ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
6 მაისი, 2008


თავი 9. ნოდარი ("მაგდა")

ნათიამ დილით ადრე დაურეკა მაგდას და ახარა:
- მაგდა, მერაბი ცოლს ირთავს!
- მომილოცავს, ნათი! როდის გაქვთ ქორწილი?
- 17-ში...…
- აპრილში, ახლა? - გაუკვირდა მაგდას, - კი, მაგრამ, ასე სწრაფად მოაწერინებენ ხელს?
- ეს ჩვენთვის არის “სწრაფად”, თორემ იმათ განცხადება ადრევე შეუტანიათ...
- რას მეუბნები?!... აბა, ვქეიფობთ 17-ში? ერთი დიდი ტორტი – ჩემზეა!
- მართლა? რა კარგი გოგო ხარ, მაგდა! ძალიან დიდი მადლობა!
- რას ამბობ, ნათია?! მერაბი ჩემთვის ძმასავით არის! ერთი ტორტი რა არის, რომ ამისთვის მადლობას მიხდი?! ის კი არა და, თუ სხვა რამეშიც დაგჭირდით, - არ მოგერიდოს, კარგი?
ქორწილში მაგდამ უზარმაზარი ტორტი მიართვა მერაბსა და ლიას, შემდეგ წინსაფარი აიფარა და სამზარეულოში მოფუსფუსე ნათიას მიეხმარა.
მალე სტუმრებმა დაიწყეს მოსვლა.
ქორწინების სასახლეში ხელმოსაწერად წასვლის დროც მოახლოვდა.
მაგდას წასვლა არ უნდოდა, - “სახლში დავრჩები და სუფრის გაშლაში მივეხმარებიო,” მაგრამ ნათიამ არ დატოვა. თან მერაბმა და ლიამაც სთხოვეს, “აუცილებლად წამოდიო” და უარი ვერ უთხრა ნეფე-დედოფალს.
ხელისმოწერის შემდეგ მცხეთაში გაისეირნეს, ჯერ სვეტიცხოველში მივიდნენ, შემდეგ – ჯვრის მონასტერს ესტუმრნენ...
სვეტიცხოველში მაგდამ და ნათიამ სანთლები იყიდეს. თან აქეთ-იქით იყურებოდნენ, “ეს კომკავშირელი გოგონები ვინმემ არ დაგვინახოს, სანთლებს რომ ვანთებთო”...
უცებ ნათიას სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებს? - ჩუმად იკითხა მაგდამ.
- რა მაცინებს და... ამ ხალხს ხომ ხედავ? ყველა სანთელს ანთებს. არა და, აქედან 80 % - პარტიის წევრია! ასე რომ, თამამად აანთე, ნუ გეშინია!
მაგდამ ღვთისმშობლის ხატის წინ დაანთო სანთლები და გიას მალე და უვნებლად დაბრუნება შესთხოვა, ნათიამ კი - წმ.გიორგის ხატი მონახა და მის წინ დაანთო სანთლები.
მაგდა სასანთლესთან იდგა და სანთლების ალის ციმციმს შეჰყურებდა.
გია დაუდგა თვალწინ...
გიამ გაუღიმა და ჩუმად დაუძახა:
- მაგდა!..
მაგდამ თვალები დახუჭა და... უცებ ახლოს, სულ ახლოს გაიგონა ჩურჩულით წარმოთქმული თავისი სახელი:
- მაგდა!..
მკვეთრად შემობრუნდა მაგდა და... ვერავინ დაინახა ნაცნობი. მხოლოდ ვიღაც მაღალი ვაჟი იდგა ხატის წინ და სანთელს ამაგრებდა შანდალში.- მომეჩვენა! – გაიფიქრა მაგდამ და სწრაფად დატოვა სვეტიცხოვლის ტაძარი.  მალე ნათიაც გამოვიდა და მაგდას მიუახლოვდა.  - რატო გამოიქეცი?! მოხდა რამე?
- არა, ნათი, არაფერი მომხდარა! გია მომენატრა... ძალიან!
სვეტიცხოვლიდან ჯვრის მონასტრისკენ აიღეს გეზი.
მექორწილენი არ ჩქარობდნენ... ძალად ჭიმავდნენ დროს, რომ სახლში სუფრის გაშლა მოესწროთ.
მონასტერში შევიდნენ. სვეტიცხოვლიდან წამოღებული სანთლები დაანთეს, რადგან ჯვრის მონასტერში სანთლები არ იყიდებოდა.
ნათიამ “შენ ხარ ვენახი” წამოიწყო და მაგდას ანიშნა: “ამყევიო”...
მაგდას სიმღერისთვის ხვეწნა არ სჭირდებოდა და თავისი წკრიალა ხმა ააყოლა უძველეს საგალობელს. მათ მერაბი და ლიაც შეუერთდნენ და... დაიღვარა ჯვრის მონასტერში ტკბილი ჰანგები! წკრიალა ხმები ავსებდა მონასტრის ეზოს, ცაში იჭრებოდა და უკიდეგანო ეთერში იკარგებოდა!
- თქვენ გაიხარეთ, შვილებო! გამრავლდით როგორც ზღვაში ქვიშა და ცაზე – ვარსკვლავი! – ილოცებოდა ვიღაც მოხუცი, თოვლისფერთმიანი კაცი, რომელიც შემთხვევით გახდა მსმენელი ამ ტკბილი მღერისა.
უკან დაბრუნების დროც მოვიდა.
- ნათი, მოდი, ჩემს მანქანაში ჩასხედით!.. მახარობლები უნდა ვიყოთ... ჩემები სხვა მანქანაში გადავსვი... მაგდაც წამოიყვანე, თუ გინდა!
- კარგი, ნოდარ...
- მაგდა, აქეთ! ჩვენ ამ მანქანით მივდივართ!

ნათია და მაგდა თეთრ “ვოლგაში” ჩასხდნენ. მათ გარდა, მერაბის კიდევ ერთი მეგობარი ჩაჯდა და მანქანა დაიძრა.
ჯერ ნეფე-პატარძლის მანქანას სდიეს კუდში, წინ არავინ ჩაიყენეს, მიუხედავად სხვათა მრავალგზის მცდელობისა... შემდეგ კი, სახლამდე არ მისული, მათი მანქანა უცებ წინ გაიჭრა და პირველი შევიდა ეზოში.
- მოდიან, მოდიააან!... - შეეგებნენ მათ დამხვდური სტუმრები.
მაგდას იმდენად არ შეუხედავს მანქანაში მსხდომთათვის, რომ ვერც კი გეტყოდათ, ვის მანქანაში იჯდა მთელი გზა ჯვრის მონასტრიდან სახლამდე, - არავინ აინტერესებდა გიას გარდა.
ქორწილში მაგდა ოჯახის წევრივით ტრიალებდა, სუფრასთან არც კი დამჯდარა.
- რა მშვენიერი გოგონაა... ვინ არის? – კითხულობდნენ მაგდას შემხედვარე სტუმრები.
- ჩემი მეგობარი და ჩემი დაიკო!... - ასეთი იყო ნათიას პასუხი.
ქორწილის მეორე დღეს  ვიღაცამ დარეკა და მაგდა იკითხა.
- მაგდა ვარ...
- გამარჯობა, მაგდა, მე ნოდარი ვარ!
- ნოდარი? - მაგდა არავის იცნობდა “ნოდარს” და გაუკვირდა, - ვინ ნოდარი?!
- შეიძლება თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მე გიცნობთ ძალიან კარგად...
- საინტერესოა... კი, მაგრამ, საიდან? ან როდიდან?
- ოოო, საკმაოდ დიდი ხანია! მისაღებ გამოცდებზე გნახეთ პირველად. იქიდან თქვენ არ გემახსოვრებით... შემდეგ – მერაბის ოჯახშიც გაგიცანით, როგორც ნათიას მეგობარი... შემდეგ რამდენჯერმეც გნახეთ ნათიასთან მოსული, მხოლოდ თქვენ არ გვიკადრეთ სუფრასთან დასაჯდომად...
- კადრება რა შუაშია? უბრალოდ, ალბათ, დრო არ მქონდა...
- ხო, ალბათ... ეს არ არის მთავარი! გინდათ კიდევ გითხრათ, საიდან გიცნობთ?
- გისმენთ...
- გუშინ სვეტიცხოველში ერთად ვანთებდით სანთლებს... შემდეგ, ჯვრის მონასტერში ერთად ვმღეროდით “შენ ხარ ვენახს”, შემდეგ ჯვრის მონასტრიდან ჩემი მანქანით წამოგიყვანეთ მერაბის სახლში...
- ღმერთო ჩემო! ამდენჯერ თქვით “ერთადო” და... მე კი არ მახსოვხართ!
- არც ეს არის მთავარი, მაგდა!
- აბა, რა არის მთავარი?... ვერ გავიგე!
- მთავარია ის, რომ გუშინ დავრწმუნდი: თქვენ ჩემი ცოლი უნდა გახდეთ!... მისმენთ, მაგდა?
- გისმენდით, ვიდრე სისულელეებზე გადახვიდოდით! ახლა კი – მშვიდობით!... თქვენ ნომერი შეგეშალათ!...
მაგდამ ყურმილი დაკიდა. ზარი განმეორდა. მაგდამ ისევ დაკიდა ყურმილი, მაგრამ ზარი მესამედაც განმეორდა.
- ძალიან გთხოვთ, აქ აღარ დარეკოთ! – ჩასძახა მაგდამ ყურმილში და...
დედის ხმა გაიგო:
- რა მოხდა, მაგდა?! ვის ელაპარაკებოდი?! ან რატომ აღარ უნდა დარეკონ?! – დედის შეშინებულმა ხმამ უცებ გაამხიარულა მაგდა. გაუხარდა, რომ თურმე დედა რეკავდა და არა ის ვიღაც “გიჟი ნოდარი”!...
- არაფერია, დედა! ვიღაც შეცდომით რეკავდა და ვერ დავაჯერე, რომ სხვაგან ხვდებოდა... – თავის სიცოცხლეში პირველად იცრუა მაგდამ და სახეზე სიწითლემ აჰკრა.
- მაგდა, მე შემაგვიანდება... კრება გვაქვს! ალბათ 9 საათისთვის დამთავრდება, არ ინერვიულოთ...
ნინომ ყურმილი დაკიდა, მაგდას კი ყურმილის დაკიდება არ უნდოდა, - ნოდარის ზარის განმეორების ეშინოდა. მაგრამ იმ დღეს ზარი აღარ განმეორებულა.
მაგდამ მეორე დღესვე უამბო ნათიას ნოდართან საუბრის შესახებ. გაბრაზდა ნათია, გადაწყვიტა, პასუხი მოეთხოვა ნოდარისთვის, მაგრამ მაგდამ შეაჩერა, - საქმის გამწვავებას მოერიდა.
გავიდა ერთი კვირა. ნოდარის ზარი განმეორდა.
- მაგდა, ნოდარი ვარ! ძალიან გთხოვ,  ათი წუთი მაჩუქე, ყურმილს ნუ დამიკიდებ! შენ ხომ მე არც კი მიცნობ?! იქნებ, რომ გამიცნო, ცოტა უფრო ლმობიერად მომექცე?!... მაგდა...
- ნოდარ, ძალიან გთხოვთ, თავს ნუღარ შეიწუხებთ აქ დარეკვით...  მე სხვა მიყვარს!... გეუბნებათ ეს რამეს? მე არავის გაცნობას და, მითუმეტეს, შეყვარებას არ ვაპირებ... გესმით თუ არა ჩემი? კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქ ნუღარ დარეკავთ! ნურასოდეს!... - და მაგდამ ყურმილი დაკიდა.
სამი დღის შემდეგ უნივერსიტეტიდან გამოსულ მაგდას წინ ვიღაც მაღალი ვაჟი გადაუდგა. იმ დღეს ნათია უნივერსიტეტში არ მოსულა და მაგდაც მასთან აპირებდა წასვლას.
მაგდამ, ის იყო, გვერდის ავლა დააპირა, რომ...

- მაგდა, მე ნოდარი ვარ!
მაგდამ ახლა-ღა შეხედა მის წინ მდგარ ვაჟს: მაღალი, თხელი, სიმპატიური, თაფლისფერთვალება, ულვაშებიანი, საკმაოდ წარმოსადეგი ვაჟი იმედიანი თვალებით შეჰყურებდა მაგდას, მაგრამ მაგდას თვალებში ოდნავი თანაგრძნობაც რომ ვერ ამოიკითხა, იმედი უიმედობამ შეცვალა.
- გზა მომეცით!... – ისეთი ხმით წარმოთქვა მაგდამ, რომ ნოდარი, თავისდაუნებურად, გვერდით გადგა.
მაგდა ამაყად თავაწეული გაემართა ავტობუსის გაჩერებისკენ.
ნოდარი უკან გაჰყვა.
- მაგდა, ერთი წუთით მომისმინე, ძალიან გთხოვ!
მაგდა მკვეთრად შემობრუნდა და ისეთი თვალებით შეხედა ნოდარს, რომ მან ფეხის გადადგმაც ვეღარ შესძლო.
ავტობუსი ჩამოდგა. მაგდა სწრაფად ავიდა ავტობუსში, ისე, რომ ნომრისთვის არც შეუხედავს. ორი გაჩერების შემდეგ ჩამოვიდა და თავისი სახლისკენ მიმავალ ტრანსპორტში გადაჯდა.
სახლიდან დაურეკა ნათიას. ნათია ავად იყო. მაგდა დაპირდა, “ხვალ აუცილებლად გინახულებო”...
მეორე დღეს უნივერსიტეტიდან გამოსულ მაგდას კვლავ დახვდა ნოდარი.
მაგდამ ვერც მეორე დღეს ინახულა მეგობარი, თუმცა ტელეფონით აუხსნა ვერმისვლის მიზეზი.
მას შემდეგ ნოდარი ყოველდღე აკითხავდა მაგდას და ხმის გაუცემლად, შორიახლოს მიყოლით აცილებდა სახლამდე.
გამოჯანმრთელებისთანავე, ნათია გვერდიდან აღარ სცილდებოდა მაგდას, სახლამდე აცილებდა. ორივე ხედავდა უკან ადევნებულ ნოდარს და ხან ბრაზდებოდნენ მასზე, ხან – ჩუმად იცინოდნენ, მაგრამ ხმა არცერთს გაუცია მისთვის.
ერთ დღეს ნათიამ დაურეკა მაგდას და უთხრა: “დღეს არ ვიქნები და ფრთხილად იყავიო”!
ნოდარმა იმავე დღეს სცადა გამოლაპარაკება, მაგრამ მაგდამ პასუხი არ გასცა, ერთი კი შეხედა და უხმოდ გაეცალა.
ასე გრძელდებოდა თითქმის მაისამდე.
ერთ დღეს კი, უნივერსიტეტიდან გამოსულ მაგდას ნოდარი აღარ დახვდა.
მაგდამ თავისი თავი დაიჭირა იმაზე, რომ ის თვალებით ეძებდა ნოდარს! შეეჩვია მაგდა მის უტყვ თანამგზავრს...
აღარც მეორე დრეს გამოჩნდა ნოდარი...
გავიდა 10 დღე,  ნოდარი კი – არ ჩანდა!

“ალბათ მობეზრდა ნოდარს ეს უაზრო, უსარგებლო დევნა და თავი დამანებაო” – გადაწყვიტა მაგდამ და შვებით ამოისუნთქა.
დადგა ივნისი.
დაიწყო სასესიო ციებ-ცხელება.
გოგონები ისე მოხვდნენ საგამოცდო უწყისებში, რომ სხვადასხვა დღეს უწევდათ გამოცდაზე გასვლა.
ამ გამოცდებმა დროებით დააცილა მეგობრები ერთმანეთს, - ხუმრობა არ იყო ხუთი გამოცდის ჩაბარება!
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფრიადოსანი იყო, მეცადინეობის სტილი განსხვავებული ჰქონდათ და ამიტომ ცალ-ცალკე მეცადინეობდნენ.
იმ დღეს მაგდამ მეორე გამოცდა ჩააბარა ფრიადზე და გახარებული გამოვიდა კორპუსიდან. და აი, უნივერსიტეტის შესავლელში ნოდარი დაინახა! დაინახა და, თავადაც ვერ მიხვდა, - რატომ, გაუღიმა მას.
- გამარჯობა, მაგდა!
- გამარჯობათ...
- ხომ არ მემდური, ეს ათი დღე რომ არ მოვსულვარ?
- ჩემთვის სულერთია... – მხრები აიჩეჩა მაგდამ.
- დედა წავიყვანეთ მოსკოვში მე და მამამ... საავადმყოფოში გვინდოდა დაგვეწვინა! აღარ დასჭირდა. თუმცა, შენთვის ხომ სულერთია...
- ჯერ ერთი, ჩვენ “შენობით” ლაპარაკზე არ გადავსულვართ... და მეორეც, - ზუსტად დედათქვენის ამბავი არ არის სულერთი, რადგან გასაჭირი ყველასი ერთნაირად უნდა მიიტანო გულთან. რა სჭირდა დედათქვენს? – მაგდა თავადაც არ ელოდა, ამდენს თუ დაელაპარაკებოდა ნოდარს.
- კიბოზე გვეპარებოდა ეჭვი... არ აღმოჩნდა!  ამის გამო ვერ მოვდიოდი...
- ნამდვილად მოსალოცად გქონიათ საქმე.
- გმადლობ, მაგდა!... თუ შეიძლება, გაგაცილებ! გთხოვ...
- ადრე არ გითხოვიათ ნებართვა და მაინც მაცილებდით. ახლა რატომ მეკითხებით?
- მაშინ შენ თვითონ არ მცემდი ხმას და... ახლა...
- რა, ახლა? გგონიათ რამე შეიცვალა, თუკი ხმა გაგეცით? ეს არაფერს ნიშნავს!
- მაგდა, გთხოვ, ნუ მკრავ ხელს! შენ ხომ მე არ მიცნობ?! მე არც ისეთი ცუდი ბიჭი ვარ, როგორც შენ გგონია! 28 წლისა ისე გავხდი, რომ სერიოზულად არავიზე მიფიქრია და შენ მაფიქრებინე!... ოღონდ უარს ნუ მეტყვი, ოღონდ გამაბედნიერე და... მეც შენი ბედნიერებისთვის ვიცოცხლებ!
- ნოდარ, უკვე გითხარით: მ ე  ს ხ ვ ა  მ ი ყ ვ ა რ ს!...
- იცოდე, შენს თავს არავის დავუთმობ! შენ ჩემი ცოლი უნდა იყო!  ჩე-მი! გაიგე? ჩემი და სხვა არავისი!... ნებით თუ ძალით!...
- კმარა! ხმა აღარ ამოიღოთ!... მეც სულელი ვარ, ამდენს რომ გელაპარაკებით! მე არ მსურს თქვენი არც მოსმენა და არც ნახვა! მშვიდობით! და აქ მოსული აღარ გნახოთ! არასოდეს! – მაგდა შეტრიალდა და წავიდა.

ნოდარი არ გამოდევნებია. ერთ ადგილზე იდგა და დაღონებული თვალებით შეჰყურებდა მისგან სწრაფი ნაბიჯით მიმავალ მაგდას.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები