ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2020


არენა

ნინო დარბაისელი

არენა
- - - -

გქონიათ-მეთქი ერთი ასეთი სიყვარული? -
რაღაც,
ცრემლამდე მხიარული,
სასიკვდილო ნომრებს შორის გამოხირული.

სულ დარჩეული ასისტენტები
გრძელტარა ცოცხით
არენაზე ნახერხს  რომ ჰგვიან,
აკრობატების ნომრის მერე  უსაფრთხოების  მძიმე ბადეთა  კონსტრუქციებს რომ ამოწმებენ ლომებისათვის,
რადგან ახსოვთ საბედისწერო მარცხი,
სიკვდილი;
თან ორკესტრიც  რომ ზემოდან
უკრავს ნაწყვეტ-ნაწყვეტად,
ძირითადად - ოქროსფერი ჩასაბერი და დასარტყმელი ინსტრუმენტებით.
ქვემოთ კი  ერთი საყოველთაო თავშექცევაა,
ორის ხმაური,
წუწაობა,
კოტრიალი,
იუმორი ტრივიალური,
ათი ზომით დიდი,
ჭრელი ტანისამოსი,
უხვად გრიმი  - ორივესათვის.
ფერად-ფერადი წრიული შუქის  კონუსებად დადევნება ჩაბნელებულში
და ტაში,
ტაში  ნახერხიდან კულისებამდე.

არენის იქით -
რუტინა და ოფლის სუნია,
არენის იქით -
,,ხელფასამდე ცოტა მასესხე”...
არენის იქით -
ერთი მარჯვნივ,
მეორე - მარცხნივ.

მაინც სადაა ის მომენტი,
რაღაც წერტილი
გასასვლელსა და არენას შორის,
როცა ერთნი ხართ,
როცა ხართ
ანდა  სულ აღარა ხართ!

გქონიათ-მეთქი,
გამოგიცდიათ ერთი ასეთი სიყვარული? -
ასე მოკლე,
ასე სავსე,
ასე დამცლელი,
ასე საჭირო ერთმანეთის და ირგვლივ - ყველას,
იქნებ სამყაროს გადასარჩენად?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები