ნაწარმოებები



ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2020


* * *

შორეულ... კენტად ან დაწყვილებით,
მდგარ ხეებს ვუმზერ, იმათ წვალებას,
მათხოვრებივით ხელგაწვდილები,
ევედრებიან ქარს მოწყალებას.

ქარი კი მათზე უფრო ღარიბი,
ქუჩის ძაღლივით დაძრწის კარდაკარ,
ფიქრებს გზადაგზა ჩამოარიგებს
და მტვრიან ჭიქით ნაღველს გადაჰკრავს.

ვწუხვარ ყველა გზა ჩემამდე მავალთ,
გაუცვეთიათ, ხმას მივდევ მკივანს,
ჯერ წლებს ვერევი, არა ვარ ავად
მე მომავალი ნაჭდევი მტკივა.

არ ვიცი ფიქრებს შუბლს რატომ ვახლი,
რატომ არ ვგავარ დროების მონებს,
ან აჭედილი ფანჯრები სახლის,
გამვლელის თვალებს რატომ მაგონებს.

ჩამოჯდა ქარი მარტოსულ ქვაზე,
მის დამშვიდებას სიკვდილი ახლავს,
ტოტებზე როგორც სახრჩობელაზე,
მკვდარი ფოთლები ჰკიდია ახლა,

მე კვლავ დავეძებ ადგილს იშვიათს,
აქამდე კაცს რომ არ უპოვია,
სადაც გაფრენას არ დამიშლიან,
იქ თეთრი მთები, მწვანე მოლია.

სადაც გავცდები მოკვდავის პრიზმას,
შევიგრძნობ შუბლზე მზის სხივის ამბორს,
და ჩემს ცხოვრებას, როგორც ცუდ სიზმარს,
ჩამომდინარე წყაროს ვუამბობ.

დანტე დარდიანი      22/05/2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს