ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პროზა
1 მარტი, 2020


კაცი არფის სიმზე

ათასი მეგობარი და ერთი ღვინის ჭიქა, ისიც ცარიელი, რადგან არ მიყვარს დალევა. ღვინის ბოთლიც ამოცარიელებულია, ესე იგი, ოდესღაც სავსე იყო და დამილევია. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემი დაცლილია. ეტყობა ერთხელ ლოთივით დავჯექი და ბოლო მოვუღე. აბა ქუჩის კატებთან ერთად ხომ არ დავლევდი, ან მაწანწალა ძააღლებთან. ისე ვინ ჩივის, ერთადერთნი არიან სიყვრულს, რომ საქციელით გაგრძნობინებენ და არა სიტყვით. ჯანდაბა, როდის დავლიე ბოლოს, მე ხომ არ ვსვამ! დღეებია გუთანში შებმული ხარივით ვშრომობ და ვწვალობ. საბრალო ხარები, ნამეტანი ცუდ დღეში ყოფილან... და როგორი ჭრელია ჩემი კუბოკრული პერანგი, თვალებს მტკენს, გლეხის მოხნულ ყანას ჰგავს, ქურდბაცაცებიც როგორ მილასლასებენ სიმინდის მოსაპარად. ტყუილუბრალოდ, ვერაფერს წაიღებთ! მაგ ყანას ფხიზელი პატრონი ჰყავს! ღმერთო, პერანგის გულის ჯიბესთან ჯვარზე გაკრული მაცხოვარივით აღმართულა საფრთხობელა, ყანის შემაღლებულ გორაკზე. მასაც ყვავები ესევიან ხანდახან თურმე. აი, რატომ ყოფილა გაგლეჯილი გულის ჯიბე, ბეჭედს დავატარებდი ხოლმე ამით, ახლა მასში არაფერია. ყვავებს წაუღიათ. გამოფხიზლდი, რა გჭირს!  რამდენი წელია სამი საათია ციფერბლატზე, ისრებს შორის ობობას გაუბამს ქსელი. საათის გულის ცემა ჩემი მაჯის ცემაა. ფანჯარასთან კნავიან კატები, ცოდოები არიან ამ წვიმისგან გაცარიეებულ ქუჩებში, მაგრამ რა უნდა ვაჭამო, ღვინო მაინც მქონდეს... ეს ცელივით გამრუდებული მთვარე რაღას დამნათის თავზე, ალბათ სიბნელეში არ ჩანს ამის პატრონი, ყანა, რომ აქვს მოსაცელი. ეს ბოთლი ჭოგრიტად მაინც გამომადგებოდეს. კარადა რაღატომაა ცარიელი! სადაა ჩემი მეუღლის კაბა, დავიჯერო ჩრჩილმა სულ დაფლითა?! მე, რომ ჩრჩილი ვიყო ამას არ ვიკადრებდი, მაგრამ ადამიანი ვარ და უარესს ვკადრულობ. მერი, მერი... ჩემი ცოლის საფლავიც ცარიელია, ცხედარი ვერ იპოვეს. საფლავის ქვაზე ამოუკაფავთ მხოლოდ მერის სახელი, გვარი გრძელი ჰქონდა... ჯანდაბა, ღვინის ბოთლი გატყდა! ერთი საბრალო მოწითალო-მოლურჯო წვეთი შთანთქა ხალიჩამ.
მე თავად სიცარიელე ვყოფილვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები