ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2020


მინიმალისტურები

ჩემი დის სიცოცხლე
რამდენიმე წამალი ღირდა
და დედაჩემმა გაიშვირა მშრალ ხიდთან ხელი,
მე მაშინ მივხვდი,
ჩემნაირ მკვდრებსაც,
რომ შეძლებიათ სამყაროს ზიზღი.

***
ერთხელ როდესაც სიჭაბუკეში შემოვაბიჯე,
ჩემმა მხრებმა ყველა იმედი ძირს დაიბერტყა
და ჩემს უფროს დას,
ამოვაცალე მკერდიდან გული.

***
მე აღსარებას ვაბარებ ლექსებს,
რადგან მსურს ცოდვა ხალხმა შემინდოს.

***
პოეტის დედას ღვთისმშობელთან  ბევრი აქვს საერთო
- ერთი ისაა, რომ ორივემ იგრძნო დედობა,
ხოლო მეორე
- წამებაა მათი შვილების.

***
და სარეცელთან როცა ცრემლი უნდა მეღვარა,
მე არ მეცალა, რადგან ყოველთვის სხვაგან ვიყავი.
ხან ვსვამდი ღვინოს,
ხან მეძავების სპეტაკ სულებს ვაბინძურებდი.

***
მე ყველა დოგმა დავამსხვრიე
და 3 ჯერ 7 , ოცდაშვიდია,
ასე ცხოვრება
გაცილებით უფრო მშვიდია.

***
წერა რა არის?
მეცინება ნიჭი ჰგონიათ...
სინამდვილეში შოლტის დარტყმაა
იესოს ზურგზე.

***
აი ის კლოუნი, მხიარული რომ ჰგონია ყველას,
სპექტაკლის მერე აღებული რაღაც გროშებით,
ყიდულობს არაყს და ქირას იხდის არსებობისთვის.

***
ის სიყვარული, რომელსაც მთელი სამყარო ეტრფის ,
ერთი უნიჭოდ გადაღებული ფილმის ბოლოა.

***
რასაც კითხულობ, იმან სული თუ არ გიმღვრია,
ჯობს, არასოდეს წაიკითხო ჩემი ლექსები.

***
სპეციალურად ვრევდი ხოლმე მე ჩემს ცხოვრებას,
რადგან მინდოდა, ცივ სხეულში,
მდუღარე სისხლის ჩქროლება მეგრძნო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები