ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 მარტი, 2020


დაჯექი გივარგი

დაჯექი გივარგი
გაკვეთილის არმცოდნე, დაფასთან აზუტულ, მობლუყუნე ბავშვს ჰგავდი თავის მართლებისას, იმდენად უსუსუსურად გამოიყურებოდი, გულწრფელად შემეცოდე და ამასთან გამიკვირდა კიდეც.

გამოცდილი პოლიტიკოსები ასეთ დღეში ხშირად მინახავს, მაგრამ მათთან შედარებით თქვენი პოზიცია ხარისხობრივად ძალიან დაბალ ნიშნულზე მერყეობდა, სადღაც ნოლსა და მინუსს შორის.

ჩემი აზრით ეს შემთხვევითობას არ მიეწერება, რადგან პოლიტიკოსი, გამოცდილებასთან ერთად ისეთ განცდასაც ეუფლება, თითქოს მისი ყველა დასკვნა, შეფასება და ქმედება ჭეშმარიტებაა. ალბათ თქვენც ამ ფაზაში გადახვედით.

მთავრობისადმი შეთავაზებული თქვენი წინადადება - ,,აგრესიული ტესტირებისათვის“ საჭირო სამედიცინო მასალის უკრაინიდან სწრაფად ჩამოტანის თაობაზე, სწორედ ამგვარი თვითდაჯერებულების ნათელი მაგალითი გალხდათ ... არა! ... უფრო ბავშვური მეამიტობა, რომელსაც რაღაც ანგარების ,,სურნელიც“ დაჰკრავდა. გუმწრფელად ვამბობ, რომ მე ამის, არათუ ნაკლებად, საერთოდ არ მჯერა, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ჯგუფში ასეთი განცდა ნამდვილად დატოვეთ, რაზეც მასმედიის საშუალებებში და ,,სოციალურ ქსელებში“ დაიწერა კიდეც.

დილეტანტის, ისეთის, როგორიც ამ საქმეში მე გახლავართ, ზერელე თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ვირუსის სწრაფი ტესტირების ასე ხელაღებით, ვიღაცასთან მოლაპარაკებით, სახელმწიფოში შემოტანა დანაშაულთან თუ არა, დიდ რისკთან არის დაკავშირებული.

აღნიშნული გარიგება უნდა მოხდეს მხოლოდ სახელმწიფოთა დონეზე, რაზეც ალბათ თქვენც კარგად მოგეხსენებათ, თუნდაც იმიტომ, რომ წარმოადგენთ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელს ... პანდემიის კომერციალიზაცია დაუშვებელია. კარგია, ჩვენი ხელისუფლება ამ გზით რომ არ წავიდა.

ვფიქრობ, მოცემულ კალენდარულ ეპოქას თქვენ ფეხი ვერ აუწყვეთ და ახლო წარსულის დროის რომელიღაც მონაკვეთში ჩაიკარგეთ თუ დაპაუზდით.  ამის ასევე ნათელ მაგალითს ის პროგრამა წარმოადგენს, რომელსაც უწოდეთ: ,,სტრატეგია აღმაშენებელი“.

არ შევალ ჩვვენი ქვეყნის განვითარების აღნიშნული ,,სტრატეგიის“ განხილვის სიღრმეებში, რადგან ეს ჩემს ამოცანას არ წარმოადგენს, მაგრამ ერთს დავძენ: ის განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც მოცემულია პროგრამაში, ფინანსურად მძლავრი ქვეყნებისთვისაც კი იმ დროში, რაზეც საუბარია ,,სტრატეგიაში“, შეუძლებელი შეიქმნებოდა.

მე სხვა კუთხით მინდა შევეხო ,,სტრატეგია აღმაშენებელს“ და მისი დროში ჩამორჩენა ამგვარად წარმოვაჩინო.

რამდენიმე თვის წინ, დედამიწის მოსახლეობამ ,,ბუჰანის ღამის“ შემდეგ, სულ სხვა რეალობაში გაიღვიძა ... კაცობრიობა თავისი არსებობის ახალ ფაზაში გადავიდა, რომელიც თუ ბიბლიურად ვიმსჯელებთ, არავინ იცის აპოკალიფსისამდე პერიოდის რა ეტაპია, ანუ ,,ჰოეს“ წინა რომელი ასოა, მაგრამ ,,მიმდებარე“ რომ არის ეს მაღალი ალბათობაა ... ,,ძილ“, ,,წილ“, ,,ჭან“, ,,ხან“ თუ ,,ჯან“?...

ერთმა, აქამდე უცნობმა ვირუსმა, სახელწოდებით ,,კოვი-19“, ადამიანთა ცნობიერება რადიკალურად შეცვალა, 21-ე საუკუნე კოლაფსირდა და სამყარო სინგულარული გახდა. სივრცე-დროის განზომილებითმა მდგენელმა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სხვა ფიზიკური მახასიათებლები შეიძინა ... თერმობირთვული ბომბი მეტალის გროვად აქცია. ,,ჩასაბარებელ პუნქტებში“ დაყრილ ,,ჯანგიან ჯართად“ ... აზრი დაკარგა სამხედრო შეიარაღების მოდერნიზაციამ, რადგან კაცობრიობის წარმოშობის გარიჟრაჟზე გამოგონილი იარაღი - მშვილდ-ისარი, აგრესიის შეკავების უფრო საიმედო იარაღი აღმოჩნდა.

ასეთ ვითარებაში, ნებისმიერი ქვეყნის მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ტემპების მაჩვენებლების გათვალისწინება - წარმოების გაზრდის, დასაქმების, ხელფასების ეტაპობრივი ზრდისა და პენსიების დიფერენცირების თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ბავშვური  ,,სახლობანას“ თამაშს დაემსგავსება.

ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგია უნდა აიგოს გლობალური გამოწვევების პირობებში ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებაზე, რომელშიც მთავარი (პრიორიტეტული) მიმართულება ადამიანი იქნება. ,,პანდემიური უმუშევრობის“ პირობებში (შემოვიტან ამ ტერმინს) თუ როგორ შეძლებს სახელმწიფო მისი მოქალაქეების, პირდაპირი მნიშვნელობით რჩენას. ამიტომ ყველა დამსაქმებელი კანონით უნდა იყოს ვალდებული, შექმნას ე.წ. საგანგებო ფონდები და მათში მოხადინოს მოგების, ან სხვა სახის ფინანსური წყაროებით თანხების მობილიზაცია.

ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ ... აღნიშნული ფულადი რესურსები უნდა მიიმართოს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის სახელფასო ანაზღაურების დასაფარავად, რადგან სამსახურებისა და ბიზნესის რამდენიმეთვიანი შეზღუდვა, აუცილებლად გამოიწვევს შრომისუნარიანი საზოგადოების აგრესიის პროვოცირებას. ეს არ იქნება არც რევოლუცია და არც სამოქალაქო ომი, ეს იქნება ჯანყი, რომელიც მოედება დედამიწის ყველა ქვეყანას ,,დომინოსა“ თუ ,,სარანჩას“ პრინციპით.

თქვენ კი, ჩავლილი ეპოქა ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ გინდათ შემოგვაჩეჩოთ ისე, როგორც ერთ დროს კორტესის ჯარისკაცები (კონკისკატორები) აჩეჩებდნენ სარკეებსა და სხვა ნივთებს ინდიელებს, კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ანუ თქვენ ,,სტრატეგია“ ჭრაჭუნა ვერცხლისფერ ქაღალდში შეფუთოთ და ,,ბრჭყვიალა სათამაშოდ“ გინდათ შემოგვასაღოთ ...

არავინ არის იმის წინააღმდეგი, საერთო მტრთან ბრძოლაში, რომელსაც კოვი-19 წარმოადგენს, ჩვენმა ქვეყანამ კონსოლიდირებული საზოგადოებით იომოს და არ დაიქსაქსოს ამ კრიტიკულ სიტუაციაში პოლიტიკურ მხარეებად. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, როცა ოპოზიციონერი ლიდერები სხვადასხვა გზებს სთავაზობენ ხელისუფლებას, მაგრამ ამ შეთავაზებას არ უნდა ასდიოდეს ,,პოპულიზმის სურნელი“, ის არ უნდა იყოს ერთი, კონკრეტული პოლიტიკოსის შეთავაზება ... აზრი უნდა შეჯერდეს, დაიწუროს აგრესისგან და ისე მიეწოდოს ქვეყანას. პასუხისმგებელი მხარე - მთავრობა, შემდეგ ან გაითვალისწინებს ამ წინადადებებს ან უარყოფს, ანაც განავრცობს და ასე მოახდენს მის რეალიზაციას ...

კარგად არ გიმეცადინია, დაჯექი გივარგი! ... ორიანი!!! ...

P.S. ასაკში შესული გახლავართ, ამიტომ ვცდილობ ვიყო კორექტული და აზრის გამოთქმისას დავიცვა ,,დისტანცია“. არ გავანაწყენო საზოგადოების თუნდაც ის ნაწილი, რომელსაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა დამოკიდებულება გააჩნია ... სამყარო შეიცვალა, მხოლოდ ერთად დგომა გადაგვარჩენს.

და ბოლოს: ჩემი მოკრძალებული აპლოდისმენტები ქართველ ექიმებს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები