ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2020


***

დალეწილი იმედი და დალეწილი სარეცელი.
სახეცვლილი ოცნება და სიხარულიც სახეცვლილი.
ებრძვი ყოფას მარტოობის და ღამეულ ლანდებს ებრძვი
და ცხოვრებამ შეგირყია, არსებობის თითქოს ღერძი.

თითქოს ხარ და თანაც არ ხარ. გგავს ის ვისაც შენ არ გავხარ.
ისმენ ღამის მღვრიე ხარხარს, ამ ხარხარში კედლებს ლახავ.
ღამეს, შავ და დიდრონ გულში ეხუტები გადაღლილი.
არ ადარდებ მას, ვის მიმართაც გაგაჩნდა სადარდელი.

მარტო ხარ და ელოდები, განწყობილი სალოდინედ.
იმას, ვინც შენი სულიდან დარდის ლანდებს გამოდევნის.
შენი სულის ნაჭრილობევს უწამლებს და უმალამებს,
დააბრუნებს იმ სიხარულს რაც შენიდან გაქრა ლამის.

ის ვინც უფლებას არ მოგცემს რომ ჩათვალო თავი ლაჩრად,
მაგრამ შენდა სამწუხაროდ ის ვიღაცა, ჯერ არსად ჩანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები