ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
6 იანვარი, 2020


საშობაო

      სოფელში, ჩემი სახლიდან ორიოდე სახლის გადაღმა, ხევის პირას,  ძველისძველი საყდარი  იდგა,  დროის მძიმე ხელით  დანგრეული და შემდეგ  სოფლის ჭრელი ხელით  გაწმენდილი და  აღდგენილი. შიგნით სამი ადამიანი თუ დაეტეოდა გაჭირვებით.  იმ სამიდან  ერთი  87 წლის მონაზონი იყო.  დღესასწაულების დროს კი  მღვდელი ჩამოდიოდა რაიონიდან  და აყენებდა წირვას. სხვა მხრივ  გზაზე  გამვლელ-გამომვლელი შემთხვევით თუ შეხსნიდა რკინის ჟანგიან ჭიშკარს, ღიმილიანი მონაზონი გამოეგებებოდათ, სანთლებს დაურიგებდათ  და შებრუნდებოდა მალევე.  მხოლოდ ამ უხილავი ბაწრით  იყო  მიბმული საყდარიცა და მონაზონიც ამ სოფელს - სხვა  არაფრით.
      მე შობის ღამე მიყვარდა  იქ  - შუშტყემლების ყვავილივით  გადაპენტილი თოვლითა და სახლებისა თუ ეკლესიის სახურავზე ჩამოკონწიალებული ლოლუებით - ყინვის საყურით,  ბუხარში ბებერა შეშის ტკაცუნითა და ღაღანა ნაკვერჩხლებით, იმ პატარა ქვის საყდრითა და მარტოდმყოფი, მოხუცი მონაზვნით. 
    შობამდე ერთი დღით ადრე,  მორიდებით შევხსნიდი ჭიშკარს, გადავიხედავდი წუთისოფლის გადაღმა, გადავივლიდი ეზოში ჯერ კიდევ  გაუკვალავ თოვლზე, ჩემს წილ  გზას გავიკვალავდი საყდრამდე და დამხვდებოდა ღიმილიანი მოხუცი კალთაში ჩირითა და სანთლით.  დღესასწაულიც სარკმელი იყო  ჩვენს სოფელსა და ჩვენი სოფლის გადამა მხარეს შუა  გაჭრილი.
- მალე დადგება ქრისეტშობა და ხილული მზე აღმასვლას დაიწყებსო, დღე  მოიმატებს, გენაცვალეო! 
- მანამდე სად არის- მეთქი, დედი, მზე ?
- მანამდე მზე კვერცხივითა ზის თავის  საბუდარში და არც იკლებს და არც იმატებსო, ძევს უძრავად, გაყუჩებულიო. დროც მაწონივითაა შეყენებული, ჰაერიცაო...მაგრამ გათენდება შობა და  იდუმალი ხელი  აამოძრავებს დროჟამსაო, აჰკრავს ხელსა და გადმოგორდება საბუდარიდან მზე, დაიბადება ახალი, დაუვალი  მზეო,  სულ აღმა- აღმა დაიწყებს სვლასა,  დღეც ვერძის სამ  ნახტომზე მოიმატებსო, გაბევრდება სინათლეო,  ეგრეა, შვილო, გამოთვლილი, ქრისტეს შობას 7 იანვარს იბადება ახალი მზე და  დღის მატება იწყაბაო და იოანე ნათლისმცემლის დაბადებისას, 7 ივლისს,  კი მზე დაღმა სვლას  იწყებს და სინათლეც იკლებსო. „მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებადო“. (იოან. 3:30) ეგრე ამბობს იოანეცო.  მაშინ  ბევრი ვერაფერი მესმოდა, მაგრამ მაინც  ყურებდაცქვეტილი  ვუსმენდი, დაძაბული.  მერე ავკრეფდი ჩემს წილ ჩირსა და სანთელს და გამოვუყვებოდი გაკვალულ ბილიკს სახლისაკენ.
      სახლში სულ სხვა სამზადისი მხვდებოდა:  სუფრის გაწყობისა, დოქებში ღვინის ღურღურისა, სახელდახელოდ  „ქრისეტს საგზლის გამზადებისა“ . საცაა მეალილოეები ჩამოივლიან და მზადა გვქონდეს „ქრისტეს საგზალიო“-  ჩირი, ჩურჩხელა, გოზინაყი, კვერცხები... შინ  მზეს არ უკვირდებოდნენ, ნადუმარი პაპაჩემი ნიჩბით გამოიტანდა ბუხრიდან ნაცარსა და ძილის წინ  იატაკზე მოაპნევდა:  -დილით ეგება ღვთისმშობლის ნაფეხური დავინახოთო.
      იქნება და აჩნდა ნაფეხურები იატაკს, იქნება და არც, ეგ მე აღარ მახსოვს. 
  მას შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა, საყდარი  ისევა დგას, ორი ახალგაზრდა  მონაზვნით სავსე, რომელთაგან ერთი მე ვარ.  სოფელი  -  გაკრეფილია, სახლების უმეტესობა - გამოკეტილი. 
  ბოლო წლებია თოვლიც აღარ მოსულა უკვე...
  ახლა მე აქ რატომღაც სულ აღდგომას ველი. გადავივლი  ჟიჟო ბალახით შეღინღლულ  ეზოს, დავდგები ხევის პირას, ჩავხედავ ბნელ, ჩაშავებულ ხევსა და იმედისმომცემი  ცისფერი შუქი მობჟუტავს  იებისა, ფურუსლებისა, ყოჩივარდებისა, ენძელებისა, ჩიტისთავებისა...ახლაღა ვფიქრობ, იქნება და  ამ ბნელ ხევს ატყვია ხოლმე გაზაფხულზე ღვთისმშობლის ნაფეხურები ამ ყვავილების სახით, ვინ იცის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები