ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2020


ოდა კარტოფილს

კაცობრიობის შიმშილის მტერო,
მოხარშულს გიცნობ,
გიცნობ შემწვარსაც,
მუნდირშიც მიყვარს შენი მირთმევა,
გულს უხდებაო-ასე ამბობენ.
თითქმის ყოველდღე,
სიზიფესავით ებრძვი ჩემ შიმშილს,
ათასნაირი აღკაზმულობის ხარ,
ხახვით
ან ხახვის გარეშე,
ტყემლით ან პომიდვრის საწებლით,
სოკოსთან ერთად,
იშვიათად ოჯახურიც ხარ...
სად აღარ ხარობ,
მესტიასა და ახალციხეში,
ლაგოდეხში,
გურიანთაში.
გული მიკვდება,
როდესაც გაყინულს გხედავ,
მერე ჩაგყრიან გავარვარებულ ზეთის მასაში,
შიშხინებ,
იწვი,
მარილს გაყრიან ჭრილობაზე,
ცოტაც და პომადიანი ტუჩებით
გცმუციან სწრაფი კვების ობიექტებში...
მეც რამდენჯერ მომიწყვია შენთვის ინკვიზიცია,
როცა ნაკვერჩხალში შემიყრიხარ
და პირი დამითუთქავს შემდეგ შენით...
ოდესმე, როცა ძალიან ბევრ ფულს ვიშოვი,
ქალაქის ცენტრში ძეგლს დაგიდგამ,
ველოსიპედის ადგილას.
კაცობრიობის შიმშილის მტერო,
ფრივ,
მექსიკურო
და
პიურევ,
მოხარშულს გიცნობ,
შენ ისეთივე დიდი მონაპოვარი ხარ კაცობრიობისთვის,
როგორც ბორბალი,
ელექტრო ნათურა
და პოეზია!
ხახვივით ამპარტავანი კი არ ხარ,
შენი დაჭრისას რომ ცრემლი მომადგას,
მე მაინც ვტირი,
რომ უნდა აგათალო გვერდები
და ამოგაჭრა ხალები,
შავი წერტილები,
დაგყარო ტაფაზე
და შეგიბრაწო კიდეები...
ნუ გაძვირდები,
ნურც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდები,
დაიცავი ოქროს შუალედი!
კაცობრიობის შიმშილის მტერო,
პლატონი ჩემი მეგობარია,
მაგრამ შენნაირი მეგობარი მე ჯერ არ მყოლია!
ადამიანი ადამიანისთვის კარტოფილია!
შენ მელანდები ყველა ანდაზაში
და შეგონებაში,
ყველა აფორიზმში
და იგავში.
შენს გამო შემიყვარდა
მეცნიერება-ობიექტური სინამდვილის საგნებისა
და მოვლენების კონკრეტული სივრცის
და მისი დროის მიხედვით
ცვალებადობის შესახებ
და გავხდი კარტოგრაფი,
უფრო სწორად კი,
კარტოფილი!
ავე, კარტოფილო!
კარტოფილი მკვდარია, გაუმარჯოს კარტოფილს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი ებანოიძე ვულოცავთ დაბადების დღეს