ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2020


დამებედე



ხვალინდელზე რა ვიფიქრო,
როცა გუშინდელი ვერ ამოვათავე.
მოდი, ისევ გუშინ ვიქნები,
კიდევ ერთხელ დავიგვიანებ,
ოღონდ - განგებ, და არავითარი "მაპატიე".
ეს კაბა სისხლის ჩაქცევამდე მიჭერს, გამაძრეთ ვინმემ და იმ მკვდარ გოგოს გაატანეთ,
ხვალ რომ დაასაფლავებენ სრულიად შიშველს.
მე ახლა ის უფრო მაფიქრებს, რატომ დაველოდო იანვრის შემდეგ თებერვალს და არა - თიბათვეს,
სადაც ათასობით უჯანგართან ერთად უნდა მოვიცელო.
მოდი და, ნუ შეგეშინდება ამ ზღვისა,
ამ მთისა, ამ ბარისა, ამ კაცისა, თუ მისი მზისა, მუხლებს შორის რომ გიჭვრიტინებს, და ვითომ აქაც არაფერი,
თითქოს ერთი მოსაგლეჯი ბაბუაწვერა იყო,
კბილებს შორის რომ გათამაშოს თვალებგაშტერებულმა,
მერე ისე მოგისროლოს, არც გეალერსოს, არც სული შეგიბეროს,
და გაუდგეს გზას, თითქოს არც ამოსულხარ.
ჰა, და თიბათვე არ მინდოდეს, და თებერვალს არ გადავახტე,
უცებ ავფეთქდე ნუშივით,
წამოთოვოს და მომყინოს ჭირხლმა მერე...
არა, არა, კარგია, რომ მაქვს არჩევანის უფლება,
რწყილივით ვისკუპო ტერფიდან თავზე. ესაა თავისუფლება,
მაგრამ, ზოგჯერ, ჩამძირავი.
თუ კარგი ცურვა იცის მან, ვინც მინდა,
მოვა და გადარჩები,
ოღონდ, არც ეგონოს, რომ დაუფასდება,
და მაინც ეყოს ძალა, გადამლახოს.
მეც ვეტყვი ღიმილმოგვრილს:
"- დამებედე!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები