ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2020


ნაბიჯები



თქვენ შეგიძლიათ დასხდეთ და,
ბრინჯივით, იოლად გაარჩიოთ ჩემი ნაბიჯები,
რომლის დათვლა ვერც გზამ,
ვერც კიბემ,
და ვერც თვალმა შეძლო,
რადგან მე სწრაფად მივდივარ,
ავდივარ, ჩამოვდივარ და ისევ მივდივარ,
მაგრამ ვერა და ვერ მოვდივარ თქვენამდე.
მოგიყვეთ, რას და როგორ ვაშავებ,
მოყოლას წერით თუ შევძლებ.

იცით, რომ მიცვალებულზე მეტად სიყვარულის მეშინია,
მოულოდნელად გავარდნილ ჭორს ჰგავს სიყვარული,
ჩემს ტანში უმტკივნეულოდ შეუძლია შემოსვლა,
შემოსვლამდე ფეხსაც კი გაიწმენდს.
თუ  შეეცდება გულის არმოლბობას და
თავიდანვე მის გაწყალებას,
შემიძლია, წამოვდგე
და კაბის კალთაში ნაგროვები
მზესუმზირის ქერქივით
ჩამოვიფერთხო.

ქუჩის მეორე მხარეს მანქანის მუხრუჭის ხმა თუ
თქვენთვის გაურკვეველ საუბრებს ფარავს,
საჩვენებელ თითს თუ მიქნევს  შავპალტოიანი ქერა ბიჭი და ხედავთ, თუ როგორ მემუქრება,
მე კი თეთრი მუჭებით ვისრეს წყლიან თვალებს,
მეათასეჯერ ვუმტკიცებ ერთგულებას და
ქარისგან  აწეწილი ჩემი თმის ხვეულები შველას ითხოვენ, არ მომეშველოთ,

უბრალოდ, დასხედით და,
ბრინჯივით, ადვილად გაარჩიეთ ჩემი ნაბიჯები.

მე დღეს მამა გავაბრაზე.
ზუსტად იმ სახლში ვეღარ დავბრუნდი,
რომელშიც ფეხი ავიდგი და გარეთ გასვლა და თქვენთან დაპირისპირება ვისწავლე.

მე დღეს, ლამის, ოცდაათი წლის ოჯახი დავანგრიე,
არადა, არაფერი დამიშავებია
გარდა იმისა,
რომ თვალებით მივესალმე ჩემთვის უცხო და უნიჭო კაცს,
რომელმაც ცოლს კიდევ ერთხელ შეახსენა,
რომ მოძველდა და თავს უნდა მიხედოს.
ვხედავდი, ქალმა როგორ სიმწრით მოკაკვა
ალაგ-ალაგ ლაქშერჩენილი ნაშრომი თითები და
გაბღენძილ, პირდაფჩენილ ქმარს პირუტყვივით წინ გაუძღვა.

მე დღეს დედაც ავატირე,
ძალიან განიცდის ჩემს ძილგატეხილ ღამეებს,
ჰგონია, ისევ ვმკურნალობ,
მე კი ყველა მის მოწოდებულ აბს,
მის თვალწინვე, ენის ქვეშ ვმალავ და
არ ვყლაპავ.
მაინც ვათენებ, არ ვუსმენ დედას,
მე უნდა ვწერო.

განა თქვენი ბრალია, მე რომ პოეტად დავიბადე?!

წერით უფრო შემიძლია მოგიყვეთ ჩემზე ყოველი ცუდი.
კარგს მხოლოდ შვილებს მოვუყვები,
თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ,
დასხდეთ და,
ბრინჯივით, იოლად გაარჩიოთ ჩემი ნაბიჯები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები