ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2020


ტრივიალური კომპოზიცია

ნინო დარბაისელი

ტრივიალური კომპოზიცია
- - - -

როდესაც კაცმა სულ პირველად დაიგვიანა,
ქალს ახალშერთულს,
შინ - მარტოკას
მშვიდად რა ძალა გააჩერებდა!
ჯერ შინაურებს ჩამოურეკა,
მერე შორებლებს შეჰყვა და შეჰყვა
და ის-ის იყო, საბოლოოდ პოლიციაში ანდა მორგში დასარეკად ემზადებოდა, 
კარი გაიღო,
ქმარი დაბრუნდა
და საბოდიშოდ მისთვის ვარდი თან მოიყოლა.
ერთი ყვავილი,
ამქვეყნად ყველა გასათხოვარი გოგოსავით თავის დროზე  მართლა ლამაზი,
მაგრამ ტარებით შელახული, უსიტყვოდ დადო.
ვაზაში,
წყალში ასპირინიც რომ გაერია,
რას უშველიდა თავისთავივით სახეშელახულს?
და ამიტომაც  ერთ მტკაველამდე ეკლიანი ღერი წასწყვიტა და საცნობარო,
სქელ წიგნში ჩადო
და  ცრემლში ნანჯღრევ სათქმელებით პირავსებული
ქმარს მიძინებულს
გათენებამდე თავს დაჰყურებდა.

როდესაც კაცმა მეორედ და მეათედაც დააგვიანა,
ქალს არავისთვის დაურეკავს,
სიტყვის თქმას რაღა აზრი ჰქონდა,
უსიტყვოდ დაწვა და დაიძინა,
რადგან დილიდან საქმე ბევრი ელოდებიდა.

როცა მეასედ დააგვიანა,
ქალს თბილ საბანში უკვე გემოზე გამოხვეულს და ძილში წასულს
შუქმა უეცრად ანთებულმა თვალი რომ მოსჭრა,
ერთი იფიქრა,
ნეტა რაღას მიდიოდაო,
და ისევ სიზმარს მიაშურა წამიერად დაპაუზებულს,
რომ ის ძაფი არ გასწყვეტოდა.

როდესაც კაცმა მეათასედ დააგვიანა,
უკვე დილით,
გაღვიძებულზე,
ვაიმე,  მიწამ პირი გიღოსო,
ვერც კი გავიგე,
მაინც როდის მოხვედიო,
- ქალმა იფიქრა
და მერე, როცა
დაგვიანების სათვალავი სულ აერია,
ერთხელაც კაცი სულ არ მოვიდა,
სულ არ მოვიდა და მერე დღისით მოიტანეს,
ერთ დატირებას ვინ ოხერი დაამადლიდა!

კანონიერი - მაინც სხვაა.
მეორე პირი, თავის ნამატით შორიახლოდან შემოსცქეროდა
სასახლის თავზე პეშვობით მიწა  ჯერ მორიდებით რომ ახრიალდა,
ვიდრე ნიჩბები  საქმეს მარდად შეუდგებოდნენ,
მერე მომუჭა მიწა ერთმა ხანდაზმულმა ჭირისუფალმა 
და ხელუკუღმა ქვრივს თავზე სამჯერ გადააყარა,
ვითომ ასეთი წესიაო,
ვითომ შენც უკვე მასთან ერთად დაიმარხეო.
დამარხული კი დაიხარა,
სახეშელახულ ვარდებს შორის ერთი აიღო,
ერთ მტკაველამდე ღერი მოსწყვიტა...
მაგრამ ქალებმა  ხელიდან უცებ დააგდებინეს,
წესი არისო,
სასაფლაოდან  უკანა გზაზე
თან აღარაფრის წაყოლება არ შეიძლება.

კომპოზიციის კანონი ითხოვს
რომ მოგვირგვინდეს ეს ამბავი,
ჩვენებური ქალებისთვის ჩვეულებრივი
და ქვრივს ის ვარდი გაახსენდეს,
წიგნში რომ ჩახმა,
ან შინ მივიდეს,
ამოიღოს,
თითებში მოფშვნას და ცრემლიანმა ფანჯრიდან ნაკლულ მთვარეს ახედოს,
მერე ახალი ბედი გაეხსნას...
მაგრამ ეს ლექსი - ცხოვრებაზეა,
ხოლო ცხოვრება - ცხოვრებაა
და მიდის ისე,
როგორც მიდის,
უღიმღამოდ,
გაუხარელად,
მზის სხივით ზოგჯერ  საჩვენოდაც გამონათდება ამდენი თელვით დაცხავებული,
ამბის შეკვრას კი არას დაეძებს,
თავისი - იცის,
ხოლო მხატვრული კომპოზიციის კანონები  - არ ენაღვლება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები