ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2020


უპიროთა სამადლობელი

ნინო დარბაისელი

უპიროთა სამადლობელი
— -

ათასი გვითქვამს,
კიდევ ათასიც იმათი  ვთქვათ,
ვინც,
რომ გვციოდა,
მხრებზე პლედი შემოგვახურა,
ან  პურის ყუა გამოგვიწოდა,
ან ყლუპი წყალი გვიწილადა,
ეს კი - ერთია.

ეს ლექსი არის სრულიად სხვათა სამადლობელი.
იმ ხალხის,
ვინაც ყოფასა და ჩვენი არსების ჯურღმულებში დატანებული ჭუჭრუტანები, 
ის ხვრელები და გასასვლელები ამოგვიქოლა,
ჩვენ რომ  ჰაერი და სინათლე შემოგვდიოდა
და გაგვაწბილა, როცა გვეგონა,
როცა გვჯეროდა,
თუკი იქიდან სადმე,
გარეთ გამოვაღწევდით,
გადარჩენილნი  მოლზე ნეტარად წამოვწვებოდით
და  ლაჟვარდიდან მინდვრის გულამდე არფის სიმებად ჩამოჭიმული ოქროს სხივები
დილის ნამში განედლდებოდნენ
და  გვირგვინებად ზედ კეფაზე დაგვეწვნებოდნენ.

ეს ლექსი არის  სამადლობელი,
იმათი, 
ვინაც ჩვენთვის
უეცრად,
საბედისწეროდ გამჟღავნებულ,
მავნედ,
ბოროტად,
დაუნდობელ
მტრად გადაგვექცნენ;
იმათი,  ვისიც ვერ გავიგეთ,
რა დავუშავეთ,
ირგვლივთა თვალში,
იქნებ სიკეთით განთქმულებსაც
გულით რომ ვენდეთ,
მათ კი გაგვწირეს და შეგვიწირეს  საკუთარი პაიკებივით,
მაღალ ფიგურებს მიტელშპილში რომ გზას უბლოკავენ.

ეს ლექსი არის სწორედ იმათი სამადლობელი,
ვინც  არ იცოდა,
ვერც ხვდებოდა,
რომ სწორედ მაშინ, როცა გვწირავდა,
სინამდვილეში
მოღიმარი უფლის ნებას აღასრულებდა
და გვიბიძგებდა  მოსახვევს იქით,
სიბნელეში ვერშემჩნეული,
ჩვენთვის ღია  კარიბჭისაკენ,
თვალთახედვიდან ყრუ კედელი რომ იფარავდა.

იმ ხალხის იყოს,
იმ უპიროთა და დამცინავთა,
იმ ვერაგთა და გაიძვერათა,
ზურგში მახვილის გამწონველთა,
იმ წვრილ-ვაჭართა,
დღევანდელი თოხლო კვერცხის უმად მყლაპავთა,
ვითომკეთილთა.
ან ძალიანვითომკეთილთა.

სავსეა ყოფა კეთილი ხალხით
და იმათი ჩადენილი ბოროტებითაც სავსეა ყოფა.
(აი ნაყოფი ყველას სამყოფი, თუ გაიყოფა)
პატარა-პატარა ბრძოლებს ვიგებთ,
ხოლო მთავარი - დაწყებამდე წაგებულია.

იმათი იყოს,
ვინც დარაჯობს
სხვის სადარაჯოს.
სხვას განსჯის, მაგრამ აღარ უნდა,
თვით განისაჯოს,
რომ გაისარჯოს და
თავისთავის შესაძენად თავი დახარჯოს
და ამის გამო ვინც ბოლომდე უნდა იტანჯოს...

ჩვენ გაგვიმარჯოს!

- - -
“უპიროთა სამადლობელის”  წაღმა პირისთვის
- -

კარგი ნაქარგის უკუღმა პირს თუ დაჰკვირვებიხართ?
წაღმა - თვალს იტაცებს და ხიბლავს,
გადააბრუნებ და რაღაც ძირითადს კი იმეორებს:
ფერებს, მონახაზს;
თითქოს თავისებური, საკუთრივი,
განსხვავებული, მახვილგონივრული
მიმართებების ესთეტიკაცაა მასში,
მაგრამ  უსწორმასწოროა და რომ არა წაღმა, კარგი, მთავარი პირი, იგი არა და არ იარსებებდა.
(ან წაღმა პირი კი იარსებებდა? რას მოეჭიდებიდა, უკუღმა პირის პოტენცია მაინც რომ არ იდოს მასში? - თუმცა ეს მსჯელობა ლიტერატურის თეორეტიკოსებს დავუტოვოთ!)

ასეთი ლექსი მე არაერთი მაქვს და მუდამ ვცდილობ, ზედმეტი ფიქრით , ძიება- ვარაუდებით რომ აღარ გადავღალო ჩემი სათნო, საყვარელი და ისედაც  გონებადაკავებული მკითხველი, წყარო თავიდანვე პატიოსნად, თავადვე მივუთითო.

როგორც გოეთე იტყოდა, ჩვენ, ყველანი წინამორბედთაგან მოვდივართ და მხოლოდ იდიოტი მოდის საკუთარი თავიდან.

გრძელი სიტყვა - მოკლედ!

ამ ლექსის წაღმა პირი
მედეა კახიძის ლექსია.
გეხსომებათ:
“ იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია” და ასე შემდეგ.
დანარჩენი ალუზიებიც ბევრია,
სხვათა და სხვათაგან, მაგრამ ცოტას უთქმელადაც  დაგიტოვებთ,
აღმოჩენის სიამოვნებით რომ გაიხაროთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები