ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: მერკანტილა
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2020


სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცლები (თავი 3)

იმ დღეს, როდესაც ციხის საკნის ერთადერთ სარკმელთან ჩამომჯდარმა მაიზერმა დაინახა, როგორ დაიწყო ჩხუბი ორმა პატიმარმა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა დაეწერა მსოფლიო ისტორია,  ანიდან ჰოემდე. ფიქრობდა ბაბილონზე და გილგამეშზე, ტროას კედლებზე და უახლოესი ისტორიის ვერაგ ფურცლებზე, მაგრამ ფანჯრიდან ნანახმა გაიტაცა და ვინ იცის, იმ რამდენიმე წუთში, რაც ეზოში ორი პატიმარი ერთმანეთს თავ-ყბას უნაყავდა, რამდენ რამეზე დაფიქრდა კიდევ. მაგრამ როდესაც ბადრაგებმა პატიმრები გააშველეს, მაიზერი მიხვდა, რომ ვერასოდეს ვერ მოაბამდა თავს მსოფლიო ისტორიის წერას. ვერ ჩასწვდა პატიმრების წაკიდების მიზეზს. როგორ დაწერდა მსოფლიო ისტორიას კაცი, რომელმაც თვალწინ მომხდარი ჩხუბის მიზეზიც კი ვერ გაიგო?
„-ჯანდაბას!“ გაიფიქრა მან, ადგა და საკანში გაიარ-გამოიარა. -„მაგრამ ერთი მხრივ, საკაცობრიო ომებს უფრო მარტივი მიზეზი აქვს, ვიდრე ამ ოთხ კედელში გამოკეტილ პატიმრებს. აი მაგალითად, ჰიტლერი... რისთვის დაიწყო ჰიტლერმა ომი? ჯანდაბას ერთი მაგისი თავიც... როგორ და რისთვის დაიწყო არ ვიცი, მაგრამ, აი, როგორ კი დამთავრდა, მაგის დაწერას რა უნდა?! და როგორ დამთავრდა? უამრავი ხალხის გაჟლეტვით, გადასახლებით, შიმშილით, გაუპატიურებებითა და უბედურებით... ძნელი საქმეა წერა.. არ მინდა...“

მერე იმაზე დაფიქრდა, ზოგს ზამთრის მოსვლაც რომ არ უნდა, თუმცა ზამთარი ხომ მაინც მოვა. დადგება ზამთარი და თეთრად გადაპენტავს პატარა კუნძულს პალიასტომზე. მისი ძველი, ხის ნავიც თოვლის საბანში გაეხვევა და დაელოდება  დროს, როცა ამოტრიალებულს, გამომშრალ მუცელზე უკანასკნელი თოვლიც დაადნება და იმ დროს გაიხსენებს,  პირველად რომ გამოთალა იგი მენავე მაიზერმა.
ზაფხულის იმ დღეს, ქუხდა და კოკისპირულად წვიმდა. კუნძულზე, ქოხის გადახურულ ზღუბლზე ჩამომჯდარ მაიზერს ყალიონი გაეხაზირებინა და სულაც არ ფიქრობდა საკაციობრიო ამბებზე. მაგრამ როდესაც მისი პატარა მურია, ტალახში და წვიმაში გავარდა ისეთი მოლანდებების გამო, რომელიც ყველა ძაღლს აწუხებს, გაბრაზებული მაიზერი გაეკიდა. მაიზერს სურდა, ძაღლს ტალახი სახლში არ შემოეტანა, ტალახი და საზიზღარი სუნი. სუნი ძაღლის სველი ბეწვის, რომელიც მაიზერს სიგიჟემდე ეზიზღებოდა. ერთი შეხედვით, არც იმ დღეს არ ეტყობოდა რაიმე განსაკუთრებული ყოფილიყო და არც მაიზერს არ ჰქონია მიზეზი, ცხოვრება ძირფესვიანად შეეცვალა.
თუმცა ბუნებას ჩაფიქრებული ჰქონია, უზარმაზარი სამყაროს პლანეტებიდან, უაზარმაზარი დედამიწის, უზარმაზარი ადგილებიდან ამოერჩია ერთი პატარა ტბა და ამ ტბაზე ძაღლს გაკიდებული მაიზერი. გაღლაბუცებულ ძაღლს მიდევნებულმა მაიზერმა, დაინახა როგორ გაიპო ზეცა, დაეშვა იისფერი მეხი და ნაცარტუტად აქცია ქოხი. ეს ამბავი ისე უცბად მოხდა, მაიზერი მეხის დავარდნიდან დაახლოებით ერთ წუთში მიხვდა, როგორ გამოარჩია ღმერთმა ამ უხეირო ამინდში და დავარდა.
ასეთი ამბავი ყოველდღიურად ხდება, ყველგან სადღაც რაღაც ეცემა. პარიზული აივნებიდან ყვავილების ქოთნები ცვივა, მშენებლობიდან მუშები და ციდან თოვლის ფანტელები. ზოგჯერ, სახურავზე აგდებული კბილები და ჩიტის სკლინტიც. მაიზერას კი ეგონა, ამორჩეული იყო. ვინ იცის, შეიძლება სიმართლის მარცვალი კი იყო ამ ამბავში, მაგრამ თუ კაცი გაგანია თქეშში სადღაც კუნძულზე ძაღლს დასდევს, მეხიც შეიძლება დაეცეს და წყალშიც შეიძლება გადავარდეს. მაიზერის ფიქრები კი სხვაგან იყო, ქოხს უტრიალებდა და იმ რამდენიმე წამს, რომლის განმავლობაში თვითონ ქოხიდან გამოვარდა და ქოხს კი მეხი დაეცა „-არ უნდა გავჩერდე ერთს ალაგს, უნდა დავიძრა და უნდა ვიმოძრაო.“ - თქვა მაიზერმა და გათალა ფიცარი. გათლილი ფიცრები მოდრიკა, თოკით შებოჭა და დალბობას დაელოდა. სურდა, გაეკეთებინა ნავი, მაგრამ არა ისეთი, ყოველი მაისის დასაწყისში რომ აკეთებდა, არამედ კაცმა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ რომ უნდა გააკეთოს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი იგი კაცობრიობის საზრუნავს ყავს ატანილი და ბედისწერას მისთვის რკინის ქალამნები გამოუჭედავს.
კუნძულიდან გამოსულს, ღელვისა არ შეშინებია. ძველებისგან სმენოდა: „-პალიასტომი ერთხელ თუ აღელდა, კაცმა თავი ნავზე უნდა მიიბას, რომ გვამი მაინც იპოვოს ჭირისუფალმაო“. მაგრამ ამ პატარა გუბეს, იმ დიდ ოკეანეებთან შედარებით, რომლის გადაცურვასაც აპირებდა, მაიზერის შეშინება აღარ ძალუძდა და ფაფხურობდა, ხან აქედან გაწუწავდა მაიზერს, ხან იქედან. მაიზერი იდგა ნავში, პერანგი მოეღეღა, წვერი მკერდზე სცემდა, თავზე, ჩალის დიდი ქუდი ეხურა და ფეხშიშველს, შარვალი მუხლებამდე დაეკაპიწებინა. ნავის ცხვირში საცოდავად იყო შეყუჟული მურია და ვერ ცნობდა თავის სიმშვიდით განთქმულ პატრონს, რომელსაც კუნძულის თბილ საღამოობით მიწაზე გულაღმა წამოწოლა  და ყალიონის გაბოლება უყვარდა. ვარსკვლავებისა და მთვარის ცქერა და შემწვარი გოგრი მარცვლის ტკაცატკუცი. რამ გადაგრია ჩემო მაიზერ?
სანაპიროზე, ხის ძველ მისადგომს, დაბნელებულზე მიაღწია, მისადგომის თავთან დაკიდებულ ნავთის ლამფას, რომელიც უხეიროდ ასრულებდა შუქურის როლს , ხელი წამოავლო და იქვე წყალში ჩაშენებულ ქოხში შევიდა.
ქოხის ბინადარი შეთე, რომელიც ნავების საპატრონოდ იყო დაქირავებული, მოულოდნელ სტუმარს მიეგება და როცა იცნო წამოიძახა: „ - რამ გადაგრია ჩემო მაიზერ?“
„-უცნაური ამბავი მეწია ჩემო შეთე, ერთ ნაბიჯში და ოც სეკუნდში გადავრჩი მეხის დარტყმას..“ - შეთეს ეს ამბავი, პალიასტომის შუაღამით გადმოცურვაზე მეტად არ გაჰკვირვებია, თან ასეთ ყიამყრალში. „ - მობძანდი, მობძანდი.. კიდომ კაი, რომ არ დამხრჩვალხარ.“მაიზერს გაეცინა: „-მაგაშია საქმე ჩამო შეთე, ახლა ლაითურში მივდივარ და ჩემი სამოსახლო უნდა გავყიდო. ეს ნავი გაატანე კაცებს და დადონ გულაღმა ნაქოხართან. მტკიცე ნავია, სამი სანავეს მასალაა დახარჯული. წელიწადში თუ ისევ დავბრუნდი, ხომ კარგი და თუ არადა, გადაეცი მეთეევზეებს და იარონ ამ ნავით.“ შეთე გაოცებული შეჰყურებდა მაიზერს. შეთემ რაღაც უცნაური დაინახა, მაგრამ ბოლომდე ვერ გარკვეულიყო. გარეთ წვიმდა, საათი წიკწიკებდა, მენავე ძაღლითა და ფარნით, ნავების დარაჯს ნავს გადასცემდა და რა იყო ამაში უცნაური? უცნაური ის იყო რომ ეს ყველაფერი შუაღამით, წვიმაში და ყიამყრალში ხდებოდა? არაა, შეთეს ეს მრავალჯერ გადახდენია. აბა რა იყო უცნაური? ჰო, ეს ჩალის სამზეური ქუდი თავზე, მაინდამაინც მოსახერხებელი არაა ამ წვიმაში, მაგრამ როცა კაცს თავზე ცა ჩამოასკდება, რაც მოგხვდება ხელში იმას დაიხურავს. და მიხვდა შეთე, უცნაური მაიზერის თვალები იყო, აკვასკვასებული და ფართოდ გახელილი. „-გაგიჟებულა ეს კაცი..“-გაიფიქრა შეთემ, მაგრამ საშიშია, ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას კაცი და თან ისიც გიჟი, ამ ამბავზე დააფიქრო. რამდენი ცნობისმოყვარე წაუღია წყალს ჩემო შეთე?
შეთემ კეთილი მგზავრობა უსურვა და მაიზერიც გზას დაადგა. გზას ვამბობ, თორემ რა გზა ეს არის? მიდის და მიჭყაპუნობს ლაითურში. მურია უკან მისდევს და იკარგებიან ნელ-ნელა ჩვენი თვალსაწიერიდან.
“- მაინცდამაინც უნდა დაბრამვდე კაცი, რომ თვალი აგეხილოს და ისტორია დაწერო?.. „ - საკანში მობორიალე მაიზერს ადამისდროინდელი წვერიანი ბერიკაცი გაახსენდა და ნარზე გულაღმა წამოწვა. „-ზოგს ბედი აქვს, ისტორიას ფეხდაფეხ მისდევს და ხან იმ გემის ბნელ ტრიუმში ჩამოკიდებულ ჰამაკში სძინავს, რომლის გემბანზე სადააცაა გაისმება იღბლიანი მეზღვაურის ყიჟინი: „-მიწა“, და ამერიკას აღმოაჩენენ. ზოგი კიდევ ჩირს ჰყიდის, იერუსალიმის მზისგან გახურებულ ქვაფენილზე, სადააცაა ქრისტემ რომ უნდა ჩამოიაროს ჯვრითა და ეკლიანი გვირგვინით. მე კიდევ ამ ქვეყანაში დავიბადე, სადაც ყველა მეორე რევალუციონერია, თუმცა კი რევალუცია არ ხდება, ან ხდება და მე ამ დროს სადღაც გადაკარგულში ნარზე ვწევარ, ამ ორომტრიალისგან შორს. „
მაიზერი თავიდან იმ კაცს ჰგავდა, თავისი ფიქრები სიმართლე რომ ჰგონიათ ხოლმე. კუნძულმა იცის ასე, მითუმეტეს თუ ამ კუნძულზე ერთადერთი ხარ. და როცა კუნძულზე ერთადერთი ხარ, ერთადერთი რჩეულიც შენა ხარ, ერთადერთი გმირიც და ერთადერთი მართალიც. თუმცა გზა ბევრ რამეს გასწავლის კაცს და მაიზერიც, რომელსაც აგერ უკვე ხელხმრავალ სადგურთან ვხედავთ თეთრ პერანგში გამოწყობილსა და ცოტათი მოუხეშავს, შეცვლილიყო. მას სურდა, ხალხისთვის ამბები მოეყოლა. თუმცა კუნძულისგან განსხვავებით, თბილისი დუღდა. ხალხს ამბების სმენისთვის არ ეცალა, ხალხს არც იმისთვის ეცალა, დალოდებოდა ქუჩაზე მოგრიალე ავტომობილებს და ხანდახან ბორბლებში უვარდებოდა. ეს ყველაფერი რომ მაიზერს საკუთარი თვალით დაენახა, ცოტათი კი შეეჭვდებოდა საკუთარ რჩეულობაში და ჩვენი ისტორიაც სხვა გზით წავიდოდა, მაგრამ რასაც მაიზერი ხედავდა, ის კიდევ უფრო აღვივებდა მასში გამეფებულ სურვილს - მოეგროვებინა ხალხი და მოეყოლა მისი ამბავი.
საკანში დაფიქრებულს, გზადაგზა ახსენდებოდა უზარმაზარი ტრამალებისა და უდაბნოების, დაუსრულებელი ლიანდაგების შესახებ, რომლებიც კი ოდესმე წაუკითხავს და წარმოუდგენია. მიდიხარ კაცი და ცხოვრება დაილევა, შენ კი გზა არ დაგელევა. მაგრამ აქ, ამ პატარა ქვეყანაში გაიგუდება ადამიანი, მითუმეტეს, დიდი გაქანების ადამიანი. აქ მოტრიალდები და საზღვრის აბრა ცხვირში მოგხვდება კაცს. გაჭედილია კაცი ამ პატარა მოცემულობაში და დასტირის თავის უბედურებას. მაიზერისთვის საკანი ოდნავ გადიდდა კიდევაც, იმის წარმოდგენის შემდეგ თუ რა პატარა, ციცქნა ქვეყნის შვილი იყო. კაცი უზარმაზრი და ვეებერთელა.
„- ბაზარი..“ - გაიფიქრა მაიზერმა. თუ ხალხის მოგროვებაზე დროის დახარჯვა არ გინდა, ბაზარში უნდა წახვიდე. ბაზარში ბევრნაირი ხალხი ტრიალებს და თან, ბაზარი ქაოსია, უწესრიგობაა. თუ რამის დალაგება გინდა კაცს, ბაზრით უნდა დაიწყო. ვინც ბაზარს ვერ დაალაგებს, იმას ქვეყნის დალაგება სად შეუძლია? მურიაც კუდამოძუებული შეჰყვა მაიზერს ბაზარში. ჩურჩხელების, ხილ-ბოსტნეულისა და სანელებლების რიგს მიუყვებოდა მაიზერი. აქეთ-იქიდან ხან ვინ გაჰკრავდა მხარს და ხან ვინ. აგეთ, კაცი თეთრებში, დიდი კალათით. იქით გაცხარებული ქალბატონი შავებში, პატარა საფულით. მთვრალი ახალგაზრდები და ფხიზელი უსაქმურები. ყველანი აქ იყვნენ: პროფესორები, მეწაღეები, მევახშეები, ვაჭრები, ობლები და ქვრივები, მუშები და მათხოვრები, გლეხები და სტუდენტები.
„-რა უნდა ამ ხალხს? რისი გაგონება უნდა?“- იმის გარკვევა უფრო ადვილი იყო, რატომ მას არ დაეცა მეხი, ვიდრე იმის, თუ რა უნდოდა ამ ხალხს. მაგრამ ყველაზე ძნელი გამოსაცნობი მაინც ის იყო, საკუთრივ მაიზერს რა ამოძრავებდა, მეხს გადარჩენილ, სახლ გაყიდულ და გზაზე დამდგარ კაცს, რომელსაც პირველმა ელდამ გაუარა და ისეთი ცხენივით დასეირნობს დახლებში, რომელსაც აღვირი პირზე შერჩენია, იმის ნიშნად რომ მისი პატრონიც სადმე ახლომახლო ტრიალებს. ხალხს არაფრით ეუცხოვებოდა მაიზერი, თვითონ კი იცოდა ეს ამბავი, მაგრამ მაინცდამაინც არ უნდოდა დაეჯერებინა. ერთდროულად, საკუთარ თავს უჯავრდებოდა და თან უჭირდა გამოტყდომა, რომ ამხელა გზა, ცხელ გულზე გამოიარა. „-მაინც სად მოვყიალებდი, რა ჯანდაბა მინდოდა? რა მეგონა? შემოვხტები აგერ, იმ მჟავე კიტრით სავსე კასრზე და ხალხი მუხლებზე დაეცემა ჩემი დანახვით? გეთალა ნავები, სად მორბოდი. რჩეული კი არა უტვინო ვარ... მაგრამ..“
უცებ გზად კატა გამოტყვრა და მურია აიდევნა. მაიზერი არ დაინტერესებულა თავიდან ამ ამბით, მაგრამ როცა მურია დახლებზე ახტა და სცადა ბაზრის ჟანგიან სახურავებზე გასდევნებოდა კატას, როგორც ჩანს ტრამპლინად სანელებლების დახლის გამოყენება მოინდომა. მეპატრონემ, შენიშნა რა, რომ მურია მაიზერს მოჰყვებოდა, მაიზერს უზარმაზარი კეტი გადაუჭირა. ამით კიდევ ერთხელ განამტკიცა მისი გამორჩეულობის განცდა, მაგრამ მაიზერის ზურგი მწვანე მოლის გარდა, სხვა მოუხეშავ სხეულებს ვერ შესჩვეოდა და მაიზერის თავმოყვარეობაც, ვერ იყო ქალაქის ორომტრიალისთვის საკმარისად გამზადებული. აფეთქდა მაიზერი და ყელში სწვდა კაცს. კაცმა პოლიციას უხმო. მესანელებლისთვის სამართალმა დაიგვიანა, რადგან ცოტა მოსუქებულ პოლიციელს როგორც ჩანს ვერ დაეძლია ბრბოთი გაჟღენთილი ბაზარი და როცა ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა, მაიზერი უკვე შეეკრათ ვაჭრებს. დიდი ჯაფა დასდგომოდათ, რადგან მენავე ჯანიანი იყო და შიგადაშიგ ისეთ რამეებს გაჰყვიროდა, გიჟი ეგონათ. როგორც ერთი ჰყვებოდა, უკანასკნელ მომენტში, მაიზერს ღვინით სავსე კასრი მოუპირქვავებია და ზედ შემოხტომას აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა. პოლიციელმა საბუთების გასინჯვაზე დრო აღარ დაჰკარგა, რადგან ირგვლივ ისე იყო ყველაფერი მოპირქვავებული და ყველა გაცოფებული, სანამ დრო იყო, უნდა გაეყვანა მაიზერი, თორემ მერე მისი წაყვანა უკვე გაჭირდებოდა.
„- კიდევ კარგი ... კიდევ კარგი..“ - ულვაშებში ჩაეღიმა მაიზერს. საკნის პატარა კომოდი გამოაღო და ყავა ჭიქაში ჩაყარა. „ -მურია რომ არ წამომეყვანა შეიძლებოდა სხვა გზით წავსულიყავი და სხვა საქმე მეკეთებინა... ?“ ცხელი ყავა მოსვა და ფეხი გამართა.“ ისტორიის წერას, ჩემი ამბავი ხომ არ დამეწერა? მაგრამ , რა დიდი ამბავიც ეგ არის? ძაღლმა გამაბითურა. გამაბითურა თუ გადამარჩინა? მეხისგან ალბათ გადამარჩინა, მაგრამ კეტით გადამიხადა და თვითონ სადღაც გაიძურწა? მე კი არა მურიამ უნდა დაწეროს ჩემი ისტორია, თუ სცალია ახლა და თუ არ დაბღლარძუნობს განათლებულ ძუკნებში. ნავი კი კარგი გამოვიდა? კარგი შეკრული ნავია, მაგრამ მძიმეა და ერთი კაცისთვის დიდი ტვირთია. კარგი ნავი თუ გინდა გამოვიდეს, ჩემო იმანო, ნავი ფართო და მსუბუქი უნდა იყოს, წყალზე კარგად უნდა იდგეს და ცხვირში დამდგარ კაცს, გადაბრუნების შიში არ უნდა ჰქონდეს. ნიჩაბს რომ მოუსვამ, კარგად უნდა მოგყვებოდეს და პატარა ტალღების შიში არ უნდა ჰქონდეს. აი დიდი ტალღებისთვის ნავი არ ვარგა. დიდი ტალღებისთვის გემია კარგი. კარგი გემი უკვე დიდი ქონებაა. კარგი გემი და დიდი ქონება, დიდი თავგადასავალია. გემი უნდა ავაგო!“

მართლაცდა რა უნდა კაცს? რა არ ასვენებს? იქნებ ჰგონია რომ წლები უქმად დაკარგა? მაშ, რა უნდა ეკეთებინა მენავე მაიზერს, გარდა იმისა, რომ ეცადა, ერთხელ მაინც ყოფილიყო იმაზე მეტი, რაც გახლდათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები