ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2020


***

*
დარდმა ღიმილის კვალი გაწმინდა,
როგორც ქვიშაზე ზღვამ ის წარწერა,
რომ დაგიწერე.
და მე რაც მინდა
არის, რომ ერთხელ ჩუმად დავწვე და

გაღვიძებისას შენ სახლში დამხვდე.

*
ამ ჩემს გულს კარი სულ ჰქონდეს ნეტავ,
კარი, რომელშიც მუდამ შემოხვალ,
რომ შემოხვალ და აღარ ჩაკეტავ
კარებს და აქ რომ დაიდებ ბინას
და რომ დღეს, ანდა...
ანდა, შენ რომ ხვალ
იქნები თბილად,
იქნები თბილად.

*
უარაფრობა დაეტყო სივრცეს,
მეც მკერდში უარაფრობა მიცემს.
არ ვიცი, ხვალე ისევ მელის დღე?
არ ვიცი ხვალე მზე ისევ ისე
ამოვა, როგორც ეს იყო გუშინ?
შენზე ოცნებებს მოვიმწყვდევ მუჭში

და მერე უცებ სულს შევუბერავ.

*
ცას აღარ უნდა ღრუბლის საბანი
და საბანს იხდის.
და მოდის წვიმა.
რკალი აქვს ფერთა ცას გადახსნილი
ჭრილობის მსგავსად და მეც აღვსილი
აღფრთოვანებით შევყურებ ცას და
თან მიხარია,
თან ძლიერ მცივა.

*
ჩემი სოფელი, სოფელში ოდა,
ოდაში ცეცხლით სავსე ბუხარი,
ბუხრისგან გამთბარ და მყუდრო ოთახს
თან ახლავს ჩაი, „ბულკის სუხარი“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები