ნაწარმოებები



ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2020


საღამო


ცალკე პოეზიაა,
საღამოს, შინ დაბრუნებული მამაჩემი
რომ შემოჰყოფს თავს ჩემს საძინებელში
და პირველს მე მეკითხება:
" - რამე გინდა?! ყავა და სიგარეტი გაქვს?!"
თუ ხედავს, რომ ვწერ და არ ვპასუხობ,
და იცის, რომ ამ დროს არც ვუპასუხებ,
უხმაუროდ მტოვებს და ეძებს დედაჩემს,
რომ ჰკითხოს, რა გვინდა მე და ჩემს შვილებს.
დედაჩემი აუცილებლად მოიმარჯვებს
კალამს და ფურცელს და იმას ჩამოწერს,
რაც თავად უფრო სჭირდება.
გადის გარეთ მამაჩემი.
და ვწერ წერილს 18:30 წუთზე:
" - სიგარეტი აღარ მქონია!"
მერიდება, პირდაპირ ვუთხრა,
წერილში უფრო თამამი ვარ.
მისი პასუხი სულ აგვიანებს
და ვკითხულობ 19:05 წუთზე:
"არ ჰქონდა ახლო მაღაზიას და ქალაქის ბოლოში გიყიდეო!"
მეც, კმაყოფილს, მეღიმება ამ ჩემს მუქთახორობაზე
და ვეუბნები თავს, რომ ეს კაცი ჩემზე ადრე არ უნდა გარდაიცვალოს.

ბოლო ერთი თვეა, ღამის საათებში, ფეხით ვსეირნობ ცარიელ ქალაქში,
ადამიანს ვერ იპოვი, რომ მიესალმო.
ხანდახან თუ გადავაწყდები ოთარ მუმლაძეს,
რომელსაც ვარინკა წერეთლის სახელობის სკვერში,
გრძელ სკამზე, მუდამ გაშლილი აქვს
მოკრძალებული სუფრა და სიმარტოვეში ეღიღინება
ერთჯერად ჭიქაში მოკანკალე არაყს. მეც არ ვთაკილობ, ჩამოვუჯდები ხოლმე და ათას კითხვას ვუსვამ.
ხან პურს შევმატებ მის ღარიბულ სუფრას,
ხან შოკოლადს, ხანაც ხურდას და
იმდენი უბრალოება იღვრება ირგვლივ,
ცრემლებს ვერ ვიკავებ.
სულ ერთსა და იმავე კითხვას მისვამს:
რატომ მიშვებს ქმარი ასე გვიან მარტოს.
არადა, ბევრჯერ ვუპასუხე, რომ ქმარი არა მყავს.
მერე ჩუმდება და დანანებით
თავს და მარჯვენა დახეულ ბათინკს ერთდროულად აქიცინებს.
მეც უხმაუროდ ვტოვებ და, რკინიგზის მხარეს,
ქვის ჯებირებს მივუყვები,
ზედ ამოსულ ამბროზიებს ვწიწკნი,
შემდეგ ჩემზე შეყვარებულ კაცს ვურეკავ
და ვუსხნი: უნდა თუ არ უნდა,
მაინც უნდა ვუყვარდე ასეთი არეული.
ვაგრძელებ გზას და ერთი,
რაზეც მეფიქრება:
აბესაძის მემორიალთან
ის ორი ცინდალი არ დამხვდეს,
რომლებმაც კარგად დამიმახსოვრეს
და ხელებში მაშტერდებიან, რას ვუწილადებ.
სახლამდეც მაცილებენ კნავილით და,
მერე, სად ვიკარგებით, ვეღარ ვარკვევ.
შინ შესულს მხოლოდ ერთი ხმა მესმის:
" - მოხვედი, დედა?!"
იმ ხმასაც უპასუხოდ ვტოვებ და
კოლოფში შემორჩენილ სიგარეტის ბოლო ღერს ვუკიდებ
იმ იმედით, რომ დავლაგდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები