ნაწარმოებები



ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2019


რა მოაქვს ამ პოეზიას



რა მოქვს ამ პოეზიას?!
არც მარჩენს,
არც ჭკუას მმატებს,
არც მაორსულებს,
და კიდევ რამდენი "არც".
ვხედავ, ცხვირწინ მიზის, ძუძუებივით გატრუნული.
გეფიცებით, ღამის ლამფაა მოწმე,
და ბაბუაჩემი,
კედლის სურათიდან რომ მიმზერს.
აბა, მიდი, შეეჭიდე, პირი გააღებინე,
ამოწიწკნე ენა,
დააწერინე, ათქმევინე ის, რაც ჯერ არ თქმულა.
რა ადვილია, არა, მასთან თამაშობანა?!
ის არც ჩვენი ბავშვობის მეგობარია, არც გულისსწორი,
არც მტერი, არც მოყვარე.
მიკვირს, რატომ ჰქვია "პოეზია"
და არა - "დინოზავრი",
რომელიც ვითომდა გადაშენდა.
ვინ შეარქვა ეს სახელი?!
შენ?!  მე?! მან?!
კარგი რა, გვეყოს!
ჩემთვის, ეს შეჩვენებული,
არც მთვარეა, არც მზე, არც პენისი, ტყეებზე, მინდვრებზე და, მითუმეტეს, ქარზე ხომ ზედმეტია საუბარი.
სხვაა, სხვა.
შეიძლება ტყლაპოში გაჩრილი ტოტია, არაფრად რომ არ ვაგდებთ.
ჯანდაბა!
არ უნდა გაწვალოს, ამ ოხერმა!
არც შენ უნდა გააწვალო ის!
აგერ, ჩემი მეგობარი, თემურ ჩხეტიანიც ვეღარ წერს.
სჯობს, დაგვიანებული ბედივით ელოდოს, როცა მივა - მივა.
ოქროს ბეჭედს თუ არ მიუტანს, რკინისა იყოს, წრფელი, და ერგებოდეს.
გესმით?! უნდა გვერგებოდეს.
აბა, მიდი, შეეჭიდე, პირი გააღებინე,
ამოწიწკნე ენა.
ათქმევინე ის, რაც ჯერ არ თქმულა.
რა ადვილია, არა?!
ვერ იზამ ამას.
სიმართლე შია,
შენივე ნაფიქრი სუფთა კერძი შია,
და არა გუშინწინდელი მწარე ხახვი, მეზობელს რომ ესესხე.
თავს არ მოგატყუებინებს,
ღმერთის ტოლია,
არადა, ღმერთი შეგიწყალებს,
დროც,
მაგრამ ეს უკუღმართი - არა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები