ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 ივნისი, 2020


ი. ბროდსკის ერთი ლექსის შესახებ

ნინო დარბაისელი სტრონი

იოსებ ბროდსკი “დარჩი ოთახში”
(მესიჯი ნინო დათუკიშვილს)

ნინო მოგესალმები,
ხვალ დილით, ათის ნახევარზე ამერიკული დროით, თბილისურად კი საღამოს შვიდის ნახევარზე,  შენი წყალობით,  ქართველ რადიომსმენელს ბროდსკიზე უნდა ვესაუბრო,  სულ რაღაც ათი წუთით,  ჩემთვის ეს ისეთი ცოტაა, ისეთი ცოტა! - თითქოს ამისმაგვარი:
          ,,მოგესალმებით, მე ვარ ნინო დარბაისელი სტრონი, მე ბროდსკი მიყვარს, მჯერა,  თქვენც ასევე, მომავალ შეხვედრამდე!”, არადა,  ჩვენ ხომ იმ თაობას ვეკუთვნით, ვისაც მასზე საუბარში, ჩურჩულში მთელი  საღამოები გაგვიტარებია, ხელიდან ხელში გადაგვიცია მისი ლექსები, რომელიც ხელნაწერებით ვრცელდებოდა მხოლოდ ‘განდობილთა’ შორის… პრინციპში, რაღაცის მოხერხება შეიძლება, თუ მართლა მარტო იმ ლექსზე ვისაუბრებ, რომელიც ბოლო დროს ძალზე პოპულარულია რუსეთშიც, ამერიკაშიც და უთუოდ ამის გამო,  ჩემმა თარგმანმაც, რომელიც ადრე ალბათ შეუმჩნევლად ჩაივლიდა, ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა და მიხარია, რომ ეს თარგმანი  “დარჩი ოთახში” შენც მოგწონებია. შენს გემოვნებას კი, როგორც იტყვიან, შემიძლია, თვალდახუჭული ვენდო. ისე კი, ამთავითვე მაინც უნდა ვთქვათ, რომ  ეს  ლექსი თავად ბროდსკის არ მიაჩნდა თავის მნიშვნელოვან ქმნილებად,  1970 წლით დათარიღებული კია, მაგრამ მგონი, თითქმის ოცი წელი  წიგნშიც არსად შეუტანია. ფრთხილი ეჭვიც კი მინდა გაგიზიარო, რომ გაცილებით გვიანდელი უნდა იყოს, ოღონდ ეგ თარიღი უზის. ასე ხომ არცთუ იშვიათად მოქცეულან სხვა პოეტებიც. ისეთი დისტანციიდან ჩანს დანახული ლექსში ასახული სიტუაცია, ისეთი სახასიათო პლასტები გამოსჭვივის მასში, რომ რემინისცენციის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, თუმცა ეს ტექსტოლოგებმა არკვიონ!

აქ დაგიდებ ჩემს თარგმანს ორიგინალთან ერთად:

იოსებ ბროდსკი

***
დარჩი ოთახში, არ მოტყუვდე, რა გინდა გარეთ.
მზეს რას დაეძებ, თუ აბოლებ “შიპკა”- სიგარეტს.
კარს იქით ყოფა უაზროა, შვების თარეში,
სულ წამით  გადი, თუ დაგჭირდა საპირფარეშო.

დარჩი ოთახში, ნუ იძახებ, შეეშვი მოტორს,
სივრცე მოიცავს მრიცხველამდე ამ ერთ კორიდორს.
და შენმა ფურმა თუ მთქნარებით თავი შემოყო,
ისე გააგდე, ტანზე გახდაც კი არ დაუწყო.

დარჩი ოთახში, თითქოს ქარმა ჭვალი შეგასო,
რა არის  ქვეყნად სკამ-კედელზე საინტერესო.
რად გინდა გასვლა, ღამით მაინც აქ დაბრუნდები.
ისევ ისეთი,  ტანჯვით უფრო განამრუდები.

დარჩი ოთახში.  ბოსანოვას ცეკვა გიშველის.
პალტოს ქვეშ ტიტველს ფეხიც ჰქონდეს ტუფლში შიშველი.
წინკარში საცხის და კომბოსტოს მძიმე სუნია.
იმდენი წერე, ერთი ასოც მეტობს სრულიად.

დარჩი ოთახში. დე,  ოთახმა იცოდეს მარტო,
რას ჰგავხარ ახლა. საერთოდაც, ეს ინკოგნიტო
ერგო სუმია. სუბსტანცია გულს რაღად ერჩის.
დარჩი ოთახში. ჩაი გარეთ  - სვან საფრანგეთში.

ნუ ისულელებ.  რაც ხარ,  დარჩი. სხვა ფუჭად შვრება.
დარჩი ოთახში, ანუ ავეჯს მიეცი შვება.
შებარიკადდი შკაფს უკან, შპალერს ზედ მიესუსე,
დაუსხლტი  კრონოსს, კოსმოსს, ეროსს,  რასას, ვირუსებს!

(თარგმანი ნინო დარბაისელი სტრონისა)

Иосиф Бродский

***
Не выходи из комнаты, не совершай ошибку...
- - -

Не выходи из комнаты, не совершай ошибку.
Зачем тебе Солнце, если ты куришь Шипку?
За дверью бессмысленно всё, особенно — возглас счастья.
Только в уборную — и сразу же возвращайся.

О, не выходи из комнаты, не вызывай мотора.
Потому что пространство сделано из коридора
и кончается счётчиком. А если войдёт живая
милка, пасть разевая, выгони не раздевая.

Не выходи из комнаты; считай, что тебя продуло.
Что интересней на свете стены и стула?
Зачем выходить оттуда, куда вернёшься вечером
таким же, каким ты был, тем более — изувеченным?

О, не выходи из комнаты. Танцуй, поймав, боссанову
в пальто на голое тело, в туфлях на босу ногу.
В прихожей пахнет капустой и мазью лыжной.
Ты написал много букв; ещё одна будет лишней.

Не выходи из комнаты. О, пускай только комната
догадывается, как ты выглядишь. И вообще инкогнито
эрго сум, как заметила форме в сердцах субстанция.
Не выходи из комнаты! На улице, чай, не Франция.

Не будь дураком! Будь тем, чем другие не были.
Не выходи из комнаты! То есть дай волю мебели,
слейся лицом с обоями. Запрись и забаррикадируйся
шкафом от хроноса, космоса, эроса, расы, вируса.

***
      არ მეძინება. ეტყობა, ვღელავ და კლავიატურაზე კაკუნით მინდა,  გავიყვანო დრო დილამდე.
საოცრად ნელა კი გადის.  იქნებ უკეთესიცაა, წერა-წერაში უფრო ჩამოვყალიბდები სახვალიოდ. თუნდაც ამ ერთ ლექსზე იმდენია სათქმელი, იმდენი ამოუხსნელი მომენტია მასში.  შეიძლება ითქვას, რომ მისი ათასნაირი  ანალიზი არსებობს გამოქვეყნების დროიდან,  არც ისე დიდი ხნის წინათ  რუსეთში “ძლიერი ტექსტების” პროექტის ფარგლებში მისი საჯარო განხილვაც კი  იყო. დევს მასალები ინტერნეტში. თუ ვინმე სერიოზული ლიტმცოდნისა თუ პოეტის  სახელი გსმენია, თითქმის ყველა მონაწილეობდა მასში. ცხადია, ამ მასალებს გულდასმით გავეცნობოდი, ვიდრე სათარგმნელად ხელს მოვკიდებდი. განა ყველა მთარგმნელი ასე არ მოიქცეოდა?
      საკუთარი ლექსის ანალიზი არაერთხელ დამიწერია, სხვისიც - მრავალჯერ, მაგრამ ახლა ვატყობ, რაღაც იქითკენ მიმირბის ფიქრი, რომ რამე ასეთი დავწერო - ბროდსკის ლექსის ანალიზი ჩემი თარგმანითურთ, ანუ საუბრისას ბროდსკის ლექსის პარალელურად შესაბამისი მომენტის ჩემეული თარგმანიც დავდო... ცოტა არ იყოს, შემეშინდა ახლა: როგორც მთარგმნელი, ჰარაკირს ხომ არ ვიტარებ?  თუმცა რა უჭირს, ბროდსკიზე მე კი არა, ჩემზე დიდად აღმატებულმა არაერთმა ქართველმა მთარგმნელმა წაიტეხა კისერი, თუმცა კარგი თარგმანებიც არსებობს, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და ვიღაც აუცილებლად გამომრჩებოდა.  ვიდრე შემეკითხებოდე,  თავად გეტყვი, რომ ყველაზე მეტად  ბროდსკის ბათუ დანელიასეული  თარგმანები  მიმაჩნია ღირებულად. ალბათ ყველა დამეთანხმება, ვინც ამ სფეროში ჩახედულია.
  ვწერ და ვატყობ, რაღაც ჩართვა-ამორთვები მაქვს. ხან შენ გესაუბრები, ხან - საკუთარ თავს.  გუშინ, გადაცემის გეგმაზე შენთან  საუბრისას გამახსენდა, როგორ გვქონდა ბროდსკიზე ფიქრის  დროს ერთმანეთში არეული მითი და სინამდვილე და მხოლოდ მრავალი წლის წინ, როცა ხელი მიმიწვდა მისი შემოქმედებისა და ცხოვრების რეალურ ტექსტებზე,  რაღაც გულგატეხილობასავით დამეუფლა, რომ ამდენი მითი მომიკვდა. გახსოვს? -  გაგონილი გვქონდა, რომ ერთ ღამეს ბროდსკი ჩუმად ჩამოვიდა საქართველოში და ოთარ ჭილაძეთან მივიდა, ასევე, რომ მისი შეყვარებული ჩვენთან, თბილისში,  გერმანულ სკოლაში რუსულს ასწავლიდა, რომ ემიგრაციაში წაყვანა უნდოდა და არ გაატანეს. ვგულისხმობ პოეტ დალი ცაავას, რომელთანაც ბროდსკის წრფელი მეგობრობა აკავშირებდა და რომლის მოგონებებიც გვიან გამოქვეყნდა იმის შესახებ, როგორ მსჯელობდნენ ერთად  გალაკტიონის “მერის” ბელა ახმადულინასეულ თარგმანზე  და როგორ ცდილობდა ბროდსკი, ეთარგმნა ,,ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა “ და როგორ აღიარა,  რომ მთელი ღამე გაათენა და პროგრესს ვერ მიაღწია პირველი სტრიქონის მერე.
      რაღაცით ერთმანეთს მაგონებს ამ ორი პოეტის ყრმობის თავგადასავალი. ბროდსკიც გალაკტიონივით ცუდი მოწაფე იყო სკოლაში, გალაკტიონივით ისიც კლასში ჩარჩა და ის სასწავლებელი მიატოვა. მასაც გალაკტიონივით უნდოდა, კარგი  განათლება მიეღო, სულ დამოუკიდებლად მეცადინეობდა, ინგლისური და პოლონური - ლამის დამოუკიდებლად ისწავლა, თავისუფალ მსმენელადაც დადიოდა საინტერესო ლექციებზე,  საბოლოოდ ნობელიანტმა და არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა სამშობლოში რვა კლასის ატესტატიც კი ვერ აიღო, მერე ჩვენ რომ ღამის სკოლას  ვეძახდით, იქ გადავიდა, იარა-იარა და როგორც წერენ, ატესტატამდე ვერ მივიდა. გალაკტიონს კიდევ, ერთი რაღაც,  მოსკოვში გაგანია რევოლუციის დროს ჰქონდა გავლილი  ორთვიანი სარეჟისორო კურსები და საბუთების შევსებისას ზოგჯერ “პროფესია - რეჟისორიო” წერდა.
        ცხადია,  გული დამწყდებოდა, რომ გავიგებდი, გალაკტიონის თარგმნა სცადა ბროდსკიმ და არ გამოუვიდაო, მაგრამ იცი,  რა? ახლა უცნაურ რაღაცას გეტყვი, რუსული თარგმანები გალაკტიონს ასე თუ ისე, არ აკლდა, ინგლისური თარგმანების სიმწირე კი ხელს უშლიდა ფართო ასპარეზზე  გასვლაში.  მოხდა ასეთი რამ, გია ჯოხაძე ბროდსკზე მუშაობისას  დაუკავშირდა თავისთვის უცნობ, სინამდვილეში კი  ცნობილ ამერიკელ პოეტს, დრამატურგსა და მთარგმნელს ლინ  კოფინს, - ადრე, ამერიკაში ახლად ჩამოსული ბროდსკის მდივან-ასისტენტს, რომელსაც მანამდე საქართველოს  არსებობა, მგონი,  არც კი გაეგონა. გიამ ისე გააცნო და შეაყვარა ქართული ლიტერატურა, რომ ლინმა არა მხოლოდ გალაკტიონი, არამედ  რუსთაველი, ბარათაშვილი და უამრავი სხვა პოეტი და პროზაიკოსი თარგმნა  და თარგმნის.
      სხვათა შორის ლინს, რომელიც ქართულსაც ეუფლება, აქ ამერიკაში გამოცემულ აქვს წიგნი ,,იოსებ ბროდსკი- იოსებ ბროდსკია”, მგონი, ამ წიგნის ფრაგმენტები ქართულადაც ითარგმნა.
ეჰ,  ღობე-ყორეს მივედ-მოვედები ახლა მე,  კონკრეტულად კი ერთ ლექსზე მსურდა მელაპარაკა,  ამიტომ მოდი,  პირდაპირ საქმეზე გადავალ. ლექსი, შენც იცი,  დიდი არაა, დიდ აზრთა სხვადასხვაობას კი იწვევს.
იმაზეც კი  არ არიან მკვლევარები საბოლოოდ შეთანხმებული, თუ ვინაა ადრესატი, ვის მიმართავს  ავტორი მრავალგზისი,  იმპერატიული დაჟინებით, “ოთახში დარჩიო”. ზოგი აზრის თანახმად,  აქ ზოგადად საბჭოელი ადამიანი იგულისხმება, ადამიანი, რომელიც ჩაკეტილ სივრცეშია მოქცეული და არავითარი სხვა გამოსავალი არა აქვს. მეც გავიზიარებდი ამ თვალსაზრისს,  რომ არა ერთი მნიშვნელოვანი  გარემოება. იმპერატიული, ბრძანებითი კილოთი გაჯერებულ ამ ტექსტში აშკარად ჩანს, რომ მიმართვის ობიექტს არჩევანის საშუალება  აქვს, მას შეუძლია, არა მხოლდ კომუნალური ბინის კორიდორში გავიდეს, არამედ ტაქსიც კი  გამოიძახოს, კარს მომდგარი ქალიც - მილკაც  შეუშვას ან არ  შეუშვას თავის ოთახში.  ეს მაფიქრებინებს,  რომ ავტორი არა ვინმე სხვას, არამედ საკუთარ თავს უნდა მიმართავდეს.
      ჟანრობრივად მკვლევართა ერთ  ნაწილს ლექსი სატირულად მიაჩნია. თუ ჩემი პოზიცია მართებულია,  მაშინ ტექსტი წმინდად  სატირაში ვეღარ ჯდება და თვითირონიული გამოდის… თუმცა რატომ, გარემო, ანტურაჟი, ერთადერთი რეალური ადამიანი “ მილკა” მაინც სატირულად გამოსახული  გამოდის. “მილკა”- ჟარგონია, დიდძუძუებიან ქალს გულისხმობს, ჯიქნებიანი, მეწველი ძროხის  “ მილკას” მიმსავსებით,  დაახლოებით ისეა, ჩვენში  რომ იციან  “ ფაქიზოს” თქმა საყვარლად  ზანტ,  ძროხასავით  არსებაზე.
  რუსეთში    ამ ლექსის შესახებ გამართული  დისკუსიის დროს, სხვათა შორის, ერთმა გამომსვლელა თქვა, საინტერესოა, ვინმემ მისი თარგმნა რომ მოინდომოს, რას უზამს ამდენ გაუკვეველ მომენტს ლექსში, სიტყვა-სიტყვით რომ თარგმნოს, ხომ  უაზრობა გამოუვაო.  მე კი, როგორც კადნიერ არსებას,  მეჩვენება, რომ რაღაცეები ჩემი დისტანიიდან  უკეთაც კი  ჩანს. (კაცმა რომ თქვას, ამის ილუზია მაინც თუ არა გაქვს, რამეს სათარგმელად ხელს რომ ჰკიდებ,  რაღად უნდა გაისარჯო!)
      მკვლევართა ერთი ნაწილი ამ ლექსის  დროსა და სივრცის პრობლემებზე მსჯელობს და ამბობს, რომ  სამი სივრცეა წარმოდენილი:
ოთახი - საერთოკორიდორანი “კომუნალკა” და გარეთ.
      მე აქ, ფინალიდან  კოსმოსურ სივრცესაც დავამატებდი და ასევე მიკროკოსმოსს,  რომელიც ლექსის ფინალში ექსპლიცირებულია სიტყვით “ვირუსი”. ასე  არა სამი, არამედ ხუთი პარამეტრით წარმოდგენილი,  ყოვლისმომცველ სივრცე გამოდის. მათ თვალსაზრისში კი ჩემს  ყურადღებას უფრო “კომუნალკა”  - საბჭოთა  ყოფის მახასიათებელი გარემო იქცევს.
არ ვიცი, ამ ტიპის ბინები ან  რუსეთში ან საქართველოში კიდევ თუა შემორჩენილი და შესაბამისად, თანამედროვე პოსტსაბჭოელი  ან თუნდაც  ამერიკელი მკითხველის წარმოსახვა აქ  რამდენად მუშაობს, მე კი, მიუხედავად იმისა,  რომ ტექსტში სიტყვა “კომუნალკა” ნახსენები არაა, მიმაჩნა, რომ  კომუნალკა//კომუნიზმი  - ამგვარი ბგერწერული და კონტექსტუალური ბმა შორს არ უნდა იყოს ავტორისეული ჩანაფიქრიდან,  ანუ ოთახი —  შიდა, პრივატული, თუმცა  კეთილმოუწყობელი სივრცეა, მის გარეთა - საერთო-საზიარო  სივრცე  კი მრიცხველამდე მანძილსა და საერთო საჭირო ოთახს მოიცავს.
  გაგახსენებ,    ჩვენ  “კომუნალკის” ბავშვები ვართო, - ამბობს ერთგან ბროდსკი - და როდესაც ჩვენი მშობლები სიყვარულს ეძლეოდნენ, ჩვენ თავს ვიმძინარებდითო”.
წარმომიდგენია, რა ბედნიერი იყო  ბროდსკი,  როცა მისმა ოთხსულიანმა ოჯახმა 1955-ში “კომუნალკაში”  მიიღო ოთახნახევრიანი  ბინა, თანაც სად! იქ, სადაც რევოლუციამდე ზინაიდა გიპიუსი ცხოვრობდა. იმ დროს იგი უკვე წერდა და სულ ცოტა ხანში პირველად გამოაქვეყნებდა ლექსებს და მტკიცედ გადაწყვეტდა კიდეც  პოეტობას … აი,ასე, “გადაწყვეტდა”,  როგორც თვითონ წერს და არა ისე, ჩვენში  რომ გვარწმუნებენ,  პოეტად უნდა დაიბადოო. ცხადია, პოეტად იყო დაბადებული, მაგრამ საქმე  ისაა, პოეტად დაბადებული - პოეტად გაიზარდო. ეს ყოველთვის ისეთ დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, როგორიც ბროდსკიმ იტვირთა. დავწერე ეს სიტყვები და  მე თვითონვე  მწარედ გამეღიმა. იგი თხუთმეტი წლიდან  ფიზიკურად და გონებრივად, მართლაც დღე და ღამე შრომობდა და როცა დაიჭირეს და ციმბირში, არხანგელსკში  გადაასახლეს, თან იძულებითი  შრომა მიუსაჯეს, სასჯელის მიზეზად განაჩენში 1964 წელს,  არც მეტი არც ნაკლები, მუქთახორობა ანუ პარაზიტობა ჩაუწერეს.  არსებობდა ასეთი მუხლი საბჭოთა კანონმდებლობაში, ოთხი თვის უმუშევრობის გამო ციხეში უშვებდნენ ადამიანებს საძაგელი კომუნისტები. არადა, ოფიციალურ, შტატიან ლიტერატურულ სამსახურში პოეტს იმავე მიზეზით არ ღებულობდნენ, რა მიზეზითაც დაიჭირეს კიდეც სინამდვილეში - ეს მისი პოლიტიკური არასანდოობა იყო.
***
სიტყვა გამიგრძელდა  ლექსგარე ამბებზე, ახლა ლექსს მივყვები და შევეცდები, ჩემი ინტერპრეტაციები გაგიზიარო, მანამდე კი გეტყვი, რომ ჩემი ხედვით, ეს არის “კომუნალკა”/ კომუნიზმისგან თავის დაღწევის  მცდელობა,  გარე თუ არა, შინა ემიგრაციის გზით მაინც, მისგან გამიჯვნა.
პარადოქსული იცი, მაინც რა არის? საბჭოთა კავშირიდან გასაღწევად პოეტი  ადრული ასაკიდან რას არ აკეთებდა,  თვითმფრინავის გატაცებაც კი ჰქონდა დაგეგმილი მეგობრებთან ერთად და ბოლო მომენტში შეეშინდათ და გადაიფიქრეს, იმ ამბიდან თორმეტი წლის მერე კი ჯერ მოქალაქეობა გაუუქმეს, მერე ერთ თვეში  ძალით ჩასვეს თვითმფრინავში  და ვენაში გააფრინეს. იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ ბარგი წესიერად ჩალაგებინა, მეგობარი  ქალისა და შვილის წაყვანის ცდაც ჩაეშალა, არადა თავიდან საბჭოთა უშიშროება თითქოს თანახმაც იყო. თუმცა რა, ეს ხომ იგივე საიდუმლო სამსახური იყო, მანამდე,  ხუთი წლის წინ უფლება რომ არ მისცა, ახალშობილი ბიჭი ანდრეი სამშობიაროდან თავისი გვარით გამოეყვანა.
წარმოსახვები მომეძალა, ერთსაც ვიტყვი და ლექსზე გადავალ.
ვენაში, აეროპორტში, თვითმფრინავიდან მოსაცდელში რომ გავიდა, დამხვედრმა მეგობარმა ჰკითხა, რა გეგმები გაქვსო და მხრები აიჩეჩა, წარმოდგენა არა მაქვსო…
კმარა!

***
ლექსის დასაწყისი ორი სტრიქონი ასეთია:

Не выходи из комнаты, не совершай ошибку.
Зачем тебе Солнце, если ты куришь Шипку?

მე ასე ვთარგმნე:

დარჩი ოთახში, არ მოტყუვდე, რა გინდა გარეთ.
მზეს რას დაეძებ, თუ აბოლებ “ შიპკა”- სიგარეტს.

მართალი გითხრა,  შიბკა რომ სიგარეტი იყო, საიდანღაც კი მახსოვდა და მზესთან მისი დაპირისპირება  გავიგე, როგორც ირონია. თუმცა მოლიპულივით ფრთხილად მიყვარს სათარგმნ გზაზე სიარული და ჩემდა საბედნიეროდ, სხვაგვარი გაგებისთვის შანსი დამიტოვებია. საქმე ისაა, რომ, როგორც გვიან გავარკვიე, აქ ლაპარაკია არა მზისა და სიგარეტის დაპირისპირებაზე არამედ ორი ბულგარული  წარმოების თუთუნზე ,,სოლნცე” და “” შიპკა”. პირველი - უფრო დაბალი ხარისხისა ყოფილა და ძირთადად გაჭირვებულები, ჯარისკაცები და სტუდენტები ეწეოდნენ, მეორე - რომელსაც “ძმათა სასაფლაოსაც” უწოდებდნენ, ალბათ იმიტომ, რომ ბლენდი უამრავი უცნობი და  უსახელო მინარევისგან შედგებოდა,  შედარებით ძვირიანი და იმ დროსთვის ახალი გამოსული იყო.  შედარებით, თორემ ისიც კარგი ნაგავი ყოფილა, ოდნავ ძვირიანი.
აი, ამას  ეწეოდა მაშინ დღეში ორ კოლოფს. ცამეტი წლიდან რომ დაუწყია პოეტს სიგარეტის წევა, ხუთი  სტენოკარდიული შეტევისა და გულის ღია ოპერაციის მიუხედავად, ბოლომდე თავი არ დაუნებებია,  ნუ, ახლა, ამერიკაში რომ უკეთესი ხარისხისას მოწევდა, რად უნდა ლაპარაკი.
    ყველაფერი, რაც ამას  მოსდევს ტექსტში, ჩვენ  ოთახგარეთა, კომუნისტურ გარემოს დავუკავშიროთ და ჩემი აზრით,  ამ ძალიან საინტერესო მომენტზე დავფიქრდეთ: ბროდსკიმ რომ,  თავისი ებრაელობის მიუხედავად, ბრწყინვალედ იცოდა რუსული, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ხომ გახსოვს მისი სიტყვები, ენა კი არაა პოეტის ინსტრუმენტი,  თვითონ პოეტია  ინსტრუმენტი ენის ხელშიო,  ამ ლექსში თითქოს ორი აშკარად,  ენობრივად მოუწესრიგებელი მომენტია. ვნახოთ პირველი:

О, не выходи из комнаты. Танцуй, поймав, боссанову
в пальто на голое тело, в туфлях на босу ногу.

ჩემი თარგმანი:

დარჩი ოთახში.  ბოსანოვას ცეკვა გიშველის.
პალტოს ქვეშ ტიტველს ფეხიც ჰქონდეს ტუფლში შიშველი.

ერთი ინტერპრეტაციის თანახმად, რაკი ბოსანოვა ბრაზილიური ცეკვაა, აქ ავტორს საზღვარგარეთის, როგორც თავისუფალი სივრცის თემა აქვს გაღრმავებული, თავში ხომ სოციალისტური საზღვარგარეთის - ბულგარეთის მოტივი შემოიტანა შიბკა-სიგარტის გზით. იქნებ არც უამისობაა, მაგრამ ჩემი ინტერპრეტაცია ამ ხაზს ძნელად ერგება.
მე ვიაზრებ ბინარულ ოპოზიციას:
გარეთ (საერთო კორიდორიდან დაწყებული, ქუჩიან- ყველაფრიანად და შიგნით -ოთახი.
რა რჩება პოეტს შიგნით, მას შემდეგ, როცა მილკაც არ შემოუშვა და პრაქტიკულად, გააგდო?
რა ახასიათებს შინა სამყაროს? -  წარმოსახვა.  ვინაა ის წარმოსახული პარტნიორი, რომელთანაც ცეკვავს ლექსის გმირი?
ვის მოსავს შიშველ ტანზე  პალტო, ვინ არის ფეხშიშველი.
რატომ არის ეს წინადადება ასე ბუნდოვანი?
რა წარმოისახოს აქ მკითხველმა -  მარტოობაში მუსიკის ფონზე გალაღებული, ტიტველ ტანზე  ქალურად ჩაცმული თუ საკუთარ წარმოსახვასთან რეალობაში მარტო მოცეკვავე პოეტი?
იქნებ ეს  სულაც წარმოსახული  ცეკვაა საკუთარ წყვილისცალთან?
თუ ასეა, ვინაა იგი?
ბასა ნოვა - წყვილის ცეკვაა.
რატომ ,,პაიმავ ბასანოვუ’? ცეკვის  დროს შეიძლება დაიჭირო პარტნიორი, მაგრამ ‘ცეკვის დაჭერა’ ხომ აბსურდული სინტაგმაა?
ამაზე დაეჭვებამ მიმიყვანა აზრამდე, რომელსაც ახლა გაგიზიარებ.
ბროდსკი რომ ლექსის რიტმიკას  იმთავითვე დიდ ყურადღებას უთმობდა და  ბგერობრივ კავშირებს  სემანტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა, ეს ცნობილია. ხომ არ არის ამ სახის გასაღები სწორედ ტექსტსმიღმიერი  ბგერწერული ბმის შედეგი?
    აქ ისევ ბიოგრაფია მოვიშველიოთ. ბროდსკი სწორედ ისეთი კაცი იყო, რუსები “ ადნალიუბს” რომ უწოდებენ.    ქალები მართლა მუდამ თავს ეხვია და ძალიან აგდებულადაც  ექცეოდა, პირდაპირ ეუბნებოდა, მაგალითად, ამ ერთხელ მინდიხარო,  მთელი ცხოვრება თითქო სურდა, მთელს საქალეთზე ამოეყარა ჯავრი იმის გამო., რომ  ახალგახრდობისას მისმა ერთადერთმა სიყვარულმა, მუზამ,  მოგვიანებით მისი ერთადერთი ვაჟის დედამ საჯაროდ, თანაც არაერთხელ  უღალატა და თანაც ვისთან, სწორედ იმ უახლოეს მეგობართან, ვისაც ჩააბარა საპატრონოდ, როცა კაგებეს ემალებოდა. ხომ გახსოვს ამ მუზის სახელი? -  მხატვარი მარიანა ბასმანოვა. სტრიქონის ბოლოს, სარითმო სიტყვად გატანილი სიტყვა, ბრაზილიური ცეკვა-დუეტის სახელი “ბასანოვა” სწორედ “ბასმანოვასთანაა” ბგერობრივ ბმაში. ახლა ჩასვი ბასმანოვა ბასანოვას ადგილზე და  ახლიდან წაიკითხე ზემოთა ორი სტრიქონი. ვფიქრობ დამეთანხმები, რომ ყველაფერი ლაგდება - ორიგინალშიც და შესაბამისად - თარგმანშიც.
ეს ამბავი გადავაგორეთ, მაგრამ ახლა მოდის, რაც მოდის:

Не выходи из комнаты. О, пускай только комната
догадывается, как ты выглядишь. И вообще инкогнито
эрго сум, как заметила форме в сердцах субстанция.
Не выходи из комнаты! На улице, чай, не Франция.

დარჩი ოთახში. დე,  ოთახმა იცოდეს მარტო,
რას ჰგავხარ ახლა. საერთოდაც, ეს ინკოგნიტო
ერგო სუმია. სუბსტანცია გულს რაღად ერჩის.
დარჩი ოთახში. ჩაი გარეთ სვან საფრანგეთში.

ჯერ ბოლო სტრიქონი მოვილიოთ, მარტივად ვთქვათ, რომ აქ უკვე უცხოეთის მესამე ქვეყანა შემოდის, საფრანგეთი  - ბულგარეთისა და ბრაზილიის შემდგომ. მე აქ - ირონია უფრო მესმის.
“ეს ინკოგნიტო ერგო სუმია”-  ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ აქ არის პაროდია დეკარტის  ცნობილი გამონათქვამისა, “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” , მაგრამ ინკოგნიტოს ჩასმით ვღებულობთ  ენობრივად არასწორ, თუმცა მაინც ინტერპრეტირებად გამონათქვამს “უცნობი ვარ, ანუ ვარსებობ” ანუ თუ გინდა იარსებო, უცნობად უნდა დარჩე. ამაოდ შეეცდება ვინმე, ამას  მოდევნებული აბსურდული წინადადება სუბსტანციის შესახებ  - რაციონალზაციას დაუქვემდებაროს.  როგორც ჩანს, ავტორის ჩანაფიქრით, იგი ან  უნდა მიიღო,  როგორც აბსურდი ან როგორც სიმარტოვეში, საკუთარ  არსებაში ჩავლებული მომენტი,  გონებაში ჯერაც ჩამოუყალბებელი იდეის ვერბალიზებისა.
ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა  ბროდსკის  უყვარდა სიტყვა “ სუბსტანციის” ხშირი გამოყენება,  ყოველთვის პიროვნების შინაგან ბუნებაზე საუბრისას მოიხმობდა,
თუმცა რას გულსხმობდა მასში, ბოლომდე დაუდგენელია. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა აქ თვითპაროდირებას მიმართავდეს.
აი, ფინალამდც მივედით!
слейся лицом с обоями. Запрись и забаррикадируйся
шкафом от хроноса, космоса, эроса, расы, вируса.

ნუ ისულელებ.  რაც ხარ,  დარჩი. სხვა ფუჭად შვრება.
დარჩი ოთახში, ანუ ავეჯს მიეცი შვება.
შებარიკადდი შკაფს უკან, შპალერს ზედ მიესუსე,
დაუსხლტი  კრონოსს, კოსმოსს, ეროსს,  რასას, ვირუსებს!

რაღა დაგიმალო, და  ამ, ნამდვილ ვერსიას ხმამაღლა კარგად ვერ ვკითხულობ. 
“ შებარიკადდი” - ეს სიტყვა ქართულში არ არსებობს.  მე შევქმენი,  ორიგინალის ადეკვატი რომ გამომსვლოდა. თარგმანში  ბროდსკის  ხმა  ასე უფრო ისმის, მაგრამ  ქართულად, თან ლექსის ბოლოში მკთხველსთვის,  ცოტა არ იყოს, ძნელი  შესაგუებელია, ამიტომ  გავკადნიერდი და  ვიდეჩანაწერში  ადაპტირებული ვერსია წარმოვთქვი.
არც ზედ მიესუსეა - “ ჩვეულებრივი” ქართული, მაგრამ, ჩემი ფიქრით,  პოეზია იტანს ასეთ რამეებს.
სუსი - აქ ჩემთვის, მთარგმელისთვის ისე ჟღერს, როგორც საბჭოთა უშიშროების - კაგებეს ქართული  აბრევიატურა. ლექსის ბოლო ფრაზა  დღემდე აზრთა არანაკლები სხვადასხვაობის მიზეზია: დაუსხლტი კრონოსს, კოსმოსს, ეროსს,  რასას, ვირუსებს!
რა აკავშირებს ამ ჩამონათვალ  სიტყვებს,  გარდა ნომინატივისმიერ “სან” ბგერაზე  დასრულებისა? ქრონოსი - პირველღმერთი - დრო, კოსმოსი- წესრიგი, ეროსი - ეროტიკული  სიყვარულის ღმერთი, რასა - ის,საბაბი,  რის გამოც დიქტატორები ებრძოდნენ ებრაელებს, ვირუსი - მიკრო, უმცირესი, თვალით უხილავი,  მაგრამ მრავალთა მოწამლავი რამ, თვალით უხილავი საწამლავი.
ჩემი ფიქრით,  ეს არის მთელი მაკრო და მიკროკსმოსი, რომელიც პიროვნების შინაგან თავისუფლებას გარედან, ძალმომრეობითად  უპირსპირდება და თუმცა ლექსი ამით სრულდება,  ფიზიკური ტექსტიდან გასულ მკითხველს აუცილებლად ეუფლება გამოუვალობის ტრაგიკული თუ არა, სევდიანი განცდა მაინც,  იმის გამო, რომ,  როგორც  ჩვენი დიდი  პოეტი  იტყოდა, “ საშველი არ არის!”
***
    შენი მამამთილი და ჩემი დიდი მასწავლებელი ბატონი აკაკი გაწერელია აქ,  ბოლოში აუცილებლად შემნიშნავდა, რომ არაფერს ვამბობ სალექსო ფორმაზე, რიტმიკაზე, ევფონიაზე, რითმათა კონფიგურაციაზე და სავსებით მართალიც იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ცალკე, სერიოზული კვლევის თემაა, მე კი მღელვარე ღამის გასაყვანად გწერ ამ ვრცელ წერილს.
ამასობაში ჩემთან, ამერიკაში  ირიჟრაჟა კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთან, საქართველოში ბინდდება. კიდევ ორიოდე საათი და დიქტორი გამოაცხადებს რაღაცას,  ამგვარს -  დღეს იოსებ ბროდსკის  დაბადებიდან ოთხმოცი წელი შესრულდა. ამერიკიდან გვერთვება პოეტი ნინო დარბაისელი სტრონი,  რომელიც ისაუბრებს  იოსებ ბროდსკის ლექსზე ,,დარჩი ოთახში”!
მგონი, მზად ვარ!

24 მაისი, 2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები