ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ნებისმიერი რაოდენობის ადამიანის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
18 მარტი, 2020


კიბის ქურდები (ეძღვნება ანიტას)

ერთმანეთის გვერდით ორი ხუხულა დგას. ორივე პატარა ტანისა. ეტყობათ უმეძღრება და უბრალოება. ერთისთვის თვალი აეხვიათ, ილიკო ბრუციანივით. არც მეორე ჩამოჩბოდა მას. თუ პირველისთვის დაჩრჩილული ფიცრები აუკრავთ, მეორეს თვალი პოლიეთილენის პარკით დაეკემსათ. ქუდად, ალაგ-ალაგ დახვრეტილი თუნუქის ფილები დაეხურათ. ღრიჭოებში თავისუფლად მიმოდიოდნენ ეზოს ჭიაღუები, ხოჭოები თუ თაგუნები. ეზოებს ხისგან ნათალი ჭიშკრები ამშვენებდა, ღობედ ტრიფოლიატი. ასიოდე მეტრის იქით ჭალა მოსჩანდა.ჭალას კი პირაღმა გაწოლილა ცის ანარეკლი. მეტად გამჭვირვალე წყარო იყო ის დალოცვილი, ისე რომ მზეც კი რიდით იჭყიტებოდა მასში.
ეზოებში სახელდახელოდ ჩაუფლავთ რამდენიმე ქვევრი. ორი, ოთხმოცი ფუთისა იქნებოდა დანარჩენი ათი-ოცი ფუთისანი. მარანი სახელდახელოდ შემოურაგვავთ წნელით.

ეს ორი ოჯახი მარნების გვერდში მდგარ მამი-პაპისეულ სახლსა პატრონობდნენ. ბუნებრივად გამწვანებულ ეზო-კარს როგორც თავად ისე შვილიშვილები უვლიდნენ. მუხლებში დაუძლურებულ ძალ-ღონესა ანაცვლებდნენ ახალი თაობის ძალ-ღონითა. შვილიშვილებიც ასე ათი-თორმეტი წლისანი არიან. თმა-წვერ მოუღალავნი და გაბურძგნულნი. ორივენი ვაჟკაცები და ჯანიანები. დღედაღამ ბაბუს და ბებოს საფიცარნი. სხარტნი და ონავარნი.
ერთსა ბართლომე ჰქვია, მეორეს ვაჟა.
ბარლომე ვაჟაზე ორი წლით უმცროსი იყო, მაგრამ უფრო გამბედავი და მეოცნებე, ვიდრე ვაჟა. ვაჟა დამყოლი და მეტად კეთილშობილი, ჩვილი გულისა და მეამიტია.
ბართლომე ხუჭუჭა გახლავთ, დაუზარელი და ათასი რამის მომფიქრებელი, ჭკუა ლაღი და თავისი ფიქრების სისრულეში მოყვანისთვის ყველაფერზე წამსვლელი. ვაჟა ბუნების ბალღია, ხმის ამყოლი და მისი დამყოლი. ცხოველთა მოსიყვარულე, გულჩვილი და ტირიფივით მტირალი. მისი ბუნება ჰგავს ღამის ტყის ჩურჩულს. გადაძახილსა და გადმოძახილში ტოტებ ჩამოყრილს.
ბართლომე ტყეში ყველაზე მაღალი ნაძვია, მოცქირალი ყველა სულიერისა ფართო ბეჭებითა და მაღალი კისრით. ასაკთან სხვაობით უკვე ტანსრული და აყრილ-დამშვენებული. ის, ის ნაძვია, რომელიც კარ-მიდამოს გადაჰყურებს და არა ტყეს.
ეს ორი "ტყუპის ცალი" ესოდენ სახედანამულნი, ღვთისა წყალობით, მეზობლობენ და უყვართ ერთმანეთი.
ორი მამალი ყივილამდე ერთად იღვიძებდნენ და საქონლის დაბინავებამდე ერთად იძინებდნენ. ასე უდარდელად ატარებდნენ დღეებს ბებო-ბაბუს კარ-მიდამოში.

ახლა ის ჟამია, როცა ორივე, განცხრომას მისცემიან და ბუხართან ითბობდნენ, გათოშილ, თოვლიან ხელებს. აქ ის ჟამია, როცა კიბე თავისუფალია და არც ვინმეს სჭირდება ასავლელ-ჩამოსასვლელად. აქ ის ჟამია, როცა ფიქრებიც მეტია და ძილიც.
და რა მოხდა?
მოხდა ის, რომ ბართლომემ განიზრახა ბაბუს კიბის მოპარვა და თავისი ჩანაფიქრი ყრმობის მეგობარსა და მეჭიკრეს გაანდო.
- ვაჟა კიბე უნდა მოვიპაროთ.
- რისთვის ბიჭო ან რატომ?
- შენი კიბე არა, ჩემი კიბე უნდა მოვიპაროთ.
- ჰო, მაგრამ რისთვის? - დათანხმდა ვაჟა, მაგრამ ინტერესმა სძლია, მეტად.
- შენთვის უთქვამთ თუ ვინმე გარდაიცვალა ცაშიაო?
- არ უთქვამთ.
- რატომ?
- არ ვიცი?!
- მე ვიცი! - უთხრა ბართლომემ.
- და, საიდან?
- აი, ჩვენ ხო არასოდეს მოგვიწევია სიგარეტი?
- ჰო!
- მაგასა ჰგავს, ისიც ერთხელ ხდება და სამუდამოდ.
- მაგრამ...
- რა მაგრამ?! მართალი ვარ. თუ ვინმე ცად მიდის, ეს ხომ ერთხელ ხდება და არ მეორდება?
- ჰო, ერთელ ხდება და არ მეორდება, მაგრამ სიგარეტი?!
- ჰო სიგარეტს თუ მოსწევ ეგ სამუდამოდაა და რაც არ უნდა მიატოვო არ ნიშნავს, რომ მიატოვე.
- ეგ ვინ გითხრა?
- ბიჭო, შენ ხომ ჩემზე უფროსი ხარ?
- კი
- და არასოდეს უთქვამთ შენთვის სიგარეტი არასოდეს მოსწიოო, და თუ ერთხელ გასინჯე შემდეგ თავს ვერ ანებებო?
- კი უთქვამთ, მერე?
- მერედა არ უთქვამთ, რომ სიგარეტი კლავსო?
- კი უთქვამთ.
- ჰოდა ეგაა. მოსწევ მოკვდები. და ეგ ერთხელ ხდება და არა მრავალჯერ.
- შესაძლოა, მაგრამ: კიბე, სიგარეტი და სიკვდილი?! - გაკვირვებული უსმენდა და ელოდა პასუხს ბართლომესგან.
- ვაა... - დაღარული შუბლით გახედა ვაჟას ბართლომემ და ერთი კარგადაც ამოიხვნეშა.
- რა ვააა?...
- არაფერი, მოვიპაროთ კიბე? მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მარტო ჩემი კიბე არაფერს გვარგებს.
- აბა?!
- შენიც უნდა მოვიპაროთ და მეზობლებისა.
- რას ამბობ?
- ჰო, იმ საქმისთვის რაც მე ჩავიფიქრე, მარტო ბაბუაჩემის კიბე არ გვეყოფა.
- და რა ჩაიფიქრე?
- ნახავ! შენ მითხარი, დამეხმარები? - კოპებ შეკრულმა მიახალა კითხვა ვაჟას.
- რა გზაა?!... დაგეხმარები, მაგრამ არ მეტყვი რისთვის და რატომ?
- მერე გეტყვი, ჯერ მომაპარინე!

ეს საუბარი ქურდობამდე ორი დღით ადრე შედგა. დაგეგმვის ღამეც მეტად მთვარიანი გამოდგა. ბებერი მთვარე დააცქერდა სოფელს და მინდორ-ველი ვეცხლისფრად ააკიაფა!

* * *
ორი დღის შემდეგ:
მოიპარეს ყველა კიბე სოფელში თუ ვინმეს ჰქონდა და დააწყვეს ჭალის პირზე.
- ახლა რა ვქნათ? - ჰკითხა ვაჟამ, მეტად გაურკვევლობაში მყოფმა.
- ახლა?~?... ახლა, ხედავ იმ მთას, ჩვენი მდინარის გადაღმა?
- კი, ვხედავ.
- აი, იქ უნდა მივიტანოთ.
- რისთვის?
- მთაზე დავალაგოთ და ავიდეთ.
- რისთვის?
- იმისთვის, რომ მაღლა ავიდეთ.
- ჰო, მაგრამ ვიდრე ჩვენ ამ კიბეებს იქ დავალაგებთ, გაიგებენ, რომ კიბეები მოვიპარეთ.
- მერე რა?! გაიგონ!
- და რომ გაიგებენ, წაგვართმევენ.
- არ წაგვართმევენ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ ვიტყვით და კიბეებსაც დავმალავთ. ნელ-ნელა კი იმ მთას კიბეს მივადგამთ და ავალთ.

* * *

კიბის ქურდებმა შეძლეს შეუძლებელი. სოფლის რამდენიმე მეზობელიც დაეხმარა მათ. თანატოლებიც და ხნიერნიც. სამი დღე ზიდეს მთამდე კიბენი. დაალაგეს და უცქერენ დაბლიდან, ასასვლელს ცამდე.
- არ იტყვი სად მივდივართ? - ჰკითხა საქმით დაღლილმა და მეგობრის დახმერებით ბედნიერმა ვაჟამ, ბართლომეს.
- ჩემი დის სანახავად.
- რაა?!
- ჰო, ჩემი დის სანახავად!
- ჰო მაგრამ შენ, რომ და არ გყავს?
- უკვე არ მყავს. ის იქ არის, ცაში და პირველი სიგარეტიც, ვიდრე გეტყოდი „კიბე მომაპარინეო“, იქამდე მოვწიე.
- როდის?
- როცა ის, გარდაიცვალა.
- ვინ ის?
- ვინ?! ჩემი და, ანიტა!

* * *

ხუჭუჭა ბიჭია ბრთლომე, გულიანი!
ტირის ბიჭი ვაჟა ტირიფთან!
ჭალის გამოღმა სოფლიდან ყველამ იხილა ცად გაჭიმული კიბე.
კიბე - ანგელოზთა სანახავი!
იმ საღამოს ქვევრებს თავი ახსნენს.
სოფელმა შესანდობარი თქვა.
იმ საღამოს მდინარეც მღვრიე გახდა!
ბართლომე სიგარეტს აღარ ეწევა...
ვაჟა კვლავ ბუნების ვაჟია.
მეზობლებმა კიბეები სახლ-კარს დაუბრუნეს!

13 თებერვალი 202 წელი
გიგოო რიონელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები