ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2020


სისხამი


როგორ გავიდე გაზაფხულიდან?! შებინდებამდე მასწავლე, სისხამ!

უხერხულია შინ ყოფნა ჩემი,
როცა შენს ტირიფს ასველებს წვიმა,

ახლაც მაშინებს ყმუილი ძაღლის, არადა, ვიცი, არავინ კვდება.

ძალიან შორს ვარ სიყვარულისგან,
არა ვარ კარგად,

დედა მყავს ახლოს
და, როგორც თოთოს, მარწევს ძილისპირ.

არ მახსოვს, რა დროს გაქრა ზამთარი, ეს იყო ალბათ დიდი ხნის წინათ,

და ახლა, როცა უარვყავი მთელი ცხოვრება,
რად ამიყვავა ყველა ყვავილი?!

რა ვუთხრა ჩემს მკვდრებს,
რა ვუბოდიშო ასე შორიდან?!

რა გითხრა, სისხამ,
წუხელ ჭოტებიც ამოუხოცავთ,

არც ჩამქრალ თონეს არ ამოსდის ხორბლის სურნელი,

და არც ვალივით მიბრუნდება ძველი სიკეთე.

როდემდე ასე ეს უმეცრება,
მტრობა და ღვარძლი ადამიანში?!
და მაინც ვლოცავ, წყევლას ლოცვა სჯობს.

აღარ გათავდა ეს ემოცია,
დროა, რომ დავსხდეთ,
გიამბო, ერთხელ, მშვიდად ამბავი

ჩემი სპეტაკი სულის შესახებ, გარყვნილ ხორცზე და პოეზიაზე.

ვწვები და ვიხდი არეული
გასულ დღესა და უალერსობას.

ჩემს ფერხთით ახლა დაღლაა მხოლოდ,
ჩემს თავთით - მხოლოდ ცილისწამება.

ვერ ვუძლებ, სისხამ, სულ სხვა ქალი ვარ,
სხვაგვარ ყაიდის, უცხო ნათების.

როგორ გავიდე გაზაფხულიდან ღამენათევი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები