ნაწარმოებები



ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2020


ფუჟერი



თქვენ ჩემს პოეზიას წუნს ვერ უპოვნით,
ვერც - კბილთა წყობას,
ვერც - სითბოს ცვლას სასურველ კაცთან,
ვერც - ძუძუებს შორის საცალფეხო ბილიკს,
სადღაც, ნავმისადგომზე რომ გაჰყავხართ.

ძელშავს, რომლის შესმასაც ახლა ვაპირებ,
ბებიის ნამზითვარ ჩეხურ როკოკოს ფუჟერში ვასხამ.
ამ ფუჟერს ათასი სადღეგრძელო შემოუნახავს,
რაც კი, წლების მანძილზე, თქმულა
ბებიას სწორ ქალობაზე.

ირგვლივ: მტვრიანი ბრა და მასში შეჭრილი მწერის ბანცალი;
გრაფინში მდგარი, მოყვითალო, სამკურნალო წყალი -
ოდნავ მომჟავო, ჩემი ტუჩივით, -
გეოლოგების მიერ საუკუნის წინ აღმოჩენილი,
და ვინ იცის, რამდენი ციროზის განმკურნებელი.

გინახავთ, ეკალს რომ წვის დროს ქაფი გამოსდის?!
ვუსმენ, როგორ შიშინებს და თითქოს
ჰყვება ჩემზე,
თუ რამდენი გამოკვლევა ჩავიტარე ერთგულების.
ვამტკიცებ, ცეცხლში სულ ორი ფერია:
მელნისფერი ერწყმის მხურვალე მზისფერს,
როგორც ხელები წელსა და ბოქვენს,

და ვიწრო თვალებს აცოფებთ ღამე,
ასე გრძელი და ასე ხანმოკლე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები