ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2020


ყველასგან მიტოვებული

ტკბილი სოფელი, ძველი ქვის სახლი,
სადაც ლამაზი ბავშვობა ჰქონდათ,
თბილი ბუხრის წინ, დამჯდარი სკამზე,
ბებო ზამთრისთვის წინდებს უქსოვდა.
დაურიგებდა თითო წყვილს ყველას,
გახარებულნი იცვამდნენ ფეხზე,
და პაპისაგან ნაკეთი ციგით,
დაეშვებოდნენ დათოვლილ ფერდზე.
დრო გადიოდა ბავშვობის წლებიც,
ვერ გაუმკლავდა წარსულის ძალას,
მოვიდა ჟამი დამშვიდობების,
თქვეს: საცხოვრებლად გადავალთ ქალაქს.
ბებო კარებთან თვალცრემლიანი,
ჰკოცნიდა ტკბილად წამოზრდილ ბიჭებს,
პაპა კი უხმოდ, კაცური რიხით,
მალავს ცრემლებს და თავს მყარად იჭერს.
ნახვამდის ბებო! ამოვალთ კიდევ,
კიდევ ჩავიცვამთ მოქსოვილ წინდებს,
და უწინ, როგორც თეთრი ზამთრისთვის,
კვლავ გაგვიმართავს პაპა ხის ციგებს.
გავიდა ხანი, აღარ ასულან,
დავიწყებია სოფელი ყველას,
როგორ არიან? პაპა-ბებია,
იქნებ რა უჭირთ? ითხოვენ შველას.
ამბავი ამცნეს სოფლიდან ცუდი,
პაპა გამხდარა ძალიან ავად,
ბებო კი ტირის: რა მეშველება?
არ მინდა დავრჩე მარტოკა ცალად.
მეორე დღისით წავიდნენ სოფელს,
ქვემოთ ჭიშკართან ბებია დახვდათ,
მონატრებული, თვალცრემლიანი,
გადაეხვია ყმაწვილებს მარდად.
შევიდნენ სახლში, გვერდზე ოთახში,
საწოლში იწვა მოხუცი პაპა,
ებრძოდა იგი სიკვდილს ჯიუტად,
რადგან უნდოდა კვლავ მათი ნახვა.
იმ საღამოსვე დალია სული,
მაინც არ ასცდა ეს განსაცდელი,
ყველას სევდისგან დაეწვა გული,
ლოცვით დაუნთეს წმინდა სანთელი.
დაასაფლავეს იგი პატივით,
მეხუთე დღეს კი დაბრუნდნენ ქალაქს,
დარჩა ბებია მარტო შინ-სახლში,
გულს იმაგრებს და თავს ატანს ძალას.
ბებია ისევ უქსოვს მათ წინდებს,
იმ იმედით, რომ დაბრუნდებიან,
მაგრამ ამაოდ არსაით ჩანან,
მალე წინდებიც გახუნდებიან.
დადის სოფელში კითხულობს ამბავს,
გზისკენ აწყდება თვალები საწყალს,
თუკი გაიგებს ბიჭებზე რამეს,
იმედით დარდებს გაატანს ქარ-წყალს.
გადაეწურა ბოლოს იმედი,
მოხუცს ძალები გამოეცალა,
საწოლს სნეული და ავადმყოფი,
მიეჯაჭვა და გარდაიცვალა.
დასტრიალებენ შვილიშვილები,
გარდაცვლილ პაპა-ბებიის საფლავს,
გაბრუნდებიან ისევ ქალაქში,
და ჩარაზავენ სოფელში სახლ-კარს.
დარჩება მარტო სახლი ქვითკირის,
დაიბზარება ძველი კედლები,
მიტოვებული ყოველდღე ტირის,
აჰყრია კარებს რკინის ,,პეტლები”.
წლები გავიდა, ჩაჰბარდა წარსულს,
მოედო საფლავს ეკალი, ბარდი,
დღემდე არავის არ დაუდია,
საფლავის ქვასთან წითელი ვარდი.
სულ ესიზმრებათ ტკბილი სოფელი,
რომელიც ყველას კარაგად ახსოვდა,
და ვითომ ისევ ბუხრის წინ სკამზე,
მდუმარე ბებო ჭრელ წინდებს ქსოვდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები