ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2020


* * *

"ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო"

                                    რემარკი

ეჭვის ჩიტები რომ აკენკავენ მოლოდინს,
შენს ძებნას შლეგივით რომ დავიწყებ,
რომ გადამეწურება იმედი
ბოლომდის,
წლები რომ დალეწავენ ლავიწებს -
ისეთი გულწრფელი სიყვარულით
ავენთები,
ისეთი გაგიჟებით გინატრებ,
ჭურვივით დასკდებიან ფიქრისას
საფეთქლები
და მხოლოდ ლექსებში ვიბინადრებ...
გავიხსენებ იმ გრძნობებს, იმ ღამეს,
შენობას,
სევდამ რომ მონატრებით შენიღბა
და ტანში ძვირფასი ტკივილივით შემოვა -
შენი სუნი, შენი გემო, შენი ხმა.
პასუხი გაეცემა ყველა ჭორს,
ყველა კითხვას,
საღამო დაეშვება აფრებად,
შენ მკერდზე თავს დამადებ,
მე ლექსებს წაგიკითხავ
და ოთახს მოუნდება გაფრენა...
ფილმებში ვიცხოვრებთ, მუქ ზეცას გადავღებავთ,
შეივსება სიცოცხლის სარჩევიც
და როგორც საყვედური და როგორც ქადაგება,
ერთმანეთში იმგვარად დავრჩებით.
ახლა კი ვფიქრობ და ის აზრი მათრთოლებს,
ამდენ ხანს შენზე რომ ვერ ვწერდი,
მე ვერც გაგაღმერთე და ვერც მიგატოვე,
მე ვერ მოვახერხე ვერცერთი!........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს