ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: იუმორისტული
11 ივნისი, 2020


მე

მე
გამარჯობა. ეს მე ვარ. არა, უფრო სწორად 50% მე ვარ და დანარჩენი ნაჯერი და უჯერი ცხიმები, ანუ მე +მე*100% ცხიმი.
ბავშვობიდან ლამაზად მომრგვალებულ ფორმებს ვატარებ, თუმცა ესეც სადაო საკითხია. ზოგი ამაში არ მეთანხმება, ჩემდა გასაკვირად. არასდროს მწყინდა როცა :“პონჩიკას“, „ფუნჩულას“ ან თუნდაც  „ბოჩკას“ მეძახდნენ - არ ვიღებ წყენად. აქ ხომ ორი ვარიანტია: ან სიყვარულით მეძახიან და ან _ სიძულვილით. პირველ ვარიანტში რაა გასაბრაზებელი ან საწყენი და მეორე ვარიანტშიც - რაა გასაბრაზებელი და საწყენი?
ზოგ, ჩემსავით ლამაზს, მომისმენია რომ ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა სკოლაში. მე კი ასე ვერ ვიტყოდი. ვინმეს მცდელობა რომ ჩემთვის ეწყენინებინა, ყოველთვის კრახით სრულდებოდა და შესაძლოა , სწორედ ამიტომაც აღარავინ ცდილობდა ჩემს დაჩაგვრას. ან იქნებ იმის ბრალიც იყო რომ ჩემი ზომებიდან გამომდინარე, საკმაოდ ძლიერი ვიყავი და არავის ვპატიობდი ზედმეტ სიტყვას. ჩემი გაბარიტების წყალობით, სკოლაში საქართველოში ვფიქრობ პირველი ტოტალიზატორი  მოვაწყვე: ფსონებს ვადებინებდი და მკლავჭიდში ვეჯიბრებოდი თანაკლასელებს, პარალელურკლასელებს და უფროსკლასელებს (ძალიან უფროსებს სცხვენოდათ და მხოლოდ ფსონებს ჩამოდიოდნენ). ხელს ვერავინ მიწევდა და სულ მე ვიგებდი. ჩემი წყალობით ჩემი გულშემატკივრები იგებდნენ ტურბოსა თუ „ლოვეს“ საღეჭ რეზინებს, ნაკლეიკებს, კოჭებს, კასეტებს, ბუფეტის ტალონებს, პლასტმასის სათამაშოებს, „ბაბაჩკა“ დანებს და ფულსაც კი. მოგებულს აუცილებლად მიყოფდნენ, გარდა დანებისა - დანები არ მაინტერესებდა..
მკლავჭიდით მეორე კურსამდე ვიყავი დაინტერესებული.  უნივერსიტეტში ეგრევე მკლავჭიდის კლუბში ჩავეწერე. დღედაღამ ვვარჯიშობდი, ჩემპიონატზე მინდოდა გასვლა ქვეყნის სახელით. მაგრამ ბოლოს იცით რა მოხდა? სამჭიდზე გადავედი - მკლავჭიდში ჩემი წონის გოგო ვერ მიპოვეს საქართველოში. სამჭიდს კი მაშინ დავანებე თავი, დედაჩემმა ჩემი სპორტით გატაცების ამბავი რომ გაიგო ბულგარეთის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ბილეთების პოვნის შემდეგ და მისი წივილი რომ მე-16 სართულზე ადიოდა მეორე სართულიდან.
ასე დარჩა ჩემი ბავშვობის ოცნება ოცნებად.
ბევრი ოცნება დარჩა ოცნებად, მაგალითად ერთი ბლოკი სნიკერსის შეჭმა. მაშინ ფული არ მქონდა, ახლა კი არ შეიძლება, პრედიაბეტიკი ვარ და მაგის ნახევარიც გამაფშეკინებს ფეხებს.
როგორც მოგიყევით, ყოველთვის მომრგვალებულ ფორმებს ვატარებდი. გგონიათ ჭამა მიყვარდა? არა, დღემდე არ მიყვარს. უბრალოდ ძალიან მომწონს, როცა პირში გემრიელი გემო მაქვს- ესაა და ეს.
სკოლაში, ჩემი ნაჯერ-უჯერების გამო, მერვე კლასამდე, სულ პრობლემები მქონდა : დავიცავდი გოგოს, გავლახავდი ბიჭს და მერე იმ ბიჭის მშობლები მლანძღავდნენ დირექტორთან. მე კი გაბრაზებული მოვიდოდი სახლში და ცხელ გულზე მივირთმევდი რამე  რბილსა და ძალიან გემრიელს. სხვათაშორის, ძალიან შველის სტრესს გემრიელად ჭამა.
სკოლაში ჩემი ბოლო ჩხუბიც მახსოვს. ექთნის ბიჭი გოგოების წვალების გამო რომ გავლახე. ცოტა ხანში,  კარადასავით დედამისი აღიმართა ჩემს ცხვირწინ , კუთხეში დამაყენა და ქალი კი არა ქაჯი ხარო - მეძახა. მაგ ექთანი იყო, გინდა თუ არა შეღებილი აქვს თვალებიო (ჩემზე) რომ უმტკიცებდა დამრიგებელს  და დირექტორთან ააყვანინა ჩემი თავი. მაშინ მეორე კლასში ვიყავი და აღმოჩნდა რომ თვალებზე მას ჰქონდა წასმული რაღაც (ასე უთხრა წყობიდან გამოსულმა დირექტორმა). მე კი უბრალოდ კანთან ახლოს მქონდა ( და მაქვს) კაპილარები.
მგონი მას მერე ამომიღო თვალში და შანსს არ უშვებდა ხელიდან: ხან დგომას მიწუნებდა, ხან მანერას, ხან სირბილს, ხან ჭამას... არადა, ჭამაში მართლა რას მიწუნებდა დღემდე ვერ გავიგე. ერთხელ, ძლივს მოვასწარი დასვენებაზე ცხელ-ცხელი სოსისიანი პურის ყიდვა რომ გადამეღობა დერეფანში და რა ქაჯივით მორბიხარო-შენიშვნა მომცა . იმ მომენტში ვფიქრობდი , სად უნახავს ქაჯის სირბილითქო. მან კი, ცოტა ხანი მიყურა და გადაიწია გზიდან.  მის გამო გაკვეთილზე დამაგვიანდა - დღემდე მგონია რომ განზრახ გააკეთა მასე . მთელი გაკვეთილი ცხელი სოსისისა და მისი ოხშივარით გაცხელებული პურის სურნელი ცხვირში მიღიტინებდა და მუცელს მიტრიალებდა. ვეღარ მოვითმინე, ავდექი და ცოტა მოვატეხე. ის-ის იყო პირისაკენ გავაქანე რომ მასწავლებელმა გამომიძახა. დღემდე მახსოვს ის ტკივილი, დაუღეჭავი ლუკმის გადაყლაპვამ რომ იცის. მას მერე ასე აღარ მოვქცეულვარ (გეფიცებით) - დაუღეჭავი ლუკმის გადაყლაპვას ვგულისხმობ, თორემ გაკვეთილი რას დამაკავებდა, თუ ჩანთაში გემრიელობა მეგულებოდა?!
ჩემი დიდი ზომები, ხშირად უცნაუ ისტორიებში მხვევდა. ერთხელ,  საჭორაოდ, ყავის ჭიქით ხელში, შუა გაკვეთილზე შემოსულ სხვა კლასის მასწავლებელს დამსწრე ვეგონე, რადგან ბოლოში ვიჯექი და არ ვიყავი კლასელებისხელა. წარმოიდგინეთ, შემოდის ქალი რომ გული იჯეროს ქოთქოთით და ამ დროს ხედავს ვიღაც დიდს უკანა ფლანგზე. ჯერ სახე მოეღრიცა, მერე გამწვანდა (ასე მომეჩვენა) და პირკატანაცემივით გავარდა კლასიდან. ისეთ ცუდ დღეში ჩავარდნილა, ვალერიანის წვეთებით ასულიერებდნენ თურმე სამასწავლებლოში. მერე ეგრევე დირექტორთან გაქცეულა, ჩემს ცოდვებს ჩემი პირით მოვუყვები, სანამ საყვედურს ეტყვიანო (ალბათ ასე ფიქრობდა და ეგონა ნაკლები მოხვდებოდა ამის მერე). მერე დირექტორი ჩავარდნილა ცუდ დღეში - დამსწრეა სკოლაში და მე არ ვიციო. გადაურეკავს რესურსცენტრში და მერე რესურსცენტრში ჩავარდნილან ცუდ დღეში, ალბათ ჩვენც ასე ჩუმად გვამოწმებენო... მოკლედ სანამ სამინისტრომდე მივიდა გარჩევების და მასწავლებლის დაუფიქრებელი საქციელის ამბავი, მორჩა 45 წუთიანი გაკვეთილი და გაირკვა რომ ის დამსწრე, მე ვიყავი. ვერ გეტყვით რომ შეცდომის გამო მშვიდად ამოესუნთქა ვინმეს - პირიქით, უარესად გაწიწმატდნენ და საკუთარ თავს რომ ვერ ეჩხუბებოდნენ, სკოლა ქალთა გასართობ კლუბად რომ ექციათ, აქეთ დამიწყეს ჩხუბი: რამხელა ხარ, არა გრცხვენია, ცოტა ჭამას მოუკელიო!
მას მერე, დილით, სანამ სკოლაში წავიდოდი (დილით კი არა, შუადღეს, რადგან მეორე ცვლა ვიყავი და არავიმ მყავდა სახლში, ვინც ყურადღებას მომაქცევდა , დამაჩქარებდა ან დამეხმარებოდა), საათობით ვატარებდი დროს სარკესთან, ვცდილობდი ღიპი შემესუნთქა, ლოყები შემებერა შიგნით და მხრებში მოვხრილიყავი, რომ ოდნავ პატარა გამოვჩენილიყავი. მერხზეც მოღუნული დავიწყე ჯდომა-იქნებ აღარავის მოვხვდე თვალშითქო. სარკესთან ძალიან ჩაძმაკაცებამ ის გამოიწვია, რომ თითქმის ყოველდღე ვაგვიანებდი სკოლაში და თითქმის ყოველდღე სკოლისაკენ მიმავალ დაღმართზე კასრივით მივგორავდი. მერე კარგა ხანი ფორმის მწყობრში მოყვანა მიწევდა. ხო, მაშინ ფორმები იყო, ყავისფერი და თეთრწინსაფრიანი ფორმები, რომელსაც ხშირად უკუღმაც ვიცმევდი - სიჩქარისგან.
მეხუთე კლასში რომ ვიყავი დედა შეაშინეს ექიმებმა: დიდი ბავშვია და ცოტა ჭამას მოუკლოსო. ვერაფერი გავიგე მაშინ - თუ დიდი ვარ, ესეიგი მეტი საჭმელიც მჭირდება, ორგანიზმი რომ არ გამოიფიტოს - დედა ვატირე ექიმების ლოგიკის! დედამაც დაუჯერა იმ ჭკუასუსტ ექიმს და პური ამოიღო ჩემი რაციონიდან. პური- საჭმელი რომელსაც ყველა სხვა საჭმელში გავცვლიდი დედამიწის ზურგზე. მაგრამ არ დავნებდი, ღამე, არ ვიძინებდი სხვების დაძინებამდე,  მშობლების სუნთქვის ღრმა ფაზაში გადასვლის შემდეგ, ვიპარებოდი სამზარეულოში, საპურიდან ვიღებდი პურს და მოვრბოდი ლოგინში. აი იქ კი, პურთან ჩახუტებული ვიძინებდი - თან ვსუნავდი, თან კი ვკოცნიდი და ვკბეჩდი.
ჩემი ქურდობა მაშინ გამოაშკარავდა, დედამ ჩემს ლოგინში პურის ნამცეცები რომ იპოვა. მას მერე კონტროლი გამიმკაცრეს, მაგრამ მერე დადგა ზაფხული, წავედი სოფელში ბებოსთან და იქ, არავინ იყო ჩემი გამკონტროლებელი - ბებოს ისე ვეცოდებოდი, პური რომ არ მოეცა ჩემთვის, ღამე არ დაეძინებოდა.
რთული ბავშვობა მქონდა? არა. მაშინ ასე არ მეგონა და არც ახლა ვთვლი რომ მასე იყო. კარგი ბავშვობა მქონდა. იმიტომ რომ თუ მასწავლებლები ვერ მიტანდნენ , სამაგიეროდ მოსწავლეებში ვიყავი ავტორიტეტი: ჩემთან მოდიოდნენ საქმეების გასარჩევად, თუ სხვა გოგოებს კალიას ჩაუსვამდნენ ზურგში, მე მას მერე ვერ მიბედავდნენ, რაც ეს კალია ამოვიღე და თავად ვსდიე იმ კალიით, სანამ ბოდიშები არ მიხადეს. ჩემი წყალობით უფროსკლასელები მკლავჭიდის შეჯიბრებებში ბევრს შოულობდნენ და სანახაობაც არ აკლდათ.
ჩემდა სამწუხაროდ, ჩემმა მშობლებმა ჩათვალეს რომ ზედმეტად ჭკვიანი ვიყავი, თუ ის ეუხერხულებოდათ, ყველაზე დიდი რომ ვიყავი თანატოლებში და გადაწყვიტეს კლასიდან კლასში გადავეხტუნებინე, მეექვსე და მეშვიდე კლასი გამომეტოვებინა და ერთი ზაფხული მთლიანად ჩამაშხამეს - დღედაღამ მამეცადინებდნენ. ოხ, როგორ ვეცოდებოდი ხვთისო პაპას და ჟენია ბაბოს (მეზობლები იყვნენ). მათი შვილიშვილები ძლივს გადადიოდნენ კლასიდან კლასში და მე კი ზედიზედ ორ კლასს უნდა გადავხტომოდი. როგორც იქნა ზაფხულთან ერთად დასრულდა ჩემი ტანჯვა და აღმოვჩნდი... აღმოვჩნდი ჩემნაირ გოლიათ მერვე კლასელებთან. იქ უკვე ასე ვეღარ „ვბლატაბდი“, სამაგიეროდ თუ მოსწავლეებს არ მოვდიოდი თვალში, მასწავლებლებს ვუყვარდი, როგორც ჭკვიანი და გონიერი, რომელმაც ყოველთვის იცის გაკვეთილი. მე კი ამის შენარჩუნება დიდ ძალისხმევად მიჯდებოდა-მასწავლებლების სიყვარული და პატივისცემა ახალი, გემრიელი და გაუცნობიერებელი ტკბილი ხილი იყო ჩემთვის, რომელთანაც შელევა არ მსურდა.
გავიზარდე და გარშემომყოფების აზრის მნიშვნელობაც გაიზარდა (არადა უნდა შემცირებულიყო წესით). თუმცა, აქაც არის ერთი პარადოქსი: თუ უფროსობის გულისმოსაგებად შემიძლია ერთი კვირა არ მეძინოს და დედლაინებზე ადრე ჩავაბარო საქმე, გარეგნობაზე გარშემომყოფების მწარე კომენტარებს თუ მრავლისმთქმელ გადმოხედვებს, მორჩილის სიმშვიდით ვხვდები.
ყველაფერში შეიძლება დადებითის პოვნა, მათ შორის ჩემს ზომებშიაც - ყველგან პრივილეგიით ვსარგებლობ.მაგალითად, გინეკოლოგთან რიგში ურიგოდ მიშვებენ და მეც უარს არ ვეუბნები. წარმოიდგინეთ, მაღაზიის რიგშიც მატარებენ, ავტობუსში თუ კლინიკაში, ადგილს მითმობენ.... არაა ცუდი ჩემი ზომები, სულაც არა!
დიახ, ეს მე ვარ, უფრო სწორად ნახევარი - მე ვარ და ნახევარი - ნაჯერი და უჯერი ცხიმები.
მეუბნებიან გაიკეთე კუჭის დაპატარავების ოპერაციაო, რომელსაც შესალამაზებლად ბარიატრიულ ოპერაციას უწოდებენ. მაგრამ ვერ შემაცდინეს. 15 000 ლარი იმაში უნდა გადავიხადო რომ არ ვჭამო?! არა გენაცვალე, აქეთ გადამიხადეთ და შევჭამ!
მადლობა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები