზე წავიდა.
ყველას ეგონა, გიზო ისევ ლიტას გამოიცეკვებდა, მაგრამ ნინუცამ  გაშალა მკლავები და მამას საცეკვაოდ გაჰყვა.
– მიყვარხარ, ნინუცა, კარგი ხარ! – გასძახა თეონამ და პიანინოს ხმებს ტაში ააყოლა.

გახურდა ცეკვა.
თეონა შეუმჩნევლად გავიდა გარეთ და გზას გახედა: წითელი მანქანა არსად ჩანდა.
თავი დაღუნა და აივანზე შემობრუნდა.
– თიკი, სამის ნახევარია უკვე! მე 4–ზე თბილისში უნდა ვიყო...
– კარგი, გიზო, წავიდეთ...
– გიზი, ჩვენც მოვდივართ, – გამოეხმაურა გენადი და ოთარი.
– წადით, ბავშვები წამოიყვანეთ, – მიუბრუნდნე კაცები მეუღლეებს და თავად მანქანებისკენ გაემართნენ.

თეონა მამასთან მიიჭრა.
– მამიკო, 15 წუთი კიდევ, რა?! მხოლოდ 15 წუთი! გთხოვ, რა, მამიკო!...
– რა მოხდა, თეონა? რა ხდება ამ 15 წუში?...
– იასამნები! იასამნებს შემპირდნენ!...
– ვინ?
– არ ვიცი, მამა, მე მხოლოდ იასამნები დავინახე... ხო, და კიდევ... ბიჭია... ხმა ბიჭის ჰქონდა!
– როგორ თუ „ხმა ბიჭის ჰქონდა“?! არ შეგიხედია, გოგო, სახეზე?

თეონამ უხმოდ გააქნია თავი და თვალები დახარა.
– ნანამ მითხრა, „მალხაზი ქვიაო“...
– რა უცნაური მყავხარ, შვილო! კარგი... 15 წუთი მიჩუქებია შენთვის და შენი იასამნებისთვის! 2.45–ზე რომ მანქანაში იჯდე! მამი, 4–ზე თბილისში უნდა ვიყო!

თეონამ მთელი სიყვარულით აკოცა მამას ლოყაზე და ჭიშკრისკენ გაიქცა.
გიზომ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თქმით – არაფერი უთქვამს.
სწრაფად გადიოდნენ წუთები.
2.42... 2.43... 2.44...
– თეონა, წავედით! – გასძახა მამამ.

თეონა მანქანაში ჩაჯდა და ცრემლიანი თვალები დამალა.
– თეონა, გოგო, მოვიდა მალხაზა! – მთელი ხმით იყვირა ინგამ და წითელ მანქანასთან მიიჭრა.

თეონა მანქანიდან გადმოხტა და ადგილზე გაშეშდა: ახალგაზრდა, მაღალი, სიმპატიური ვაჟი იასამნების უუუზარმაზარი თაიგულით მოდიოდა მისკენ.

– აჰა, გამომართვი!... – თეონამ ხელები გაშალა თაიგულის ჩამოსართმევად! ამდენი იასამანი არასოდეს სჭერია ხელში! თან რომელი იასამანი!!! – ის, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, – მუქი, ხავერდოვანი, საოცარი სურნელით...
– გმადლობ, –  შესცინა თეონამ და სახე ყვავილებში ჩამალა.
– რა გქვია?
– თეონა...
– მე მალხაზი მქვია... შემომხედე ერთი... ასეთი თვალები არასოდეს მინახავს!

თეონამ თავი ასწია და მალხაზს შესცინა.
– წამოდი, წამომყევი...
– სად? – მაგრამ მალხაზს აღარაფერი უთქვამს, თეონას ხელი დაავლო და მანქანისკენ წაიყვანა.

მანქანასთან მისული თეონა თვალებს არ უჯერებდა: მანქანის სალონი იასამნებით იყო სავსე. მალხაზი იასამნების თაიგულებს იღებდა, ზევით ისროდა და იასამნებიც  თეონას ზოგი თავზე, ზოგი – მხრებზე ეყრებოდა და მის ირგვლივ მიწაზე ეფინებოდა. თეონა  იასამნების „წვიმის“ ქვეშ იდგა და ბედნიერი იცინოდა.
– მიშველეთ! იასამნების ტყე! ღმერთო, რამდენია!...
– ეს სულ შენია, თეონა! იასამნების დედოფალო!...

თეონა მალხაზთან მივიდა, თავი დააწევინა და ლოყაზე აკოცა:
– მადლობთ, მალხაზ! ეს დღე არასოდეს დამავიწყდება!
– მე შენც არასოდეს დამავიწყდები, თეონა! ეს თვალები არ დამავიწყდება აღარასოდეს! – უთხრა მალხაზმა და თეონას გამოწვდილი ხელი თავის ხელებში მოაქცია, შემდეგ კი ოდნავ, სულ ოდნავ მოუჭირა ხელი.
– თეონა, წავედით, მამი!... – გიზოს ხმამ თეონა ოცნებებიდან გამოიყვანა და ზეციდან მიწაზე ფრთხილად დააბრუნა.
– მშვიდობით, მალხაზ! არ ვიცი, შევხვდებით თუ არა ოდესმე, მაგრამ... შენ მე დღეს უსაზღვრო ბედნიერება მომანიჭე! დიდი მადლობა ამ ბედნიერებისთვის.
– მე კი გული ამტკივდა! ნუთუ ვეღარასოდეს ვნახავ ამ თვალებს? ეს შეუძლებელია!... მე შენ მოგძებნი, თეონა!

თეონამ იასამნების უკვე თავისი თაიგულიდან სამი ლამაზი ტოტი ამოაძრო და მალხაზს გაუწოდა:
– ეს ჩემგან!.. გმადლობთ, მალხაზ! – კიდევ ერთხელ აკოცა ვაჟს და მამიკოს მანქანისკენ გაიქცა.

მანქანები თბილისისკენ დაიძრნენ, მალხაზი კი ძალიან დიდხანს იდგა იმავე ადგილას და გზას გაჰყურებდა. ხელში თეონას ნაჩუქარი იასამნების სამი ტოტი ეჭირა და ტუჩებით ფრთხილად ეალერსებოდა.



(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები