ნაწარმოებები



ავტორი: მერკანტილა
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2020


სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცლები

                                                                    1
ჩემს უნივერსიტეტში, პირველივე წელს აღმოვაჩინე, რომ მე და ჩემს ლექტორებს, განათლებისადმი აბსოლიტურად განსხვავებული მიდგომა გვახასიათებდა. სკოლაში განებივრებული ვიყავი “ასებით” , რომლებიც ცდილობდნენ ჩემში გაეჩინათ ინტერესი, ეს ნამდვილად გამოსდიოდათ. იმ ტკბილ დროს, ბიბლიოთეკა ჩემთვის დიდი აღმოჩენა გახდა. შვებას მგვრიდა და მკვებავდა მაშინ აუცილებელი ილუზიებით. იმ ეტაპზე წიგნები ჩემთვის მისწრება იყო, ახლა დროის კარგვაა (როცა კაცს ბევრი არაფერი გაგაჩნია, ჯიბეგაფხეკილი გაქვს და ექსპლუატირებული ბრძანდები, ფოლიანტების ქექვას თავი უნდა დაანებო და ტრაკი უნდა ასწიო).
წიგნები დღევანდელობისთვის ასე აუცილებელ მტაცებლურ უნარებს გართმევს, გისახავს რა მათ არაჰუმანურად, ამორალურად და მიუღებლად, გთიშავს მოპოვებისთვის ბრძოლაში ჩამბმისგან და არაპრაქტიკულს გხდის, ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ რას ვიზამთ… გარდა ამისა მე წიგნებში ჩაკარგვას მივეჩვიე, წიგნები მტვერში გახვეული კარიბჭეებია, ტელეპორტირების არაჩვეულებრივი საშუალება. სადღაც სტოკჰოლმის სახურავზე, გაღუღუნებულ ბუხართან მიმჯდარი ორი უდარდელი სახე, ახლაც ისე მაღელვებს, თითქოს ისევ ის მეექვსე კლასელი ბიჭი ვიყო, სუსხიანი ზამთრის დილით, საბანში გახვეული რომ კითხულობს ათასგვარ ისტორიებს. ეს ნოსტალგიაა…
სისტემურ სწავლასთან შეხება არასოდეს მქონია, არასოდეს მიცდია საგნების სიღრმეში ჩამეხედა, როცა საქმე სირთულეზე მიდგებოდა, მე უბრალოდ თავს ვანებებდი. ეს სიზარმაცეა…
რას ნიშნავს სწავლა? ის უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ინტერესის დაკმაყოფილებას. თუ საგნის მიმართ ცნობისმოყვარეობის დაუოკებელი წყურვილი არ გამოძრავებს ტყუილია, ჯობია შეეშვა. ვერასოდეს ისწავლი შენთვის უინტერესო საგანს.
უნივერსისტეტში შესვლისთანავე აღმოვაჩინე, რომ საგანი რომელიც უნდა შემესწავლა არ მაინტერესებდა, დიდი ტრაგედიაც არაფერი, მაშინ ყველას ყველაფერი ეკიდა, ლექტორებიდან დაწყებული, სტუდენტებით დამთავრებული. ვცდილობდი ჩავრთულიყავი, ვცდილობდი საკუთარი თავის მოტივირებას, მაგრამ ცოტა ხანში შევატყვე რომ უნივერსიტეტის ფოივეშივე იწყებოდა მიუღებლობის განცდა, სტუდენტები “სტუდენტური დღეებისთვის” ემზადებოდნენ, მომღერლები მღეროდნენ, ზოგი უკრავდა, დაცვა ახლად წამოჩიტულ სტუდენტ გოგოებზე იყო დაელმებული, ლექტორები ზვიადი სახით დააბოტებდნენ ყოფილი სახელოვანი ლექტორების ბიუსტებში და ყველა ყველაფრით იყო დაკავებული სწავლის გარდა. მერე და მერე გამოჩდნენ ხუმარა ლექტორები, საშინლად გაცვეთილი და უგერგილო იუმორით, ლექტორები რომლებიც ჩვენთან ერთად სვამდნენ, ლექტორები რომლებიც რაღაც უტოპიურ პროექტებზე მუშაობდნენ, ლექტორები რომლებიც სულაც არ იყვნენ ლექტორები, ლექტორები რომლებიც გასული საუკუნის უკვე ამორტიზებულ შენობაში, უკვე ამორტიზებული ხერხებით, უკვე ამორტიზებულ საგნებს გვასწავლიდნენ. მე  მაგალითად ვსწავლობდი ეკონომიკურ ფაკულტეტზე და დამატებით საგნად “მომენიჭა” კინოლოგია, მეცნიერება ძაღლების შესახებ და “მექანიზაცია” გაცვეთილი და ყავლგასული მეცნიერება, სამუშაო ძალის ეფექტური კოორდინაციისა და კიდევ რაღაცეების შესახებ, რომელიც მართალი გითხრათ, ჩემი პესიმიზმის ცეცხლზე ასხამდა ნავთს. ვიჯექით გათოშილ აუდიტორიებში, ვფურცლავდით ჩრჩილისგან შეჭმულ, გაუგებარ წიგნებს, გაუგებარი რიცხვებით და ტრაქტორების სურათებით, რომელშიც ჩემთვის ნაცნობი მოდელი ვერაფრით აღმოვაჩინე. მერე გადავინაცვლებდით სასადილოში, სადაც ასე თუ ისე ყველანი იმით ვიყავით დაკავებული რაც ერთდროულად გვჭირდებოდა და გვსურდა კიდეც.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უშედეგოდ ვცდილობდი აღმომეჩინა ჩემში “უნივერსიტეტდამთავრებული” როგორც ბებიაჩემი ზინაიდა იტყოდა, მაგრამ სამწუხარო რეალობა ის იყო რომ მე ვიყავი, პრაქტიკულ უნარჩვევებს მოკლებული, ხუთწელიწად დაკარგული, გამაოგნებლად უსაქმური და შემაძრწუნებლად უპერსპექტივო. მართალი გითხრათ ეს აღმოჩენა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ჩემდა გასაკვირად არც ჩემი მშობლებისთვის, ბიძაჩემს მითუმეტეს არაფერი გაკვირვებია და ამაში არაფერი არ იყო უცნაური, რადგან იგი თვითნასწავლი ასტრონომი იყო, მას შეუცდომლად შეეძლო ყველაზე ცაზე “ოპერირება”, ვიჯექით ბებიაჩემის სასაფლაოზე და ვსვამდით, ვკითხავდი : “ააბა ჩემო მეწე, რომელია აი ის ვარსკვლავი და საერთოდ ცოტა უფრო ვრცლად მაინტერესებს მის შესახებ მეთქი “ და აი ისიც, ნასიამოვნები იმის აღმოჩენით, რომ ამხელა ქვეყანაში ვიღაც იდიოტი მაინც დაინტერესდა კოსმიური წიაღით, ჩამოთვლიდა: ამდენი და ამდენი სინათლის წლით დაშორებულ ამ ვარსკვლავს რაღაც “ჩემიფეხებიანათებს” ჰქვია და იგი ირმის ნახტომში, სწორედაც რომ ირმის ყვერებთან იყო განლაგებული, მაგრამ შესაძლოა იგი არც არსებობდეს, რადგან ვაი რომ ჩვენამდე სანამ მოაღწევდა, მრავალმა წყალმა ჩაიარა და შეიძლება იგი შავმა ხვრელმა შთანთქა..” სასიამოვნო იყო ამის მოსმენა, რომ შავ ხვრელში კიდევ რაღაცას უმოგზაურია, მე პროცესში ვიყავი და შემეძლო მეთქვა, რომ მართლაც მტკივნეულია…
იმდროინდელი მე, რამდენიმე ადამიანად იყოფოდა. პირველი იყო რომელიც ჭამდა, ეწეოდა, სვამდა, ეძინა. მეორე პასუხისმგებელი იყო ნერვიულობაზე, ისეთი რარაცეების შესახებ, რომლის შეცვლა მხოლოდ მამაზეციერს შეეძლო, მესამე უბრალოდ ბრიყვი იყო, რომელიც გამუდმებით კითხულობდა, სისულელეებს წერდა და ფილმებს უყურებდა. ან აივანზე იჯდა გამოთაყვანებული სახით და ფიქრობდა რა დააშავა ასეთი რომ იჯდა აივანზე და ფიქრობდა რა დააშავა ასეთი და ა.შ… ხანდახან სამივე მოიყრიდა თავს, საზიზღრად გავილეშებოდით და ვფიქრობდით უკანასკნელ წლებზე…. ეს დეპრესიაა…
რამოდენიმე რამის სწავლა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, ჩემი გონება მონოლითური უპერსპექტივობის ვეება ჩრდილში იყო მიწოლილი, შეგუებული რომ არაფრის სწავლას აზრი არ აქვს. უსინდისოდ დავნებდი და დაახლოებით ექვსი წელი დამიჯდა ეს დაზავება საკუთარ თავთან.ამასობაში დრო გადიოდა, ვიქეცი ადამიანად  რომელიც ფიზიკური მუშაობით გამოიმუშავებდა. ყოველ დილით ნახევარფაბრიკატების შემნახველ “მაცივარში” მივდიოდი, ტრაილერებს ვცლიდით, ვტვირთავდით, დრო ათასგვარი საზიზღრობით გამყავდა…. ჩემი მეწყვილე მეტსახელად “სქელშუბლა” გაქართველებული რუსი იყო, საზიზღარი გუმანი ჰქონდა, ზუსტად შეეძლო გამოეცნო, ტრაილერის რომელ მხარეს იყო მეტნაკლებად პატარა და მსუბუქი ფარშის ყუთები, საქმეც უიოლდებოდა და მიყვებოდა 30 თეთრიან “ზაჟიგალკაზე” , რომელიც საბჭოთა კავშირში მხოლოდ შავ ბაზარზე იშოვებოდა და იხსენებდა იმ ბედნიერ მომენტს, როდესაც ციგანმა მოპარული  ვიდეო “პრისტავკა” მიჰყიდა და გახარებულმა რამდენიმე პორნო კასეტა მოაყოლა. პრეზენტაცია თუ სწორად მახსოვს, ლოტკინზე, ერთერთ ბაითზე შედგა, როგორც ამბობდა მისთვის ეს იმდენად დიდი შოკი იყო, სახლში დაბრუნებული სირცხვილით იწვოდა, ნანახი გამუდმებით უტრიალებდა თავში და კინაღამ გაგიჟებულა. სქელშუბლა პროფესიით აგრონომი იყო, კაცი რომელიც მყნობას დიდად აფასებდა და ხამს ვაღიარო, მისი მოწოდება იყო აგრონომია, მაგრამ ისიც, ისევე როგორც ჩვენ ყველა, მეზღვაურები ვიყავით გემზე, რომელიც ისე ჩანდა, ვერც ვერასდროს მიაღწევდა აღთქმულ მიწას და კაცმა არ იცის არსებობდა ეს მიწა თუ არა, სწორედ რობინზონ კრუზოს მამასავით დამარიგა: “იცოდე ბედნიერებაა გალიო ცხოვრება როგორც საშუალო მოხელემ, ცოლისა და შვილების გარემოცვაში, არც მეტი აიღო და არც რამე დააკლო. იცხოვრე და დააფასე ყოველი დღე, თავგადასავლებში არაფერი არ ყრია.” საღამოს ფულის გადანაწილების დრო რომ მოვიდოდა, სქელშუბლა იქვე ონკანზე ცივი წყლით განიბანებოდა, ტანსაცმელს გამოიცვლიდა, თმებს უკან გადაივარცხნიდა და დადგებოდა იქვე ახლოს, მისი რიგის მოსვლისთანავე აიღებდა თავის წილს, სიგარეტს გაუკიდებდა და ჩუმად დაგვემშვიდობებოდა.
სწავლის შესახებ ჯერ უნდა ისწავლო კაცმა, ეს ცალკე თავისტკივილია, მაგრამ ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. უნდა ისწავლო რომ სწავლა პირველ რიგში პროცესია, უწყვეტი პროცესი, ბევრი ისწავლო დღეს და ხვალ არაფერი არ ისწავლო სისულელეა. სწავლის  უწყვეტ და ყოველდღიურ მეთოდს  “პროცეს მეთოდი” ჰქვია, ამ ეტაპზე გადასვლა ძალიან დავაგვიანე. თუ რაიმეს სწავლას გადავწყვეტდი, ვცდილობდი საკუთარი თავი დამემუნათებინა, რომ საკმაოდ დავაგვიანე და ახლა სიზარმაცის დრო არ იყო, სასწავლებელი მასალის უზარმაზარ ულუფას მოვიჭრიდი, ერთი დღე საშინელი გამალებით ვნთქავდი და დილით არაქათ გამოცილი ვიღვიძებდი, არაფრის გაგონება აღარ მინდოდა, დანახვაც არ შემეძლო და ვყრიდი ყველაფერს, ფარხმალიდან დაწყებული, ჩემი სამომავლო გეგმებით დამთავრებული. მერე გავიგე, მოგვიანებით, რომ ეს მეცნიერულად დაზუსტებული მიზეზშედეგობრივი მოვლენაა, ხე არასოდეს გაჩენილა როგორც ხე, ის ჯერ პატარა თესლი იყო, მერე ფესვები, ნორჩი ნერგი და წლები, აი შემდეგ უკვე ხე. მე ვცდილობდი კილომეტრები დამეფარა ინტენსიური სპრინტით, მაგრამ რამდენიმე მეტრში ვეცემოდი, სიქა გაცლილი და გასავათებული. წლები მიდიოდა….

მერე გავიცანი “ზვიგენი”, საოცარი კაცი, ის ფიზიკურად არ მუშაობდა, მას ერთი ყინულის სარკოფაგი ჰქონდა მიბარებული ამ მაცივარში და ძალიან უყვარდა ალბერტო მორავია, მორავიას შორტ სთორების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ, რადგან იქ დრო არ იკარგება, სამი ფურცელი და “ზიზღზე” რაღაცეები უკვე იცი, მაგრამ ცოტა არ იყოს მოსაწყენი კაცია მორავია. ზვიგენი ყოფილი კალათბურთელი იყო, მაგრამ როგორც შევატყვე ცოტა თავისებური კაცი იყო, ხალხი გაურბოდა ამ გაუთავებელი ლაპარაკის სიყვარულის გამო, ის საუბრობდა ბევრს, ყველა თემაზე და ჰქონდა რკინის არგუმენტები, განათლებული და აზრზე მოსულიც იყო, ერთი პატარა პრობლემა რომ არა, საკუთარი საუბრისას ბრაზდებოდა, სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო ისეთ დღეში ვარდებოდა, როგორც ძაღლი რომელიც საკუთარ კუდს დასდევს საკბენად. ზვიგენი დიაბეტიანი იყო, ვერ იტანდა გადამეტებულობას, აიღებდა ერთ თავ თევზს, პედანტურად გაზომავდა, აწონიდა და საკუთარ გაუგებარ კრიტერიუმებს მოარგებდა, მერე იტყოდა: “სადილი მზადაა..” ეცვა დიდი სამხედრო შინელი, საკუთარი ყინული სარკოფაგში შესვლისთანავე, უნდობლობას უცხადებდა ყველას, რადგან იქ იყო თევზები, იმპორტული ყველი, ქათმის ბარკლები და ხილი. ხანდახან როცა ძალიან გაუტევდა და ათასგვარ აბდაუბდას მოჰყვებოდა, ჩვენ რაღაცეებს ვწაპნიდით და ხელს გამოვაყოლებდით, რომ შუადღის შესვენებაზე პირი ჩაგვეტკბარუნა, უზარმაზარი საკვების სართულებად დახვავებული მარაგიდან ვის უნდა შეემჩნია ერთი გაყინული სიომგა, ანა ანანასის კუბიკების მომცრო ყუთი, ან საკუთხედი ყველის პატარა ნაჭერი მაგრამ მას სწორედ ამიტომაც ეძახდნენ ზვიგენს. ის მასზე მიბარებული პროდუქტის მძვინვარე დამცველი იყო, უპატიებლად მიაჩნდა ნებისმიერი ციცქნა მეგობრული გამონაკლისები და როცა უზარმაზარ ურდულს ბოქლომს მოხსნიდა, ყინულით მოჭირხლული და ნახევარფაბრიკატებით გაჭედილ დიდ სამარეს გამოაღებდა, არ სუნთქავდა, რათა საკუთარი პირიდან გამოსულ ორთქლს ხელი არ შეეშალა იმის დანახვაში, ვინ რას მაიმუნობდა მის სამფლობელოში, მის წყლებში მხოლოდ მას შეეძლო ეცურა. როდესაც “დიღმელი” შემოგვიერთდა ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა, ის ძალიან ეჭვიანი გახდა, ნაბიჯებს ითვლიდა და საშინლად ანჩხლობდა, დიღმელი მას არ იმჩნევდა. დიღმელი ჭამდა ყველაფერს რაც მოძრაობდა, მას შეეძლო ფარშის უმი, გაყინული ნაჭერი მოეციცქნა და მუშაობის პროცესში ეჭამა, უმი თევზის კუდი და კარაქი მისთვის დესერტი იყო, ჩვენ ვმუშაობდით, დიღმელს და ზვიგენს დუელი ჰქონდათ, დიღმელი აღიზიანებდა და როგორც კი საშუალება მიეცემოდა ყუთებში უჩინარდებოდა, ზვიგენი გაფითრებული დაეძებდა თვალებით და ნელნელა ეგუებოდა იმას, რომ მოუწევდათ თანაცხოვრება. ნელნელა დიღმელმა ცხოვრება წინ წაიგდო და ზვიგენის სარკოფაგიდან ხან რას მოათრევდა და ხან რას, ოღონდ ეს ნამდვილად არ იყო ნარჩენები, ეს იყო მთლიანი ქათმები, ხან თევზები და ხანაც კარაქისა და ყველის მთლიანი და საღი ყუთები. ზვიგენის გარდა ამით ბევრი ღიზიანდებოდა რადგან ეს უწყინარი თამაში აღარ იყო და ერთ დღესაც საოცრება მოხდა.
დაცლისას ხის დაფაზე ხუთი ყუთი ეწყობოდა, შემდეგ ისევ ხუთი, შემდეგ ისევ ხუთი და ასე შვიდ ან რვა რიგად. შემდეგ ყუთებით დაზვინულ ხის დაფას, ლიფტში შევაგორებდით და ზვიგენის სარკოფაგისკენ ვუკრავდით თავს, ზვიგენი ზემოთ ორი ჯანიანი ბიჭით ელოდებოდა, მესამე სართულზე ლიფტს გააღებდნენ, ხის ყუთს სარკოფაგში გადაიტანდნენ და დააწყობდნენ. ისე მოხდა რომ მთლიან ტრაილერს ხუთი ყუთი აკლდა. ზვიგენმა დაითვალა, ის არასოდეს ითვლიდა დაფებით, ის საკუთრივ ყუთებით ითვლიდა, ოთხიათასოთხასოთხმოცდათხუთმეტი ყუთი. სიტუაცია დაიძაბა და რამდენიმე წუთში ლიფტის კარი ხმაურით გაიღო, ზვიგენი სამხედრო შინელით დაიძრა მძღოლისკენ რომელიც აზრზე ვერ მოსულიყო სად გაქრა ხუთი ყუთი, ისიც ითვლიდა ლიფტში შეტანამდე რადგან დანაკლისის გადახდა ცხადია მას მოუწევდა, ამიტომ ცდილობდა ყველაფერი რიგზე ყოფილიყო. ზვიგენმა შინელის ჯიბიდან ინვოისი ამოიღო და ცხვითან მიუტანა თურქ მძღოლს რომელიც გაშტერებული უყურებდა საკუთარ ინვოისს. თურქის ინვოისში დანაკლისი არ იყო, ზვიგენის ინვოისში კი. ზვიგენმა უმაღლესი მთავარსარდლობა გამოიძახა და ყველაფერი გაჩერდა, მტვირთავი მანქანები დადუდმდნენ, ეზოში თავშეყრილი უსაქმურები ნელნელა მოგვიახლოვდნენ, მომლოდინე ტრაილერებიდან თურქები გადმოვიდნენ. მთავარსარდლობის ხის კარები მძიმედ გაიღო, გაპრიალებული ფეხსაცმელებით, თეთრ პერანგში გამოწყობილი მტაცებლები კაბინეტიდან გამოვიდნენ. მათ ბევრი რამ უნახავთ და მათი გაკვირვება ძნელი საქმე იყო, ისინი ცივები იყვნენ და მოიახლოებისთანავე იგრძნობდი სუსხს, მთელი მაცივარი მათი საკუთრება იყო, აუარება ფული და ენერგია მათი რკინის მარწუხებით იმართებოდა, ისინი ახრჩობდნენ ნებისმიერ გადაცდომას. ჩვენს წყლებში თეთრი ვეშაპები გამოჩდნენ..


პარალელურ დროში ცოტათი უკან თუ დავბრუნდებით, მეორე ცივ უკუნეთში დიღმელს დავინახავთ, რომელმაც ლიფტი ავარიულად გააჩერა და ზედა ხუთი ყუთი, ელვის სისწრაფით მოხსნა, ლიფტი დახურა და სადღაც ერთი წუთის დაგვიანებით ასრიალდა მაღლა. ზვიგენის საკუთრება მეორე სართულის ბნელ ლაბირინთებში დაიკარგა.
ვეშაპებს ბევრი არ უფიქრიათ, კამერები გადაამოწმეს და მას შემდეგ რაც ვერაფერი აღმოაჩინეს - პირველი სართულის სატვირთო განყოფილებასა და მესამე სართულზე, სარკოფაგთან, ზვიგენს დაავალეს უზარმაზარი ტვირთის გადათვლა. მძღოლს მაცივრის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს და მძიმე ხის კარებს მიღმა გაუჩინარდნენ.
მოგეხსენებათ ცხოვრება დილემებითაა სავსე, ჩვენ უბრალო მტვირთავები კარგად ვიცნობდით ამ შენობას, მის ყველა გასასვლელსა და შემოსასვლელს, ჩვენი ბილიკები ჩვენს ნაკვალევს არ იტოვებდნენ, ჩვენც დავრბოდით ზევით ქვევით, ათასი მიზეზით და ვცდილობდით ზვიგენის ამოცანის ამოხსნას, ზვიგენის ამოცანა ჩვენთვის ამოხსნილი იყო დასაწყისიდანვე, ოღონდ ვცდილობდით გამოგვეცნო, როგორ აპირებდა დიღმელი ამ ყუთების გასაღებას ისე რომ ეზოში არ გამოჩენილიყო. ყუთები მეორე სართულის ნაგვის ურნაში ეყარა, მასზე აყროლებული ნარჩენებისა და ქაღალდების გროვა ეყარა და დაფიცება შემეძლო, ზვიგენიც კი არ ამოქექავდა მას, ზუსტად რომ სცოდნოდა ამ ყუთების ადგილ სამყოფელი. გამლღვალი და დამდნარი კატლეტების მყრალი სუნით მთელი შენობა იყო გაჟღენთილი და ჩვენც იმ დღეს ველოდებოდით, როცა ამ ნაგვის გატანისთვის გადაგვიხდიდნენ. მოგეხსენებათ ადვილ და არომატულ საქმეში ბევრს არ გადაგიხდიან ადამიანს, საქმე კარგად უნდა ყარდეს, გული უნდა გერეოდეს, გონების დაკარგვამდე საზიზღრობა უნდა იყოს და კარგად იხდიან. ჩვენც ველოდებოდით ანატომიური ხრწნის პიკს და არსადაც არ გვეჩქარებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მასში ზვიგენის განძი მოთავსდა, საქმე იგვიანებდა, შეიძლებოდა ამ მყრალ სუნს, დიღმელის ალაფიც მიმატებოდა და ისიც ისევე აყროლებულიყო როგოც სხვა დანარჩენი, არადა თითოეული ყუთი სულ ცოტა ოთხმოცი ლარი ღირდა. ზვიგენი საშინლად დაბნეული ჩანდა, როდესაც აღმოაჩინა რომ არ ცდებოდა, მაგრამ მისი დაბნეულობა გაოგნებით შეიცვალა, როცა სათვალთვალო კამერებით აღმოაჩინა რომ არც თურქი არ ცდებოდა. მეორე სართულზე ოთხი განიერი კედელია, თითოეულ კედელზე უზარმაზარი ურდულით და ორი ბოქლომით დაკეტილი სარკოფაგის კარი და ერთი დიდი სანაგვე ურნა, შემაძრწუნებლად მყრალი სუნით. ზვიგენი მეორე სართულის დატოვებისას, თითქმის დარწმუნებული იყო იმაში რომ შეცდომა, სადღაც პირველი სართულის შახტიდან მესამე სართულის შახტამდე მომხდარი ბლეფი იყო, მაგრამ ამის დამტკიცება მას არ შეეძლო, რადგან ვერაფრით წარმოედგინა თუ მისი ამოცანის პასუხი, განავლით სავსე უზარმაზა ურნაში იმალებოდა, ლორწოვან და აყროლებულ გარსში იყო შეფუთული მისი სიმართლე. თურქი არაფრის მტკიცებას არ აპირებდა.

ვეშაპებმა ზვიგენის სარკოფაგის რევიზია მეორე დღისთვის გადაწყვიტეს, პროცესი გაგრძელდა და დიღმელიც ყველანაირად ცდილობდა ნაგავი გაეტანა, მაგრამ ნაგავი ჯერჯერობით ახსოვდა და ზვიგენიც საკუთარ გასაღებს უკვე განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. ვეშაპებმაც იცოდნენ რომ ასეთი ამოცანა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მათთვის გამონაკლისი არ არსებობდა, მათ ააშენეს ეს შენობა, ისინი აგურებამდე დაშლიდნენ მას და ისევ ისე ააშენებდნენ, რომ მესამე სართულის აგურები არაფრით არ აერეოდათ პირველი სართულის აგურებში. ისინი აქ თავს ისე გრძნობდნენ, როგოც ერთადერთი არწივი ჭიუხებში. მათ იცოდნენ სად ნადირობდნენ წვრილფეხა ხულიგნები, მათთვის წვრილმანი ხულიგნობები უცხო არ იყო, მაგრამ ეს ხულიგნობები მძიმე ხის კარამდე არ უნდა მისულიყო, ეს ორივე მხარეს უნდა მოეხერხებინა, დამზარალებელსაც და დაზარალებულსაც, ისინი უნდა მორიგებულიყვნენ მანამ სანამ ვეშაპები შეწუხდებოდნენ, თორემ ვეშაპები გამონაკლისს ვერ დაუშვებდნენ და გასაწირს გაწირავდნენ. სამაგალითოდ გაწირავდნენ სხვის დასანახად.
შაურიანი გავარდა და სვლა უკვე დიღმელს ერგო, ზვიგენი მოლოდინის რეჟიმში იყო, ზვიგენს მეორე დღის მოსვლა ძალიან აწყობდა, დიღმელისთვის მეორე დღე უკვე გვიან იყო.
ერთადერთი იმედი ის იყო, ნაგავში არავინ ჩაყვინთავდა.
მეორე დღისით ადრე მივედი, ეზოში ხეებს შორის გადებულ ფიცარზე ჩამოვჯექი და ნელნელა ყველანი მოვიდნენ, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, მაგრამ როცა შორს დიღმელი გამოჩნდა ჰაერი ცნობისმოყვარეობით გაიჟღინთა, ჩვენ ყველას რკინის ალიბი გვქონდა და არავინ არ აპირებდა გმირობას, გადაფარებოდა დიღმელს. თავის მხრივ დიღმელი ცხოვრება ნანახი კაცი იყო, ისიც არავისგან ელოდებოდა ამას, მაგრამ გმირობა მრავალნაირი არსებობს, შეიძლება დღეს ვიღაცას გმირობა ჩაედინა, მაგრამ დიღმელისთვის კი არა ზვიგენისთვის. აი ამას კი ნამდვილად ელოდებოდა დიღმელი, ამიტომაც მეძებარივით ცდილობდა გამოეცნა ვინ ჩაყურყუმალავდებოდა ყელამდე სიბინძურეში, თუ ვიღაც მაინც უნდა ჩაყურყუმალავებულიყო, მისთვის ჯობდა ეს თვითონ ზვიგენი ყოფილიყო. მან ზვიგენის ხასიათი იცოდა, იცნობდა ზვიგენის ჩვევას და ხშირად უხუმრია: “- ზვიგენი საკუთარი საწოლის თეთრეულზე, ფეხებისა და თავის ადგილს ნიშნავს, რომ გარეცხვის შემდეგ თავის დადება იმ მხარეს არ მოუწიოს, სადაც ფეხებს დებს…”
გიჟია?
აბა რა არი..
ზვიგენმა ლაკონურად და ცივად მოგვესალმა, ჩვენ მისთვის გარდაუვალად ვიყავით ამ დიდი აფიორის ნაწილი. ის ხის კარებისკენ გაეშურა, ხის კარებში თავი გამოჩნდა, ზვიგენმა რაღაც უთხრა, იქიდან პასუხი მიიღო და გამობრუნდა. ჩვენსკენ წამოვიდა: “-ჯერ არ სცალიათ….. ბიჭებო მეუხერხულება მაგრამ…. თქვას ვინ იყო და ჩვენში მოვგვარდეთ, ყველაფერს გავიგებ და გამიტყდება მაგრამ… “ -მისი გაუთავებელი საუბრის ჭია ჩამცხრალიყო, მისთვის მტრული ერა დგებოდა მაცივარში, მისი ადრინდელი უკიდურესი უნდობლობა მაქსიმუმი იყო, მეტს ვერც ვერაფერს დაამატებდა საკუთარ პათოლოგიურ უსაფრთხოებისა და სიფრთხილის მარაგს, ჩანდა რომ ის ამ საქმისთვის გამოუსადეგარი ხდებოდა. შეუძლებელია ერთდროულად ყველგან იყო, თუ ყველა შენი მტერია, სიფრთხილე არას გარგებს, ომი უნდა დაიწყო და ომი ისეთმა კაცმა უნდა დაიწყოს, ვინც იცის როგორ იომოს, ვეშაპების დახმარებით ზვვიგენი ამ პატარა ბრძოლას დიდი უპირატესობით მოიგებდა, მაგრამ ვინ იცის, იქნებოდა კი ეს ბრძოლა ომის დასასრული? მას ელოდებოდა ეჭვით სავსე დღეები, მისებურ პედანტს და სრულყოფილებისაკენ მიდრეკილს, გაუჭირდებოდა ყველაფრის თვალთვალი, ყველაფრის კონტროლი…
ჩვენ გვესმოდა მისი, მაგრამ ხუთი ყუთი? ისეთი არც არაფერი, კაი რაა, ცხოვრება ასეთია, ჩუსტი რომ გაგძვრეს, ვიღაც გაგაცლის და მერე რა?
ზვიგენმა კარების გაღების ხმა გაიგონა და უკვე ლიფტისკენ გაემართა: “ ხუთიათასი ყუთია დასათვლელი და იცოდეთ ესენი ჭკუიდან აიწევიან მერე…” დიღმელმა სიგარეტი ჩააქრო, მე ხეს მივეყრდენი, თემურა და სქელშუბლა კარგად მოკლათდნენ და დიაბეტიანმა ჯიბიდან თუთუნი დააძრო..

ყველაფრიდან სწავლობ ადამიანი, ვერც კი წარმოიდგენ როგორ შემოგესწავლება ათასი სისულელე, ათასიც ძალიან საჭირო და ჭკვიანური ამბები და ჩვევები, თუმცა ვერ გაჩერდები, ვერ ამოწურავ და ის დღეც არასდროს არ დადგება როცა დილით, ახალგაღვიძებული აღმოაჩენ რომ თურმე ყველაფერი ისწავლე. შეიძლება გათენდეს დილა, როდესაც სწავლა უაზრობა და საკმარისი იქნება, სასწავლებელი ბევრი დაგრჩება, მაგრამ სიცოცხლის დრო რომელიც ისე დნება როგორც ნაყინი ღუმელში და სულ რამდენიმე წვეთიღა დაგრჩა, სისულელეა რაღაც ახლის სწავლაში გალიო. ასეთ დროს სწავლა არ კარგავს აზრს, აზრს ჩვენ ვკარგავთ.

ეზოში უსაფრთხოების სამსახურის მანქანა გამოჩნდა, მას უკან პოლიციის მანქანა მოჰყვებოდა და ეს იმის ნიშანი იყო, რომ გასაქცევი უკვე უნდა გაქცეულიყო. ჩვენ პოლიციის ჩარევას ნამდვილად არ ველოდებოდით, ყველაზე მეტი რასაც ველოდებოდით, დამნაშავის შიდასამსახურეობრივ წრეში წახდენა იყო, შემდეგ მისი განთავისუფლება და წესების გამკაცრება, მაგრამ არ გვიფიქრია თუ ვინმე ხუთი ყუთისთვის სერიოზულად შეცვლიდა დამნაშავის ცხოვრებას. როცა მანქანები მოგვიახლოვდნენ, ლიფტის კარებიც გაიღო და ვეშაპები გამოჩნდნენ, ზვიგენიც უკან მოჰყვებოდათ. “- რა ხდება?” - უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხელის ჩამორთმევა დაიწყო, “ - სადღაც რვაათასის პროდუქციაა გამქრალი” - ზვიგენზე მიუთითა ვეშაპმა, “- რა ხდება აზრზე არ ვარ, ან საბუთებშია რაღაც, ან ჩვენ თავს ვპარავთ და არ ვიცი..” ვეშაპმა ზვიგენს გახედა, “-ეს ბოლო ხუთი ყუთი მეორეზე იყო სანაგვე ყუთში, გაგიჟდები კაცი, მუშაობ და რაღაცაზე ფიქრობ და ამ დროს აი ასეთი რაღაც გამოხტება..” პოლიცია ვეშაპებს მიუახლოვდა, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს “ - ანუ დანაკლისი გასაგებია მაგრამ ამდენ რამეს ორ დღეში და სამ დღეში ვერ გაიტან კაცი ხომ ასეა?” მიმართა ვეშაპს ერთერთმა : “ხო რათქმაუნდა… ეს ერთი ტრაილერის საქონელია, ზოგიერთი პროდუქტი ბოლო სამი თვეა საერთოდ არ გვქონია..”, “- აღწერა არ გაგიკეთებიათ?” “ - აღწერას იმ განყოფილების მენეჯერი აკონტროლებდა, აი ეს კაცი..” ზვიგენს მიუახლოვდნენ, “- ბოლოს როდის აღწერეთ?” - ჰკითხა პოლიციელმა, “-ამ ერთი თვის წინ..” “-ეს ყველაფერი იყო?” “-კი… ნუ რაღაც ნაწილი მაკლდა, მაგრამ ამდენი არა..” “-აბა რამდენი?” “-ნუ… ათასი, ათასორასი…” ზვიგენი დაბნეული ჩანდა, გაფითრებული იყო და განერვიულებული..”- გამოგვყევით და ეგ საკითხი გავიაროთ დაწვრილებით..”, ყველანი კაბინეტისკენ გაემართნენ, კაბინეტის კარებში ერთი ვეშაპის გარდა ყველა გაუჩინარდა, ვეშაპმა უცებ მოიხედა, მერე მოტრიალდა და ჩვენსკენ წამოვიდა, დიღმელს თვალებში ჩახედა და ჰკითხა: “- ერთად მუშაობდით ხო? “ დიღმელი ამას არ ელოდა, “- ვინ?”, “ვინ და შეენ და ის ეგერ…” დიღმელი გაშტერდა, “-თქვენ ბიჭო ჩვენ დებილები გგონივართ და ჩვენ დებილები ვისაც ვგონივართ ..” ვეშაპმა შეიგინა და კარებისკენ მიტრიალდა…
დაზაფრულები ველოდით ფინალს, ის ფაქტი, რომ ზვიგენის სარკოფაგში ასეთი არეულობა იყო და ის, რომ ამხელა თანხის დანაკლის მალავდა, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო და დიღმელის როლი, რას გადაუწყვეტდნენ მას, ასევე გამოცანა რჩებოდა. მოსაღამოვებულზე ზვიგენი კაბინეტიდან გამოიყვანეს, მას ნამდვილად არ ეგონა თუ მთელ სარკოფაგს დაუთვლიდნენ, არ ელოდა თუ თვითონ იქნებოდა ამ საღამოს მთავარ როლში, არ ეგონა თუ დააკავებდნენ, არ ეგონა თუ ჯოჯხეთში აღმოჩნდებოდა.. ჩვენ ხანდახან არაფერს არ ველოდებით, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის.. დიღმელი სამსახურიდან გაანთავისუფლეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები