ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2020


ფორიაქი

რომ იყოს დილა ვინდომებდი საღამოს მოსვლას...
ხომ განგიცდიათ, რაც არაა იმის სურვილი?
ღამეა ახლა და საბნის ქვეშ ალიონს "მოვთქვამ"
რაღა დავმალო... დავარღვიო უნდა დუმილი!..
ღამეა ახლა, დამსევია ფიქრი მონებად,
თუმცა პირიქით... გამეცინა უცებ გონებით,
სასაცილოა ღმერთო ჩემი თვითმომწონება,
თავად მე ვიქეც გლახაკად და მე ვემონები...
დღეს ჩემს ქალაქში ქოლგებს ჰქონდათ დღესასწაული
(უფრო კი, ალბათ " ნათხოვარი" ჰქვია ამ ქალაქს)
თითქოს ცა იყო წვიმით სავსე თვით საწყაული
და უცვივოდა ვერცხლი, როგორც თმა ფეხთან დალაქს...
კიდევ რვა დღესაც იწვიმებსო ჭორი გავიგე...
რვა სველი ღამე... ხანდახან ხომ მართლდება ჭორიც?..
ო, არა, არა... მზად არა ვარ, სევდავ დამინდე,
დაინდე ისეც მოტივტივე ლოდინი "შორი"...
გუშინ წერილი მომივიდა... მზე იყო გუშინ...
ფრთხილად გავხსენი... ვიტყუები... სასწრაფოდ ვნახე...
(დუმილს ვარღვევთქო თავშივე ვთქვი) და მერე გულში
კვლავ სიცოცხლისთვის ჩავიხატე დამწერის სახე!
თქვენთან არ ვიცი, ჩემთან კი სულ ასეა, ასე
დილა მინდა და სწორედ მაშინ არის საღამო,
ანდა პირიქით... ღამეს ვნატრობ ვნებებით სავსეს?
-გათენებულა... მეგებება ცისკრად სამყარო!
............
ღამეა ახლაც და ალიონს "მოვთქვამ" დილამდე,
გათენდება და მოვინატრებ მწუხრის ბინადრებს!
.............
ოხ, რა შორია ეს ლოდინი... ვნებებით სავსე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები