ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯორდი
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2020


რექვიემი 5

  სახლი მენატრება, ცოლიც, შვილიც...-არადა აქ ყოფნა უფრო მინდა, აქ უფრო ლაღად ვსუნთქავ თითქოს. საქართველოზე არანაკლებად ნატანჯი ესპანეთი ვერ გახდა ჩემი სამშობლო, გასული რამდენიმე ათეული წლის მიუხედავად იქ მაინც უცხოდ ვგრძნობ თავს, უცხოდ ვგრძნობ მეთქი მაგრამ დროდადრო კი მენატრება. ფიქრებში გოთიკურ კვარტალში დავწანწალებ ისევ დილიდან, უაზროდ, უგზოუკვლოდ, ქვით მოკირწყლული ვიწრო ქუჩების ლაბირინთში. ქუჩები იმდენად ვიწროა, თუ მოინდომებ, ერთი აივნიდან მეორეზე გადააბიჯებს კაცი. ორივე მხარეს მასიური, ქვით ნაშენი სახლები მიუყვება, რომაული ბარსინოს რეკონსტრუირებული ნაშთები, შუა საუკუნეების დროინდელი ნაგებობები. დავაბიჯებ და გონებაში ცოცხლდებიან შუა საუკუნოვანი სურათები: მოქარგულ, კოჭებამდე კაბებში გამოწყობილი ტანკენარი ბანოვნები, მკლავზე კალათაგადაკიდებული მოსამსახურე გოგოები და ცხენზე ამხედრებული რაინდები ერთმანეთს რომ ესალმებიან ფართო ფარფლებიანი სომბრეროებით. თოხარიკით უქცევენ გვერდს ბოსტნეულით დატვირთულ ურიკებს, თავისუფალ მონაკვეთზე შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან რომ ტაიჭს სადავე მიუშვან და ჩორთით გააჭენონ. თვალს ვხუჭავ და ჩამესმის დაჭედილი ფლოქვების ხმა გრანიტითა და მარმარილოთი მოპირკეთებულ ქუჩაზე ფიქალი ქვით ნაგები კედლების ექო.
გვარიანად დავიღალე. უკვე შუადღეა, დასვენება მინდა, მაგრამ კაფე-ბარები ტურისტებსა აქვთ ოკუპირებული. პლაცა რეალზე ცივი ლუდი ჩამოვასხმევინე, იქვე მოვსვი, ბართან, ფეხდგომელა. ოთხიოდე მეტრის მოშორებით მეტალისტი გოგო ზის ძირს, ფეხმორთხმით, თაკარა მზის ქვეშ. იქვე გვერდით ძაღლია წამოწოლილი, ბანჯგვლიანი ნაგაზი, ისიც მეტალისტი, ფოლადის საყელურით, ისეთი მეცხვარის ძაღლებს რომ უკეთებენ, ფოლადისავე წვეტიანი კონუსებით გაწყობილი, მგელმა რომ ვერ ჩაავლოს კბილები კისერში. ღვედი ინგლისური ქინძისთავებითა აქვს ახუნძლული. გოგო ოცი-ოცდახუთი წლის იქნება, გამხდარი და მოკეცილი გრძელი ფეხების თანახმად, თავადაც საკმაოდ მაღალი უნდა იყოს. გაბუძგნული თმა მწვანედ აქვს შეღებილი. ჩემი მზერა დაიჭირა და შემომხედა, მერე ჩემს დაორთქლილ ბოკალზე შეაჩერა თვალი, ნერწყვი გადაყლაპა და თვალი ამარიდა, ძაღლზე გადაიტანა ყურადღება. ბოკალზე ფრჩხილით მივაკაკუნე მისი ყურადღება რომ მიმეპყრო. ქვემოდან ამომხედა, თავის აუწევლად. ვანიშნე, ლუდით გიმასპინძლდები-მეთქი. გაიღიმა და მხრები აიჩეჩა. ბარმენს ვანიშნე, ერთი ლუდი კიდევ დაესხა. გოგო მძიმედ წამოდგა, ბოკალი აიღო, მადლობა გადამიხადა და ისევ თავის ადგილზე მოიკეცა. ამ ზონაში დიდია კონკურენცია, ჩრდილში ყველგან დაკავებულია ადგილი. ღამით ზოგჯერ გარჩევებიც კია, ვინ სად უნდა დაიძინოს, არის ერთი ჩხუბი და აყალმაყალი,  მით უმეტეს მაშინ, როცა წვიმს. ზამთარში კედელთან ჯობია ადგილის დაკავება, თუ თაღის ქვეშ იშოვეს ადგილი, მით უკეთესი. ზამთარს ვამბობ, თორემ თხუტმეტ-თექვსმეტ გრადუსზე ქვემოთ იშვიათად ჩამოდის ტემპერატურა. ამიტომ საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა  უსახლკაროთა და მათხოვართათვის. პოლიციაც საკმაოდ ლმობიერია მათ მიმართ. ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია მაგრამ აფრიკელი ტალიკ-ტალიკი ბიჭები უშიშრად ვაჭრობენ ზეწარზე გაშლილი სუვენირებით, ბრენდების ლოგოტიპებიანი ჩანთებით და საფულეებით, სადღაც აზიის თუ აფრიკის ბნელ სარდაფებში როა შეკერილი. ზეწარს ოთხივე კუთხეში წვრილი თოკები აქვს მობმული და შუაშია შეკრული. პოლიცია ჩვეულებრივ თვალს არიდებთ. ზოგჯერ ვინმე დიდი ჩინოვნიკი თუ გამოჩნდება და წესრიგის დამყარებას მოისურვებს, მოდარაჯე მორიგე შორიდანვე დაუსტვენს, ყველა კვნძებს მოკიდებენ ხელს, თავის ავლადიდებას ფუთასავით მოიგდებენ  მხარზე და სხვადასხვა მხარეს გარბიან ვიწრო ქუჩებში. ათ წუთში ყველა თავ-თავის ადგილზე ბრუნდება. ეს პოლიციამაც კარგად იცის, მაგრამ მათ დასაფრთხობად უკან არასოდეს ბრუნდებიან. ეს ევროპაში ადაპტირების პირველი საფეხურია, მეორე ეტაპზე ვინმე შუახანს გადაცილებული სენიორა შეათვალიერებს დაკუნთულ სხეულს მუშტრის თვალით, გამოელაპარაკება, მაცდურად გაუღიმებს, სახლში წაიყვანს და ბინის, სამოსის და კვების პრობლემაც დადებითად გადაწყდება. ფერადკანიანი ქალიშვილები უფრო სწრაფად შოულობენ შეძლებულ კავალერს, მათ მგზნებარე სხეულზე დიდი მოთხოვნილებაა, იწყებენ როგორც ძველად, საბერძნეთში, ნებაყოფლობითი ჰეტერას სტატუსით და სუტენერის ზედამხედველობით, შემდეგ პატასკუხას (slut) საფეხურს გაივლიან, გზადაგზა კვალიფიკაციას აიმაღლებენ და თუ კურტიზანის ქვედა საფეხური «di lume»-ს გამოცდასაც  წარმატებით ჩააბარებენ, cortigiane «oneste»-კურტიზანის ზედა კლასის ტიტული გარანტირებული აქვთ; ეს ნიშა ძირითადად სლავური წარმოშობის პროფესიონალებსა აქვთ დაკავებული მაგრამ ფერადკანიანები საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან. ეს საფეხური უკვე უზრუნველი ცხოვრების გარანტიას აძლევთ, ენა ასე თუ ისე უკვე იციან, რაღაც პირველადი განათლებაც გააჩნიათ, ქცევის მანერებიც შეითვისეს, ელეგანტურადაც იცვამენ, სუტენერებს ფულს აღარ უხდიან, ჰყავთ ერთი ან რამდენიმე შეძლებული საყვარელი, ავეჯით გაწყობილი ბინა ქალაქის ცენტრში და რაც მთავარია თავს დამოუკიდებლად გრძნობენ. კლიენტების რაოდენობა პროგრესულად იზრდება, ის უკვე „სენიორიტაა“გამოძახებით. სამუშაო გრაფიკიცა აქვს, კვირაში ხუთ დღეს „მუშაობს“, ზოგჯერ გამოსასვლელ დღეებშიც იღებს შეკვეთებს, მაგრამ უკვე სამმაგი ანაზღაურებით. კლიენტებს უკვე თავისი შეხედულებით არჩევს, ემსახურება მხოლოდ მათ, ვინც მოსწონს, ან თუნდაც გულუხვად უხდის.  ტარიფებს თვითონ ადგენს, მისი თვიური შემოსავალი რამდენჯერმე აღემატება ნებისმიერი კომპანიის გენერალური დირექტორის ხელფასს. საშობაო არდადაგებზე შვეიცარიის კურორტებზე ისვენებს, აგვისტოს შვებულებას სეიშელის კუნძულებზე. იქ უკვე ობოლი ქალიშვილია, რომელსაც მშობლებმა საკმაო ქონება დაუტოვეს და ახლა დარდის გასაქარწყლებლად მოგზაურობს. შესაფერის საქმროს ეძებს მდიდარ თაყვანისმცემლებს შორის და ხშირ შემთხვევაში პოულობს კიდეც.
 
ცარიელი ბოკალი დავდგი, ბარმენთან ანგარიში გავასწორე და დავემშვიდობე. მეტალისტას ხელი დავუქნიე და სანაცვლოდ ფართო ღიმილიც მივიღე ხურდაში.
პლაცა გადავკვეთე და ზღვისკენ დავეშვი დამძიმებული ფეხების ფრატუნით, რამბლა დე სანტა მონიკამდე ჩავედი. კოლუმბის მოედნის კუთხეში, მილიტარული სამმართველოს გვერდით, ტერასაზე, თავისუფალ მაგიდას მოვკარი თვალი და ჩამოვჯექი. სულ ერთი ფეხით მივასწარი ქერათმიან სკანდინავიელებს. კიდევ კარგი რომ ოთხნი იყვნენ და ვერ მოთავსდებოდნენ, თორემ მე ავდგებოდი და წავიდოდი, არ მიყვარს საზიარო მაგიდასთან ჯდომა, არადა როცა გთხოვენ უარის თქმაც გიჭირს.  კამარერომ მალე მოირბინა. გამხდარი ბიჭი იყო, მკვირცხლი, ხუჭუჭთმიანი, ცხრამეტი-ოცი წლის თუ იქნებოდა.
-რას ინებებთ, სენიორ?
-ღვინოს დავლევდი ერთ ბოკალს.
-რომელს ინებებთ სენიორ?
-რიოხას, შავს.
-გარანჩო, მერლო, ტემპრანილიო, -დაიწყო ჩამოთვლა. მალე შევაწყვეტინე.
-გარანჩოს დავლევდი, გასული წლის ან  ტემპრანილიოს თუ კრიანსაა.
-ტემპრანილიო მხოლოდ გრან რეზერვა გვაქვს სენიორ.
-მაშინ გარანჩო.
მალე მოარბენინა, თან ზეთისხილიც მოაყოლა. ბოთლი გახსნა და ცოტა დამისხა მაღალფეხიან  ჭიქაში გასასინჯად. თითით ვანიშნე ბოლომდე დაასხი-მეთქი.
მოხერხებულად მოვეწყვე და მოვსვი. ღვინის დიდი მცოდნე არა ვარ, თუმცა არ შემრცხვება თუ ვიტყვი, ღვინის მოყვარული ვარ მეთქი. ტემპრანილიო ნაადრევს ნიშნავს, სხა ჯიშებთან შედარებით უფრო ადრე მწიფდება. დაძველებას კარგად იტანს და სასიამოვნო დასალევია, მაგრამ გრან რეზერვა ჩემთვის ძალიან ძვირი იქნებოდა ისევე როგორც სხვა ძველი ღვინოები. გარდა ამისა, ძვირფასი ღვინის დალევა მჟავე ზეთის ხილთან ბარბაროსობა იქნება, იბერიული ხამონი მაინც უნდა მომეთხოვა მაშინ, ჩემი შემოსავლის პატრონისთვის კი ეს თანხა კაი ორი კვირის სამყოფია.
ბარსელონა ლამაზი ქალაქია,  ჯერ კიდევ ძველ წელთაღრიცხვაში დაარსებული. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ძველი უბნები. სპეციფიკური, განუმეორებელი არქიტექტურა, ილდეფონსო სერდას ორიგინალური პროექტით ნაგები ოქტოგონალური შენობები შიდა ეზოებით, ანტონი გაუდის შედევრები, მომღერალი ფანტანები, ცნობილი ბულვარი ლა რამბლა თავისი წვრილმანი ქურდებით და თაღლითებით, გოთური კვარტალი პლედებში გახვეული სვადასხვა ეროვნების მაწანწალებით, მათხოვრებით და  მეძავებით, და კიდევ რა ვიცი, ბევრი რამ. მიყვარს ამ პატარ-პატარა, ვიწრო ქუჩებში სეირნობა, მაგრამ უფრო ღამით, როცა ტურისტების ნაკადი შეთხელდება. ეს უბნები განსაკუთრებით საშიშია,  ყველა ჯურის ქურდები და არამზადები დაძრწიან აქ. ალბათ იმიტომ, რომ აქ გაქცევაც ადვილია, პოლიცია თვალის მიდევნებასაც ვერ ასწრებს, სად შეუხვევენ და სად გაძვრებიან წაგლეჯილი ხელჩანთით თუ საფულით ხელში. მე შიშის საფუძველი სულაც არა მაქვს, ჩემს ჯიბეებში ფულს მე თვითონ ვერ ვპოულობ ხშირად.
ღვინო საკმაოდ გრილია, ეტყობა ბარში კონდიციონერი მთელი სიმძლავრითა აქვთ ჩართული. ხელისგულებით ვათბობ და ნელნელა ვწრუპავ. შავი ღვინო ხომ შემთბარი უფრო გემრიელი ხდება და სურნელოვანი.
შუა ხნის კაცი მომიახლოვდა და გაჩერდა ორ ნაბიჯზე. ხელში ღვინის ბოთლი და ჭიქა ეჭირა. აშკარად ეტყობოდა, ამ ბარის მუდმივი სტუმარი რომ იყო.
-შეიძლება ჩამოვჯდე სენიორ? 
ხელით ვანიშნე მოპირდაპირე სკამზე, დაბრძანდი-მეთქი.
პირხმელი კაცი იყო, გამხდარი ლოყები სუფთად ჰქონდა გაპარსული, ნიკაპი და ულვაში კი შეკრეჭილი „ესპანიოლას“ სტილზე. მძაფრი ოდეკოლონის სუნი მოიყოლა.
სკამი ხრიგინით გასწია და ხმაურით დაჯდა. ბოთლს ალერსით გადაუსვა ხელი. გამომხედა და მერე ეშმაკურად მოჭუტა თავისი უფერული თვალები.
-ახალ შეკვეთას ყოველთვის ძველი ღვინით ავღნიშნავ ხოლმე, კარგად მაქვს დაცდილი.
- ღვინო დაისხა და ერთი მოსმით ნახევრამდე დაიყვანა. ტამარონს სვამდა რივერა დე დუეროში ჩამოსხმულს, დაძველებულს. ნიკოტინისგან გაყვითლებულ წვერზე ხელი ჩამოისვა, ოდნავ წამოდგა და ხელი გამომიწოდა,
-მე ბერნარდო ვარ!
  ისეთი რიხით წარმოთქვა თითქოს ბურბონების დინასტიის უკანასკნელი შთამომავალი ყოფილიყოს პირდაპირი ხაზით. ხელი შევაგებე და ჩემი სახელი ჩავიბურტყუნე. ენაწყლიანი კაცი გამოდგა.
-უცნაური სახელი გაქვთ, საიდან ხართ?
-საქართველოდან ვარ, შავი ზღვის სანაპიროზეა, კავკასიონის სამხრეთით.
-ვიცი წამიკითხავს, მაგრამ მარტო რუკაზე მაქვს ნანახი. თურქეთში კი ოთხჯერ ვარ ნამყოფი, შეიძლება ერთ ზაფხულს საქართველოსაც ვესტუმრო,  ლამაზი ქალები გყავთ, ამბობენ იქაც არაუშავს ღვინოს აყენებენო. - მინდოდა მეთქვა არაუშავს კი არა საუკეთესოს-მეთქი, მაგრამ დროზე შევამჩნიე რომ დავის და დისკუსიის არავითარი სურვილი არ გამაჩნდა.
ჩიბუხი ამოიღო და თამბაქოთი გატენა. ისეთი სურნელოვანი თამბაქო იყო, სუნი მეც კი მომწვდა და ცხვირში სასიამოვნოდ მომიღიტინა. სანთებელათი კარგად გააღვივა და კვამლის კორიანტელი დააყენა.
სულ რაღაც ათიოდე წუთში მომიყვა თავისი  ავტობიოგრაფია, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი ღვინის ბოთლი ნახევრამდე მოეცალა, ჩიბუხი კი ბოლომდე ისე მოეწია, ერთხელაც რომ არ ჩაქრობია. იქვე ახლოს სამზარეულოს ავეჯის პატარა საამქრო ჰქონია, შეკვეთით რომ ამზადებენ და თვითონვე ამონტაჟებენ. ცალი ყურით ვუსმენდი და დასტურად ზოგჯერ თავსაც ვუქნევდი. ჭიქა მოვცალე და კამარეროს დავუწყე თვალით ძებნა, ღვინის გამეორება რომ მეთხოვა. ბერნარდო მიმიხვდა და თავისი ბოთლიდან შევსება შემომთვაზა.
-ნუ წუხდებით, მოვატანინებ- მეთქი.
- მე მაინც უნდა დავტოვო, ამდენს ვერ დავლევ, მომეცი ჭიქა...შენობით რომ ვილაპარაკოთ, უჭირს რამე?
არაფერი-მეთქი და აღარც ვახვეწნინე, ჭიქა გავუწოდე შესავსებად.
ჭიქები წკრიალით მივაჭახუნეთ, მე წარმატება ვუსურვე ბიზნესში და მოვსვი, სასიამოვნო ღვინო იყო, მსუბუქი არომატით. ის იყო ბერნარდომ ჩიბუხი საფერფლეში ჩაფერთხა რომ კამარერომ დაბრაწული ბატკნის ბეჭი მოიტანა, ჰაერში გრაციოზული წრე შემოხაზა სინით მის ცხვირთან,  წინ დაუდგა და კარგი მადა უსურვა.
ბერნარდო ჭამდა ნელა და დიდი სიამოვნებით, ნება-ნება ღვინოს აყოლებდა კმაყოფილი, თვალებმინაბული.
-ცოლშვილი გყავს? - შემეკითხა როცა ბეჭის ნახევარი უკვე სტომაქში დააბინავა, საიმედოდ.
-ჰო, მყავს, ცოლი და ორი შვილი.
-შვილები რა ხნის არიან?
-ოცდახუთის და ოცდაექვსის, - ვპასუხობ და ვატყობ რომ ბრაზი მერევა, სულაც არ მომწონს ეს კითხვა პასუხი.
-მე არა მყავს და არც მყოლია! - ხორცის მოზრდილი ნაჭერი ჩაიდო პირში და ამაყად დაამატა, - არც არასდროს მეყოლება!
ისეთი პათოსით წარმოთქვა, თითქოს ფინიკიელების ჯარი ამას დაემარცხებინოს და გაერეკოს ესპანეთიდან სამხრეთ აფრიკამდე, აქ კი ოქროს საწმისის საპატიო ორდენის მისაღებად ყოფილიყოს მოწვეული სამეფო კარზე.
თვალი შევავლე, ორმოცდაათს კაი ხნის გადაცილებული იქნებოდა. თქმით არაფერი მითქვამს, კაცია და გუნება,...თანაც, მე დიდი ვერაფერი ბედენა მრჩეველი ვიქნებოდი ამ საქმეში, მაშინაც კი, რჩევა-დარიგების დიდი სურვილიც რომ მქონდეს.
ბერნარდომ შეისვენა, ჭიქა შეივსო, ჩემი ჭიქის შევსებაც დააპირა მაგრამ თითით ვაჩვენე, არ დამისხა, მეტს აღრ დავლევ-მეთქი.
წელში გაიშალა, საზურგეზე გადაწვა.
-აი შენ ცოლიც გყავს და შვილებიც, ბედნიერი ხარ? თვალებში მიყურებს გამომცდელად, ეშმაკური, თვითკმაყოფილი ღიმილით.
-ბედნიერება, ეს ფარდობითი მცნებაა, სენიორ, ... - ის რაც ერთისთვის ბედნიერების საფუძველია, მეორესთვის შეიძლება სულაც არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს...
-აი ხომ ხედავ, შენ გყავს ცოლშვილი, მაგრამ არ შეგიძლია თქვა რომ ბედნიერი ხარ.- ისევ ხორცის ნაჭერი გააქანა პირისკენ და გააგრძელა, - ცოლი პირველი ორი წელი განიჭებს ბედნიერებას, მერე კი სისხლს გაგიშრობს თავისი ხუშტურებით...შვილები წამოიზრდებიან და ისინიც მიგატოვებენ. წელიწადში ერთხელ თუ გაახსენდები და სადილად გესტუმრებიან, იმაზეც მადლობელი უნდა იყო. ილუზიები ნუ გექნება, იმათ თავისი პირადი ცხოვრება ექნებათ, სულ უფრო გაგიუცხოვდებიან, სიკვდილი რომ მოგიახლოვდება მხოლოდ მაშინ მოუხშირებენ ვიზიტებს და ეგეც ანდერძის იმედით. - ჩიბუხი მოიმარჯვა და გატენვა დაიწყო. შურით გადავხედე მის სათუთუნეს, მეც სიამოვნებით მოვწევდი ერთ ღერ სიგარეტს რომ მქონდეს...
იქვე ახლოს ტურისტების ჯგუფი შეჩერდა. მოკლე შორტებში და თხელ, გამჭირვალე სარაფანში გამოწყობილი, ქერა კულულებიანი გიდი, ფერადი სვირინგებით რომ ჰქონდა მოხატული მთელი სხეული,  თლილ ქვაზე შეხტა და მომცრო მეგაფონი მოიმარჯვა.
  -ყურადღება, რამდენიმე სიტყვა ბარსელონის დაარსების შესახებ... - ახალგაზრდა გოგო იყო, ყელიდან მისი ასაკისთვის შეუსაბამო, ჩახლეჩილი ხმა ამოსდიოდა, ალბათ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისგან თუ სიგარეტისგან, ან ორივესგან ერთად. დამტვრეული, საორღობე ინგლისურით ლაპარაკობდა, მონოტონური და მოსაწყენი ტონით.
-აქ, სადაც ჩვენ ვდგავართ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, იბერიული ქალაქი იყო ლაიეტანას ტომით დასახლებული. დაახლოებით ორიათას ორას წელს რომაელებმა დაიპყრეს და დაარქვეს ხულია ავგუსტა პატერნა ფავენცია ბარჩიანოს კოლონია, მოგვიანებით კი შემორჩა მხოლოდ ბარჩიანო, ანუ ბარსელონა.
-აი, მე კი დაუფიქრებლად გეტყოდი რომ ბედნიერი ვარ. - ახლა ხომ ხვდები, რატომ ვარ მარტოხელა? - ხმას უწევს ბერნარდო, თვალები უჟუჟუნებს, შუბლზე ოფლის წვეთები მოხშირებია, ეტყობა გასჭრა თოთხმეტგრადუსიანმა ღვინომ. - რასაც ვშოულობ არავის ვუყოფ, როცა მინდა ქალებიც მყავს, რამდენიც მინდა და როგორიც მინდა, სულ ნორჩები, სხვებისგან განსხვავებით, ბებერ ცოლს რომ მიჩერებიან თვალებში. ფულიც საკმარისი მაქვს, როცა დავბერდები, მომვლელს დავიქირავებ, ოცი-ოცდაორი წლის სიმპათიურ მულატ გოგოს ან გოგოებს, მულატებს განსაკუთრებულად მკვრივი სხეული და ნაზი კანი აქვთ...
-არგონავტების ოთხი უშედეგო ნაოსნობის შემდეგ, ჰერკულესმა  გადაწყვიტა მათი დახმარება და არგონავტებთნ ერთად გაემგზავრა ოქროს საწმისის ხელში ჩასაგდებად... ცხრა ნავმა გეზი დასავლეთისკენ აიღო...
-ადამიანი ბედნიერია როცა თავისუფალია. - ოჯახი, ჩემო მეგობარო, მხოლოდ ცარიელი, გამოფიტული სიტყვაა...ბუტაფორია, რომელიც თანდათან მძიმდება და ტვირთად გაწვება მხრებზე. სიყვარული კი მხოლოდ და მხოლოდ ლტოლვა, რომელიც სექსუალურ ურთიერთობაში გამოიხატება და მთავრდება გზნების ჩაფერფლისთანავე. ხვდები რასაც გეუბნები?... იწყება ერექციით და სრულდება ეაკულაცის დასრულებისთანავე. ის გრძნობა, რომელსაც შენ და შენისთანები სიყვარულს ეძახით, ერთ მშვენიერ დღეს ჩალის ფასი ხდება... - არ ცხრება კაცი, აშკარაა რომ უკვე დათვრა, ლოყები უღაჟღაჟებს, თვალები დაუწითლდა...
- ღმერთო ჩემო, ეს ვის გადავეყარე. ასე მგონია ჭრილობაზე მარილს მაყრის და ჩემს რეაქციას აკვირდება მოჭუტული, ქლესა თვალებით. მე აქ ერთი ჭიქა ღვინის დასალევად შემოვიარე, ამის ლექციის მოსასმენად კი არა.  ჩემგან აღტაცებას თუ ელოდება და შექებას?
წარმოვიდგინე როგორ ბრუნდება თავის მასიური ხის ავეჯით გაწყობილ სახლში, სადაც არავინ ელოდება, მაცივრიდან დაორთქლილ ლუდის ბოთლს იღებს, სავარძელში აგდებს თავის ნაპატივებ, მარტოხელა სხეულს, რთავს უზარმაზარ პლაზმურ ტელევიზორს, უყურებს ბარსელონა-მადრიდის მატჩს ან სულაც კორიდას და მეცოდება, რადგან გვერდით არავინ ეყოლება რომ ხედავდეს და შურდეს, რაოდენ ბედნიერია თავისი მარტოხელობით...
მინდა ვუთხრა რომ მისივე მსჯელობის თანახმად, კარგი იქნებოდა თუ მამამისიც ასევე იფიქრებდა და თავის დროზე იზრუნებდა იმაზე რომ არ გაჩენილიყო ვიღაც ბერნარდო, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სულ ერთია მაინც მოკვდება.
  ჭიქა ავიღე, ძალიან მომინდა  ღვინო შემესხა სახეში, ღიმილით დავმტკბარიყავი მისი წყალწყალა თვალების ცქერით და „დოლჩე გაბანას“ კრემისფერ პოლოზე ჩამოწუწული ღვინის ლაქებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გავაკეთე, დემოკრატულ ქვეყანაში ხომ ყველას აქვს უფლება თვითონ დაადგინოს საკუთარი მორალური კრიტერიუმები, გარდა ამისა, ღვინო იყო ძალიან კარგი და გამოგიტყდებით, დამენანა. -  ბოკალი მოვცალე, ფული თეფშის ქვეშ ამოვდე, გაკვირვებულ ბერნარდოს უხალისოდ ჩამოვართვი ხელი, ტურისტებს შორის გზა გავიკვლიე და ბულვარი გადავკვეთე.  მეგაფონიდან ჩახლეჩილი ხმა კი არ წყდება:
-მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა ნავები ზღვაში გაფანტა. როცა ქარიშხალი ჩადგა, ჰერკულესი დაკარგული ნავების ძებნას შეუდგა. ბოლო, რიგით მეცხრე ნავის ნამსხვრევები აი იქ, მონტჟუიკის  მთის სიახლოვეს იპოვეს. დასუსტებული მეზღვაურები ადგილობრივმა მოსახლეობამ, კეთილმა ლაიეტანელებმა შეიფარეს. ამ ქალაქს კი უწოდეს ბარკა ნონა - მეცხრე ნავი.
-ეჰ, რას არ გაიგებ კაცი... ჩადით ძმაო კუტაიაში (დღეს ქუთაისს რომ ეძახიან) და იკითხეთ...  იქ გეტყვიან და პატიოსანი სიტყვითაც დაგიდასტურებენ რომ მათი დიდი პაპებიც გაეკიდნენ მოღალატე მედეას და იმის გაიძვერა კუროს, მოპარული ოქროს საწმისის წასართმევად, მაგრამ ვაი რომ ღია ზღვაში შეასწრეს და ვერ დაეწივნენ... ბეწვზე გადარჩნენ იასონიც და მისი არგონავტებიც,  სწრაფი ნავებით გაასწრეს თორემ სახინკლე ხორცივით დაკეპავდნენ გაცოფებული ქუთათურები. აი მედეას კი  დაინდობდნენ ალბათ, ბოლოს და ბოლოს კოლხის, და მით უმეტეს, კოლხი ქალის სისხლს ხომ არ დაღვრიდნენ. შეცდა ქალი ერთხელ, ნუ, რას იზამ. - იმასაც გაგიმხელენ, დღესაც გოგო თუ გაუჩნდათ კოლხეთში, თვალს არ აშორებენ, ემანდ მედეას არ დაემსგავსოს, ვინმე იასონასთან არ გაიპაროს და ოჯახის ოქროვერცხლიც თან არ წაიძღვანოსო... ესენი კიდევ ჰერკულესიო, ჰერაკლეო...მაგათ ამირანის ლეგენდაზე ალბათ არაფერი სმენიათ, თორემ იმასაც თავის თარგზე მოარგებდნენ...
  ამ მოხატულ პეპელას კიდევ, ტანის მოსვირინგებაზე უფრო ნაკლები დრო რომ დაეხარჯა და ბარსელონის შესახებ მეტი ინფორმაცია მოეძიებინა, ალბათ ეცოდინებოდა რომ სხვა წყაროების თანახმად, ქალაქის სახელი უნდა უკავშირდებოდეს კართაგენის სარდლის, ჰამილკარ ბარკას-ელვას, ან მისი მემკვიდრის ჰანიბალ ბარკას სახელს, ნახევარი ესპანეთი რომ ჰქონდათ დაპყრობილი და რომ ეს უფრო გამყარებულია ისტორიული წყაროებით, არგონავტების ლეგენდისგან განსხვავებით.
უმისამართოდ დავეხეტები, გზადაგზა ვჯდები და ვისვენებ. მერე ისევ ვიწრო, ხალხით სავსე ქუჩას მივუყვები.
  ჩაბნელებული ბარიდან ორი ახალგაზრდა ქალი გამოვიდა, გამოვიდა კი არა უფრო შესაფერისი იქნება თუ ვიტყვი გამოვარდა ან გამოიჭრა. ორივე ერთნაირად ჩათქვირებული, თითის სიგრძე ტუნიკები აქვთ შემოტკეცილი ნაპატივებ გავებზე, თეთრი, გულამოღებული მაისურები ძუძუებს გაჭირვებით აკავებენ, გარეთ გამოჭრას და თავისუფლებას რომ ლამობენ. ორივე წინ გადამიდგა, ყურებამდე ღიმილით, თვალების ჟუჟუნით, აშკარად ეტყობათ, ცოტა გადაკრულშიც არიან...სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნო, რომ შეუხედავები მაინც არ ეთქმოდათ, თბილი წყლით კარგად თუ გარეცხავდი, შეიძლებოდა „არა უშავს“ გოგოებადაც მოგჩვენებოდა თუკი  ცხენის დოზა ტეკილა გექნებოდა გადაკრული წინასწარ.
შევჩერდი, ან როგორ არ შეჩერდები, წინ რომ გადაგიდგებიან ასე თავხედურად, შარაგზის ავაზაკებივით, აშკარად გამოხატული სექსუალურ-ვულგალური ფიზიონომიით და გზას გადაგიღობავენ... ერთი მათგანი შავკანიანია, საშუალო სიმაღლის, შავი ხვეული თმებით და ხორციანი, სისხლისფრად შეღებილი ტუჩებით. მეორე ოდნავ მაღალია, ისეა მზისგან გარუჯული, ვერ მიხვდები როგორი კანის ფერით მოევლინა ამ ცოდვილ ქვეყანას. სახის ნაკვთებით თეთრკანიანს ჩამოჰგავს ან სულაც შეიძლება მულატი იყოს ან მარსიანელი, ამას ხომ არა აქვს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა,... ესენი თავისი საქონლის გასაღებას ცდილობენ, მაგრამ მე თუ ყიდვის სურვილი არა მაქვს? ან სულაც უფრო ნორჩ პროდუქციაზე მაქვს პრეტენზია?
-დაუვიწყარ საღამოზე რას იტყოდით, სენიორ? - მეკითხება მაღალი და ტუშით შეღებილ, აპრეხილ წამწამებს, ვნებასაყოლილი, შეყვარებული ქალწულივით აფახულებს.
-დიდად მადლობელი ვარ პრინცესებო, რომ დამდეთ პატივი და ასეთი ყურაადღება გამოიჩინეთ ჩემს მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვა ეგ საქმე მეთქი, - ვეუბნები და გზის გაგრძელებას ვაპირებ. შენც არ მომიკვდე, ფეხს არ იცვლის არცერთი.
-დღეს იღბალი შენს მხარესაა მეგობარო, წყვილი ჩიკა ერთის ფასად, დაფიქრდი, ხვალ სხვა ფასი იქნება, ეეე...- მომიახლოვდა და ნიკაპზე მომითათუნა ხელი შავტუხამ.
-არ გამოვა მეთქი, აკი გითხარით...
- მაგაზე არ იფიქრო ამიგო, შენ მარტო პასტა გადაიხადე, დანარჩენზე ჩვენ თითონ ვიზრუნებთ, ყველა პრობლემას მოვაგვარებთ... ყველას, გესმის, კიდეც გამოვიყვანთ და კიდეც შევიყვანთ. - საუბარში ჩაერთო მეორე და უშნოდ დაიჭყანა, აშკარად გაღიმებას თუ აპირებდა.
- ჰეი ამიგო, გირჩევ დაეთანხმო, არ ინანებ, ცეცხლივით გოგოები არიან! ყვირის ვიღაც, გვარიანად შეზარხოშებული, ბარიდან.
ბრაზი მეკიდება, თავის შეკავებას ვცდილობ, არ მინდა უხეშად მივმართო,  არადა ჯიკაობას ხომ არ დავუწყებ.
-მოკლედ, ასეა საქმე,... პრობლემა ისაა რომ ეს ოხერი შიდსი მჭირს, პრეზერვატივს კიდევ ვერაფრით ვერ ვეგუები, ყოველთვის იხევა რატომღაც, ხომ გესმით? ... ამ პრობლემასაც მომიგვარებთ?
გამომცდელად ვუყურებ.
-ეე, -თანაგრძნობით მიყურებს გაწბილებული შავტუხა და უშნოდ იჭყანება.
-არაფერია კაბალიერო, მარტო შენ ხომ არა ხარ ასე, მალე რამე წამალს გამოიგონებენ და შენც გეშველება რამე. - მამშვიდებს მეორე და გზას მითმობს რევერანსით.
სარფიანი კომერციული საღამო ვუსურვე და გავშორდი. არაფერია, წინ  გრძელი საღამო უდევთ, რამდენიმე კლიენტის გამოჭერას კიდევ მოახერხებენ, დღიურ ბიუჯეტს შეავსებენ. - ამასობაში აღმოვაჩინე რომ ამ ვიწრო ქუჩების ლაბირინთებში ორიენტაცია დამიკარგია, გარემოს ვათვალიერებ. ვვარაუდობ რომ სადღაც მარკეს დე ბარბერას და სანტ პაუს ქუჩებს შორის უნდა ვიყო და პირველსავე გადაკვეთაზე მიმართულებას ვიცვლი. ირგლივ ყველა რჯულის და ეროვნების ხალხი ირევა. რა ენაზე გინდა, რომ აქ არ ლაპარაკობდნენ, თანაც მთელი ხმით. ტანსაცმელიც თავისი, ეროვნული აცვიათ, მრავალგვარი და მრავალფეროვანი. დავობენ, ბუზღუნებენ, კრიალოსანს მარცვლიან, ვიღაც მღერის აზიურ ყაიდაზე, სადღაც, ზედა ფანჯრიდან ინდური მუსიკის ხმა ისმის.
კატალონელები შემოგარენში გადავიდნენ, კომფორტულ ბინებში, ეს ქუჩები კი გამორჩეულად ინტერნაციონალური გამხდარა ჩემს არ ყოფნაში. ალბათ ათი-თორმეტი წელი მაინც იქნება რაც ამ ქუჩებში აღარ ვყოფილვარ.
როგორც იქნა გავაღწიე ამ ლაბირინთიდან, სანტ ანტონის ქუჩა ვიცანი. პირველივე ბარში შევდივარ და გრძელ ყავას ვუკვეთავ. ფანჯრასთან ვჯდები და ვუცქერი ქუჩის ორომტრიალს, პენსიონერ წყვილებს - ხელკავით რომ დასეირნობენ, საქმიან კლერკებს, ამ გაგანია ზაფხულში, კისერში წაჭერილი ჰალსტუხებით, მყვირალა მაისურებში გამოწყობილ ტურისტებს, აყუდებულ უსაქმურებს, თვალებმოჭუტულ ჩინელებს, „ინტიმურ მასაჟს“ რომ სთავაზობენ დაჟინებით ღიპიან მოქალაქეებს, დისკების გამყიდველ ტანად აფრიკელებს, მტვერში ამოგანგლურ, კავკასიური გარეგნობის დღიურ მუშებს, სამშენებლო ნაგავს რომ ეზიდებიან ზურგით და უზარმაზარ კონტეინერში ყრიან... სევდა მაწვება...გაქცევა მინდა...მაგრამ სად? 
  მეტროსკენ გავუყევი ქუჩას. წინ ორი ახალგაზრდა მიდის ლაზღანდარობით, თეძოების და მხრების ასიმეტრიული რხევით, გამვლელების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ თავისი გარეგნობით, თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებულები არიან, რომ ყველა ისედაც მათ უყურებთ. მივხვდი რომ ქართველები არიან, უფრო ადრე, ვიდრე წამოვეწეოდი და უხამსი სიტყვებით გვარიანად გაჯერებულ, „სიტყვაკაზმულ“ ქართულს მოვკრავდი ყურს.
კაროჩე, ძმაო, ვგლიჯე თავი „პადზემკაში“... ბოზიშვილი ვიყო...მეორე მხარეს რო ამოვყავი თავი...ისინი მაშინ ჩარბოდნენ კიბეებზე და ხო აზრზე ხარ სიმონ! -ჩემი დედა მ.....ნ...“პადზემკას“ კიდე, ოთხი ამოსასვლელი აქ რა...კაროჩე მაგრად წამოვიხიე რა, ეგ სირები...
ერთი წუთით უცნაური აზრი მომივიდა თავში, ორივე ხომ არ დავპატიჟო მეთქი სადმე. დავლევდით, დავთვრებოდით, მერე ავუხირდებოდით ერთმანეთს, ვაგინებდით, ჭარბ ენერგიას დავხარჯავდით...პოლიციაც რომ გამოიძახოს ვინმემ, ვეტყვი არაფერია, ფეხბურთზე ვდავობთ მეთქი, ჩვენს ქართულს გაიგებს ვინმე თუ?
გვერდით ჩავუარე ვიღაც ემიგრანტს, მუყაოს ყუთებში რომ შემძვრალა, მხოლოდ შიშველი ფეხები მოუჩანს და ღრმა ძილით სძინავს. აქ ხომ მთელი ღამე სიცოცხლე დუღს, ხალხი ბარებში და რესტორნებში ერთობა, მერე სეირნობენ ხმამაღალი სიცილ-ხორხოცით და ახლა სხვა ბარებში მიდიან. ნასვამი ხალხი უფრო გულჩვილია და ეს საცოდავებიც ღამღამობით გამოდიან საშოვარზე, რომ  ბუტერბროდის და ქილა ლუდის სამყოფი ფული მაინც იშოვონ. - ყველა ბედნიერი ცხოვრების იმედზეა ჩამოსული აქ, ამ მზისა და ზღვის ქვეყანაში. ფეხის ხმას აჰყვნენ, ნასესხები ფულით და ვარდისფერი ოცნებებით გამოიხურეს სახლის კარები, თავი დაირწმუნეს რომ მთავარი საზღვრის გადაკვეთაა და მერე ყველა ერთბაშად მილიონერი გახდება. ისევე როგორც საბჭოთა კავშირის ნგრევის დასაწყისში, გულის ფანცქალით რომ ელოდნენ მდიდარ კაპიტალისტებს, გულუხვად რომ დაურიგებდნენ ხელფასებს, პენსიებს, სტიპენდიებს, იმდენად გულუხვად, რომ დახარჯვაც კი გაუჭირდებოდათ. მილიონერები მართლაც გამოიჩეკნენ, ისევ იმ ნაკომუნისტარი ჩინოვნიკებისა და კრიმინალური ავტორიტეტებისგან, ჩვენი მამაპაპის შრომით დაგროვილი დოვლათის მითვისების ხარჯზე, მაგრამ დანარჩენი მოქალაქეების ჯიბეები უფრო  გამოფხეკილი აღმოჩნდა ვიდრე იქამდე იყო, არც მაცივრის ცარიელი თაროები შევსებულა დაპირებული, ამერიკული დელიკატესებით.


....................................

მეტროში ჩავედი და მეორე ხაზით პასეიჯ დე გრასიამდე ვიმგზავრე. ვაგონშიც ხმაურია, შეთქმულებივით ყველა ერთდროულად ლაპარაკობს, ხმამაღლა, გაუთავებლად, ვინც მარტოა-ტელეფონზე, თანაც მთელი ხმით, თუ წყვილად არიან დაბეჯითებით უმტკიცებენ ერთმანეთს რაღაც უაზრობას. საკმარისია ათიოდე წუთი იმგზავრო და ამომწურავი ინფორმაციით დატვირთული ამოხვალ მიწისქვეშეთიდან,  ვინ ქმარმა მიატოვა, ვის ხელფასი არ ყოფნის, ბინის ქირა რამდენად გაიზარდა, ვახშმად ვინ რის მომზადებას აპირებს... ნეტა რა აქვთ ამდენი სალაპარაკო და თუ აქვთ, რა უშლით ხელს რომ ილაპარაკონ წყნარად, ხმადაბლა. ამაზეც ღმერთმა იზრუნა ეტყობა, როგორც ამბობენ, ყველაზე ძლიერი კუნთები ენაშიაო, ჰოდა, ამიტომაც არ იღლებიან და გაუთავებლად ქაქანებენ და ქაქანებენ. ეგზოტიკური ქვეყნებიდან მიგრირებულებს განსაკუთრებით ძლიერი ხმოვანი იოგები აქვთ, გამკინავი, წრიპინა ხმით, ვაგონის ერთი ბოლოდან მეორეში რომ აწვდენენ ხმას, საკუთარ, ეგზოტიკურ ენაზე, რომ ვერც გაარკვევ საუბრობენ თუ ჩხუბებენ...ჯანდაბას, ადამიანებს ლაპარაკს ხომ არ აუკრძალავ, ეს მე თვითონ ვარ რეგრესის ფაზაში, გარშემო მყოფთ კი არა, საკუთარ თავსაც რომ ვეღარ ვიტან.  გაჩერებაზე რამდენიმე მგზავრი გვემატება, ერთი მათგანი, გაუპარსავი შუახნის კაცი, გახეხილ ჯინსებში და შელანძღულ, ლურჯზოლებიან კოსტუმში გამოწყობილი, კარების დაკეტვისთანავე ჭიმავს მკერდზე ჩამოკიდებულ „ველტმაისტერის“ მარკის აკორდეონს,  თავის დროზე ტროფეის სახით რომ იყო ალბათ ექსპროპრირებული ნაცისტური გერმანიიდან.
ამ აფეთქებულ კაკაფონიას ოდესური „სემ სოროკის“ ჭყვიტინიც ემატება.
  შემდეგ გაჩერებაზე ჩავდივარ და იქვე, თავისუფალ სკამზე ვჯდები.
ქალაქები ყველა ერთნაირია მეტნაკლებად,  ხალხმრავალი და გაუსაძლისად ხმაურიანი, ერთმანეთზე მიტყუპებული შენობებით. ჩემი ადგილი სადმე უღრან ტყეშია, პატარა, ანკარა წყაროს პირას, მარტოდმარტო, ხის ტოტებითა და ხავსით ნაცოდვილარ ქოხში, ტურების გარემოცვაში...
  მეოთხე ხაზზე გადავჯექი და სიუტადელაზე ამოვედი. ბულვარს გავუყევი. შადრევნებიან აუზთან ჩამოვჯექი თავისუფალ სკამზე. აუზში გოგო-ბიჭები ჭყუმპალაობენ, კისკისებენ და ღლაბუცობენ. თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ გავიხსენო ჩემი ბავშვობა, როცა მეც ამოდენა ვიყავი, მათსავით უდარდელი და მხიარული, როცა მეც ყველაფერი მიხაროდა. არ გამომდის, მხოლოდ სევდიანი ფრაგმენტები ტივტივებენ  ქაოტურად ჩემს დაბინდულ წარმოსახვაში. გული მეკუმშება და ყრუ ტკივილს ვგრძნობ. სანაპიროსკენ ავიღე გეზი. ფეხზე გავიხადე, ზონარებით გადავაბი, მხარზე გადავიკიდე, შარვალი მუხლებამდე ავიკეცე და სველ სილაზე გავუყევი შიშველი ფეხებით. ტალღები ჩემსკენ გამორბიან და მუხლებამდე მასველებენ, მეფერებიან თითქოს...
ჩემს წინ ჩვიდმეტიოდე წლის ტანადი გოგონა ხელოვნურ ძვალს ისვრის წყალში და მისი ლაბრადორი ტალღებს მიარღვევს გამოსატანად. ჩემი ძაღლი მომაგონდა, ჩემი ერთგული ალაბაი, ბავშვობაში რომ მყავდა, ბობის ვეძახდი. სულ თან დამდევდა, ფეხებში მებლანდებოდა, ხელებს მილოკავდა, მკერდზე მახტებოდა. სკოლაში რომ მივდიოდი და მარტო ვტოვებდი, ნაღვლობდა, ჭიშკართან იწვა და მელოდა. რა ბედნიერი ვიყავი მაშინ... რა ბედნიერი იყო ისიც რომ ვბრუნდებოდი...თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე რომ ის აქ არის, ჩემს გვერდით,  წინ გარბის, როგორც მაშინ, მერე ჩერდება, მობრუნდება და მელოდება, თვალებში შემომციცინებს, კუდს აქიცინებს...  უცებ, ფეხი რაღაცას წამოვკარი და სველ სილაზე ზღართანი მოვადინე. ის იყო წამოვჯექი და ადგომა დავაპირე რომ ძლიერი ტალღა წამომეწია, ისევ წამაქცია, ზედ გადამიარა, ჩემი წაქცევის მიზეზს, ბავშვების ნაცოდვილარ ციხე კოშკსაც  მისწვდა და ისიც ქვიშასთან გაასწორა. ძალზე გავბრაზდი საკუთარ უგერგილობაზე. წამოვდექი და შევამჩნიე რომ ჩემი ბოტასები უკვე შორს ტივტივებდნენ აქაფებულ ტალღებში. მთლად გავცოფდი. ეს ახლა მომეჩვენა შორს, თორემ ოდესღაც ექვსიოდე ხელის მოსმით გავცურავდი ამ მანძილს. ხელი ჩავიქნიე,  თავის განებება დავაპირე, მაგრამ სახლში ფეხშიშველი დაბრუნების პერსპექტივამაც ვერ მომიყვანა აღტაცებაში  მაინცდამაინც.
ბრასის სტილით გავცურე, ასევე, ჩაცმულმა. იმის შიშით რომ საცაა ფეხსაცმელები წყლით გაივსებოდა და ფსკერისკენ წავიდოდნენ, შეძლებისდაგვარად სწრაფად ვადგაფუნებდი ხელფეხს და მალე ჩავავლე ხელი ზონარს. მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ „ევას“ ლანჩებიანი ფეხსაცმელები იმდენად მსუბუქია, რომ წყალში არ იძირებიან. მოვბრუნდი, ნაპირი საკმაოდ შორს მომეჩვენა, მივხვდი რომ ჩემი ენერგიის ნარჩენები იქამდე არ მეყოფოდა და გულაღმა გავიშალე დასვენების მიზნით. ზღვაური ბრიზი უბერავდა, საკმაოდ მაღალ ტალღებს მიაგორებდა ნაპირისკენ, ერთი მათგანი ჩემს სიახლოვეს ისე აიქოჩრა რომ მოულოდნელად ზემოდან გადამიარა და მხოლოდ კარგა ხნის ფართხალის შემდეგ მოვახერხე წყლის ზედაპირზე თავის ამოყოფა. წყალი გადამცდა და ხველა დამეწყო. ესღა მაკლდა, ვცდილობ სუნთქვა აღვიდგინო. ჯანდაბას ეს ოხერი ფეხსაცმელები, თუკი ასეთი ბოთე ვარ, წავთრეულიყავი ასე, დიდი ამბავი, ვის აინტერესებს ნეტა ფეხშიშველი ხარ თუ ტანშიშველი? - რა, არ დადიან თუ რა...
ზონარები გადავხსენი, სამჯერ მომიწია ჩაყვინთვა რომ ფეხსაცმელი ჩამეცვა და მაგრად შემეკრა. ნელა მოვუსვი ხელები, სუნთქვა გამიხშირდა, მესმის ფილტვები როგორ უსტვენენ უძლურად, გულის ბრაგუნი ყურებშიც კი მესმის. ტანზე მიწებებული ტანსაცმელი მბორკავს... გავჩერდი, ზურგზე აღარ ვწვები, იმის შიშით რომ საჭირო დროს სუნთქვის შეკავებას ვერ შევძლებ და მარილიან წყალს გადავყლაპავ ისევ. ემბრიონის ფორმას ვღებულობ და ცოტას ვისვენებ. სული რომ მოვითქვი ისევ მოვუსვი მკლავები, ვქოშინებ, ჰაერი არ მყოფნის და ძალაც მელევა. თავს უკან ვწევ და კვლავ ემბრიონის ფორმას ვუბრუნდები. სპაზმები არ მიშვებენ რომ ერთხელ მაინც ღრმად შევისუნთქო და საკმარისად შევავსო ფილტვები. ცოტაზე კიდევ გავცურე და ფსკერი მოვსინჯე, მერე ცოტათი ჩავყვინთე, მაინც ვერ მოვიკიდე ფეხი. მაშველის კოშკურას ვხედავ, ათლეტური აღნაგობის, მზეზე გარუჯულ ახალგაზრდასაც, ყურებში ყურსასმენები რომ გაურჭვია და მუსიკის რიტმზე აქნევს თავს. პრინციპულად არ ვანიშნებ არავის რომ დახმარება მჭირდება. ვხედავ ნაპირიდან რამდენიმე ბიჭი იყურება ჩემსკენ, ეტყობა მიხვდნენ რომ რაღაც მიჭირს, ორი მათგანი ქვემოთ დაეშვა და წყალში შემოვიდა, თან თვალს არ მაშორებენ, ვერ ხვდებიან, ვიხრჩობი თუ რამეს ვმაიმუნობ. მე თვალს ვარიდებ და კიდევ მივცურავ. სულ ცოტა დარჩა, ძალიან ცოტა...მოვიკრიფე ძალღონე და უფრო ენერგიულად ავამოძრავე კიდურები. კიდევ ერთხელ მოვსინჯე ფსკერი....და იმედით ამოვისუნთქე, ბოლოს და ბოლოს მოვიკიდე ფეხი. ფეხზე რომ დავდექი წყალი მხრებამდე მომწვდა.
  ბიჭები ჯერ ისევ წელამდე იდგნენ წყალში და თვალს არ მაშორებდნენ. რომ გავუსწორდი, მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე და გაღიმებაც ვცადე.
-რა მოხდა სენიორ, ცუდად გახდით? - მკითხა ერთმა.
-ჰო, დაახლოებით ასეა-მეთქი, ქოშინით ვუპასუხე.
-მერე, არ უნდა შეხვიდეთ ღრმა წყალში, სენიორ. - დამარიგა მეორემ.
ჩემს ჭკუათმყოფელობაში ალბათ ორივეს შეეპარა ეჭვი, წყლიდან ტანსაცმლიანი რომ ამოვძვერი. ვერც შეედავები, ისე ახლოს არიან სიმართლესთან.
ნავსადგომისკენ გავწიე, ტანთ გავიხადე და ყველაფერი გასაშრობად გადავკიდე. ხის ფიცარნაგზე გავიშოტე გულაღმა... ცა იყო ლაჟვარდი, ზენა ქარი თეთრ ქულებს ცხვრის ფარებივით მიერეკებოდა საითღაც, უმისამართოდ,... ვინ იცის საით...
....... 
  აივანზე ვზივარ, იაფფასიან ღვინოს ვსვამ და უდარდელად მოსეირნე გამვლელებს ვაყოლებ თვალს, ვცდილობ გავიხსენო იმ ავადსახსენებელი ალან დალესის „მარგალიტები“.
მან და მისმა მსოფლიოს მბრძანებელთა კასტამ წარმატებით გაართვა თავი მისიას, გარდაექმნათ მსოფლიო საკუთარი საკრალური თარგის მიხედვით.
  ყურში ჩამესმის ამ გაზულუქებული ინდივიდის ნიკოტინისგან ჩახლეჩილი ხმა:  -„ჩვენ დავთესავთ ქაოსს და გავაყალბებთ ფასეულობებს. ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნების სურვილს. მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები, ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას ასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. მხარს დავუჭერთ და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც დაამკვიდრებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს, ყოველგვარ უზნეობას. პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად, სამარცხვინოდ უნდა იქცეს.  უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთმანეთის შიში და ურცხვობა ყოველდღიური ნორმა უნდა გახდეს.... ჩვენ სექსუალურად გავრყვნით თქვენს შვილებს“.
რევოლვერს ვიღებ, მაისურის კალთას ვკეცავ და ფრთხილად ვწმენდ მტვერს, ვაპრიალებ ისედაც შავად მბზინვარე მასიურ ლულას. სიამოვნებას მგვრის ფოლადის სიმძიმე ხელში. ტყვიებს ვამოწმებ, ყველა ადგილზეა. მუხლებზე ვიდებ, თითები თავ-თავის ადგილს იკავებენ ერგონომიულ სახელურზე.
-„ოჯახს, როგორც სიცრუის, პირფერობის, ღალატისა და სისასტიკის ბუდეს, მოვშლით. ოჯახის ინსტიტუტს, რომელიც წამლავს წარმოსახვას და ფრთებს კვეთს თავისუფალ ნებას, დავანგრევთ “...
დიახ, მათ ეს შესძლეს, გონებადაბინდულმა ადამიანებმაც სიხარულით აიტაცეს, შეისისხლხორცეს და ხბოს აღტკინებით, კუნტრუშით გაჰყვნენ მათ „წმინდა“ ნაკვალევს.
  და აი ისიც, გრძელი ჩიბუხი სურნელოვანი თამბაქოთი გაუტენია და დარდიმანდულად გაუჩხერია კბილებში, ჟილეტის ჯიბიდან ძვირფას სანთებელას იღებს. ოქროს ჩარჩოიანი სათვალე უკეთია, პენსნეს რომ წააგავს. ოდნავ ზემოთ ვუმიზნებ, თხელ წარბებს შუა, ზუსტად იქ, სადაც შუბლიდან დაშვებული ნაოჭი მთავრდება ცხვირის ფუძესთან და სასხლეტს ვაწვები, მერე კიდევ და კიდევ...
თვალებს ვახელ, ოფლიან შუბლს ვიწმენდ...თითებს ვშლი და ტკივილს ვგრძნობ, ფრჩხილები სისხლის მოდენამდე ჩარჭობილან ხელის გულებში...                                                                     
მოპირდაპირე აივანზე კარმენი გამოვიდა, მარტოხელა მოხუცი ყვავილებს რწყავს. წელში მოხრილი დაფუსფუსებს, ღიღინით, ზედმეტ ფოთლებს აცლის, ბავშვებივით ეფერება. ოდესღაც ტანკენარი, ცეცხლოვანი ფლამენკოს ბაილარინასგან მხოლოდ აჩრდილი რომ დარჩენილა. წლების უკან უამრავი მამაკაცის საოცნებო ქალი, მარტოდმარტო ატარებს დარჩენილ დღეებს. ყვავილები კი მის აივანზე სულ ყვავიან, მთელი წლის მანძილზე.... დედაჩემსაც უყვარდა ყვავილები...ძალიან უყვარდა...
..............................

ბერბიჭა ბერნარდო მახსენდება, კოლუმბის მოედნიდან, მოჭუტული თვალებით, თოხლის ბეჭს რომ შეექცევა და კმაყოფილებით ფშვინავს, ბედნიერი...თავისი მარტოხელობით.
ბარში ერთი ღერი “პურო“ ვიყიდე, ჰავანური არომატული სიგარა - „Cohiba Robustos“.  ჰო, სწორედ ის, კუბელები რომ ამბობენ :  ვინც ეწევა კოჰიბას, ის არ მოკვდება კიბოთი, მაგრამ მოკვდებიან სხვები, თუ არ მოსწევენ კოჰიბას და მათ მოჰკლავთ შური. სანთებელას არ ვატარებ, ამიტომ იქვე გავაღვივე და  ქუჩას გავუყევი, დინჯად ვეწევი და ვცდილობ ბოლომდე შევიგრძნო მისი საამო სურნელი. რამდენიმე ნაფაზის შემდეგ მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობ, ვმშვიდდები, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი ამომიდგა მხარში და მეც გადავხვიე ხელი... სკვერისკენ გადავუხვიე და მოშორებით ჩამოვჯექი თავისუფალ სკამზე. იქვე ახლოს ბავშვები თამაშობენ ქვიშაში, ბიჭი და გოგო. გოგო უფროსია, ხუთი ექვსი წლის იქნება-ბიჭი ალბათ ერთი წლით უმცროსი. გოგონა სარგებლობს თავისი ასაკობრივი უპირატესობით და დომინირებას ცდილობს, უნდა რომ თავისი თოჯინები დასვას თვითმცლელზე, ბიჭი რომ მართავს დისტანციურად. მომავალი „მშენებელი“ კი არ ეპუება, ქვიშას ზიდავს ერთი ადგილიდან მეორეზე. გოგო დიდხანს ჯუჯღუნებს და მაინც თავისი გაჰყავს, მძიმედ დატვირთულ „ოკლაჰომაზე“ სხავს თავის თოჯინებს, ზედ ქვიშის გროვაზე.  დედა მოშორებით ზის, მთელი გულისყურით კითხულობს სქელტანიან წიგნს და მხოლოდ ზოგჯერ თუ გამოიხედავს ბავშვებისკენ. ძალიან მინდა დავუძახო ორივეს, მუხლებზე დავისხა, ხელები მოვხვიო და ზღაპრები მოვუყვე, მერე სადმე კაფეში წავიყვანო და ნაყინით ან ცხელი შოკოლადით გავუმასპინძლდე, მაგრამ ამისთვის დედამისის ნებართვაა საჭირო, ის კი, რა თქმა უნდ,ა კატეგორიული წინააღმდეგი იქნება (უცხო კაცს რა ესაქმება მის შვილებთნ?!)...უფრო მეტიც, შეიძლება პოლიციაც კი გამოიძახოს...
მოშორებით სხვა ბავშვებიც თამაშობენ. მდელოზე კი (სწორედ იქ სადაც ფირნიში იუწყება: „სიარული და ძაღლების შეყვანა აკრძალულია“) ტყუპები დასდევენ დიდ, ფერად ბურთს, სოლიდურ პიჯაკსა და „დოქტორ მარტენსის“ სარკესავით გაპრიალებულ ფეხსაცმელში გამოწყობილ ზორბა ტანის პაპასთან ერთად და სიხარულით ჭყლოპინებენ.
„პუროს“ ვქაჩავ ხარბად , ვცდილობ ცისფერ კვამლს გავატანო გულში დაგროვილი  სევდა, ნაღველივით მწარე, მწვანე და ბლანტი...
........................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები