ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2020


ლუმინესცენცია

ახლა მწიფეა კარალიოკი,
ზამთარი ბაღის ღობეეზე აძრომას გეგმავს.
სხვა სიყვითელეა თოვლიანზე მარცხის მიზეზი.
მე როცა თევზი გადავყლაპე მზეებს ეძინათ.
ძლივს ამოვიშრე ფეხსაცმელში ჩამდნარი თოვლი.
გახვრეტილ ნავში შემოსულ წყალთან
განაწილებულ დამშვიდობებას ფხა გამოვძიძგნე.
დაქვეითებულ ნებაზე გაცვლილ სხეულის სითბოს,
გზა გავუწბილე.
ქვირითით ვძერწე უკმარისობა,
ყველა იმ წვეთი თაფლის სანაცვლოდ,
რომელიც ცოცხალს ჩამოეღვენთა
და მკვდრებმა ლოკეს.
ჩემით ძღებიან ერთმანეთს რომ ეურჩებიან
წყრომით დღეები.
ჩემში ძვრებიან სხვის ტკივილში დამხრჩვალი ხმები,
შიშის ლორწოთი პოხავენ თვალებს.
თუ  ენამ ფიქრი ტუსაღივით უნდა ინახოს,
რამ გამოცრიცოს პირის გისოსი?
რამ შეაბრუნოს მთვარე სხვა მხარეს,
ან რა უღელმა უნდა დამზნიქოს?
დევი ზღაპრებში მხნეობასთან ისევ მარცხდება,
მუქი ბეწვი აქვთ ისევ აჩრდილებს
და ოღრო-ჩოღრო დაღმართებზე ეშვებს იმტვრევენ.
ასეთი არის ჩემი ენის დამჭკნარი ფორმა, ენის სისველე,
ზედ რომ იმ სიტყვას გაუხმა ფესვი,
ცეცხლში რომ ცხოვრობს
და ხრჩოლავს როგორც ფაშატის ლეში
მეხით გაპობილ დამწვარ კედართან,
კვამლის სიმწარე ჟანგბადივით აუჩინარებს
ხან ჭვარტლით ფარავს.
როცა ისეთი თავნებაა შენი იმედი,
თითქოს  ლურჯ წყალზე მოტივტივე დახრილი კიჩო,
თამიმდევრული სიამაყით  კარგავს სიმაღლეს,
ცას ებჯინები, ცას რომელიც ვეღარ იქუხებს.
ან დაიქუხებს და მოხდება გარდამავალი
პერიოდისთვის უცნაურად შეუსაბამო გამეორება
მახსოვრობიდან ამოზრდილი წყალ-წყალა სიზმრის,
რომელშიც კაკლის დაბერტყვა ვცადე
და მოლაღურის დამწვარ ბუდიდან
გადმოცვენილმა მუქმა კვერცხებმა
ლამის ამივსო გაოცების ძაფით ნაქსოვი
თმენის ტომარა,
რომელსაც თვალი წაუვიდა
და გამოუჩნდათ სიფრიფანა  ბზარებს სიმორცხვე.
ერბოსფერ მინდორს მხარი ვუქციე,
ძვლებს შევაზილე მკვდარი ფერები,
ნოტიო მიწას მივადექი, ბილიკი ვნახე,
ჭაობის ღემრთებს ვთხოვე ჭუპრები
და ნივრის აცმა მივაწოდე ქარიყლაპიებს.
დარჩენა იყო ამ ამბავში უფრო რთული თუ
ორგანიზმიდან თავის დაღწევა,
ეს სხვამ იკითხოს, მე გამეღვიძა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები