ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: იუმორისტული
8 ივნისი, 2020


ბოდიში

ამ დილით ისე მეჩქარებოდა სამსახურში, ბუტერბროდივით ორად მოკეცილი გამოვედი სახლიდან _ თან გამოვდიოდი და თან თასმებს ვიკრავდი.
კიბეებზე 3 კიბეს ერთად ვახტებოდი და რა გასაკვირია, სადარბაზოს შესასვლელთან დამხვდარ სიურპრიზს თუ არაადეკვატური ეფექტურობით ავიცილებდი თავიდან. სულ არ გამხსენებია რომ ყოველ დილით მეოთხე სართულის დეიდა მარგო, ასტრონომიული სიზუსტით ცხელ-ცხელი, ქიშმიშიანი ფუნთუშების საყიდლად დადის მეზობელ კორპუსთან. ისე,  ბებია მარგოა, მაგრამ დეიდას ვეძახით, მასაც უხარია. არა, დღეს არ მეცალა არც დეიდა მარგოზე და არც მის ფუნთუშებზე საფიქრელად, ხოდა აი სულელო თავო, უნდა მეფიქრა - სადარბაზოს კართან ისე შევაფრინდი, ქალმა შიშისაგან ფუნთუშები მოისროლა და სახეზე წაიფარა ხელები. დღის დასაწყისიც ასეთი უნდა ინატროს კაცმა! ძირიდან სათითაოდ ავუკრიფე ერთმანეთს დაცემის ძალით მოცილებული ფუნთუშები, სული შევუბერე, სახელოთი გავწმინდე ზოგი, უფრო მეტად დაზარალებული, ზოგსაც მომწყდარი ქიშმიში ისევ ზედ დავასვი და დეიდა მარგოს გამოსავსავებულ ხელებზე ლამაზად დავულაგე.
-ბოდიში დეიდა მარგო, ძალიან მეჩქარება - ვუთხარი და ის იყო სადარბაზოს კართან უნდა გავუჩინარებულიყავი რომ გამოერკვა და მკვახედ მომაძახა: ბოდიში რომ შველოდეს, ამ ფუნთუშებივით სადმე გაიყიდებოდაო. არ ვიცი, ხვალ შენ მყიდულობ ფუნთუშებს, ზუსტად 8 საათისთვის ვსაუზმობ და მელაგოს სამზარეულოს მაგიდაზე.
გააზრება ვერ მოვასწარი, ისე დავუქნიე თავი და გავეცალე.
ავტობუსი, ჩემდა ჭირად, 2 წუთით ადრე მოსულიყო და უკვე იმდენ ადამიანს მოესწრო ასვლა, რომ მგონი შიგნით ერთმანეთის ნახშირორჟანგით თუ სუნთქავდნენ. სხვა გზა არ მქონდა: შევახტი ავტობსს და სანამ კარი დაიხურებოდა, შიგნით შეღწევა მოვახერხე მუცლით პატარა ბიძგით. გამიკვირდა. ჩემი დანახვა დიდად არ გაუხარდათ მგზავრებს, თითქოს ერთი კაცი წყვეტდეს მგზავრობის დონეს და ხარისხს. ისე მიყურებდნენ , ვითომ მსოფლიო მაშტაბის დანაშაული ჩამედინოს და გრცხვენოდესო - მანიშნებდნენ. ჩემნაირი ჩია ტანის ადამიანისთვის ასეთ გადაჭედილ ავტობუსში მგზავრობა ერთი დიდი თავგადასავალია. ძირითადად 60% მგზავრებისა ჩემზე მაღალია და ზემოდან დამყურებენ (მოვიტყუე, 75 %). ხელმოსაკიდის პოვნაც რომ პრობლემაა?! როგორც იქნა, რაღაცას თუ ვიღაცას ჩავეჭიდე და ფეხისწვერებზე აკონწიალებული ძლივს ვიკავებდი წონასწორობას. ამ დროს, მაინდამაინც იმ მომენტში, იმ დღეს, მაინდამაინც ჩემს სამსახურამდე არსებულ გზაჯვარედინზე მოუნდა ვიღაც გადარეულს სრბოლის მოწყობა - ავტობუსმა ისე დაამუხრუჭა რომ კი არ გადავფრინდით, არამედ გადავქროლდით ინერცით . უცებ ვიგრძენი რომ როგორც უსაფრთხოების ბალიშზე , ისე დაეშვა  ჩემი თავი რბილად რაღაცაზე (ვიღაცაზე). აჟიოტაჟი რომ დაცხრა, ავიხედე ჩემს მაღლა და ვხედავ გოგოს, მაგრამ რა გოგოს! ძუძუები აქვს, მხოლოდ ერთი რომაა ჩემხელა მთლიანად. მიყურებს ეს გოგო და მიბრიალებს თვალებს, ბოლოს ვეღარ მოითმინა და უხეშად მკითხა: დიდი ხანი გეჭირება ჩემს ძუძუებზე ხელი? მაშინ მოვედი გონს და გავიფიქრე "ძუძუები გაქვს თუ ალმასებითქო", თუმცა, რომ დავაკვირდი და დავინახე ჩემი ხელები მართლაც მის ორივე ძუძუს ჩასჭიდებოდა, ისე შემრცხვა, გამომცხვარ და შეპიწკინებულ ფუნთუშებს თავად დავემსგავსე. ხელები რათქმა უნდა გავუშვი, მაგრამ ვერ მოვითმინე და ბოდიში მოვუხადე:
- ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ და თქვენმა უზარმაზარმა და ულამაზესმა ძუძუებმა გადამარჩინეს _ მთელი სერიოზულობით ვუთხარი.
ისე დამიბღვირა გოგომ, იმ წუთას მიწა რომ გამხეთქვოდა ის მერჩივნა. მეგონა მომჭმუჭნიდა და გადამაგდებდა. ხოდა, ჩემს გაჩერებამდე კი ვიყავი მოჭმუჭნული, ხან რომელ ბიძიას ედო ჩემზე იღლია და ხან რომელ ბებიას. ჩემს გაჩერებაზე ძლივს გავაღწიე თავი ავტობუსიდან, ხან ხელი მრჩებოდა უკან და ხან ფეხი. რომ გამოვედი სუფთა ჰაერი მესიამოვნა, თუმცაღა სასუნთქი გზების გასანიავებულად ნამდვილად არ მცხელოდა.
ჩემი ოფისი გაჩერებიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. სირბილით გავიქეცი. შესულს, ტურნიკეტთან, სანამ ბარათს გავატარებდი, თანამშრომელი „დამეჩესტა’ და გამიღიმა. ის უკანასკნელი თუ არა, ბოლოდან მესამე ადამაინი მაინც იყო, ვინც  მინდოდა ამ დილით შემხვედროდა.
-როგორ ხარ - რაღაცნაირი დაჯღანული ღიმილით მკითხა.
-რავი, მეჩქარება.
მკლავში ხელი წამავლო და მსუბუქად შემაჩერა.
-ჩემი სამასი ლარი იქნებ დღეს დამიბრუნო, ძალიან მჭირდება!
- ოღონდ დღეს არა რა. ხელფასამდე მაცადე. ხელფასს რომ ავიღებ უეჭველი მოგცემ.
-უკვე მერამდენე ხელფასი აიღე და...
-აუ, ძმა, ძალიან მეჩქარება რა, და გეფიცები ხელფასზე დაგიბრუნებ!
-მე დღეს ძალიან მჭირდება მაგ ფული. გოგოს ვკერავ და აუცილებლად უნდა მქონდეს!
- დღეს ბოდიში რა!
-ბიჭო, ბოდიში რომ შველოდეს, იცი ფულს კი არავინ არ გამოიყენებდა, ბოდიშით იყიდდა და ბოდიშზე გაყიდდა.
- მართლა არ შემიძლია, არ მაქვს! ბოდიში! გოგონა შეგიძლია ჩემს სახლში მოიყვანო, კარგ ფილმს ვუყუროთ, პოპკორნს მოგიხალავთ, მოგემსახურებით ...
- კიდევ, შენ ხომო არ დაგიტოვო ის გოგო, ჰა?! შენ აზრზე თუ ხარ ბიჭო?!.... მეტი აღარ ვაცალე გაბრაზება მივუგდე ეს უიმედო იმედი და დავყტდი.
ლიფტთან იმხელა რიგი იდგა, არ დაველოდე და მეოთხე სართულზე ფეხით ავქანდი. საათს შევხედე და უკვე 20 წუთით დამეგვიანა. ჩემს მაგიდას მივუჯექი, ზურგჩანთა მოვიხსენი და ქურთუკი სასწრაფოდ ქურდულად გავიძრე, იმ იმედით რომ ვერავინ შეამჩნევდა ჩემს დაგვიანებას.
ამ დროს შემოდის ჩემი სუპერვაიზერი, შენიშვნას მაძლევს დაგვიანებისთვის, მაფრთხილებს რომ 50 ლარი ჩამომეჭრება თვეში უკვე რიგით მესამე დაგვიანებისთვს  და შეხვედრების ოთახში მიხმობს.
-უფროსო, დიდი ბოდიში რა. ავტობუსმა დააგვიანა!
-მე შენი ბოდიში არაფერში მჭირდება, შენთვის დაიტოვე, წადი დააკონვერტირე 50 ლარად! ახლა კი ასწიე შენი პატარა საჯდომი და წამობრძანდი "მითინგ რუმში".
მგონი დამერხა, არა?!არ მიფიქრია იმაზე, ნეტა რა უნდამეთქი. რატომ ვინერვიულო წინასწარ?! ავდექი და ჯერ კიდევ გული სწრაფად მიცემდა ამდენი სირბილისგან, მორჩილად გავყევი. ოთახში ჩემი დამკვეთი გვერდულად იჯდა. შესვლისას შემოტრიალდა და უკმაყოფილომ ნიშნისმოგებით დამიწყო ყურება.
დამცხა სერიოზულად. ხო, მახსოვდა როგორ მივუფუჩეჩე საქმე ამ ქალბატონს, იმიტომ რომ პარალელურად სხვა , კერძო საქმეც მქონდა ჩუმად აღებული.
- დაბრძანდით - მომმართა განყოფილების უფროსმა.
- (დავჯექი, მაგრამ დიდი სიამოვნებით გამოვიქცეოდი ოთახიდან) - გამარჯობა.
- თქვენ ამ კომპანიას წინა კვირაში შეკვეთა ჩააბარეთ.
- დიახ, მახსოვს.
- ძალიან კარგი , რომ გახსოვთ და მეხსიერება ბოლომდე არ წაგშლიათ, ჩემი ფაილებივით.
- მე თქვენ დამატებითი თანხა გადაგიხადეთ ( ასე მომთხოვა თქვენმა სუპერვაიზერმა როცა დამიანგარიშეს ჩემი გვერდის შექმნა) , დამუშავებისთვის და რენდერინგისთვის გვჭირდება დამატებითი თანხები, რომ ვიზუალიზაცია ყველა ბრაუზერზე ერთნაირი ყოფილიყო - დამიწყო ცოდვების გახსენება დამკვეთმა, მინდა გითხრათ საკმაოდ სიმპატიურმა ქალბატონმა, რომელსაც გაბრაზება ძალიან არ უხდებოდა.
- დიახ, აგიხსენით რომ ყველა ბრაუზერს სხვადასხვანაირად გადაჰყავს კოდები ეკრანზე და სხვადასხვანაირად რომ არ ჩანდეს, დამუშავება სჭირდებოდა.
- მერე დაამუშავეთ? - მკითხა უფროსმა.
- დიახ... (ცოტა ორჭოფობა შემეტყო ხმაში).
- და ტელეფონიდან საშინლად რომ ჩანს, არც საძიებო ველი მუშაობს, არც ფილტრი...-გაბრაზებით თქვა დამკვეთმა;
- დეველოპერის ამოცანაა საიტი პროფესიონალურად შეასრულოს, შენ კი... (გაღიზიანებული უფროსი აგრძელებდა ჩემს დატუქსვას. მე კი არ მახსოვდა, ყველაფერი გავითვალისწინე თუ არა, ან მოხდა თუ არა გადამოწმება . სუპერვაიზერს რომ ვაჩვენე ვიზუალი, ძალიან მოეწონა და მისი ბრალიც უნდა ყოფილიყო წესით)
- ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი საიტი შევქმენი - აქამდე ასე მეგონა. ბოდიში თუ რამე არ მოგწონთ!
- რის ბოდიში, რა ბოდიში, რად მინდა სილამაზე თუ არ მოიძებნება საიტი!
- პირველი , რასაც დეველოპერებს ასწავლიან, ისაა რომ მათი შექმნილი პროდუქტი ადვილად უნდა იძებნებოდეს. კოდირება მე უნდა გასწავლოთ?
- თუ მოქნილი დიზაინი არ შეგეძლო, აგერჩია ადაფტური....
ერთი სიტყვით გამატარეს ჟანგიან მილში და ისღა დამრჩა მომებოდიშებინა.
- გამოვასწორებ, ბოდიში თუ რამე არ მოგეწონათ...
- ბოდიში რომ შველოდეს, ბოდიშს დავიქირავებდი...
უფროსმა გამომაბუნძულა ოთახიდან და 3 დღე მომცა ყველაფრის გამოსასწორებლად, თან 300 ლარი ჩამომაკლო ხელფასიდან- კიდევ ერთი თვე მომიწევდა მალვით სიარული ოფისში, რომ ვალის დაბრუნება არ მოეთხოვათ.
შესვენებაზე ყავის დალევაც კი დამავიწყდა. ჩემს კომპიუტერს და დამკვეთის საქმეს ჩავკირკიტებდი დედამ რომ  დამირეკა.
- როგორ ხარ შვილო?
- რავი, ვარ რა. შენ როგორ ხარ დე?
- შენგან დავიწყებული, როგორ ვიქნები?! ერთი არ უნდა მომიკითხო?
- ბოდიში დეე, ხომ იცი როგორი დაკავებული ვარ?!
- შვილო, ბოდიში წამალი რომ იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა, ან ბოლოსდაბოლოს ბოდიშს გავაჩენდი და იმას გავზრდიდი, მეტი ხომ არაფერი იცი, ბოდიშის გარდა!
დედის დატუქსვაღა აკლდა ჩემს დღის ბედნიერების დოზას.
სამსახურის შემდეგ ამოვიღე სიგარეტი და გავუყევი ქუჩას, მოკიდებაც დამავიწყდა.
გადავწყვიტე ბარში შევსულიყავი და ერთი ჭიქა რამე გადამეკრა.
ერთ ჭიქას მოყვა შვიდი და...
ბარმენს ერთი ლამაზი წითური გოგო ესაუბრებოდა. მივედი და მივესალმე - თამამი ვარ ხოლმე ერთი ჭიქის შემდეგ - სიმაღლეშიც ვიზრდები, მხრებიც მიგანივრდება, ხელფასიც მემატება, სახლის ფართიც და შესახედაობაც. გოგონამ გაკვირვებულმა მომხედა და მომესალმა თავის დაქნევით. წამო ვიცეკვოთ მეთქი და მოვხვიე ხელი. ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე ოდნავ ქვემოთ მომიხვდა ხელი. ამ დროს ვიღაც დიდმა და ბუმბერაზმა ხელით გამომწია - ბიჭო, შენ რამე ხომ არ გეშლებაო.
- უი, ბოდიში, ჩემი ცოლი მეგონათქო - ვუთხარი და თქმა ვერ დავასრულე რომ რაღაც მაგარი და ძლიერი მომხვდა ყბაში.
- ბოდიში თუ შველის, წადი და ბოდიშით იმკურნალეო!
თეთრ პალატაში, სადაც ყველაფერი თეთრია, ონკანიც და ნათურაც კი. მხოლოდ მე ვგდივარ გაშავებული ცხვირპირით თეთრ ზეწარზე და ვფიქრობ: რა იქნებოდა ბოდიში რომ მართლაც იყიდებოდეს? რამდენ საქმეს ვუშველიდი?!
მივიდოდი მადისაღმძვრელ სურნელებიან საფუნთუშეში და დეიდა მარგოსთვის ბოდიშს ვიყიდდი.
- თუ შეიძლება 4 ქიშმიშიანი ბოდიში, შაქრის პუდრით, ქაღალდში შემიხვიეთ!
ავუტან მარგო დეიდას და ისიც დაივიწყებს ჩემს წყენებს, მის ძაღლს რომ ამოვარტყი პანჩური, კარის ზღურბლთან რომ მომისაქმა, ჩემგან ჩასულ ხმაურს, რამდენჯერმე დახმარება რომ მთხოვა და მე კი დამეზარა და სამსახურის საქმე მოვიმიზეზე, კომპიუტერის გამართვაში ცალყბად შემოთავაზებული ფული რომ ავიღე, მის შვილიშვილს რომ ვაბავდი და კიდე ვინ მოთვლის - ყველა წყენას დაივიწყებდა და ისევ ვიმეგობრებდით შემდეგ შემთხვევამდე.
- თუ შეიძლება ერთი კონა ბოდიში მომაწოდეთ! - და ამ შეკვრა ბოდიშს დიდ ძუძუებიან გოგონას მივართმევდი, ის კი დაივიწყებდა მის ძუძუებთან ჩემს უპატივცემულო შეფეთებას და საერთოდ რომ შევამჩნიე მისი უზარმაზარი მკერდი - მომიტევებდა ამ შეცოდებას!
- ოპერატორო,  300 ცალი ბოდიში მინდა, პირდაპირ ანგარიშზე დამისვით! _ ამით, ჩემს თანამშრომელს გოგოს დაკერვაში მივეხმარებოდი...
მივიდოდი აფთიაქში და
- თუ შეიძლება ბოდიში მინდა წვეთებში, ერთი ფლაკონი.  - ან
- ერთი შეფუთვა ბოდიში სახლში მოტანით - და კურიერი სახლში მომართმევდა.
- ბოდიშის კოქტეილი თუ შეიძლება, ოღონდ ირონია და სარკაზმი არ დაუმატოთ.
- 100 ბოდიში დამიკონვერტირეთ დოლარებში. იყოს დიდი კუპიურები, არა უშავს!
- უბრალო ბოდიში მინდა, ჯიბეში აადვილად რომ ეტეოდეს და არ ცვიოდეს!
- ბოდიშის საფენები გაქვთ ლამაზო?
-სურნელოვანი ბოდიში მინდა, მუშტის სუნი არ დაჰკრავდეს ოღონდ!
-წითელთმება ბოდიში , სად შეიძლება ვიშოვო? ა, იმ დახლთან? მადლობა!
-გულწრფელი ბოდიში მინდა, დიდი და ლამაზი, "ბლიოზკებით" და რამე!
-სამი მარჯვე ბოდიში მინდა სამსახურში, დამხმარე ასისტენტებად...
- აუ, ერთი ღერი ბოდიში.......
ვხედავ, ჩემი ბოდიში როგორ მიყავთ რეანიმაციაში: ინსულინი,  რესპირატორი... მოვემზადეთ, სტარტ...
ამ დროს შემოდის თეთრ  ხალათიანი მაღალი ხმელი კაცი და თანაგრძნობით მომმართავს.
- ტვინის შერყევა გაქვთ, ერთი თვე სახლში, წოლითი რეჟიმი. არანაირი ალკოჰოლი, ქალები, კომპიუტერი, სამსახური და აბები (იცით რასაც ვგულისხმობ). თავს მიხედეთ და .... ვინ მოგივლით?
- დედა! - დარცხვენილმა მივუგე.
ბოდიში დე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები