ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2020


დანა

ნინო დარბაისელი

დანა
- - -
მე ვარ დედალი კვერცხისმდებელი
და ღმერთს ავხედე,
რამდენჯერაც წყალი დავლიე.

საკენკისაკენ მივუძღოდი დილით წიწილებს,
შებინდებულზე  -
- მივაშურებდი საბუდარს,
სადაც მელოდებოდა
კვერცხი სანიშნედ დატოვებული.
კრიახ-კრიახით და კაკანით  ვიკლებდი არეს.
ნისკარტიც სხვაზე მწარე მქონდა,
ჭრელი მამლისაც
სხვაზე მეტად ვიცოდი გემო.

მერე დაიწყო:
ხარი დაკლეს და,
ღორი დაკლეს და,
ცხვარი დაკლეს და -
- ზედ დააკლეს თითო ქათამი,
და  საბოლოოდ ჩემს მამალსაც,
მოფართხალეს
სისხლიანი დანის წვერით
ირგვლივ მიწა შემოუთხარეს.

მერე ვისწავლე გაღვიძება
სხვების მამლების ყივილის ხმაზე,
მერე თავისით მოირღვა ღობე,
მერე არვინ წამოაყენა,
იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ
განა იზრდება გასაფრენად -
-  ვარიობისას
დიასახლისის მკაცრი მაკრატლით
დაჭრილი ფრთები,
ან  მიჩვეულებს წასასვლელი სად  ეგულებათ?

ცარიელია ეზო ჩემი გადაკენკილი,
ანთია ცეცხლი,
ავად ღუიან ნაკვერჩხლები,
და ზედადგარზე შემოდგმულ ქვაბს
ორთქლი  ამოსდის.
მუცელი ისევ ჩაკვერცხილი მაქვს.
ახლა წყალს დავლევ ნაგუბრიდან
და
საბოლოოდ,
ისევ  შენკენ  ამოვიხედავ,
უკვე მოდიან,
ღმერთო, რა ჩუმი ნაბიჯებია,
ღმერთო,
როგორ ლაპლაპებს დანა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები