ნაწარმოებები



ავტორი: გადამფრენი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2020


შვილს

ზამთრის მკლავები თოვლში ცურავენ,
თოვლი სველ გზებზე თქრიალით დნება ,
მე ჩემი ხელი ხელში მიჭირავს
და გულში გულის ნაწილი ფეთქავს.

მალე გაზაფხულს ჩაიცვამს მიწა,
შემოიხსნიან ხმელ ქერქს ხეები,
ვდგავარ ფანჯრებთან და ივნისის მზეს
მსურს მივაფიცხო უმალ ხელები.

დარდმა ფუთფუთით გადაიარა,
როგორც სერებზე ირმების ჯოგმა,
შიში გულივით ჩადგა სხეულში
და თვალებს ცრემლის ღვარცოფი მოსკდა.

დადნა ტკივილი ბინძურ თოვლივით,
სული აავსეს ლურჯმა პეპლებმა,
კრთიან მუცელში მწიფე კვირტები
და კალენდრები ჩქარა თხელდება.

ცა სარეცხივით სხივებს გადმოფენს,
ჩამოეშვება წვიმის ფარდებიც,
წამოუწვება მინდვრებს ივნისი
მხართეძოზე და...
დაიბადები... ☀️

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები