ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ტინელი
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2020


სიყვარულის პრელუდია ნაწილი მეხუთე

                                                          5
                                              თოვლი და ლექსო

  მე გიო ვარ, ერთი ხელმოცარული პილოტი და უპერსპექტივო ინჟინერი.  ისევ ფანჯარასთან ვზივარ, როგორც ყოველთვის. ფანჯრები ისევ დაორთქლილია, გარეთ ვერაფერს ვხედავ ან რა უნდა დავინახო ერთი ციცქნა გაპარტახებული ეზოსა და ჟანგმოკიდებული ჭიშკრის მეტი. გვიანი ღამეა, თოვლიანი, ღამე ცივი და ნათელი, როგორც მაშინ, არყით შეხურებულები რომ დავბორიალობდით  მე და ლექსო დათოვლილ ქუჩაში... ოოო,  რამდენი ხანია არ დამირეკია მასთან, აღარც რომ ლექსო შემხმიანებია? - ეს როგორ დამემართა? ხვალ დილითვე დავურეკავ...
  ჰო, კარგად მახსოვს, იმ საღამოს გვიანობამდე შევრჩით სოლოლაკში, იაფფასიან სასაუზმეში, აგურის თაღებიან სარდაფში როა მოწყობილი. თიხის ქოთნებიდან ჩანახს შევექცეოდით მე და ლექსო,  რუსულ არაყს და ქართულ ლუდსაც ვაყოლებდით. აქსიომაა, ყველასთვის კარგად ცნობილი, რომ ცალ-ცალკე ორივე კარგი სასმელია, მათი სტომაქში არევა კი ალკოჰოლურ მოწამვლას იწვევს და მეორე დილით ისეთი შეგრძნებით იღვიძებ, ნეტა არ გამღვიძებოდაო რომ გაფიქრებინებს. გასიებული თავის აწევა ისე გიმძიმს, თითქოს ტყვიის საფანტით გქონდეს სავსე.
თვლიან, რომ ლუდის გარეშე, არაყში გადახდილი ფული ქარსაა გატანებული. ადამიანის ფანტაზია რომ შეუზღუდავია არც ამაზე დაობს ვინმე, ვარდისფერი ეფექტის მისაღებად სვამენ არყის და ლუდის კოკტეილს, „იორშს“, აი იმას,  შეცდომით „თეთრ დათვს“ ან „ჩრდილოეთის ციალსაც“ რომ  ეძახიან დილეტანტები და ამით უხეშად უგულვებელყოფენ ალკოჰოლური ტერმინოლოგიის ქრესტომათიას.  ამ ორი უკანასკნელი სახელწოდების ავტორები პოლარულ ზონის ბინადარი წვერმოშვებული  მუჟიკები არიან და ჰქვია სამოცპროცენტიან შუშხუნა სასმელს,  ღამის ცვლაში მოპარული, ოთხმოცდათექვსმეტ პროცენტიანი სპირტისა და შამპანურის ნარევს, ასე ვთქვათ კოქტეილს. ჩვენისთანა ხალხმა „მურა დათვის“, იგივე „ბალალაიკის“  რეცეპტიც კარგად იცის, კოკა-კოლასთან ერთად რომ მზადდება, მაგრამ ეს არ არის ზრდასრული კაცების სასმელი, მას მხოლოდ თინეიჯერი გოგო ბიჭები თუ სვამენ.  ეფექტი ყველა შემთხვევაში შეუდარებელია, ლუდში შემავალი ნახშირორჟანგი აღიზიანებს საკვების მომნელებელი სისტემის კედლებს და მთელი ალკოჰოლის ნარევი სწრაფად გაიწოვება ორგანიზმის მიერ. ღვიძლი ორჭოფულ მდგომარეობაშია, ვერ ასწრებს ამ საეჭვო ნარევის იდენტიფიცირებას და იბნევა, რაკი ვერ ხვდება, რომელი ტექნოლოგიური პროცესი გამოიყენოს მის გადასამუშავებლად, ზიზღით იშორებს თავიდან და უმოკლესი გზით ამისამართებს თავის ტვინისკენ. რას იზამ, როცა ადამიანების მიზანია დათვრენ გონების გათიშვამდე, თანაც მინიმალური დანახარჯებით, ეს ერთადერთი საუკეთესო და უტყუარი საშუალებაა. გონება პარალიზებულია, კიდურები უმართავი...მიზანი მიღწეული...
ჩვენი სუფრა უბრალოა, თუმცა არც ისე ხელწამოსაკრავი. გვაქვს მარილწყალში მოხარშული, ძმრითა და ნივრით შეზავებული გოჭის კანჭები, ძალიან თხლად დაჭრილი სულგუნი, ისე თხლად რომ გამჭირვალეც კია, ქვეშ თეფშის ნახატებსაც ხედავ, რომელზეც გეომეტრიული სიზუსტით აწყვია და დეკორატიულად გაფორმებული ბუტაფორია გგონია. შებოლილი ბურვაკის ნეკნები გვაქვს კიდევ და ხასხასა მწვანილი ამ შუა ზამთარში.
  ჩვენ „იორშს“ არ ვაკეთებთ, ვისხავთ არაყს, ერთმანეთს ვუჭახუნებთ და უხმოდ ვსვამთ, მერე სიამოვნებით ვწრუპავთ ლუდს, მიუხედავად იმისა რომ ახლა შუა ზამთარია. სულ ერთია მაინც ერთად გაიწოვებიან იქ, ზემოთ, ტვინის დაქანცულ უჯრედებში. ვსვამთ და ვსაუბრობთ დინჯად. ვლაპარაკობთ ათას აბდაუბდაზე ისევე როგორც ყველა ნასვამი კაცი, ისეთ რაღაცაზეც კი, აბსოლუტური მნიშვნელობა რომ არა აქვს არცერთისთვის. უბრალოდ ვლაპარაკობთ ლაპარაკისთვის, ზოგჯერ რაღაც ხომ უნდა თქვა კაცმა რომ ლაპარაკი არ დაგავიწყდეს, თორემ ვინ იცის როდის დაგჭირდეს და ვეღარ მოახერხო... სახლში არცერთს არ გვეჩქარება. მე იმიტომ, რომ არავინ მელოდება. ლექსოს კიდევ, რაღაც საშინელება სჭირს, დაძინება არ შეუძლია, აი ასე, არ შეუძლია და მორჩა. დაწვება, თვალებს დახუჭავს, ძილი კი არაფრით არ ეკარება. წლებია უკვე, რაც ასე იტანჯება. ჰოდა, რა ქნას, გადის ქუჩაში და მთვარეულივით დაბორიალებს უგზოუკვლოდ დილამდე, ცოლშვილი რომ არ შეაწუხოს...
ჰოდა, ჩვენთვის ლუდი და არაყი სწორედ რომ მისწრებაა. ვსვამთ იმიტომ რომ ცენტრალური მართვის პულტი გამოვთიშოთ, დაგვავიწყდეს ერთი დღით ყველა და ყველაფერი...
კიბეები უჩუმრად ჩამოათავა ძალზე გამხდარმა შუა ხნის კაცმა. ჩამოფხატული, გაზინთლული ბერეტის ქვემოდან ბუფეტისკენ გააპარა თვალი, მერე დარბაზს გადახედა სწრაფად და ჯერ კიდევ აულაგებელ კუთხის მაგიდისკენ წახუსხუსდა.  კათხას მისწვდა, მორჩენილი ლუდი მოსვა, ხინკლის კუჭებიანი თეფშიც აიღო და ჩვენს გვერდით, თავისუფალ მაგიდასთან მოთავსდა ლექსოს ზურგს უკან. ჭამდა ხარბად, ყლაპავდა დაუღეჭავად. ისევ ლუდი მოსვა და თვალები სიამოვნებით მილულა. მერე ჰაერი ღრმად  შეისუნთქა თუ ამოიოხრა და ბუფეტისკენ გააპარა დამფრთხალი მზერა, გაგდების შიშით. ლოთის ბარობაზე საკმაოდ  მოწესრიგებულად გამოიყურებოდა. თავისი ზომის ტანსაცმელი ეცვა, ძველი, გახუნებული და შელანძღული, მაგრამ ოდესღაც სოლიდური, ალბათ თავისი მწირი ხელფასით ნაყიდი. ბერეტი რომ მოიხადა და ჯიბეში ჩაიდო, უკან გადავარცხნილი,  გასიპული, გვარიანად შეთხელებული ჭაღარა თმის ერთი ურჩი კულული ჩამოეშალა შუბლზე, ნიკოტინიანი თითების შეხებისგან მეჩასავით  გაყვითლებული. სწორი, სიფრიფანა ცხვირი ჰქონდა და ღრმად ჩამჯდარი, საცოდავი თვალები. ბუფეტში ჩანახი და პური გამოვართვი და წინ დავუდგი, ჩემი, ჯერ ისევ სავსე ლუდის კათხაც გადავაწოდე. მადლიერი თვალებით ამომხედა, თავი დამიკრა, ჩანახის ქილაში პური ჩაიყარა და სწრაფად დაიწყო ჭამა. ლექსომ დიდი, თლილი ჭიქა მოიტანა, არაყი ნახევრამდე დაუსხა. კაცმა მაგიდაზე დადგმა არ აცალა, ხელიდან სწრაფად გამოართვა დაძარღვული, აცახცახებული ხელით, ღმერთმა გაგიმარჯოთო და ერთბაშად გადაჰკრა. უფრო მოხერხებულად მოეწყო, წელში გასწორდა და ეხლა უკვე დინჯად გააგრძელა ჭამა. თვითოეულ ლუკმას საგულდაგულოდ ღეჭავდა მეჩხერი კბილებით, სიამოვნებას იხანგრძლივებდა...
ლექსომ კიდევ ორი ლუდი მოიტანა, მე არაყი დავასხი, მივაჯახუნეთ და ზალპით დავლიეთ, მხრებში გაშლილებმა, ზემოთ აწეული იდყვებით, ძველი ჟანდარმების მსგავსად. სულგუნი მოკბიჩა და - არავინა ვართ დაზღვეულიო, ჩაიბურტყუნა. მე გამაჟრჟოლა, ზუსტად ის თქვა რასაც ვფიქრობდი, ზუსტად იმავე სიტყვებით. არადა ხომ არც ეს საბრალო კაცი ელოდა რომ აქამდე დაეცემოდა, ამასაც ხომ ჰქონდა ოჯახი, ჭერიც და სამსახურიც, ნათელი ოცნებებიც ...
უხმოდ ვხრავდით შებოლილ ნეკნებს, უბრადვე ვსვავდით არაყს. ვუცქერდი ლექსოს უძილობისგან შეშუპებულ ქუთუთოებს, მინდოდა რაღაც მეთქვა, რაღაცით მენუგეშებინა მაგრამ აბა როგორ?...-არაფერია, შენ ნუ გეშინია, ერთ მშვენიერ ღამეს შენც დაგეძინაბა მეთქი? რაღაც უცნაური რამ სჭირს, უკვე რამდენიმე წელია ვეღარ იძინებს, საშველი კი არსაიდან ჩანს. ცოლშვილი რომ დაწვება დასაძინებლად ეს აივანზე გადის და შუაღამემდე იქ ზის მორყეულ ტაბურეტზე. მერე ქუჩაში გადის და დაბორიალობს უაზროდ, უმისამართოდ, მთვარეულივით. ექიმები კონსილიუმებს მართავენ, მსჯელობენ და დავობენ, რა სახელი დაარქვან ამ ავადმყოფობას, ვითომ იკვლევენ და აკადემიურ ჟურნალებში აქვეყნებენ ჰიპოტეზურ სტატიებს იმის იმედით რომ ამდაგვარ სატკივარს მათი სახელი ეწოდოს იქნებ და მედიცინის ისტორიაში დაიმკვიდრონ თავისი წილი ადგილი.
ჭიქები მოვცალეთ და მოშორებით დავდგით, ნიშნად იმისა, რომ მეტს აღარ დავლევდით. ტყავის ქურთუკში გავუყარე ხელი. უცნობმა, - ბიჭებო, აბა მე  გადამხდელი აღარა ვარ და ღმერთმა სიკეთით გადაგიხადოთო...
ლექსომ ნერვიულად მოისრისა ნიკაპი და უცნობისკენ მიბრუნდა, - ძმაკაც, აქ კიდევ დარჩა რაღაცეები და თუ გინდა ჩვენს მაგიდაზე გადმოდიო. კაცი თითქოს ამას ელოდა, აჩქარებით დაიწყო ფუსფუსი.
ლექსომ ჯიბიდან მორჩენილი ხურდები ამოიღო და რაც ჰქონდა სულ მაგიდაზე დააგროვა, მერე „ბუფეტჩიკს“ მიუბრუნდა, გაკვირვებული რომ მოგვჩერებოდა: -არ შეაწუხო ეს კაცი, დაამთავრებს და თვითონ წავაო. უხალისოდ ავათრიეთ ფეხები ქვის კიბეებზე. გარეთ ისევ თოვდა, ხვარიელად. მე ისევ ის საცოდავი კაცი მედგა თვალწინ, მისი უფერული თვალები... რამდენია მისნაირ, ან უფრო უარეს დღეში. ადამიანები შორიდან უქცევენ გვერდს, სადღაც კუთხეში მიყუჟულებს, სიცივისგან გათოშილებს, ცხელ შხაპსა და სუფთა ლოგინს დანატრებულებს, შიმშილისგან გამოფიტულებს. შეფარული ზიზღით არიდებენ თვალს, რადგან მათი შეხედვაც კი დისკომფორტს უქმნით, ამაღლებულ განწყობას უფუჭებთ, მათი არსებობაც კი აწუხებთ. ეს საცოდავები თუ ამ დღეში არიან, ამაში ხომ ისევ ჩვენ ვართ დამნაშავენი: ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები, თანამშრომლები, ჩვენი უგულობით თუ გულგრილობით. როცა გაუჭირდათ, იმის ნაცვლად რომ გვერდში დავდგომოდით, დახმარების ხელი გაგვეწოდებინა, ჭაობისკენ ვუბიძგეთ და გავრიყეთ. ჩვენ ხომ გულის სიღრმეში, ქვეცნობიერად, გვიხარია კიდეც სხვების დაცემა, გვიხარია რომ ეს ჩვენ არა ვართ, ვხითხითებთ კიდეც, უხმოდ, იქედნურად...
ჩვენ თითქოს დავეხმარეთ, რაღაც მწირი ვახშმით გავუმასპინძლით, თითქოს ჩვენი ვალიც მოვიშორეთ, თითქოს სიკეთე გავუკეთეთ...თავის მოტყუება ვსინჯეთ, მაგრამ უშედეგოდ. ის საბრალო ალბათ უკვე გამოაგდეს კიდეც იქიდან და სასმელით შეხურებული, სდღაც მიწისქვეშა გადასასვლელში, თავისუფალ ადგილს ეძებს რომ ბეტონის ცივ იატაკზე მოკუნტულმა მოატყუოს თვალი ორიოდე საათით. გაიღვიძებს გათოშილი და ისევ ისეთივე უბედური იქნება, როგორც გუშინ, როგორც გუშინწინ...
ლექსო მდუმარედ მომყვება გვერდით, პალტოს მაღალ საყელოში თავჩარგული, მძიმე ფიქრებში ჩაძირული...
  ისევ თოვს, ხვარიელად ბარდნის. თოვა ყოველთვის ლამაზია და რომანტიკული, სასიამოვნო ფიქრებს აგიშლის და ღიღინს დაგაწყებინებს. ღამით უფრო ლამაზია, უფრო ჯადოსნური, განსაკუთრებით მთვარის შუქზე, თუმცა არც ლამპიონების შუქზეა ურიგო, ზღაპარში გგონია თავი. მივაბიჯებთ დინჯად და მდუმარედ, ფიქრებში გართულნი. არ ვბარბაცებთ, მაგრამ ორივე გვარიანად მთვრალი ვართ. ფეხებს ქათქათა თოვლში მივათრევთ და ორივეს გვიხარია, კერძოდ რა გვიხარია ვერცერთი ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც განსაკუთრებლს და ამაღლებულს რომ ვგრძნობთ, ფაქტია და გვეშინია, ჰო, გვეშინია რომ ეს რაღაც მალე დამთავრდება...- მე გამოყრუებული სახლის კარებს შევაღებ, ეგრევე, გაუხდელად მივეგდები და შუადღემდე ვიძინებ ალბათ. ლექსო კი ამასაც ვერ შესძლებს, ისევ გარეთ გამოვა მანქანებისგან უკვე შელანძღულ, ტალახში აზელილი თოვლით დაფარულ ქუჩებში სახეტიალოდ, ისევ უაზროდ, ისევ უმისამართოდ.
მთელი რუსთაველი გამოგვივლია შეუმჩნევლად. უკვე გვიანია, გზად მხოლოდ ახალგაზრდები გვხვდებიან, თოვლის სიხარულით სახლებში წასვლა რომ ვერ გადაუწყვეტიათ ან დაგვიანებული მგზავრები, სახლებში რომ მიიჩქარიან. ფრთხილად გადაადგილდებიან ავტომანქანები, ფაფახებივით ახურავთ თოვლის მომცრო ზვინები. კაზარიანცის სახლს რომ გავუსწორდით ლექსო გაჩერდა, - აქ, ზედ შუა მოედანზე შენობა რომ იყო თუ გახსოვს? -ქვემოთ რესტორანი იყო, ზემოთ კაფე ბარი, აბა თუ გაიხსენებ? -შემეკითხა და ირიბად გამომხედა ნახევრად მოჭუტული თვალებით.
  გონება დავძაბე და - იასამანი ერქვა მეთქი იმ ბარს. - გამეცინა, ლექსოს კი ბავშვივით გაეხარდა, სახელი რომ გავიხსენე. - საუცხოო ბიფსტროგანოვს ამზადებდნენ  სოუსით და წვრილად დაჭრილი, დაბრაწული კარტოფილით. მერე შამპანურს ვსვავდით გვიანობამდე, შოკოლადს და თხლად დაჭრილ, ლიმონის ნაჭრებს ვაყოლებდით ზემოდან შაქარი და ყავა რომ ჰქონდა მოყრილი უხვად.
ელბაქიძის დაღმართზე დავეშვით. თავქვეზე ფეხი სრიალებდა. რამდენჯერმე დავეცით კიდეც, ერთმანეთს ვეხმარებით წამოდგომაში. ისევ ვეცემით, ორივე ვიცინით და მივსრიალებთ...ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში, ახალთოვლობაში. რამდენიმე ნაბიჯს გავირბენთ და გავსრიალდებით, ვეცემით, ისევ დგებით და მივსრიალებთ, მივსრიალებთ... უკვე აღარ მახსოვს აღარც სარდაფი და აღარც ის საბრალო ლოთი. კანტიკუნტად გავლილი მანქანებიდან გაკვირვებულები გვიცქერიან და თვალს გვაყოლებენ. ჩვენ ყურადღებასაც არ ვაქცევთ, თორემ ალბათ შევამჩნევდით, საფეთქელთან რომ მიაქვთ საჩვენებელი თითი, ჩვენს ჭკუათმყოფელობაში დაეჭვებულებს.
ზოგჯერ რა ცოტა კმარა, ზოგჯერ კი ბევრიც არ გყოფნის ადამიანს.
დილის ოთხი საათი ხდებოდა ჩემს სახლს რომ მივუახლოვდით. ლექსომ სახლამდე მომაცილა. მისი მანქანა ეზოში დავტოვეთ გუშინ საღამოს, რაღაც პატარ-პატარა პრობლემები აქვს. შევპირდი, ცოტას გამოვიძინებ და  საღამომდე შევაკეთებ მეთქი. ლექსო ხელს იქნევს, არ მეჩქარება, როცა გინდოდესო. დამემშვიდობა და წავიდა თავჩაღუნული, საყელო აწეული, მხრებდათოვლილი. უხალისოდ მიათრევს დამძიმებულ ფეხებს. ვუყურებ ამ მხარბეჭიან, ოდესღაც ჯანღონით სავსე კაცს და ბოღმა მაღრჩობს. ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ, ფლიდობენ, თაღლითობენ რომ ფული მოიგდონ ხელში, მიზანს თუ მიაღწიეს უფრო ხარბდებიან, ოცნებობენ რომ უფრო მეტი იშოვონ, გააიმასქნან, ამის ოცნება კი მარტივია და ელემენტარული, მხოლოდ მშვიდი ძილი, თუნდაც ერთი საათით, არადა აუხდენელი, ვითარც სიზმარი.
                                                    გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები