ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2020


ფოლიანტური

ნინო დარბაისელი

ფოლიანტური
- - - - - - - -

ფოლიანტიო, ფოლიანტი!
ეს სიტყვა  რაღაც,
ჟამთასვლისაგან შმორის სუნნაკრავ უზარმაზარ წიგნს არა და
ზამთრისპირს ყუნწზე  მოქანავე
კენტ ფოთოლს უნდა ერქვას სახელად
ან
გაზაფხულზე ია-იებით მოჩითულ მდელოს,
ან მოფარფატე პეპლის ფრთაზე  ძნელად შესამჩნევ ფერის ნიუანსს,
ან თოვლის ფანტელს,
ტრიალ-ტრიალით,
ნება-ნება  რომ ესვენება
ან დილით ადრე ბალახის ღერის დახრილ
წვერზე მოქანავე
ერთ  წვეთს ნამისა,
ჩამოვარდნამდე სხივმოთამაშეს ბრილიანტივით.
ან ჩვენი დევნით გადაღლილი და პატრონთან გაფრენილი ანგელოზის ოქროს მანტიას.
სიტყვა და სიტყვა,
სიტყვა, სიტყვები!

განა იმისთვის არ  არსებობს ქვეყნად  პოეტი, 
რომ ერთმანეთთან  სამუდამოდ დააკავშიროს
ის საგნები და მოვლენები,
ხმები, რხევები,
სხვამ რომ ვერავინ  მოიხელთა,
და
ამოავსოს პირდაფჩენილი უფსკრულები საგნებსა და გადაკარგვამდე დაშორებულ სახელებს შორის?
სიტყვა და სიტყვა,
სიტყვა, სიტყვები!

პოეზიის მთელი სიტყვარი
და ამ სიტყვარით გაყვანილი გვირაბები, ხიდები და კიბეები და აგებული გოდოლები -
ეს გადაარჩენს ყოფის ლაფისგან იმას,
რაც ჩვენში დარჩენად ღირდა,
თუკი თვითონაც ჟამთა სიავეს გადაურჩება?
სიტყვა, სიტყვები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები