ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
21 მარტი, 2020


კორონა ვირუსის დღიურები 2

დღე 2
ისევ ცივა და საშინელი ამინდია. თუმცა გააჩნია როგორ შეხედავ, ზოგჯერ ფანჯრიდან რომ ვუყურებ უმზეო, ჩანაცრისფერებულ გარემოს, მომწონს კიდეც და ვერ ვხვდები რა მაწუწუნებს. ზოგჯერ უიმედობაც მიტევს და მგონია, არასოდეს გამოიდარებს. ამ ეჭვს ის ფაქტიც მიმძაფრებს, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქს სჩვევია ეგეთი გაჯიუტება. წინა ზაფხულის ბოლოს 40 დღე წვიმდა გადაბმულადო, მითხრა ჩემმა აქ მომუშავე (და ამისგამო თავბედისმაწყევარმა) კლასელმა.
საოცრად პროდუქტიულად ვატარებ დღეს. გრაფიკი კი შევადგინე იმ მიზნით რომ ამ ფრაზის წარმოთქმისას სინდისმა არ დამტანჯოს, მაგრამ ჯერჯერობით დინებას ვერ ვეწინააღმდეგები, თითქოს ვიცი, რომ საკმარისად ძლიერი არ ვარ მის გადასალახად. ჯერ მოღონიერების პროცესში ვარ - ამით ვამშვიდებ თავს და მაღალმა ღმერთმა (aka - ზეუჯრედოვანმა არსებამ) იცის, რომ დამშვიდება ნამდვილად მჭირდება.
დღეს გავიგე, რომ ფიქრი თურმე იმდენად რთული პროცესია, კაცობრიობის მხოლოდ 2-3 პროცენტს ხელეწიფება - იმ ნაწილს, რომელიც ამავდროულად გულდასმითი კითხვის უნარითაცაა დაჯილდოებული. სხვა შემთხვევაში ადამიანები ლაპარაკს მიმართავენ პრობლემის მოსაგვარებლად, ლაპარაკი და ფიქრი კი განსხვავებული ცნებებია. ცოოოტათი განსაკუთრებულად ვიგრძენი თავი, ვერ დავმალავ - ფიქრი ხომ ჩემი ჰობია. დღის განმავლობაში რომ ერთი შეხედვით პასიური და არაპროდუქტიული ვარ, ამას იმ ფიქრთა კასკადით ვაბალანსებ, რომელიც ჩემს გონებაში მუდმივად ტრიალებს.
გასვლა და ფოტოების გადაღება, რა თქმა უნდა, დამეზარა - ციოდა და ნაწვიმარი მიწა უსიამოვნოდ ეკვროდა ჩემს ფეხსაცმელს, ალაგ-ალაგ გუბეები კი მოუსწორებელ გზებზე საგრძნობლად ზღუდავდა ჩემს მობილობას. თავს ძალა დავატანე და მაღაზიაში გავედი. სელპაკი და სველი ხელსახოცი, შოკოლადი და სანთებელები მოვიმარაგე.
სელპაკი და სველი ხელსახოცები ნამდვილად გამომადგება, იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ იტალიური VPN დავაყენე. შოკოლადი ლამის პურია ჩემი არსობისა, ნაყიდს მუსრი ამ მომენტისთვის სრულად აქვს გავლებული. სანთებელები კი იმისთვის, რომ ბონგიდან ნაპასის დასარტყმელად ანთებულმა ასანთის ღერმა ბოლო მომენტში, ტვინისკენ აჭრილი კვამლით გაბრუებულსა და ყურადღებამოდუნებულს თითი არ დამწვას.
დღეს საჯარო ტაშის დღე იყო, თუ რაღაც ეგეთი. ხალხმა აპლოდისმენტები დააორგანიზა ექიმებისადმი მადლობის გამოსახატად. საოცარია უჯრედები როგორც კი საფრთხეს იგრძნობენ, როგორ იტკბობენ ხმას და ლამის ეთაყვანებიან იმას, ვისაც მათი საფრთხისგან დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. იმ დღეს ერთ-ერთ არხზე ვნახე ერთ-ერთი ექიმი ჰყავდათ მიწვეული, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა და ჟურნალისტებმა ტორტი მიართვეს, ფეხზე დამდგარი უკრავდნენ ტაშს.
ამისთანა გულისამაჩუყებელ სცენაში მხოლოდ ჩემისთანა ნიჰილიზმით მოწამლული სული თუ იპოვიდა რამე სარკასტულ ნიუანსს. ვიპოვე კიდეც, როდის გამჭირვებია, რო. ექიმი აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს, ვერ ხვდებოდა ეს გაცხოველებული პატივისცემა დროის მოკლე მონაკვეთში როგორ დაიმსახურა. თუმცა, მგონი, გრძნობდა რომ ”გაცხოველებული“ ჯანსაღი ვერ იქნება, რაც არ უნდა იყოს. ამასთან ალბათ იმის ფიქრიც გაჰკენწლავდა ერთიორჯერ, ახლა ისეთი შეცდომა რომ დავუშვა, რაც ამ ჩემზე თანგადაყოლილ ხალხს გააბრაზებს, ხო საშინელი სირცხვილი და თავისმოჭრა იქნებაო. არადა, ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე. არადა, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია ვირუსის იერიშისა. არადა, რამდენიმე თვის წინ საჯარო აზრის ჩამოყალიბება იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გვივარგა და ჩვენი ექიმები არაპროფესიონალები არიან, რომლებიც ბიზნესმენებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ჰიპოკრატეს ფიცის დამდებებს, ერთგვარ წინააღმდეგობაშია დღეს ექიმებისათვის აბლონისმატების მიძღვნასთან.
პარადოქსულ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც მხოლოდ გარემოებებს უწევს ანგარიშს და არა პირად მოსაზრებებს, შეხედულებებს, პოზიციებს და ასე შემდეგ.
დღეს ტექსტის ზომა გუშინდელზე დიდი იმიტომაა, რომ ჩემს საყინულე ოთახს შევეჩვიე, რეზისტენტულობა გამომიმუშავდა, ამიტომ შემიძლია გაყინული ხელებით მეტხანს ვბეჭდო (ადაპტაცია, ბოზო).
დარწმუნებული ვარ ხვალინდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი (ან რამე) იქნება (რა).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები