ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2020


ვინ ვარ მე, ღმერთო?!





მას აქეთ,
რაც ჩემი საშვილოსნო მომწიფდა და
მასში, დროდადრო, ვგეგმავდი ბავშვების გამომწყვდევას,
პირველად მიმტყუნა გაზაფხულმა,
როცა ჩემს ქალობაში დიდი ეჭვი შეიტანა,
წყლებთან ერთად, ნაადრევად დაიღვარა ტკივილიც, ემოციაც, სიტლანქეც.
შემდეგ მივხვდი, რომ, ცარიელი მუცლით, არა - დღეებს,
არამედ წლებს უნდა გავკიდებოდი და
მეპოვა მკვრივი ძარღვი,
რომელიც ჩემს სისხლში უცნაურ და ახალ ამბავს შემოიტანდა.
ამ ყველაფერზე ფიქრში ან თმას ვიგრეხ, ან კაბას ვიჭმუჭნი, 
ახლაც ის ქვედა კაბა მაცვია,
რომელიც მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში შევიძინე,
მახსოვს, ჩემს ზურგს უკან,
დედაჩემზე ბევრად უფროსმა ქალმა
გამყიდველს ირონიულად რომ
გადაუჩურჩულა - ნეტავ, რა უჭირს ამის ოჯახს ამ კაბის ფასიო -
და ჩემს სავსე ძუძუებს ისე ჩააყოლა თვალი,
თითქოს კართან მდგომი, უთავო პლასტმასის თოჯინა ვყოფილიყავი.
უხმოდ გავერიდე,
ის კი იდგა და ჭრელ პერანგებში იქექებოდა,
ცალი თვალით კი,
სანამ კარს არ მოვეფარე,
მეძებდა თავის გაქცეულ ახალგაზრდობაში.
გამახსენდა, ჩემს მეგობარ პოეტ ნიკა ლაშხიას გზად უნდა გამოევლო
და შუქნიშანს ავეყუდე.
იცით, რა დრო იყო?!
შებინდება რომ წამიერად გადადის სრულ ღამეში.
ჩვენი შეხვედრაც წამიერი იყო,
მან ჟურნალები გადმომაწოდა,
მე - მზესუმზირა,
და ასე, უთქმელად, დავშორდით.
არა, არა, ღიმილი კი გავატანე, 
მაგრამ იმდენად დაბნეული ვიყავი,
ავტობუსმა რომ მიმატოვა,
მხოლოდ მაშინ მივაძახე მას მადლობა.
ვიდექი და სიხარულით ვფურცლავდი
ჟურნალში დაბეჭდილ ჩემს ნაჩხაპნებს,
და მასხოვს, უნებლიედ ამოვილუღლუღე:
- ვინ ვარ მე, ღმერთო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები