ნაწარმოებები



ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
19 აპრილი, 2020


მიპოვე აგვისტოში (II)

11 ივნისი

09:17

ალბათ წელის ტკივილი მაღვიძებს. მახსოვს, წუხელ დივანზე მასთან ერთად ჩამეძინა. მთელი სხეული დაჭიმული მაქვს. დივნის სახელურზე დებისგან კისერი მაქვს გაშეშებული. საკუთარ ხელზე ვწევარ და მაჯას საერთოდ ვეღარ ვგრძნობ. ფოკუსს ვასწორებ. თავი ჩემს მუცელზე უდევს, ერთი ხელი ჰაერში აქვს ჩამოკიდებული და თითებით ხალიჩას ეხება. მეორით მე ვყავარ ჩაფრენილი, გეგონება ვინმე ჩემი მოტაცებით ემუქრებოდეს. მისი ხელისგან თავის გათავისუფლებას ვცდილობ, მაგრამ არც ის მინდა, გავაღვიძო. თვეებია, ან ჩემსავით საწოლში თავს მაჩვენებს, ვითომ სძინავს, რაც აშკარად ჩემზე უკეთ გამოსდის, ან სახლში იქამდე დაბოდიალობს, სანამ დაღლილი ან ტელევიზორის წინ ან მის ოთახში არ ითიშება. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ სძინავს. მინდა უხმაუროდ ჩავსრიალდე, მაგრამ როგორც კი მოძრაობას გრძნობს, მაშინვე უფრო მაგრად მიკრავს თავისკენ.

- სულ ცოტა ხანიც... - ამბობს ნამძინარევი ხმით.
- სამსახურში არ მიდიხარ? - ვიცი აღარ სძინავს. სიმართლე რომ ვთქვა, სამსახური არ მაინტერესებს, უბრალოდ მინდა უხერხული სიჩუმე დავარღვიო.
- ნწ.. - ამბობს, თვალები ისევ დახუჭული აქვს, სხეული - შესამჩნევად დაძაბული.

თავისუფალი ხელით მუცელზე რაღაც ფიგურებს ხაზავს. მეორე ხელით კვლავ ჩემ წელზეა ჩაფრენილი. დავიწყებულ შეგრძნებებს მიღვიძებს, რომლის აღქმა მეგონა, უკვე აღარც შემეძლო. მუცელზე რამდენიმე ზარმაცი, უწყინარი კოცნის მერე, მისი შეხება უფრო მომთხოვნია. ალბათ იგივეთი ვუპასუხებდი, რომ არა შემაწუხებელი ხმა ჩემი გონების ბნელი ნაწილიდან, რომელიც მეუბნება, რომ ჩემთან მხოლოდ იმიტომ არის, რომ სხვა გზა არ აქვს... რომ სხვა გზა არ დავუტოვე, და არჩევანი რომ ჰქონდა, უკვე დიდი ხნის წინ მიმატოვებდა. რომ რაც არ უნდა ეცადოს, მაინც ვერასოდეს მაპატიებს იმას, რაც გავუკეთე... გაქვავებული ვარ, მისი შეხება უფრო მომთხოვნია და ჩემგან რაიმე საპასუხოს უიმედოდ ეძებს.  უნდა ავდგე, სანამ ან მე ან ის რამე უფრო მეტს მოვინდომებთ. 

- რა იყო? - მეკითხება, თითქმის ჩურჩულით, როცა მის ქვეშ წრიალს ვიწყებ.
ნერწყვს ვყლაპავ, იმიტომ რომ არ მინდა საკუთარმა სხეულმაც მოღალატოს, ახლა არა. მისთვის “არა“ ნიშნავს „არას“.

- შენი წუხანდელი წინადადება “პაემანი აივანზე“ ისევ ძალაშია? - ვცდილობ მისი ყურადღება ჩემი სხეულიდან სხვა რამეზე გადავიტანო. ნერწყვს ნერვიულად ვყლაპავ და ველოდები როდის მიპასუხებს. არა-ს თქმა უფრო იოლი იქნებოდა.
მისი სხეული მშორდება და მის ადგილს ოთახში გამეფებული სიცივე იკავებს, ოღონდ ივნისია და მაინც ვერ ვხვდები, ასე რატომ ცივა.

- ადრე არა-ს თქმა შენთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.. - ამბობს სხვათაშორის. მის სიტყვებში ოდნავ გაღიზიანებას მაინც ვიჭერ.

ზურგს მაქცევს და ხელით თმას ისწორებს, მისი ნერვიული ჩვევაა.

- მაპატიე...- ამბობს ბოლოს და ჩემკენ ბრუნდება. თვალს ვარიდებ. - უბრალოდ... უბრალოდ ხანდახან მინდა შეგეხო - სიტყვა უწყდება და ნერწყვს ყლაპავს. - და არა... ამას ვალდებულების გამო არ ვაკეთებ... ერთხელ მაინც... ერთხელ მაინც შეგიძლია დაუშვა, რომ ახლა აქ იმიტომ ვარ, რომ ასე მინდა?

მოძალებულ ცრემლს სასწრაფოდ ვიშორებ მაჯებით.

- არაფრისთვის გადანაშაულებ... - ამბობს რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, ვიცი რასაც გულისხმობს, ჩემი მზერა მისას ხვდება. ამაზე არ ვლაპარაკობთ, ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. - მე რომ შენი ვყოფილიყავი, მეც ასე მოვიქცეოდი... თუ ჩემი შეხება არ გინდა, უნდა მითხრა... თუ რაღაც გაწუხებს, უნდა ვიცოდე... თუ ამას იმიტომ აკეთებ, რომ გეშინია, არ მიგატოვო, ცდები... ეგ... - თითს ჩემკენ იშვერს და სიტყვა უწყდება. - ეგ საბოლოოდ გამანდგურებს... ორივეს... მეც და შენც. - მერე კიდევ რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, აღარ ამთავრებს. როცა თვალს ვახელ, უკვე გასულია ოთახიდან.

ასეთი არ ვიყავი... ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მე ცხოვრება მიხაროდა, გეგმები მქონდა; მე სიცილი შემეძლო... მე მხიარული, გამბედავი, მამაცი გოგო ვიყავი, ცოცხალი და სუნთქვა შემეძლო...  რომ შემეძლოს ჩემ ძველ თავს რჩევას ვკითხავდი, დარწმუნებული ვარ ის უკეთ გაართმევდა თავს ყველაფერს.

ხანდახან ვფიქრობ, ჯობდა ერთმანეთს საერთოდ არ შევხვედროდით. ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მოულოდნელი შეხვედრის შემდეგ მეორედ შეხვედრაზე უარი მეთქვა; ან იმ წიგნის კითხვა გამეგრძელებინა, რომლის კითხვაც გავწყვიტე, იმის გულისთვის, რომ მასთან ერთად ქალაქი დამეთვალიერებინა; იმ დღეს პოლაროიდით სურათები არ გადამეღო; ის ზაფხული მასთან ერთად უცხო ქალაქში ხეტიალში არ გამეტარებინა; არ მეცინა, არ ჩავხუტებოდი, არ მეკოცნა, არ მომნატრებოდა... ალბათ ცოტა ხანს დავიტანჯებოდი, მაგრამ მერე ხომ გადამივლიდა? ალბათ უნდა დამეჯერებინა, როცა მეუბნებოდნენ, რომ შეცდომას ვუშვებდი, რომ ერთმანეთის შესაფერისები არ ვიყავით, რომ ერთმანეთს ბოლოს მოვუღებდით.

                                                                                                                ..
თეთრი საზაფხულო კაბა მაცვია, მანაროლადან მიკენის ვენეციაში ახალი ჩამოსული ვარ. სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, დამსახურებული დასვენება მომეწყო. არავისთვის მითქვამს სად მივდიოდი.

ყოველთვის დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი, ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, რაც მინდოდა, ის უნდა მესწავლა, რა მიზნებიც მქონდა, ის უნდა ამესრულებინა. არავის მივცემდი უფლებას, ჩემი ოცნებები თავიანთი ეგოისტური სურვილებისთვის უკანა პლანზე გადაეწიათ. ჰოდა, სანამ ისინი გაიმარჯვებდნენ ჩემზე, მე დავასწარი და ყველა უკანა პლანზე გადავწიე. მშობლებთან არც არასდროს ვყოფილვარ ახლოს და ისევე იოლად მიიღეს ჩემი სახლიდან წასვლა, როგორც მე მათი მიტოვება.

წიგნს ვკითხულობდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ გარშემო არც ერთი ნაცნობი სახე არ მაწუხებდა. ცხოვრებაში პირველად ვიყავი თავისუფალი და ბედნიერი, იმას ვაკეთებდი, რაც სიამოვნებას მანიჭებდა; შემოსავლითაც კმაყოფილი ვიყავი და მზად ვიყავი მთელი ზაფხული ასე ჯდომაში გამეტარებინა... სანამ ის არ გამოჩნდა.

ისე ვიყავი გართული, ვერ გავიგე  ვიღაცამ სახელი, როგორ დამიძახა. ნაცნობის ნახვას სულ არ ველოდებოდი. ავიხედე, ჩემ წინ იდგა. თავიდან ვერ ვიცანი, მაგრამ თვალებმა გასცა.

- მართლა შენ ხარ? - მეკითხება, ხმაში ოდნავი გაოცება იგრძნობა. მისთვის დამახასიათებელი ირონიული ტონით მივხვდი, ის იყო.

კარგად ავათვალ-ჩავათვალიერე. სკოლის მერე ერთმანეთი არ გვინახავს. რამდენი წელი გავიდა... შვიდი? მართლა ასე მოასწრო შვიდ წელში შეცვლა? საკუთარ თავს რომ ვუყურებ სარკეში, ისევ იმ ჩვიდმეტი წლის გოგოს ვხედავ, რომელიც სკოლას ამთავრებს.
თავისუფალ სკამს იღებს და წინ მიჯდება ისე, რომ ნებართვას არც ითხოვს. ცისფერი ტილოს პერანგი აცვია, მკლავები იდაყვებამდე აქვს აკეცილი. თვალებს ინტერესით წკურავს. ბოლომდე არც მე მჯერა, რომ სად სად და მაინცდამაინც აქ შევხვდი ჩემი ბავშვობის ნემეზისს.

რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ, ნებას ვაძლევ ჩემს მაგიდასთან დაჯდეს.

- ესე იგი ილუსტრატორი ხარ? - მეკითხება და თვალებში სიანცე უდგას. ისევ ისეთია, როგორიც დამამთავრებელ კლასამდე იყო, სანამ დარბაზში ტირილისას წავასწრებდი. მობეზრებული თავს ვუქნევ და ვცდილობ კითხვაზე ვკონცენტრირდე. ფეხს მოუსვენრად ათამაშებს. კიდევ რამდენიმე კითხვას მისვამს, რომელსაც ან თავის დაქნევით ვპასუხობ ან ვაიგნორებ. არადა არ დგება. ეს ის მომენტია, როცა უნდა მიხვდეს, რომ მისი კომპანია არ მსიამოვნებს, რომ თუ არ ჩავთვლით მისი სისუსტის ეპიზოდს, წესით ჩვენ ერთმანეთს ვერ უნდა ვიტანდეთ და ასე ცივილურად საუბარი ცოტა არ იყოს, უცნაურია.

რამდენიმე დღე ასე გრძელდება, სანამ არ ვნებდები და საუბარში არ ვყვები. საღამოს ჩემს ნომერში ასული აუტანელი ფაქტის წინაშე ვდგები, რომ ის არც ისეთი საშინელია, როგორიც მახსოვდა.

რაღაც ეტაპზე ყველანი ვიცვლებით, არა?

მერე იყო საუზმეები მასთან ერთად; ქალაქში სეირნობა, ადგილობრივ პაბებში ბენდების მოსმენა, შოპინგზე სიარული, პოლაროიდები, კრუიზი კუნძულის გარშემო, სანაპიროებზე ხეტიალი... ისიც მარტო იყო, დიდი ენთუზიაზმით დავყავდი ყველგან, მაგრამ ხანდახან ისევ ის სევდა უდგებოდა თვალებში, როგორც მაშინ სკოლის ბოლო წელს. ერთად კარგ დროს ვატარებდით, არ მინდოდა აღიარება, მაგრამ მის კომპანიაში ყოფნა უკვე მეც მსიამოვნებდა.  თუმცა ხაზს არასოდეს კვეთდა. გეგონება ჩვენს შორის რაღაც უხილავი ხაზი გაავლო, როგორც ასფალტზე კლასობანას თამაშის დროს და თავის თავს მისი გადაკვეთა აუკრძალა. ჩვენ მხოლოდ მეგობრები უნდა ვყოფილიყავით, სანამ მისი ფრთხილად გავლებული ხაზი ისე არ გადავკვეთე, რომ გააზრება ვერც კი მოასწრო.

                                                                                                                ..
- რაზე და ამაზე! - თითს მიშვერს. აფოთებული ტალღასავით ხან ერთ კედელს მიეჭრება და ხან მეორეს. ორი თვის წინ მოულოდნელად დისტანცია დაიჭირა. აღარ მწერდა, არ მნახულობდა, არც მკითხულობდა. - ვერ ვიძინებ, ვერ ვჭამ, ყველგან სადაც შევდივარ, შენ გეძებ! ვიფიქრე, რომ გამივლიდა, მაგრამ, არა! მომწონხარ და არ მინდა მომწონდე! შენზე ვფიქრობ და არ მინდა ვფიქრობდე! ზედმეტად ბევრი გრძნობა მაქვს შენ მიმართ და ამას ვერ ვიტან! - სიტყვებს ვერ პოულობს და ჩემ წინ ბოლთას გიჟივით სცემს. და მე ვფიქრობ, რა სულელია. - გეცინება კიდეც? რამე სასაცილო ვთქვი? - შოკირებული მიყურებს და თვალები უშავდება.

-წარმოუდგენელია... - ვამბობ და ხელებს ვიჯვარედინებ. -რა უნდა ვქნა, ავქვითინდე და გულში ჩაგეკრო; მადლობა გითხრა იმ გრძნობების გამო, რომელმაც ასეთი უბედური გაგხადა? იდიოტი ხარ!

გაფართოებული თვალებით მიყურებს და ვხვდები, რომ ეს ის რეაქცია არაა, რასაც ელოდა. მე კი ვხვდები, რომ ისეთივე ემოციური ექსპრესიულობა აქვს, როგორც ასანთის ღერს.

- არა... მაგიტომ არ ვარ უბედური, არა... მე... ასე ძალიან ვეღარ ვიზრუნებ ვინმეზე... მინდა, მაგრამ... - ბუტბუტებს და თავს ხრის.

საშინლად დიდი სურვილი მაქვს თავში ისე წამოვარტყა, როგორც მეშვიდე კლასში.

ნოემბერში ჩემთან დარჩა.
დეკემბერში მამამისის დაკრძალვაზე გვერდით ვედექი, რომელზეც დასწრებას არც კი აპირებდა. ორი დღის განმავლობაში მისი ოთახის კართან ვიყავი ატუზული და ვთხოვდი, რომ წასულიყო, რომ მერე ინანებდა... მთელი ცერემონია მისი ხელი მეჭირა. არ მიკითხავს, რამ შეაძულა თავისი ბავშვობის გმირი ისე, რომ მისი უკანასკნელ გზაზე გაცილებაც კი არ მოისურვა.
იანვარში ჩემი კატა მასთან დავტოვე.
თებერვალში მასთან უფრო მეტი საღებავი მქონდა დატოვებული, ვიდრე სახლში.
მარტში ჩემი მშობლები ნახა, პირველად და უკანასკნელად.
მერე იყო თვეები, რომელიც უბრალოდ ერთად გავატარეთ, ის კვლავ ავლებდა რაღაც ხაზებს, რომელსაც ასევე წარმატებით ვკვეთდი. მერე მასთან გადავედი. მომდევნო წლის აგვისტოში ის გაჩნდა. ვიცოდი, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობის ეშინოდა, და რომ ამას რაღაც კავშირი ჰქონდა დამამთავრებელ კლასში მომხდარ ინციდენტთან, მაგრამ ვერ ვეკითხებოდი; ეტყობოდა, რომ ჯერ მზად არ იყო, მაგრამ მტკიცედ მჯეროდა, რომ ორივეს მაგივრად ვიქნებოდი ძლიერი. მერე ხელში აიყვანა და ისეთი მზერით შეხედა, როგორითაც, ამის მერე, მხოლოდ მას შეხედავდა.

22:46

მთელი დღე თავის სამუშაო ოთახშია გამოკეტილი. მეგონა საჭმელად მაინც გამოვიდოდა, მაგრამ კარი არ გაუღია.
მე და ფისო, რომელსაც სახელს ჯერ კიდევ ვერ ვეძახი, დღეში ორჯერ ვჭამთ. კატებზე წიგნს მეორედ ვკითხულობ, წინასიტყვაობიანად.

- გეძინება? - ვეკითხები და თითით ალოკილ ბეწვს ვუსწორებ. - გპირდები, ხვალ გეთამაშები.
მერე ხელში ფრთხილად ვიყვან და ბალიშებით მოწყობილ ახალ საწოლში ვსვამ. უკმაყოფილების ნიშნად კნავის და კუდს მიბზუებს. ვიღაცას მახსენებს... მეღიმება.

- ნუ მიჯავრდები... ერთად ვერ დავწვებით, შეიძლება ძილში გაგჭყლიტო... - ვეუბნები და ბოლოჯერ ვეფერები პატარა თავზე.

23:44

ვერ ვიძინებ და ვფიქრობ, რომ დროა დამამშვიდებლები შევცვალო.


12 ივნისი

04:16

ჩემგან მარცხნივ მოძრაობა მაფხიზლებს, არ მახსოვს როდის ჩამეძინა. გულაღმა წევს, ერთი ხელი გულზე უდევს, მეორეს ვერ ვხედავ. მისკენ ვიწევ, მის ხელს ვიღებ და ჩემკენ ვაბრუნებ. წინააღმდეგობას არ მიწევს. მერე მკერდზე ხელს ვადებ და ტუჩებით ვეხები. - მაპატიე... მაპატიე... - ვჩურჩულებ და დარწმუნებული არ ვარ, ესმის თუ არა. - სულ ცოტა დრო მინდა... სულ ცოტა ხანიც... - ვამბობ, ოღონდ კონკრეტულად რისთვის ვთხოვ დროს, მეც არ ვიცი. ალბათ, ყველაფრისთვის. თითებით თმებზე მეთამაშება, მერე შუბლზე მადებს ტუჩებს და ძილში მივდივარ.


14 ივნისი

16:02

მე და ფისო ეზოდან სახლში ამოვდივართ. აშკარაა, სახლში იწყენს. სამივე აივნის კარს უიმედოდ ებღოტინება, პატარა მუცელს წინ აგდებს, მაგრამ გარეთ მაინც არ ვუშვებ.

კარი კატას ნემეზისია. როგორც კი თვალს მოვაშორებ, მაშინვე ხან რომელ კარს ეცემა დასაპორჭყნად, ხან რომელს. ბევრი სათამაშოს მიუხედავად, მისი მთავარი გასართობი ჭამა და ჩემი ყურადღების მონადირებაა.


17 ივნისი

11:24

ჩემი ძველი უფროსი მწერს. ტელეფონს იშვიათად ვამოწმებ. ჩანს კიდევ ვერ ეგუება, რომ შეკვეთებს აღარ ვიღებ. ერთ-ერთი ოფისის კედლის მოხატვას მთავაზობს, მურალები ჩემი მოწოდება არასოდეს ყოფილა, თუმცა როცა მთხოვდნენ, უარს არასოდეს ვამბობდი. რა თქმა უნდა, უარს ვეტყვი. ბოლო შეხვედრისას ერთმანეთს არც მთლად კარგ ნოტაზე დავშორდით.

                                                                                                                ..
- კარგი შეკვეთაა, ვერ ვხვდები რატომ ამბობ უარს... - ნამდვილად გაოგნებული მიყურებს და ვერ ვხვდები მართლა ასეთი სქელკანიანია, თუ ტვინში აქვს რამე პრობლემა. სულ რამდენიმე წამია საჭირო, რომ მისადმი ყველა სიმპათია ერთბაშად გამიქრეს.
- ცოტა ხნის წინ შვილი დავმარხე და საბავშვო წიგნისთვის ილუსტრაციების გაკეთება კარგი აზრი გგონია? - ვამბობ ცივად და თვალს ვუსწორებ. ყელს ხმაურიანად იწმენდს და თვალს მარიდებს.
- ხუთი თვე გავიდა...
უკვე კართან ვარ, როცა მისი დაბალი ხმით ნათქვამი მესმის. საღამოს განცხადება შევუტანე გათავისუფლებაზე.
- ექვსი... და არ მეგონა გლოვას ლიმიტი თუ ჰქონდა... - ვამბობ, გაბრაზების მაგივრად დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობ. ამ კაცის მიმართ წლები ძალიან დიდი პატივისცემა მქონდა, და ზუსტად რამდენიმე სიტყვა აღმოჩნდა საჭირო, რომ ეს პატივისცემა უკვალოდ გამქრალიყო.

მას შემდეგ აღარც ის შემხმიანებია და აღარც მე.

                                                                                                                ..
ვერ ვხვდები, ახლა რამ გაახსენა ჩემი თავი. სასწრაფოდ ვკრეფ ზრდილობიან უარს და ტელეფონს ისევ მაგიდაზე ვდებ.

15:44

წყლის ქვეშ ნახევარ საათზე მეტია ვდგავარ, იმ შემთხვევის მერე, როცა მარტო ვარ აბაზანაში აღარ ვწვები. რაც არ უნდა იყოს, არანაირი სურვილი არ მაქვს აბაზანაში დამხრჩვალი მიპოვონ.

სველი ფეხებით აბაზანის ხალიჩაზე გადმოვდივარ და მოულოდნელად სარკეში საკუთარი ანარეკლი იქცევს ჩემ ყურადღებას.
აბაზანის განათებაზე კიდევ უფრო ფერმკრთალი ვჩანვარ. თვალები ჩაცვენილი და საგრძნობლად ჩაშავებული მაქვს. ლავიწის ძვლები უშნოდ ამოჩრილი. მენჯები-ამოყრილი. რამდენიმეგან სიყვითლეში გადასული დალურჯებები მემჩნევა, ოღონდ არ მახსოვს რისგან. თმას, რომლითაც ყოველთვის ვამაყობდი, ძველი ბზინვარება აქვს დაკარგული. ჭამა უნდა დავიწყო, ვასკვნი ბოლოს და ტანს ვიმშრალებ.


19 ივნისი

07:23

პირველად ვნახე სიზმარი. არა, ალბათ სიზმრებს ვნახულობ, მაგრამ გაღვიძების მერე აღარ მახსოვს ხოლმე.

                                                                                                                ..
გრილი ყვითელი კაბა მაცვია.

თუ ის არ მესიზმრება, რაც იშვიათად ხდება, ჩემი სიზმრები ყოველთვის შავ-თეთრია, მაგრამ გაღვიძებულს მახსოვს, რომ ყვითელი კაბა მეცვა.

გრილი ყვითელი კაბა მაცვია და ტყეში ვდგავარ. მზე კი ანათებს, მაგრამ აშკარად ღამეა. არ ვიცი რამდენი წლის ვარ, მაგრამ თმა გრძელი მაქვს, ასეთი გრძელი თმა მეექვსე კლასის შემდეგ არ მქონია. დედაჩემი ჩემს ძიძას ჩემი თმის დაწნას ავალებდა ხოლმე, მე გაშლილი უფრო მომწონდა.

თმა გრძელი მაქვს და ვიცინი. უფრო სწორად გოგო იცინის. ხელში შუშის ქილა უჭირავს და ჭიებს აგროვებს. მახსენდება, რომ ბავშვობაში ზოოპარკის დირექტორობა მინდოდა. აგარაკზე პატარა რუში ბაყაყებს და ჭიებს ვეძებდი, მერე სახელებს ვარქმევდი, ხის სახლში მოწყობილ ზოოპარკში ვაბინავებდი და გული მწყდებოდა, როცა ვუშვებდი ხოლმე. გოგო ამჩნევს, თმას მხრებზე იყრის, მიცინის და ხელს მიქნევს. ეს გოგო ხომ მე ვარ... თუ არა...

- მეგონა აღარ მოხვიდოდი! - ამბობს კისკისით და სადღაც მიმათრევს. -არ უნდა გამეშვი! - ხელს მაგრად მკიდებს. ვუყურებ, ჩემ წინ ახლა ყვითელკაბიანი გოგოს მაგივრად სხვა დგას, ისევ მე ვარ, ოღონდ გაზრდილი. ტალღოვანი თმა მხრებამდე სწვდება, თვალებში სიანცე უდგას და უცნაური გამბედაობა. - როდის გამომიშვებ? - მეკითხება და ონავრულად იცინის. - აქ ისეთი მოწყენილი ვარ! - წუწუნებს და ბალახებზე წვება. - ჩემ თმას რა დამართე? - მოჩვენებითი სიბრაზით მეკითხება და უკმაყოფილოდ თავს აქნევს. - არ გენატრები?

                                                                                                                ..
მინდა ვუთხრა, რომ მენატრება. თან ძალიან.


20 ივნისი

14:11

მე და ფისო ვკითხულობთ. უფრო სწორად მე ვკითხულობ და ის ხელს მიშლის. აივნის კარი ღია მაქვს, სავარძელში ვზივარ და ზაფხულის ნიავს შუბლს ვუშვერ. მზეზე გასვლა არ მსიამოვნებს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემ კანს ცოტა მზის სხივი ნამდვილად არ აწყენდა.

- გშია? - ვეკითხები კატას და წიგნს ვხურავ. -არა? შენი ნებაა... კარგად რომ მოქცეულიყავი, შეიძლება საღამოს სასეირნოდ გავსულიყავით, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვი... მე ნუ დამაბრალებ... - თითქოს ყურს მიგდებსო, მერე კუდაბზეკილი ცდილობს ყურადღება ჩემი წიგნიდან სხვა რამეზე გადაიტანოს. ბოლოს კედელზე მოთამაშე მზის სხივს ამჩნევს. უკანა თათებზე დგება, ზედა თათებით სხივს იჭერს გაფოთებული. მუცელი წინ ებზიკება და ისეთი საყვარელია ლამის გული ამტკივდეს. მის უნცნაურობებზე მეცინება და მერე თითქოს თავისდაუნებურად ვიღებ თაროზე შემოდებულ ტაბლეტსა და კალამს და ვხატავ...

ხან ბურთს ეთამაშება. ხან თავის ძვალს. ხან მზის სხივს დასდევს. ხან ხალიჩაზეა წამოგორებული. კალთაში მიხტება და დიდი ენთუზიაზმით ათვალიერებს ჩანახატებს. ხან მე მიყურებს, ხან ეკრანს.

- შენ ხარ, ხოო... - ვეუბნები და თავის პატარა კნოპ ცხვირზე თითს ვადებ, თვალებს აელმებს და ყურებს ცქვიტავს. - არ მოგწონს? - კითხვისნიშნად ცალ წარბს ვწევ.

19:23

ჩემი ქმარი უსიტყვოდ ჭამს. ტაფაზე მომწვარი ბოსტნეული მაქვს მომზადებული. სულ სხვა რამეს ვაპირებდი, მაგრამ რეცეპტი ამერია და ყველა ბოსტნეული ერთნაირად მოვწვი ტაფაზე. ჩემი ქმარი ხმას არ იღებს. თმაში ხელს რამდენჯერმე ნერვიულად ისვამს და ვიცი რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ არის.

- აღარ იტყვი? - ვამბობ, როცა სიჩუმე უკვე აუტანელი ხდება.

ყელს იწმენდს, თეფშს განზე სწევს და იდაყვებით მაგიდას ეყრდნობა. მზერას განზრახ მარიდებს.

მისი ნათქვამიდან მხოლოდ ძირითადს ვიჭერ. როგორც ჩანს მისი თანამშრომლის ბავშვს დაბადების დღე აქვს, კოლეგებს ოჯახებიანად პიკნიკზე პატიჟებს და ჩვენც გვეპატიჟება. მერე კიდევ რაღაცას ამბობს საჩუქარზე, ადგილზე და რაღაც მასეთი. მაგრამ მე ხმას არ ვიღებ. არა, მისი თანამშრომლების არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, პირიქით, კარგი ხალხია. მაგრამ ჩემში უცებ დაბადებულ ბრაზს ვერ ვთოკავ. როგორ ბედავს და ამას მთხოვს, როგორ ბედავს, როცა იცის, რომ ყველა ბავშვში, უცნობში თუ ნაცნობში, ჩემ შვილს ვეძებ.

- თუ უკვე დათანხმდი, მე რაღას მეკითხები... - ვამბობ ცივად და თეფშების აღებას ვიწყებ. ის ისევ მაგიდასაა დასჩერებული.
- უბრალოდ უარს ვერ ვეტყვი, ძალიან მთხოვა და ვიფიქრე შენთვისაც კარგი იქნებოდა ...
ამაზე ირონიულად მეცინება.
- გუშინ დაიბადე? - ვეკითხები და მის თეფშს ვიღებ. - იმ იმედით დაგპატიჟა, რომ ეგონა უარს ეტყოდი. სხვა კოლეგებთან ერთად გთხოვა თუ ცალკე?
- ამას რამე მნიშვნელობა აქვს?
- ესე იგი ცალკე... შენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მინდა ვინმეს სადღესასწაულო განწყობა ჩავუშალო, თამაში არ შემიძლია, თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობ, როცა ყველამ ყველაფერი კარგად იცის. თვეები ყველასთან კონტაქტი მაქვს გაწყვეტილი და როგორ გგონია უცნაური არ იქნება უცებ ვიღაცის ბავშვის დაბადების დღეზე გამოვჩნდე?
- ესე იგი საერთოდ არ აპირებ ხალხში გამოჩენას?
- არა. ვაპირებ... უბრალოდ დაბადების დღეზე წასვლა და თავის მოჩვენება, თითქოს ყველაფერი კარგადაა, ჩემ გეგმებში არ შედიოდა...
- მაშინ მითხარი რა შედის 'შენს გეგმებში'? - მეუბნება და ბოლო ორ სიტყვას განსაკუთრებით გამოყოფს.

მის კითხვას განზრახ ვაიგნორებ. ძალიან კარგად ვიცი, როგორც გამოვიყურები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაპრეზენტაბელური ვარ. კიდევ უფრო სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ მინდა ვინმემ შეცოდებით ან თანაგრძნობით შემომხედოს, მით უფრო, ცარიელი ნუგეშის სიტყვები მითხრას. ჩემი სიამაყე არ გამიშვებს, და ჰო.. კიდევ იმ თმაგაშლილი გოგოსი მრცხვენია. ჰო, ისიც კარგად ვიცი, რომ ყოველთვის ასე ვერ მოვიქცევი, მაგრამ ცოტა დრო მჭირდება; ცოტა დრო საკუთარი თავის და იმ გზის საპოვნელად, რომელიც საბოლოოდ დამაბრუნებს უკან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები