ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2020


თიბათვე


მოსაყოლის მეტი რა არის,
შენ ის თქვი,
საქმეს რამდენად გაართმევ თავს.
აბა, მე ქალი ვარ?!
კიბეს როგორ უნდა მივათრევდე
ბლის ხესთან,
როცა, წლების წინ, კატასავის წუთში კენწეროზე მოვექცეოდი.
ჰეი, ირა!
არც ისე ცოტა გამოდგა შენი ოცდათხუთმეტი წელი,
ოცდათხუთმეტი ნაბიჯიც
კი არ გადაგიდგამს ტირილის გარეშე.
რა მატირებდა?
ყველაფერი რომ გაქვს და
მაინც გამოფშვნილ ტაროსავით ხარ,
აი, ვინმესთვის ძველი მესერივით შესაღები, რომ ხარ,
ან - გაფცქვნილი კვერცხივით სრიალა.
ვერ გამოვდექი ექთნად, ვერ ვუმკურნალე თავს.
არ იყო ჩემი საქმე წამლებით სირბილი.

თიბათვეა, გავხედავ ეზოს,
ფოთოლიც არ გდია,
არც მზე მწვავს, როგორც უწინ.
ზედა სართულიდან ჩამოცვენილა ფერადი სარჭები.
არცერთს პატრონი არ ჰყავს.
ლუკმის მომლოდინე,
ჩუმისაგან გაქუცული თხელი ძაღლი მიმზერს,
ოღონდ გადარჩეს და პურსაც არ შეგიჭამს.
მარტო მე ვამჩნევ დედამიწის უსუსურობას?!
დილით თუ პირი გიღიმის,
საღამოს ჩიავდები, ეს დღეც გამოგონილია.
მცირე წარსულზეც ატირდები.
განა ჭიდან წყლიან სათლს გარახუნების გარეშე ამოიტან.

შეხედე, ჩემო სისხლო,
ასე გამალებით რომ ადიხარ და ჩადიხარ
თავსა და ტერფებს შორის!
შენში ჩახარშული ყველა ნერვი უვარგისია,
ჩავალ ხიდან ასე მოცახცახე,
ჩემი დასაღუპი პალოც მოჭრილია.
ღმერთს მხოლოდ ერთ რამეში ვადანაშაულებ:
რად არ გამაჩინა კაცად?
იქნებ მეტად გამძლე ვყოფილიყავი.
ხე ნუ გამიხმება და ამასაც გავუძლებ,
- აჰა, მიირთვით ბალი,
დასვრილი ხელებით, მაგრამ სუფთა გულით ნაბოძები!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები