ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
15 თებერვალი, 2009


თავი 9. პირველი მარცხი ("გაცვლა")

დადგა მაისი, წვიმიანი მაისი.
თბილი აპრილის შემდეგ საკმაოდ აცივდა.
ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს წვიმდა.
ქოლგები გაშრობას ვერ ასწრებდა.

ამ წვიმებმა ყველაფრის ხალისი დაუკარგა თეონას.
თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ უფუჭებდა ხასიათს წვიმა, მაშინ, როცა მის ირგვლივ ბევრს ძალიანაც უყვარდა წვიმიანი ამინდი, წვიმის ქვეშ სიარული, წვიმის ყურება ოთახის ფანჯრიდან, ან სულაც ქეიფი ბუხართან, როცა გარეთ წვიმდა...

და აი, მაისის ბოლოს თეონა მისმა მეგობარმა ლალიმ დაპატიჟა დაბადების დღეზე.
- თეონა, გთხოვ, გიაც წამოიყვანე, რაა?
- არა მგონია, წამოვიდეს... ასე, “ჩანგალზე” - არ წამოვა.
- “ჩანგალზე” რატოა? უთხარი, “ლალი გეპატიჟება”-თქო...
- მე კი ვეტყვი, მაგრამ...

გია სიხარულით დათანხმდა წასვლაზე.

იმ დღეს ლამაზი ზღვისფერი კაბა ჩაიცვა თეონამ.
ლამაზი თაიგულით ხელში დახვდა გია და ლალისთან წავიდნენ.

ლალისთან ბევრი სტუმარი დახვდათ.
მალე სუფრასთან დასხდნენ.
გია, რა თქმა უნდა, თეონას გვერდით დაჯდა.

ცოტა ხანში ლალიმ გიტარა გამოიტანა და გიას გასაგონად უთხრა თეონას:
- იმედია, აქ პრანჭვას არ დაიწყებ! გიტარას მოკიდეთ ხელი...

გიამ უხმოდ ჩამოართვა გიტარა და სიმებს ჩამოჰკრა.
- რა ვიმღეროთ, თეეე?
- რასაც დაუკრავ...
- მაშინ ეს: “ბულბული-სააააა ენა მეეეეეეეეეეეეე...”
- “შევარდნი-სააააა ფრეეე-ნააააააააა მეეეეეეეეეე...” – აჰყვა თეონა და გაირინდა სუფრა.
- “და შენს გაააა-მოოოოოო შენგან მეეეეეეეეეეეე” – მეორე ხმა ჩამოართვა გიას ლალის ერთ-ერთმა მეგობარმა გოგონამ, ციციმ, რომელიც სიმღერით მიუახლოვდა მათ და იქვე ჩამოჯდა...
- “თბილი ცრემ-ლიიიის დეეე-ნააააა მეეეეეეეეეეეე”... – უკვე სამ ხმაში გაგრძელდა სიმღერა.

რამდენიმე სიმღერა იმღერეს ერთად. ციცი მათ გვერდით გადმოსვეს.

- მოდით, რა ვიცეკვოთ? – თქვა რომელიღაცამ...

ყველამ ერთხმად აიტაცა ეს აზრი.
ცოტა ხანში მაგნიტოფონი ჩართეს და ცეკვა დაიწყეს.
- თეონა, ვიცეკვოთ? – გიამ ხელი გაუწოდა და ის იყო, თეონაც წამოსადგომად მოემზადა რომ...
კაბის ელვა-შესაკრავი, რომელიც კისრიდან წელსქვევითაც კი ეშვებოდა, გასკდა და გაიხსნა.
  - ვაიიი... გიიი, რა ვქნა?
  - კიდევ კარგი, მე ვზივარ აქ... - გიამ საკუთარი ჟაკეტი გაიხადა და თეონას მოახურა. - იქნებ ამოკერო როგორმე?

თეონა გვერდით ოთახში გავიდა და კაბა მთლიანად ამოკერა.
ძლივს ჩაიცვა ელვა-შესაკრავის გარეშე. სუფრასთან რომ დაბრუნდა, ზედმეტი მოძრაობის ეშინოდა.

ჟაკეტი გიას დაუბრუნა. გია გვერდით მიუჯდა და ჩუმად ესაუბრებოდა, - არ მიატოვა “გაჭირებაში მყოფი” თეონა.
“საცეკვაო” ოთახიდან ციცი გამოვიდა და თეონას და გიას მიუახლოვდა.
- თეონა, შენი ნებართვით, - ციციმ გიას დაავლო ხელი და საცეკვაოდ წაიყვანა.
- თეეე, მალე მოვალ...
- არაა პრობლემა... რამდენიც გინდა, იცეკვე, გიი....

თეონას მანანა მიუჯდა გვერდით და ახლა მან დაუწყო საუბარი.
თეონამ საათს გახედა: ნახევარ საათზე მეტი გავიდა, რაც გია ციცის გაჰყვა საცეკვაოდ. “მალე დავბრუნდებიო” და... სულ არ აპირებდა, მგონი, დაბრუნებას... მანანას არ გამოპარვია ის, რომ თეონა ხშირად უყურებდა-ხოლმე მათ წინ კედლის საათს და ასევე ხშირად აპარებდა თვალს იმ ოთახისკენ, რომლის მიკეტილ კარსუკან გაუჩინარდნენ გია და ციცი.
- თეონა, წამო, იმ ოთახში გავიდეთ... აქ მარტო ხომ არ დარჩები?! წამო!...
- მანჩო, მეშინია, კიდევ არ გაიხსნას კაბის შესაკვრელი!...
- მაჩვენე?... უუუფ, ამას რაღა გახსნის? სახლშიც ვერ გახსნა, იქნებ!... წამო, წამო...

მეორე ოთახში შევიდნენ თუ არა, თეონას თვალში მოხვდა, როგორ ეკვროდა ციცი გიას და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა.

თეონას გული მოეწურა, მაგრამ არ შეიმჩნია და სავარძელში ჩაეშვა.
ციციმ თეონა დაინახა. და ნაცვლად იმისა, რომ გიას ცოტა მაინც მოცილებოდა, დაავლო ხელი და აივანზე გაიყვანა.
აივნის ღია კარიდან გარკვევით ისმოდა ციცის ხმამაღალი კისკისი.

რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა სავარძელში, შემდეგ კი წამოდგა და სუფრასთან დაბრუნდა. იქაც კარგა ხანს იჯდა ჩუმად. სულ ელოდა, რომ გიას ბოლოს და ბოლოს გაახსენდებოდა თეონას არსებობაც და იმ ციცის თავს დაანებებდა, მაგრამ... გიას არ გახსენებია თეონა!

თეონას ლალის მეგობარი ვაჟი მიუახლოვდა და გვერდით დაუჯდა.
- თეონა, მეჩვენება თუ მოწყენილი ხარ?
- გეჩვენება, რამაზ...
- ვითომ?...

ცრემლებით აევსო თვალები. ცხვირსახოცს დაუწყო ძებნა.
რამაზმა ქაღალდის ხელსახოცი მიაწოდა.
თეონა ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.
- სად მიდიხარ?
- სახლში...
- მოიცა, გაგაცილებ... ქურთუკს ავიღებ მხოლოდ, - უთხრა რამაზმა და ოთახიდან ქურთუკი გამოიტანა.
- არ მინდა გაცილება! რამაზ, აივანზე გადი და გიას უთხარი, თეონა წავიდა-თქო... მხოლოდ ჯერ არა, რომ წავალ – მერე!
- თეონა, გვიანია უკვე, მარტო როგორ წახვალ? – ახლა ლალიმ სცადა მისი შეჩერება.
- წადი, თეონა! მე გაჩერებამდე გამოგყვები მხოლოდ... და გიას რას ვეტყვი, - ეს მე ვიცი... – რამაზმა კარი გამოაღო და თეონასთან ერთად სადარბაზოს კიბეზე ჩაირბინა.

.......................

მეორე დილას თეონამ ბებია გააფრთხილა, - “გიამ თუ დამირეკა, სახლში არ არის-თქო...”
სხვა ვერაფერი ათქმევინა ბებიამ.

უნივერსიტეტში უნდა წასულიყო თეონა. აივნიდან გადაიხედა და... სადარბაზოსთან გია დაინახა.
იმ დღეს ლექციები გააცდინა თეონამ.

იცოდა თეონამ, რომ ციცი სადღაც, მათ სიახლოვეს ცხოვრობდა...
3-4 დღის შემდეგ გია და ციცი დაინახა, ერთად მიდიოდნენ...
კარგა ხნით ადრე იცოდა თეონამ, რომ ციცი შეყვარებულს ეჩხუბა და ახლა სამაგიეროს გადახდისთვის ემზადებოდა...  გია – შურისძიების იარაღად სჭირდებოდა მხოლოდ.

ლალისთან გადაამოწმა ინფორმაციის სიზუსტე, - მართალი ყოფილა!
და შეეცოდა... გიაც და საკუთარი თავიც...
“რა ვქნა? რა მოვიმოქმედო, რომ თვალები აგეხილოს, გია?!...

- თეონა, ვაჟა გეძახის ტელეფონთან... – გამოსძახა ბებიამ თავის ოთახში შეკეტილ გოგონას.

თეონამ ყურმილი აიღო.
- თეონა, ხვალ გერმანიაში მივდივართ უნივერსიტეტის შვიდკაცა...
- დიდი ხნით, ვაჟა?
- არა, ორი კვირით... შენთან პატარა საქმე მაქვს, ცავ. მოი სადგურში... 4-ზე გადის მატარებელი...
- მოვალ, ვაჟა, აუცილებლად... – გაეცინა თეონას ვაჟას გურული კილოს გაგონებაზე და ყურმილი დაკიდა.

ბაქანზე ასასვლელშივე დაინახა გია, ბორდოსფერი ხავერდის ვარდების დიდი თაიგულით ხელში.
თვალის არიდებას აზრი არ ჰქონდა, - გია მას ელოდებოდა.

- თეონა, მაპატიებ? – და გიამ ვარდების თაიგული გაუწოდა თეონას.

თეონა თვალებს არ უჯერებდა, ეგონა თვალებში გამიორდაო, - გიამ ერთი თაიგული თეონას მიაწოდა და... ზუსტად მისი ანალოგიური – ხელში შეიტოვა.
- ციცი უნდა მოვიდეს? – უცებ ხმამაღლა გაეცინა თეონას.

გიამ თავი დაუქნია და თვალები დახარა.
- რად გინდოდა, რისთვის წუხდებოდი? შეგეძლო მხოლოდ ერთი თაიგული მოგეტანა, ციცისთვის!...
- თეონა...
- გია, მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე: ციციმ შეყვარებულთან იჩხუბა და შენ მხოლოდ შურისძიების იარაღი ხარ მის ხელში... უნდა, რომ ის ბიჭი ანერვიულოს და აეჭვიანოს. მეტს არაფერს გეტყვი. ეს ყვავილები კი... მაპატიე, მე არ ავიღებ ამ ვარდებს! – თეონამ ვარდების თაიგული მაღალ ბორდიურზე შემოდო...
- თეონა, რას შვები, თეონაააა... – დაეწია გიას ხმა, მაგრამ აღარ მიბრუნებულა,  სწრაფად მიდიოდა მატარებლისკენ.

მალე გავიდა დრო.
მატარებლის გასვლამდე 5-6 წუთით ადრე მოვიდა გია ვაგონთან. ვერ მოახერხა საერთო საუბარში ჩაბმა და განზე გადგა,

გამცილებელმა მგზავრებს სთხოვა მატარებელში ასვლა.
თეონამ ცხრა კაცისგან შემდგარი “შვიდკაცის” რვა წევრი გადაკოცნა, გიას კი თვალი აარიდა და უკან გადადგა ნაბიჯი.

უეცრად გია ადგილს მოსწყდა, თეონასთან მიიჭრა, მოეხვია, ლოყაზე აკოცა, “მაპატიეო”- უთხრა და სწრაფად ავიდა ვაგონში.
დიდხანს უქნევდა თეონა ხელს დაძრულ მატარებელს, ვიდრე ის სულ არ გაქრა თვალთახედვიდან.

უკან რომ ბრუნდებოდა, თავისი ვარდების თაიგული დაინახა, ბორდიურზე შემოდებული, ზედ გაკეთებული უზარმაზარი წარწერით: “მაპატიე, თეონა!”

ნელა მივიდა ყვავილებთან.
იქვე მჯდარმა მზესუმზირის გამყიდველმა თეონას შეხედა და უთხრა:
- შვილო, შენ, ნამდვილად, თეონა იქნები... თმებით გიცანი, ბებო...
- კი, ბებია, თეონა ვარ...
- იმ ბიჭმა მთხოვა, “ვიდრე ოქროსთმიანი გოგონა არ წაიღებს ამ ვარდებს, ეს თაიგული არავის გაატანოო”. წაიღე, ბებო, შენია ეს ყვავილები... ა, შეხედე? მეც მაჩუქა იმ ბიჭმა ერთი ასეთი თაიგული... შენი კბილა შვილიშვილი მყავს სახლში და გავახარებ...

თეონამ ფრთხილად მოკიდა ხელი თაიგულს.
საოცარი სურნელი ჰქონდა ვარდებს.

სახლში მისულმა, ვარდებს მაღალყელიან ბროლის ლარნაკში მიუჩინა ადგილი და თავის ოთახში გავიდა.

საოცარი დაღლილობა იგრძნო.
წამოწვა და მალე ჩაეძინა კიდეც.
ძილში ჩაესმა ტელეფონის ზარის ხმა.
გაეღვიძა, მაგრამ თავი ვერ ასწია.
სიზმარი გაახსენდა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ნახა: ციდან იასამნის წვიმა მოდიოდა....

გვერდით ოთახიდან ბებიას ხმა შემოესმა:
- ძალიან ეწყინება თეონას... კარგი, ნანა, კარგი... ვეტყვი, აბა რას ვიზამ?!

“უნდა მეწყინოს რამე? კიდევ? ბევრი ხომ არ არის ამ ერთი კვირისთვის?!... ამ წვიმამ ხომ გააჭირა საქმე... აღარ უნდა გადაიღოს?...”

ოთახში ბებია შემოვიდა.
- რა მოხდა, ბეე?
- თეონა, ახლა შენ ნუ გაიგიჟებ შენებურად თავს... მეც ძალიან მეწყინა, მაგრამ... ფაქტიურად, ხომ არც იცნობდი?!...
- მალხაზი?!... მალხაზს დაემართა რამე?
- ვინ მალხაზს?
- აი, მე რომ იასამნები მაჩუქა... ბევრი იასამანი!...
- შენ რა იცი, თეონა? ნანამ ორი წუთის წინ დამირეკა...
- ვიცოდი... სიზმარში ვნახე: იასამნების წვიმა მოდიოდა ციდან... და მე კი იასამნის ვერცერთი ტოტი ვერ დავიჭირე...
- საწყალი ბიჭი... ავარიაში დაიღუპაო... ნაწვიმარზე მოსრიალებულა და... შენს სახელს იმეორებდა, თურმე, მომაკვდავი...
- ჩემს სახელს?....  ნაწვიმარზე?!.... – თეონამ თავი ჩარგო ბალიშში და მწარედ ატირდა.

............................

მალე გავიდა ორი კვირა.
დადგა ივნისი.
გამოცდების ციებ-ცხელება ჰქონდა თეონას.
გუშინ ჩააბარა მესამე საგანი და მესამე “ფრიადი” მოიტანა სახლში. დღეს თავისი მეგობრები აბარებდნენ და მათ საგულშემატკივროდ ადიოდა მაღლივში.

თეონას კურსი – ექსპერიმენტული იყო. აინტერესებდა განათლების სამინისტროს, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ხუთი წლის ნაცვლად 4 წელიწადში დაემთავრებინათ სტუდენტებს უნივერსიტეტი.
“ხუთწლედი – ოთხ წელიწადში” - ცნობილი ლოზუნგი იყო იმ წლებში!
ამის გამო ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ლექცია-სემინარების 6-6 საათი უტარდებოდათ.

გუშინ ავთომ უთხრა, “გერმანიიდან ბიჭები ხვალ დილას ბრუნდებიანო”.
12 საათი ხდებოდა, თეონა რომ სახლიდან გავიდა და... სადარბაზოში მდგარ გიას შეეჩეხა.
- მაპატიე? – ძლივს ამოთქვა ეს პატარა სიტყვა გიამ.
- გამატარე...
- მითხარი, მაპატიე თუ არა? ისე – არ გაგიშვებ...
- გაპატიე... გამიშვი!...
- ხოდა, ვეღარსად გაგიშვებ! – გიამ ხელები მოხვია თეონას და გულზე მიიხუტა.

სითბო დახვდა თეონას, მაგრამ... სიმყუდროვე - არა!
- გამიშვი, გია... არ გამაბრაზო!...
- ეს – შენ! გერმანიიდან შენთვის ჩამოვიტანე... – გიამ წამწამების ტუში ამოიღო ჯიბიდან და თეონას გაუწოდა.
- ციცის არაფერი ჩამოუტანე?... საინტერესოა, იმ დღეს, სადგურში, აღარ აჩუქე ის ყვავილები თუ აღარ მოვიდა?
- შენ რომ წახვედი, მივხვდი, რომ სისულელეს ვაკეთებდი და მეორე თაიგული მზესუმზირის გამყიდველს ვაჩუქე, რომ შენთვის შეენახა ის ვარდები, მე კი მაშინვე ბაქანზე ამოვედი.
- გია, შენ 40 წუთის მერე მოხვედი ვაგონთან...
- არა, თეონა... მე სულ ვაგონთან ვიყავი, ოღონდ ისე, რომ შენ ვერ მხედავდი. ბიჭებს თვალით ვანიშნე, აქეთ არ შემოაბრუნოთ-მეთქი... მე არ მინახავს იმ დღეს ციცი...
- გამიშვი ხელი, გიიი... უნივერსიტეტში უნდა ავიდე!

გიამ ლოყაზე აკოცა თეონას და ხელები გაუშვა.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს