ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანშაინ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 მარტი, 2020


მოკლული ქალების წერილები

“23 წლის ხათირა ჰუსეინოვა ყოფილმა ქმარმა, თელმან მუსტაფაევმა, საკუთარ სახლში, სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით, 16 თებერვლის ღამეს მოკლა. ყოფილ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მან ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. “

გამარჯობა მე ხათირა ვარ. რამდენიმე წლის წინ დავქორწინდი. მეგონა ვუყვარდი…
სამი შვილი გავუჩინე, მასზე ვზრუნავდი….
თუმცა….
ჯერ დედაჩემს მიაყენა ჭრილობა დანით,მერე ხელი ჩემზეც აწია.
ჩვენი ტრადიციების მიხედვით, ქალი ვერასდროს გახდება ისეთი “სუფთა” როგორც მამაკაცი. მაგრამ ღმერთი,რომლისიც მე მწამს არასდროს დაუშვებდა მისი შექმნილი არსების ამ დღეში ნახვას. ჰოდა დედაჩემთან დავბრუნდი . მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. ვეღარც ვითვლი მერამდენედ მოვარდა თელმანი მთვრალი და დაბრუნება მიბრძანა. დღესაც მოვიდა.
მოვიდა და ერთი ხელის მოსმით დედის სისხლში ამოსვარა 3 ანგელოზი.

“სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს ყელზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა.”

მე ქალი ვარ ! 25 წლის . შევცდი და ისეთ ადამიანზე ვიქორწინე,რომელმაც ბევრჯერ იძალადა. ცხოვრება მომიწამლა.
მისგან წამოვედი, მინდოდა ახალი ცხოვრება დამეწყო, სწავლა გამეგრძელებინა,კარიერა მქონოდა და დამოუკიდებელი ქალი ვყოფილიყავი. მაგრამ….
ჩვენთან,ჩემნაირ ქალებს-ქალებს რომლებსაც შეცდომის გამოსწორება უნდათ, არ აქვთ დამოუკიდებლობის უფლება.
იუსტიციის სახლში, სანამ მამაჩემი გარეთ სიგარეტს ჩააქრობდა, ყოფილმა ქმარმა ყელი გამომჭრა.


“ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი იარაღიდან ესროლა.
არსებული ინფორმაციით,დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

გამარჯობა, მე უბედური ქალი ვარ. ჩემზე ქმარი ძალადობდა, არ მაძლევდა უფლებას მესწავლა, თავიდან უნივერსიტეტში თან დამყვებოდა. მერე შეეზარა და მეუბნებოდა არ მინდა სხვა კაცები გიყურებდნენ და არ მინდა მეგობრებს ჩვენ შესაზებ უყვებოდეო. ერთი სოციალური ქსელი მქონდა და იქაც შეეზარა მიმოწერის შემოწმება და გამაუქმებინა.
მოვიკრიბე ძალები. წამოვედი მისგან.. მუშაობაც დავიწყე… მაგრამ ერთ დღეს, ფსიქოპატივით შემოვარდა და ყუმბარა პირდაპირ ჩემ ფეხებთან მოაგორა. არ აფეთქდა და იმის გაფიქრება მოვასწარი ცოცხალი ვარ თქო ტკივილისგან ჩავიკეცე. ტყვია მესროლა.

“სურამში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ ნაჯახით მოკლა. 26 წლის ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.”
გამარჯობა, მე სურამში ვცხოვრობ. ქმართან ერთად. 26 წლის ვარ და ძირითად დროს საოჯახო საქმეების კეთებაში ვატარებ. დღეს ჩემი ქმარი ჩემზე გაბრაზდა. რიგითი კამათი მეგონა მანამ,სანამ ნაჯახს არ აიღებდა და სასიკვდილო ჭრილობებს არ მომაყენებდა.
მე ჩემმა ქმარმა შეშის საჩეხი დიდი ნაჯახით ასე უბრალოდ, ხელის აუკანკალებლად დამჩეხა.

“ნადიბაიძეს ოჯახმა მარნეულის სოფელ თამარისში საცხოვრებელი სახლი დატოვა და იმავე სოფელში, ოდნავ მოშორებით ახალ აშენებულ სახლში გადავიდა.
ოჯახმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ღვთისო ნადიბაიძის 17 წლის ქალიშვილი მანანა 2014 წლის 19 მარტს სასტიკად მოკლეს.”

გამარჯობა, მე მანანა მქვია. 17 წლის ვარ, მიყვარს წვიმაში სიარული და თავისუფალ დროს კითხვა. შექსპირი შემიყვარდა. მინდა,როცა ამის დრო მოვა, ისე შევუყვარდე ვინმეს, როგორც შექსპირის გმირებს.
აქ ერთი მეზობელი მყავს, არ მომწონს როგორც მაკვირდება ხოლმე. როცა სახლიდან გავდივარ,თუ დავინახავ სულ ქუჩის მეორე მხარეს გადავდივარ. დღეს ჩემი ოჯახი კარტოფილის მოსავლის ასაღებად წავიდა. მე სახლში დავრჩი დარაჯად. კარზე ამ მეზობელმა დამიკაკუნა, მაკუნა კარი გამიღე, გავიგე კითხვა გიყვარს და საინტერესო წიგნები მოგიტანეო. გავუღე და მაშინ დაიწყო ჩემი უბედურებაც.
მაჯებში ხელი ჩამავლო და ოთახისკენ წამათრია, მისი უხეში ხელებით ფერება დამიწყო თან ისეთ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა,აქამდე რომ არ გამეგო.
კაბის გახდა რომ არ დავანებე, მცემა..
გამაუპატიურა. ჯერ ვკიოდი,მერე ვტიროდი, ბოლოს ამის ძალაც აღარ მქონდა მეგონა მთელი სხეული გამომშანთეს. ამოიხვნეშა და სიგარეტს მოუკიდა. გული ამერია. მომმვარდა და ჩემი დასვრილი ზეწარი ჩახმარხზე ერთი თითის გამოკვრით სულ მთლად გააწითლა.


სალამი, მე ნათია ვარ ! გასულ წელს სამსახურში მივდიოდი, ჩემს უბანში ყოველთვის ხალხით სავსე ავტობუსი დადის. ორ დღეში შვებულება მეწყებოდა და სრულიად ბედნიერი შვებულების გეგმებით დახუნძლული ავედი ავტობუსში. ფეხზე მომიწია დგომა, არც მივაქციე ყურადღება ძირითადად სულ ასე ვმგზავრობდი.
ვიგრძენი რომ ვიღაც ძალიან მჭიდროდ მომეკრა, მივბრუნდი და გული ამერია. ეს კაცი ასე ურცხვად მასტურბირებდა. ვიყვირე, ხელიც დავარტყი ყურადღება არავის მოუქცევია. ავტობუსიდან აკანკალებული ჩამოვედი, სამსახურში სწრაფად დავასრულე საქმე და პირდაპირ პოლიციის შენობაში წავედი დავწერე განცხადება, ფოტორობოტიც შევადგინე. წამოვედი სახლში და მათ ზარს ველოდი. ორი კვირა გავიდა და არავის დაურეკავს. ყველა ძალა მოვიკრიბე და ისევ ავედი იმ ავტობუსში. ამჟამად ეს საზიზღარი არსება სკამზე იჯდა. ავიღე ტელეფონი ვიდეო ჩამწერი ჩავრთე და აკანკალებული გვერდით მივუჯექი. ისევ იგივე გაიმეორა. ავდექი და ავტობუსიდანვე დავრეკე პოლიციაში. მძღოლთან მივვარდი და ვუთხარი თუ უნდოდა პრობლემა არ შეექმნა საკუთარი თავისთვის, ავტობუსის გაფუჭება უნდა გაეთამაშა. ეგრევე გააჩერა და მგზავრებს სთხოვა ავტობუსი არ დაეტოვებინათ. პოლიციაც მოვიდა და ამჟამად ფაქტით ხელში დავხვდი. ვიდეო ვანახე და ის კაცი,რომლის სახელი დღემდე არ ვიცი დააპატიმრეს. ძიებისას აღმოჩნდა,რომ ცოლი ჰყავდა,რომელზეც ძალადობდა.
რამდენიმე თვის შემდეგ ერთ-ერთ ბნელ ქუჩაზე რამდენიმე კაცმა გამაჩერა და სცადა ჩემზე ეძალადა. ჩანთიდან წიწაკის სპრეი ამოვიღე და თვალებში მივაშხურე. ერთ-ერთმა მოასწრო ჩემთვის დანა მოექნია და დავესახიჩრებინე. სასწრაფოს მე თვითონ დავურეკე და პოლიციამაც მოძალადეები იქ წაიყვანა სასაც მათი ადგილი იყო.
გოგონებო ! თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამხელა ძალას ვფლობთ.
თქვენ არ ხართ არავისზე დამოკიდებული,
თქვენ თავისუფალი ინდივიდები ხართ. ილაპარაკეთ თქვენ მოძალადე ქმრებზე, შეყვარებულებზე, უცხო კაცებზე, უმოქმედო რეჟიმზე. ილაპარაკეთ !
და იფიქრეთ, რომ თქვენი ქმედებით, შეგიძლიათ ბევრი ქალი გადაარჩინოთ. იმ კაცის ცოლს რომ ეთქვა, ჩემზე ძალადობენო, მე აღარ შემემთხვეოდა ის რაც ავტობუსში მოხდა. მე გავწყვიტე ჯაჭვი. სხვას ვეღარაფერს დაუშავებს.
ისაუბრეთ ქალებო !
ქალური სოლიდარობა მთებს ადგილს უცვლის.
ილაპარაკეთ !
რათა ფემიციდის 150ზე მეტი შემთხვევა აღარ იყოს !
ილაპარაკეთ !
თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები