ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2020


პრიმა ვერა

ნინო დარბაისელი

პრიმა ვერა
- -
ო, რა კარგი ხარ,
რა საყვარელი  მიკროსკოპით გადიდებულ ამ სურათებში,
ფორმასრული და ფერადოვანი,
მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე,
რენესანსული  ქალწულივით თუ ქალღმერთივით!
ო, "პრიმა ვერა"*,
ოი, კორონა,
თან კი რამდენი სიკვდილი მოგაქვს!
ხოლო მანამდე მოგაქვს შიში,
მარტოობა,
მოგაქვს არცოდნა,
ისტორიული ისტერია!

შენს ფოტოს,
როგორც ფოტოშოფით გაფერადებულ,
ჩავლილ,
ჩათრეულ,
ვარსკვლავებიდან უფსკრულებამდე ჩამიწებულ,
შავ-თეთრ,
კუთხეებშემოცრეცილ ახალგაზრდობას ვესაუბრები:

ოი, კორონა!
საერთო ჭირი ადამიანებს აერთიანებს,
მაგრამ  ეს ხდება  სულ დასაწყისში,
რაღაც, მოკლე ხნით,
ვიდრე სუყველას ერთად დადგომა განსაცდელს უფრო  გაუადვილებს,
მერე, თუ ამან დიდხანს  გასტანა,
იწყება ხოლმე დაყოფა და ბიფურკაცია
და გუშინდელი ჩვენი მოფხიზლე მეგობრები დაუძინებელ მტრად იქცევიან.
რადგან ასეა,
გადასარჩენთა მოკლე საბანქვეშ  ყველა ერთად  ხომ ვერასოდეს შეიყუჟება.

ოი, კორონა,
ამ დიად სიბრძნეს ნავთიანი მჭადის გემო აქვს,
"კეროსინკაზე"  გამომცხვარის,
ჯერაც თბილ-თბილის,
თავზე პატარა, მლაშე ყველით,
ადრე, ოდესღაც,
თავისუფლების პირველ დღეებში
ჩვენი კორპუსის შუა ეზოში,
ძელსკამზე მსხდარი მეზობელი ჩვენი ქალები
მთელი ეზოს გადასარჩენად რომ აცხობდნენ და გვირიგებდნენ,
რომ იმ უპურო, ბნელ დღეებში ის გაჭირვება ყველას ერთად გადაგვეტანა.

ხანმოკლე ჭირში გვერდით მდგომის იმედი გქონდეს,
მაგრამ ჭირი თუ გაჭირვებაში გადაიზარდა
და აღარ და აღარ დასრულდა,
გეშინოდეს გვერდით მდგომების! -

აი, ეს მწარე გამოცდილება,
სიბრძნეთა სიბრძნე გაუხარელი,
ჩემს პიროვნებას პოსტ-ტრამვული,
ღრმა ნაჭდევები რომ  დაამჩნია,
ჩემს სიბერეში გადაიქცა უწყვეტ დინებად,
თვეში  ორჯერ რომ  სტრონის სახელით ხელმოწერილი
საბანკო ჩეკით 
მიისწრაფოდა ჩემი კეთილი,
გულითადი ფსიქოლოგის ანგარიშისკენ
და ის-ის იყო,
ამას წინათ მეუბნებოდა, მოსალოცია,
წარსულის მტანჯავ მოგონებებს მოვერიეთო,
რომ შენც გამოჩნდი!

ოი, კორონა!
მე  კვლავ დამჭირდა ჩემი ძველი გამოცდილება,
როგორც საპონი და ნიღაბი,
როგორც ნაღდ ფულში გადაყვანილი სახარჯო თანხა,
როგორც  ფქვილი და კონსერვები,
როგორც ბრინჯი,
როგორც შაქარი,
რომ დავეხმარო დანარჩენებს,
ჭირთუნახავებს,
მათ, ვინც დაზაფრე, ოი,  კორონა,
მათ, ვისაც დღემდე არასოდეს გამოუცდია,
ის, რაც მე უკვე  ერთ ნერვსაც კი ვეღარ მიტოკებს,
რადგან  ქვისა ვარ,
მთლიანი ვარ და მყარად ვდგავარ უზარმაზარი ობელისკივით,
ხოლო შიგ გულში - ვინ რა იცის,
რა სტელებს ვმალავ,
სამახსოვრო  სიტყვებითა და სახელებით,
ერთია მხოლოდ,
თავი თეთრი მარმარილოსი, 
თუ “ვაშინგტონის მონუმენტის*  წვეტივით მაღლა,
ღრუბლეულში  მაქვს გახირული და მიწის ამბებს აღარც დავეძებ,
სადღაც შუაში,
გარუხებულ წელში -  ვიცვლები,
იმის ქვემოთ კი,  ძირის ძირამდე -  შენებისას შემოლეული
საუკეთესო მარმარილო,
რომელსაც მთელი ტანი უჭირავს -  ქართული შემრჩა,
ხოლო ქართულად ასე გამოდის:
ყოველი წამი  - სიცოცხლის იყოს,
მაგრამ ყოველ წამს სიკვდილს ხედავდე.
რადგან ქართველი -  დასაბამიდან
სიკვდილს  უყურებს და ნიადაგ ხელით ეხება,
ხელს უტყაპუნებს ბეჭებზე და პირში შესცინის,
მაშინ, როდესაც
სხვები - სწავლობენ, რომ სიკვდილის არსებობა არ დაივიწყონ.

ოი, კორონა!
ბოლო კვირაა,
დედამიწაზე სიკვდილს შენი სახელი ჰქვია,
მუსიკალურად მჟღერი სახელი
და ამ წინასწარ მკვდარ ქალაქში,
ამ შუაგულ ამერიკაში
და მის ირგვლივ სხვა ქალაქებში ახლა ისეთი, 
გაწყდომამდე დაჭიმული  მდუმარებაა,
უცებ ფანჯარა რომ გამოვაღო და სიბნელეში დაგიძახო,
ჩემი ძახილი ოკეანესაც გადაევლება,
კავკასიონსაც გადალახავს,
ჩემს მოხუც დედას ჩაესმება და გააფიქრებს,
რა მჭირს ასეთი,
მგონი,  ნინოს ხმა შემომესმა! კორონაო, ნეტა რამე ხომ არ უჭირსო!
შენ კი, აბა, გაიგონებ?
რა უნდა მეთქვა? 
ჰო!
კორონა,  ვინ არ მადარდებს,
მაგრამ ამქვეყნად  ყველაზე მეტად
მოხუცებული დედაჩემის დარდი მაქვს და შენ მოერიდე!
თვითონ - რაც იყო, იგივე დარჩა,
თავისნათქვამა,
არც შვილს  მოუსმენს, 
არც შვილიშვილს,
არც შვილთა შვილებს
და  განსაცდელსაც,
გინდაც შენი სახელი ერქვას,
თვითონ,
მოკვდება და არაფრით მოერიდება?
ოი,  კორონა!

და შენ,
ნამდვილო,
ახლა კორონით დაწყევლილო,
გაუხარელო,
შენ, ვის  ლოდინმაც  გადამღალა,
გული დაღარა,
ო, "პრიმა ვერა",
პრიმა - არა,
პრიმა  - აღარა!
- - - -
*
პრიმა ვერა (იტალ.) - გაზაფხული. იტალია ამჟამად - ვირუსის ყველაზე ფართოდ გავრცელების არეა.

**  ვაშინგტონის მონუმენტში სხვადასხვანაირი თეთრი მარმარილოს გამოყენება მოუხდათ შუიდან, რადგან პირველ საბადოში  გამოილია.  შიგნიდან მონუმენტს მათი სახელები აწერია, ვინც გაიღო ესა თუ ის ქვის ლოდი.
ანუ შიგნიდან - ცალკეული სტელებისგან შედგება, გარედან -  ეს არ ჩანს, ერთიანი და მონუმენტურია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები