ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2020


წაგებული ღამე



წაგებული ღამეა, მე გაფრენა ვინატრე,
რა წითელი ცაა და იდუმალი ცა მეტი.
ღმერთო, როგორ მაწამებს გაფანტული სინათლე
მე სახლიდან გაქცეულს და თანამგზავრს პლანეტის.

მე კუბოში მწოლარეს და გაგდებულს მდგმურივით
მიმიჩვია სიშორემ და  სინათლე ღამისამ.
ველოდები ჩემს პატრონს ნისლიან სადგურივით,
ველოდები და ვიცი ბოროტისგან დამიცავს.

მინდორს წავალ პოეტი, მიწა შეკრულ წარბშია,
ვიმეკობრებ ღამეზე როგორც ბედის ალაფი.
ახლაც ზეცა მწყურია მაგრამ მიწა არ მშია
ამ მიწაზე ვინმესთვის ძვირფასი ვარ არაფრით.

წაგებული ღამეა, ვშიშობ ამღამ ძირს წავალ
ღმერთო მოძრაობაში ვერ მოვიყვან ამ ხოფებს
რადგან ჭკნობის სიმღერამ პირქვე დამამიწავა
ჰოდა სიშორეები ვერც შუაზე გამყოფენ

და ვერც შენი თვალების ნაპრალებზე ვთევზაობ
ღმერთო ვწუხ და ქარებმა გადახიეს სიზმარი.
რა ვქნა არ შემიძლია, ვერავისთან ვერ ვზაობ
გარედან ვარ ნათელი, შიგნით ვარ საზიზღარი.

დადის სადღაც ქალაქში ბევრის მსგავსი დეტალი...
ჩემი და ეგუება ჰორმონების ქარიშხალს.
შლამი ოდნავ ირხევა უქმი ნეანდერტლის
და გონების ტალონებს ახარჯვინებს ქალის შხამს.

" რა ვქნა, სველი ქუჩები, ნაღდად ჩემი სულია. "
ნუთუ თვალწარმტაცია ჩემი ყოფნის მარილი.
ვამბობ; რაღაც სხვა მინდა და სიგიჟე მწყურია
სხეულიდან გაქცევას ვირჩევ პატიმარივით.

სიკვდილს ვით ტორეადორს ვეცი გამწევ ხარივით
და აჩეხა მან ჩემი სიამაყე კვიცივით.
უკან ვისვამ სიყვარულს ამოგდებულ მხარივით,
წაგებული ღამეა, მე ვწევარ და ვიცინი

ვიცინი და მე ჩემი სიამაყე არ მიშვებს,
" რა ვქნა, სველი ქუჩები, ნაღდად ჩემი სულია. "
ქარებმა თუ წვიმები მიაყარეს კლავიშებს
მაშინ ქარის თითებში ნაპრალები მწყურია.

ვით ეშმაკის აბატი ცა მიწაზე შევუშვი
ჰო, პირდაპირ შევუშვი გაღებული კარიდან.
მოუქნელი ღამეა და თქვენც ხელს ნუ შეუშლით
პეპლებს ამოღებულებს უმოქმედო მკვდარიდან.

გვამი ვხედავ თავის სისხლს როგორ ძლიერ ინახავს,
ვხედავ ჩემი ცრემლების ჩრდილს ძლიერს და სპილოვანს.
ღმერთო ხალხის ტალღებმა სახელი შემილახა
თითქოს მიტოვებული ლურჯი სანაპირო ვარ.

დაიბადნენ ზრახვები, ღრმაა გულის ზიანი,
ისევ უცდის სიკვდილი ბიჭის ხელებს მუმიანს
და მუდამ უმადური, ვამბობ; ადამიანი
უფრო მაიმუნია. მეტად მაიმუნია.

მოუქნელი ღამეა, უნდა გავხდე მპოვნელი,
გული ხელით მიჭირავს პატარა და სამტრედე.
ადრე ქარნი მოჰქროდნენ ანდალუსის პონებით
და სასურველ ოცნებებს ფერდობებზე ამტვრევდნენ..

აქ ამ ცოდვილ  მიწაზე, ბნელი ვარ ძალისხმევით,
არაფერი არა მაქვს, ვგავარ მხოლოდ უპოვარს.
ბედიც კი ვერ შემარყევს, დარტყმით არც გავირხევი,
სიტყვისგან გაქცეული პლასტიკური კუბო ვარ.

ყველგან შუქი არსებობს ჩვენ დავზოგეთ რომელიც...
შეიძლება, არც ვიცით და ბილიკებს მივყვებით....
სადაც არ სწამთ და მიდის რაღაც სხვისკენ რომელიც
იკავებენ მხარეებს მუდამ ჩვენი სიტყვები.

მეშინია ჩახედვის განხილვების ოქმს რომ ვშლი
სიტყვებს უყვართ მშვიდობა და ღებულობთ ვინ ვისგან.
ყველგან შუქი არსებობს რომ დავზოგეთ ოქროში
მათი საშვილოსნო კი დავამზადეთ მინისგან.

წაგებული ღამეა, მზის ცოცხალი სიკვდილი...
მხრებზე მაღლა კადრულობს ზეცისაკენ მივყავდე.
მე კი ღამის პოეტი მცდარი და ფერმიხდილი
მე ამ შუქს ვქმნი უბრალოდ, იმიტომ რომ მიყვარდეს....

ვამბობ; ჩემია რადგან, მუნჯი ეს მიმოწერა....
თვალის თვალში,  უფალო; ყველა ცოდვა მხილ იყოს.
მე ვარ ჯიბის შეცდომა და დრომ ისე მომცელა
თითქოს ძველ თიხასავით სივრცე გატეხილიყოს.

მე კუბოში მწოლარეს და გაგდებულს მდგმურივით
მიმიჩვია სიშორემ და  სინათლე ღამისამ.
ველოდები ჩემს პატრონს ნისლიან სადგურივით,
ველოდები და ვიცი ბოროტისგან დამიცავს.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები