ნაწარმოებები



ავტორი: კობე
ჟანრი: თარგმანი
3 იანვარი, 2020


თუ

აუღელვებლად შეძლო წარსდგომა, სადაც გიზრახდნენ ტალახის სროლას.
დამშვიდებულმა რომ მოისმინო ცრუ მოსამართლის მკაცრი სასჯელი.
გულის სიმტკიცით სძლიო განსაცდელს, ადვილი ჩანდეს რწმენის დათმობა.
მიტოვებულმა და განწირულმა კვლავ შეიყვარო ბრბო - განმწირველი.

სულმოუთმენლად შეძლო ლოდინი - ითმენდე თუნდაც ჟამის ბოლომდე.
მსხვერპლი არ გახდე ლამაზი ჭორის, სიცრუის მახეს უსხლტოდე ძნელად.
შენს მიმართ მხოლოდ სიძულვილს გრძნობდე. შენ კი, არც კაცებს და არც ღმერთს ჰგმობდე.
ისე შეგეძლოს მოყვასის შველა - დარჩე მეგობრად, არ ექცე "მხსნელად"

არც მცონარებას დაუთმო სული და ყველა ფიქრი თავად განაგო
და თვით ოცნების სადავეების თავად რომ შეძლო ხელში დაჭერა.
არ დაგეკარგოს თამაშის ხიბლი, მხოლოდ იმიტომ რომ ის წააგო.
ხიბლში ჩავარდნის არ მისცე ნება, არც გამარჯვებას - ამ გაიძვერას.

უსმენდე თუ, როგორ ცრუდ განმარტეს გულწრფელად ნათქვამი იგავები.
შეძლო ატანა დატკეპნილ სიმართლეზე იდიოტების თარეშის.
ვერ შეგაშინოს დაწყებამ, შეუდგე შენებას დაღლილი მკლავებით,
იხილო ნანგრევები, ოდესღაც შენი ოფლით და სისხლით ნაშენის.

მონაპოვარის ისევ გარისკვა თვალდახუჭულმა თუკი შეძელი
და თუნდ დაკარგო მთელი ქონება, მარცხი არ გახდეს ღელვის მიზეზი.
ზარალზე ჩივილს დრო არ დაუთმო, არ დაინანო, დარჩე სულგრძელი.
განაგრძო ბრძოლა, გზას არ ჩამორჩე, კვლავ აჰყვე აზარტს, წინ გქონდეს გეზი.

თუ მოიკრიბე ისევ ძალ-ღონე: დადექი ფეხზე, გახდი მედგარი;
ფერფლად ქცეული ცეცხლად აენთო და ვერ გაქრობდეს დაღლილი ქარი.
გესმოდეს ექო საკუთარი ხმის: "გაუშვი ხელი, არ არის მყარი"
და მაინც ლელოს გატანა შეძლო - არ ნებდებოდე თავს ცოცხალ-მკვდარი.

არ გსურდეს ვნება, იყო უმანკო, ღირსებანაკლულ ბრბოს შორის მდგარი.
ისევ გიყვარდეს უბრალოება, გაგიღონ თუნდაც სამეფო კარი.
მტრის და მოყვასის გულისტკივილის გამოდგე სწორად თანაზიარი;
არ დაგეკარგოს ცნობა კაცის და გიყვარდეს კაცში ადამიანი.

უწყალო დროის სიცარიელის აზრით გავსების გქონდეს უნარი;
წუთში წამების უსწრაფეს რბოლის სამოცჯერ გახდე გამარჯვებული.
ნიშნავს - ხარ ქვეყნად თავის უფალი, დედამიწა გაქვს - ღვთის საჩუქარი.
მადლობა უფალს, ბედნიერი ხარ - ადამიანად დაბადებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები