ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2020


შემინდეთ



მწოლიარე ვარ სოფლად, მაღალი ტემპერატურით,

გაზაფხულია, კვირაა, ჩაძაღლდა თებერვალი.

ხის კოჭზე დაკიდებულ,
აქოთებულ მაჭიკს ვუმზერ,

თიკნის უნდა იყოს, შეიძლება ვცდები და ხბოსია.

ეს რადიოც რა უშნო ყუთია,

გადავაგდებ, რას გაიგებს ბებიაჩემი, კარგა ხნის მკვდარია.

არადა, ისეთი ჭუჭყიანია, არადა ისე მენანება...

რატომ ეშინია ამ ღამეს დღისა,
როგორც უტვინო ქალს - ქმრის დაკარგვის?!

რომელს გაგიკვირდათ იმ დღეს ჩემი კოცნაობა?!
ბრიყვებო, კოცნა ხომ სასარგებლოა.

არ შევჭამ ოთხშაბათს და პარასკევს ბჟიტებს,

არც სამ ფიალაზე მეტს შევსვამ,

არც თვალს დავალევინებ წყალს,

აზრი?!

ვხედავ, ჩემსავით როგორ იბნევა რძე.

ოთხი ძროხის ნაწველ ყველის გუნდას ათამაშებს ხელში შინაბერა მამიდაჩემი,

მე კი ვუმტკიცებ მას,
რომ კიდევ სამჯერ თუ არა,
კიდევ ერთხელ მაინც შევძლებ გათხოვებას.
მწვდა ქეჩოში და შემომყვირის:

- ვავა, სკან მახალი გოხარცქილი!

და სათლით ხელში გავარდა კარში.

ვიღიმი და მეფიქრება:

ნეტავ მარტის ჰოროსკოპში რა მელის,
ისევ შარვლიანზე ფიქრი?!

დამიჯერეთ, ეს ლექსი მამიდაჩემზე უწყინარია,
თქვენზე უწყინარიცაა.

შემინდეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები