ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
29 თებერვალი, 2020


წრედი


ყველაფერს მივეცი საშუალება, დამმართნოდა,
სადაც კი ცხლად შეიკრა წრედი.

თქვენი არ ვიცი,
მაგრამ ჩემთან სულ სხვანაირად იხსნება ძარღვების ხლართი,
ნაწვიმარ ასფალტზე მოთქარუნე ფლოქვებივით ხტიან.

არასდროს გაწელილა ასე თებერვალი,

წინ კი იმხელა წნევიანი მარტია...
ფურისულებით სავსე ტყე მაინც იყოს ახლოს.

ეს ორჯერ დასამტვერი ბროწეული
და მის ფერხთით მწოლიარე კანალიზაციის ჭა...
სულ სხვანაირი სამზერია ჭაში ჩამავალი წვიმები.

თვალებს მაინც თავისი გააქვთ,
რა უნდა შენიშნო ახლა ფართე მხრებზე უკეთესი?!
არ შეიძლება, დახარბებულმა მიირთვა თოხლო კვერცხი,
ესეც ხომ კაცი არაა.

სისულელეა, სახე ჩამოიხოკო იმის გამო,
რომ შენში მხოლოდ ლამაზ ქალს ხედავენ და არა პოეტს.

დადგა დრო, გიამბოთ ჩემს ნებისყოფაზე,
როცა ვერ შევძელი,
ძალით მეკეთებინა ის, რასაც თქვენ "თმენას" ეძახით.
როგორ შეგიძლიათ, ბედისწერა საჭესავით მართოთ,
საქარე მინას მწერის შენარცხებაც კი არ აარიდოთ,
არც პირჯვარი გადაიწეროთ გზის პირას მდგარ ჯვრებთან,
და მაინც ჩათვალოთ, რომ სწორად იარეთ?!

თუ ყოველ ღამით ველური დასავლეთი მესიზმრება
და ვჯირითობ გაუხედნავი ფაშატით,
თუ თვეში ერთხელ შევდივარ და გავდივარ საყვარელი კაციდან...
სიბრიყვეა მაინც ქორწინება,
როცა ასე უფრო ვითოკები,
როცა ასე უფრო მეტად გამძლე ვარ.

რა მოვიმოქმედო ამ მდინარეებზე ჩქარი?!
როგორ მოვუბოდიშო, რა ვუთხრა შვილებს
მათ მამაზე,
რომელთანაც კარგა ხანია არ ვიყოფ სარეცელს?!
რაზე ვესაუბრო უცხო ღმერთსა და სანთლებს?!

რაზე ვესაუბრო თავს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები