ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: საბავშვო
1 მაისი, 2020


გოგონა მარგალიტებით (ზღაპარი)

                                                                                                                                                                                                                                       
                                                                                    გოგონა მარგალიტებით


                                                                                                                                            „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“

                                                                                                                                                      / ქართული სიმღერა /



            ეს ამბავიც  ისე იწყება, როგორც ყველა ქართული ზღაპარი.  ჰოდა ეს ზღაპარი პატარა, მარგალიტებიან, კუდრაჭა და ცუგრუმელა გოგონაზეა, რომელსაც თამრო ჰქვია.

          იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? კავკასიონის მაღალი ქედის სამხრეთით, ერთ პატარა,  ლამაზ და უძველეს ქვეყანაში,  საქართველოში, ცხოვრობს ხალხი,  რომლებსაც უხსოვარი დროიდან ქართველებად იხსენიებიან.
        ამ ქვეყანის შუაგულში,  თრიალეთის  და საგურამოს მთებს, ერთმანეთისთვის ხელები მხარზე გადაუხვევიათ და მშვენიერი,  თბილი დაბლობის გარშემო საცეკვაოდ გამზადებულან.  ზუსტად ამ  დაბლობზე,  თბილისია გაშენებული, საქართველოს დედა  და ქართველები დედაქალაქს ეძახიან. 

        ჰოდა ამ დედაქალაქში, მთაწმინდის მთის კალთაზე, ერთ კოპწია უბანში, ცხოვრობს პატარა გოგო თამრო, დედ-მამასთან და და-ძმებთან ერთად.  ისეთი ხალისიანი და მხიარულია, ყველას უყვარს. მთელი დღეები თამაშობს, მღერის, იპრანჭება, იზრდება და მშვენდება.  თუმცა ღიღინი და სიმღერა ყველაფერს ურჩევნია. 

        ერთხელაც, თამრომ ერთი  სიმღერა გაიგონა, რომელშიც  ლამაზი სიტყვები კრიალებდნენ და ძალიან მოეწონა.  სიმღერა იმ ჩიტზე იყო, რომელსაც გვრიტი ჰქვია და საქართველოს მთაგორიან ადგილებში წყალთან ახლოს ბუდობს.  ჩიტი ცაში დაფრინავს  და ეს იცის თამრომ,  მაგრამ გვრიტი როგორი ჩიტია -  ჯერ არ იცის. მას შემდეგ ხშირად თავადაც ღიღინებდა  უცნაურ სიტყვებს, რომლებიც ფერად  და პრიალა კენჭებს ჰგავდნენ:  „ ჩიტო გვრიტო, ჩიტო მარგალიტო და....“  და მის პაწია გულში მალე იპოვა ადგილი გვრიტმა-მარგალიტმა.

          თამროს სიმღერა ნიავს ისე მოეწონა,  რომ ერთხელ,  ღია ფანჯარასთან დაუდარაჯდა და როგორც კი თამრო ამღერდა, მისი ნამღერი გულში ჩაიხუტა, ერთი გადაიკისკისა და იმ ტყისკენ გაფრინდა,  სადაც გვრიტების ოჯახი ეგულებოდა. როგორც კი გვრიტების ბუდეს მიაგნო, გულიდან სიმღერა ამოიღო და ჰაერში ააფრიალა.  გვრიტები გაკვირვებულები და გახარებულები უსმენდნენ სიმღერას და  ისე მოეწონათ,  ნიავს სთხოვეს, ყოველდღე მოეტანა მათთან თამროს ნამღერი.  ბარტყები კი  ყოველდღე უსმენდნენ და მხიარულად ღუღუნებდნენ.

          ერთხელ დედა გვრიტმა უთხრა მამა გვრიტს:

    - როგორ გაახარა ჩვენი შვილები პატარა თამრომ.  მოდი,  პაწია გოგოს ისეთი რამ ვაჩუქოთ, რაც მასაც გაახარებს და თან დაამშვენებს. 
    - რა ვაჩუქოთ?
    - ჩიტო გვრიტო მარგალიტოო... ასე მღერის. ჰოდა ჩვენც და მარგალიტები ვაჩუქოთ, ნამდვილი მარგალიტები მძივისთვის. ისინი ყოველთვის გაახსენებენ  ამ  სიმღერას და ჩვენს თავს. 
    - მარგალიტები...- დაფიქრდა მამა გვრიტი. - რა კარგია. სადაცაა  ბარტყები დაფრთიანდებიან და  ჩვენც გამოსაზამთრებლად აფრიკაში გავფრინდებით. საჰარის  უდაბნოს სამხრეთით,  წითელი ზღვაა და სწორედ მისი შვილები არიან მარგალიტები. ერთხელ, როცა მის  ნაპირზე ჩვენთვის სადილს დავეძებდი, ზღვამ უკან დაიხია, დიდი მიქცევა დაიწყო, ფსკერი გამოჩნდა და გახსნილი ნიჟარები დავინახე. რომლებსაც გულში  ფერად-ფერადი მარგალიტები  ჰყავდათ ჩაკრული.  ჰოდა წითელ ზღვას ვთხოვოთ თამროსთვის მარგალიტები, იქნებ  გვაჩუქოს?! 

    - რა კარგია, - გაიხარა დედა გვრიტმა. - მაგრამ იმ სიშორიდან როგორ ჩამოვიტანთ?
    - როგორ და, სხვა გვრიტებსაც ვთხოვოთ დახმარება, ყველამ თითო მარგალიტი წამოიღოს ნისკარტით. აქ ადრიან გაზაფხულზე დავბრუნდებით. ნიავი თამროს სახლს მიგვასწავლის და ფანჯრის რაფაზე დავუტოვებთ  ჩვენს საჩუქარს...
    - აჰ რა კარგია, მშვენიერია. - აღუღუნდა დედა გვრიტი.
    - ჩვენც წამოვუღებთ მარგალიტებს,  ძალიან  მოგვწონს თამროს სიმღერა,  ჯერ პატარები ვართ, მაგრამ ჩვენც ხომ გვრიტები ვართ,  ჩვენზეც ხომ მღერის...
    - კი, შვილებო, ყველანი წამოვიღებთ თამროსთვის მარგალიტებს. - დაამშვიდა პატარები დედა გვრიტმა და ბარტყებს  ფრთებით გადაეფარა. 

          დადგა ზამთრის პირი.
გვრიტების ოჯახები ერთად შეიკრიბნენ აფრიკაში გადასაფრენად.
მამა გვრიტმა თამროს სიმღერის და საჩუქრის  ამბავი უამბო გვრიტების გუნდს.

  „-ასეთი პატარა გოგო, ჩვენზე მღერისო?“ - გაიკვირვეს გვრიტებმა.
    - სად არ ვყოფილვართ, სად არ გვიფრენია,  რა არ გვინახავს, მაგრამ  ქართველების გარდა, არავის არასდროს არსად უმღერია გვრიტებზე, თანაც ასეთ პატარა გოგოს.  ნამდვილად იმსახურებს  დაუვიწყარ საჩუქარს.  ჩვენ ყველანი დაგეხმარებით მარგალიტების პოვნაში და ჩამოტანაში. ახლა კი დროა, აქედან გავემგზავროთ და აფრიკაში გადავფრინდეთ. უკვე აცივდა და გრძელი ზამთარი იწყება.  -  თქვა გუნდის წინამძღოლმა გვრიტმა. 

          გვრიტების გუნდმა ჰაერში შეითამაშა,  ფრენა - ფრენით მწკრივში მოეწყვნენ, გუნდის სათავეში გამოცდილი მეთაური გვრიტი ჩადგა, ქარის ფრთებზე შესხდნენ და აფრიკისკენ გაფრინდნენ.
დიდხანს  მიფრინავდნენ გვრიტები.  დაღლილებმა  და მშივრებმა  მთელი საჰარა გადაიფრინეს, ძლივს ჩააღწიეს წითელ ზღვასთან და კლდეებზე გაკეთებულ ბუდეებს მიაშურეს გამოსაზამთრებლად. იქ ხომ ზამთარში ძალიან თბილა და ჩახჩახა მზე ანათებს.

                ცოტა დაისვენა თუ არა, მაშინვე მიფრინდა მამა გვრიტი  წითელი ზღვის ნაპირზე და ზღვას თხოვა:

    - წითელო ზღვაო, ყველაზე ლამაზო დედამიწაზე, გთხოვ, უკან დაიხიე და მარგალიტიანი ნიჟარები გამოაჩინე.
    - რატომ? - იკითხა ზღვამ.
    - საქართველოში, ერთ პაწია გოგოს, თამროს, რომელიც ჩვენზე მღერის და მარგალიტებს გვეძახის, გვინდა შენი მარგალიტები ვაჩუქოთ.  ჩვენზე  მხოლოდ  იმ ქვეყანაში მღერიან. 
    - ოჰო, ეს ლამაზი ამბავი არ ვიცოდი. აბა როგორ მღერის? - ჩაიშრილია წითელმა ზღვამ და ნაპირზე ტალღის ქაფი დატოვა.
    - როგორ და აი ასე... „ჩიტო გვრიტო, ჩიტო მარგალიტო  და...“ - ჩაიღიღინ-ჩაიღუღუნა მამა გვრიტმა.
    - ოოო, მართლაც მარგალიტივით სიტყვებია, ლამაზი.  თუ უნახავს თამროს ნამდვილი მარგალიტები?
    - არა ზღვაო, პატარა თამრომ ჯერ არ იცის რომ მარგალიტები ზღვებში და ოკეანეებში ცხოვრობენ და მიწაზე მხოლოდ ადამიანებს ამოჰყავთ.
    - ჰაჰ... ადამიანები... ადამიანებს მე მხოლოდ თეთრ მარგალიტებს ვაძლევ, მაგრამ  პაწია თამროსთვის, ფერად-ფერად ულამაზეს მარგალიტებს გაგატან. ისეთებს, როგორიც არცერთ პატარა გოგოს არ აქვს.
    - მადლობელი ვარ ზღვაო.
    - მაშინ დიდი გადაფრენის წინ, აქ მოდით შენ და შენი მეგობრები, მე ტალღებს უკან გავწევ და ფერად მარგალიტებს გამოვშლი. ოღონდ იცოდე, მხოლოდ იმდენი უნდა აკრიფოთ, რამდენიც  პატარა გოგოს ყელზე მძივად შემოწვდება. თუ მეტს წაიღებთ,  მარგალიტები გაგექცევიან და ჩემთან დაბრუნდებიან.
    - არცერთი ზედმეტი, მხოლოდ იმდენი, რამდენც პატარა გოგოს მძივში ჩაეტევა. - დაიფიცა მამა გვრიტმა.

          დადგა საქართველოში გვრიტების დაბრუნების დროც.
ისევ შეიკრიბა გვრიტების გუნდი და საქართველოში გადმოფრენისთვის მზადება დაიწყეს.
მამა გვრიტმა წითელი ზღვის დანაბარები გადასცა გვრიტებს.

        მეთაურმა გვრიტმა თქვა:
    - ხვალ, მზის ამოსვლამდე, ცისკარზე, სანამ ადამიანები სათევზაოდ გამოვლენ, ყველანი წითელი ზღვისკენ გავფრინდეთ და  მისი შეპირება გავახსენოთ. 
    - გავფრინდეთ, გავფრინდეთ. - აღუღუნდნენ გვრიტები. 

მეორე დილით, მზის ამოსვლამდე გვრიტები გუნდი წითელი ზღვის ნაპირზე შეიკრიბა.

    - წითელო ზღვაო, ლამაზო და მშვენიერო, მარგალიტების წასაღებად მოვფრინდით. გთხოვ, დაიხიე უკან და თამროს მარგალიტები გაგვატანე. - სთხოვა ზღვას მამა გვრიტმა.
    - მახსოვს, მახსოვს...ოღონდ სწრაფად, როგორც კი ზღვაზე მზის პირველი სხივი ათამაშდება, მაშინვე გადავაფარებ ტალღას მარგალიტებს. - ისევ ააშრიალა  ტალღები ზღვამ.
    - აბა მარგალიტებო, ფერად-ფერადებო და ლამაზებო, გამოდით და გამოიშალეთ, პატარა გოგოსთან მიემგზავრებით საქართველოში ჩემი ნებით და ბრძანებით. - გაშალა ზღვამ ძახილი, კალთა აიკრიფა და უკან დაიწია.

ფსკერზე ნიჟარები გამოჩნდნენ და ყველამ ერთად გააღო სახლის კარი.

    - ჩვენ წაგვიყვანეთ,  ჩვენ მზემ ჩაგვხედა გულში. - დაიძახეს მზისფერმა მარგალიტებმა.
    - ჩვენ ვარსკვლავიანი ღამის ფერები ვართ, ჩვენც გვინდა წამოსვლა. 
    - ჩვენ მარჯნების ყვავილობისას დავიბადეთ, ვარდისფერები და იისფერები ვართ, ჩვენ წაგვიყვანეთ.- აციმციმდნენ მარგალიტები.   
    - ჩვენ დელფინის რძე დაგვეწვეთა, ჩვენც წამოვალთ. - ჩაილაპარაკეს რძისფერებმა. 
    - მე კიდევ ზღვის ვარსკვლავმა მაკოცა, მეც მინდა წამოსვლა- თბილად გაიღიმა ყავისფერმა.
    - ჩვენ კი ცისა და ზღვის - ფერები ვართ,  ჩვენც წამოვალთ რა პაწია თამროსთან...
    - ჩვენ მწვანე წყალმცენარეებში ვთამაშობდით და თავისი კაბა ჩაგვაცვეს, ჩვენც წაგვიყვანეთ...

გახარებულმა გვრიტებმა ნიჟარებს მიაშურეს. მალე მოაგროვეს თამროს მარგალიტები და ნისკარტებში ჩაილაგეს. 

    - მადლობა წითელო ზღვაო. - გადასძახა ზღვას  მამა გვრიტმა და კამარა შეკრა ცაში.
    - მშვიდობიანი ფრენა საქართველოსკენ კეთილო ჩიტო-მარგალიტო.  - წყალი აახმაურა ზღვამ,  კალთები გაშალა და დარჩენილ მარგალიტებს გადააფარა.

      გვრიტების გუნდი ჰაერში აიჭრა და შორეულ გზას დაადგა საქართველოსკენ.
ბევრი იფრინეს თუ ცოტა, საჰარის უდაბნო გადმოიფრინეს და საქართველოში ჩამოფრინდნენ. თავიანთ ბუდეებს მიაშურეს, ნისკარტებიდან მარგალიტები ამოალაგეს და  ნიავს უხმეს.   

  „ -  გვრიტები დაბრუნდნენო? „- ჭორიკანა ნიავს აბა რა გაჩერებდა წყნარად ასეთი ამბის გამგონეს? სასწრაფოდ მოისხა უხილავი მოსასხამი და გვრიტებისკენ გაფრინდა...
    - აბა, რა ამბები ჩამოიტანეთ აფრიკიდან? - ჰკითხა გვრიტებს ნიავმა.
    - ამბებიც ჩამოვიტანეთ და პაწია თამროს საჩუქარიც.  გთხოვთ, თამროს  ფანჯარა გვიჩვენო. 
    - გამომყევით,  გამომყევით. მერე კი აფრიკული ზღაპრები უნდა მომიყვეთ იქაურ ნიავ-ქარებზე.

        ნიავმა მხარი იცვალა. მზიან, ნათელ დილას მიესალმა და მთაწმინდის კალთაზე თამროს სახლისკენ დაეშვა.
გვრიტები ნისკარტებში ჩალაგებული ფერად-ფერადი მარგალიტებით ფრენით მიჰყვნენ კვალზე.  ნიავმა თამროს ფანჯარას ჩაუფრინა და ფრთა გაჰკრა, ფანჯარამ უკან დაიწია,  მხარი შეისწორა და  გაიღო. გვრიტები სათითაოდ მიფრინავდნენ ფანჯარასთან და გაღებული ნისკარტებიდან თამროს მძივისთვის  ფერად-ფერად მარგალიტებს ტოვებდნენ ფანჯრის რაფაზე. წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ. - ისმოდა მარგალიტების წკაპუნის  ხმა...

    - ეტყობა გაწვიმდა, ფანჯარას მივხურავ, თავისით გაღებულა. - თქვა თამროს დედამ და ის იყო ფანჯრის დახურვას აპირებდა, რომ რაფაზე ფერად-ფერადი ძალიან ლამაზი და პრიალა კენჭები დაინახა...
    - „ჩიტო, გვრიტო, ჩიტო მარგალიტო დაა...“ - ისევ ღიღინებდა თამრო თავის საყვარელ სიმღერას.
    - ეს მარგალიტებია, ნამდვილი მარგალიტები, ერთი ნახე, გვრიტებს მოუტანიათ. ახლა ხის ტოტზე ჩამომსხდარან და გვაკვირდებიან... ეს ზღაპარია თუ სინამდვილე?  , ნუთუ  ადამიანის ლაპარაკი ესმით და თამროს მოუტანეს, ნამდვილი სასწაულია!..
    - ლაპარაკი არ ვიცი, მაგრამ სიმღერა ნამდვილად ესმით.  მოდი, მძივი გავუკეთოთ პატარას და დღეიდან ჩვენი თამრო იქნება გოგონა მარგალიტებით. - თქვა თამროს მამამ და თავისი ხელით ლამაზი მძივი აასხა.

        თამროს ისე გაუხარდა გვრიტების საჩუქარი, მას მერე სულ ციმციმებს. 
მთელი დღეები მოუშორებლად  უკეთია ფერადი მარგალიტის მძივი და უფრო ხმამაღლა მღერის საყვარელ სიმღერას. 
გვრიტები კი ხშირად სხდებიან ხის ტოტებზე მისი ფანჯრის სიახლოვეს და უსმენენ  და უსმენენ.
მათ  უყვართ თამრო,  ეს ქვეყანაც უყვართ. ყოველი გაზაფხულის პირზე, სწორედ იმიტომ ბრუნდებიან  წითელი ზღვის ნაპირებიდან, რომ დედამიწის ზურგზე, მხოლოდ ქართველები მღერიან  ულამაზეს სიმღერებს გვრიტებზე.

            აი ასეთია ზღაპარი მარგალიტებიან გოგოზე. თამრომ ჯერ არ იცის, რომ მისი მარგალიტები ცოცხლები არიან და ზღვებისა და ოკეანეების ენაზე ლაპარაკი შეუძლიათ.  ახლა  ფიქრობენ, როგორ  უამბონ თამროს წითელ ზღვაში მობინადრეთა ამბები. ან სულაც იქნებ დაესიზმრონ და სიზმარში  მოუყვნენ,  მარგალიტები ხომ ჯადოსნურები არიან. 
                                                   
                                                                                                + + +


  ამ ზღაპარს ვჩუქნი პრინცესა თამარ მესროფაშვილ-მიურატს,       
  სიცილიისა და ნეაპოლის მეფის, იოაჰიმ მიურატის პირდაპირ შთამომავალს,
  რომელიც ჯერ პაწია გოგოა და საქართველოში ცხოვრობს  :)

  დიდი სიყვარულით,  ნეფერტარი.
  25 აპრილი, 2020 წელი, თბილისი, საქართველო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები