ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2020


მიყვარან!

ნინო დარბაისელი

მიყვარან!
- - -

როგორ მიყვარან  ის პოეტები,
პეპლის ფრთაზე რომ ბროლ-ბადახშის კოშკს აიგებენ,
ცაში ვარსკვლავებს  თავის წარუვალ სიყვარულზე
ჩასჩურჩულებენ,
ამ დროს კი დაბლა, გრილ ატრიუმში ორგიები აქვთ,
თითქოს პომპეის ნანგრევებში შემორჩენილი კედლის მხატვრობის ეროტიული პოზებიდან  რაღაც წაშლილის  აღსადგენად
იღვწიან  და ირჯებიან გულმოდგინებით.
მიყვარან-მეთქი,
როგორ მიყვარან!

ზოგჯერ  შემთვრალნი ან
კაპიტანი ნემოსავით
თრიაქით თუ ოპიუმით გაბრუებულნი, დედამიწაზე ფეხს რომ ვერა და ვერ იკიდებენ,
წყალქვეშ, ცისზემოთ და იმის ზემოთ კი - გაგიხარია!
და შორ გვირაბთა წყვდიადიდან  გამომდინარე
თავისსავე ხმებს კედლებად რომ წინ უხვდებიან,
და საკუთარ ექოებად მიიქცევიან.
მიყვარან- მეთქი,
როგორ მიყვარან!

მკითხველთა წინ რომ დააგდებენ
მკერდიდან ახლად ამოგლეჯილ,
ჯერაც მფეთქავსა და სისხლგამდინარე,
არტერიებდაფჩენილ გულებს,
საკუთარ გულებს
ზედ უგულოდ რომ შედგებიან,
მერე კი,  ვითომც არაფერი,
ნაწვიმარს ზანტი სტვენა-სტვენით გაუყვებიან.
მიყვარან-მეთქი,
ისე მიყვარან,
რომ ლამისაა გადამავიწყდეს
აქსიომა,
რომ თუ პოეტი შეიყვარე,
პოეტად უნდა გიყვარდეს მხოლოდ,
და მოერიდო ადამიანს.
და რაც მეტია კაცში პოეტი, მით მცირე რჩება ადამიანი,
და რაც მცირეა ადამიანი, მით სასტიკია და გაიძვერა.

პოეტიაო!
ჰმ, პოეტი!
საშინელია სიტყვა ესე, თუა ნამდვილი!
მაღალი ძაბვის ზონის კედელზე ადამიანის თავისქალა რომ  ახატია,
ძვლის ჯვარედინით,
ჭუჭრუტანაშიც არ შეიხედო,
მით უმეტეს,
გარედანაც არ უჩხიკინო,
შორიდან, რიდით შემოუარე.
ვინც შიგ შევიდა,
ყველამ ერთი ამოიგმინა
და გაჩუმდა;
ან დაიკარგა,
ან მერე გვამის  მუქმწვანე ტომრით შებინდებულზე ნარჩენებად-ღა
გამოიტანეს.
მაინც მიყვარან!

პოეტს - საყვარლად კიდევ რა უშავს,
(მით უმეტეს, დასაწყისისას)
ის - სვირინგია, მორგებული შენს სურვილზე, 
განსხვავებულად რომ გეჩვენება,
საბოლოოდ  კი სტანდარტში ჯდები ...
ფინალისაკენ -
როგორც სვირინგის მოშორებისას, 
საქმე რთულდება.
კი წაიშლება, მაგრამ უკვალოდ ვეღარ გაქრება.
სხვა - უკვალოდ რა იკარგება!

ხოლო პოეტთან მეგობრობა -
ხელგემრიელი მზარეულის მომზადებული,
განთიადისას ტყეში ნაკრეფი საბედისწერო სოკოს კერძია, 
გობით დადგმული -
პირველი ლუკმის გამსინჯავისთვის.
მაინც მიყვარან!

და სხვა რაღაა პოეტი ცოლი ანდა ქმარი  - თუ არა ოდენ წამლეკავი,
სტიქიური უბედურება,
და კიდევ კარგი,
როგორც წესი,
ეს ამბავი დიდხანს თითქმის  არ გრძელდება,
ან თუ გრძელდება ერთი, გაბმული ზმუილია სიმარტოვეში,
ირგვლივ თუნდა ჯარი გეხვიოს...

მაგრამ ამქვეყნად  უარესის უარესი არ დაილევა.
უბედურება ორი პოეტის ერთჭერქვეშ,
ცოლ-ქმრად ცხოვრება არის.
ეს  - იგივეა,
ამოსაფრქვევად გამზადებული ვულკანის გულთან,
იქვე, კრატერში მხართეძოზე წამოწოლა მოგეწადინოს და თანაც  წკირით ფერფლსა ქექავდე
და ასოები და სიტყვები გამოგყავდეს გაუგებარი.
თან იმ ნაცარში სხვისი ნაწერის გარჩევაც სცადო.

თვითმკვლელებითა
და იმათივე შთამომავალი,
მოსიარულე თვითმკვლელებით სავსეა ყოფა.
პოეტებად და დანარჩენებად-
ჩემთვის სამყარო ასე იყოფა,
იმათ გარეშე სულმა ჩემმა იავადმყოფა,
ან უპოეტოდ ამა ქვეყნად რამ ინაყოფა,
ჰოდა, გვეყოფა,
მიყვარან და
მაინც მიყვარან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები