ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2020


ჩვენი ოჯახის სახალისო არითმეტიკა

ნინო დარბაისელი

ჩვენი ოჯახის სახალისო არითმეტიკა
- - -
ბებიაჩემი ნინა - 18 წლისა,  ნებით(!!!) გაჰყვა თავისი მათემატიკის მასწავლებელს, 
იმავე ასაკში გახდა დედა.
(იმდროინდელი ქართული წესით, ერთ წელიწადში გათხოვილ ქალს შვილი თუ არ ეყოლებოდა, უკვე ექიმებთან მიარბენინებდნენ) .
დედაჩემი -  ჩვიდმეტი წლისა მოიტაცა მამაჩემმა. თვრამეტი წლისა - დედა იყო. ჩემი და - ანა, ასევე,  ჩვიდმეტი წლისა მოიტაცა ჩემმა სიძემ. თვრამეტი წლისა -  ისიც დედა იყო.

ამოცანა გვეკითხება, რამდენის იყო
ბებიაჩემი ნინა, 
როცა პირველად გახდა ბებია?
18+18=36

ახლა, რამდენის იყო  დედაჩემი, როცა პირველად გახდა ბებია?
18+18=36

(რამდენისა გამოდის ბაბოჩემი ნინა დიდბებიობაში?
36+18=54... არადა, რა ბებერი გვეგონა!)

ამჟამად  ხუთ თვეში დედა  80 - ის ხდება და ჰყავს 5 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი.

აქედან პირველი - ულამაზესი...მაგრამ  ჭკვიანი გოგოა, უკვე 18 წლისა.
(დედამისიც, ჩვენი რძალი - თვრამეტი წლისა გახდა დედა)

დარწმუნებული ვარ, ვერც ვერავინ შებედავს მოტაცებას, ნებითაც არ გადაწყვეტს, თორემ საოჯახო ტრადიციას რომ გაჰყოლოდა, დედაჩემს შვილთა შვილის შვილი უკვე კალთაში უნდა ეჯდეს.

რაკი წინაპრებისას ვამბობთ, დედაჩემის ბაბო-პაპის ამბავი გამახსენდა  და ბარემ მივაბამ.
ჩემი დიდი პაპა, ველისციხელი ილიკო (იქაურულად - ბაჭულა) მღებრიშვილი, ძალიან პატარა, 7 წლისა მამით დაობლდა, დედამისმა - ორი შვილით დაქვრივებულმა ფეფენა დიდიამ, დიდი მამულების პატრონმა, მაგრამ ოჯახში გამრჯე კაცის გარეშე დარჩენილმა გასათხოვრად მოწეული ქალისთვის ერთი კარგი, გამრჯე და წარმოსადეგი, იმერეთიდან კახეთში გადმოსული პეტრე ტაბატაძე ჩაისიძა, ილიკო კი ხელობის შესასწავლად თბილისში დურგლობის ოსტატს შეგირდად ჩააბარა.
ძაან ივარგა ილიკომ.
თავმომწონე, მშრომელი ბიჭი დადგა, წელგამართული, სოფელში ახლადდაბრუნებულმა თვალი დაადგა ზღაპარაძიანთ  ულამაზეს სოფოს, (ასე, ცამეტი წლისას!), კარგი მაჭანკალიც გაუგზავნა და დედამისის -  ვარა კარდენახიშვილისგან  უარი მოუვიდა, ჯერ ერთი, პატარაა და მეორეც,  მე ჩემს ერთადერთ გოგოს ობოლზე არა და არ გავათხოებო.
გავიდა 5 წელი, ილიას გულიდან არ ამოუღია სოფო, გახედვით კი იქით აღარ გაუხედავს. ამასობაში სოფლის გულში, ანჩისხატის ეკლესიის წინ იმსიმაღლე სახლი აიშენა, სოფლელები ამბობდნენ, -  ბაჭულაი სახლთან რო გავივლი, თავზე ხელებ ვიფარებ, ემანდ, ზედ არ ჩამომემხოსო.
მოკლედ, კარგი ღონიერი სასიძო კაცი დადგა და ერთ დღეს ის მაჭანკალი ისევ  მოადგა:
- ილიკო, ამაი წინათ ზღაპარაძიანთ სოფოზე რაღაცაი რო მეუბნებოდი, ისევ იგრე ფიქრობო?  იარმუკაზე დედამისი ვარა შემხვდა და ეგრე მითხრა, მგონი , ბაჭულა სასიძოთა ჭკუაში მიჯდებაო.
  ბევრი რომ არ გავაგრძელო, მალე დაარტყეს ხელი ხელს, წესისამებრ, მოსავლის დაბინავების მერე, შემოდგომაზე იქორწინეს, წამოჰკიდა ვარამ  მუშებს ერთი კარგი კაკლის ბუფეტი,  ორი ხელი მატყლის ქვეშაგები თავისი წყვილი ბუმბულის ბალიშითა და თეთრეულით, დიდი სარკე, ზინგერის ფეხის საკერავი მანქანა(!!!) , ჯამ-ჭურჭელი, მათ შორის, სპილენძის ქეთლი  და  გრძელ ამალას ბოლოს  თვითონ შემოჰყვა და დაემკვიდრა მღებრიშვილიანთა.
  ბაბოჩემი სოფო, როგორც იმ დროს ზურგსუკან ნათესავები ამბობდნენ, ქალბატონად რომ დაგვასვა ბაჭულამ, კაი გადაბერწებული, 19 წლისა ყოფილა,  დედა რომ გახდა.
  მთელი ცხოვრება თავის თეთრ ხელებს გადააყოლა ყველა. შვილები - დედას დააზრდევინა, ქმარმა სახლთან ახლო ერთი პატარა ბაღჩა მოუწყო და  მთელი ცხოვრება
იმ ბაღჩაში ხილის, მწვანილის და ყვავილების მოვლით ერთობოდა. ჰო, კიდევ, კარგი მზარეულობა და კერვა სცოდნია.
ესეც - წინაპრებისა ვთქვით!
ნათელი დაადგეთ!
დაცლაზეა!

- -
დამატება
- -
ეს კომენტარად დავუტოვე მეგობარს - კითხვაზე.
აკი არაფერს აკეთებდა სოფო, ბაღჩაში ხომ უშრომიაო.

“ეს რომ გაიგო, უნდა  იცოდე, ან გაიხსენო, რომ მით უმეტეს იმ დროს, კახეთში ოჯახის ქალებს დიდი ჯაფა ადგათ, შინ თუ გარეთ.
ზღაპარაძიანთ თეთრხელება სოფო კი გარეთ ხომ ვენახებშიც არ ჩასულა, თუნდაც  ქმრისთვის საგზლის ჩასატანად, შინაც - არ ულაგებია და თეთრეული არ ურეცხია, არც ჯამ- ჭურჭელი, სხვები უკეთებდნენ. მე ვარა ბაბოს, ანუ დედამისსაც  მოვესწარი, სოფო ხომ ძალიან კარგად და ტკბილად მახსოვს.
მახსოვს, დედაჩემს ხელჩაკიდებული რომ მივყავდი,სოფოს  ასე კითხულობდნენ შემოხვედრილი ჩვენსოფლელები:
- ბაბოშენი სოფო როგოა, გო?
ისევ იგრე გეთავადიშვილებაათ?”
(სინამდვილეში, ზღაპარაძეები - ტახტის აზნაურები ყოფილან. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ბრძოლაში თავს გამოიჩენდა იმათი წინაპარი და სამხედრო წოდებასავით მისცემდა მეფე აზნაურობას, უმამულებოდ).
ისე კი, ბაღჩაში,  შენს საამებლად დარგული  ხეხილიდან მწიფე ნაყოფის ჩამოკრეფა და პირის გასველება, ცოტა სხვებისთვისაც მოსაკითხად წაღება - სიამოვნებაა. მწვანილს და ყვავილებს კიდევ,  რა დიდი მოვლა უნდა პატარა ბაღჩაში, ხანდახან მიწას მოუჩიჩქნი, წყალს დაუსხამ კოკით და ეგაა.
სავახშმოდ მოირთვებოდა და ქმარს მიუსკუპდებოდა, წყნარი მუსაიფით შეაქცევდა ოჯახს ნავახშმევზე, ვიდრე ვარა ბაბო იქაურობას მიხედავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები