ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
20 ივნისი, 2020


როგორ გაჩდნენ სივრცითი ფიგურები


ჩემო პატარებო, მოდით, ამ ზღაპრით ისევ რიცხვთა სამეფოში ვიმოგზაუროთ. მჯერა, ყველამ იცით ამ სამეფოს არსებობა. როგორც ყველა ქვეყანას, ამ სამეფოსაც თავისი კუთხეები გააჩნია. აი, საქართველოს კუთხეები ხომაა: აჭარა; აფხაზეთი; გურია; ერწო-თიანეთი; იმერეთი; კახეთი; რაჭა; სამაჩაბლო; სამეგრელო; სამცხე-ჯავახეთი; სვანეთი; ფშავ-ხევსურეთი და ქართლი. ასე აქვს რიცხვთა სამეფოსაც თავისი კუთხეები. ერთ-ერთ მათგანს გეომეტრია ჰქვია. ის ძალიან ლამაზი, მწვანეში ჩაფლული და გორაკებით შემოჯარულია. აქვს სწორი ქუჩები, ლამაზი სახლები, ყვავილთა გაზონები. დარწმუნებული ვარ, იქ სტუმრობა მოგეწონებათ. ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში წერტილები ცხოვრობენ, ისინი ხომ ყველაფერი გეომეტრიულის საწყისნი არიან, მეორეში - მონაკვეთები, მესამეში - სხივები, შემდეგში - წრფეები, კუთხეები, სამკუთხედები, ოთხკუთხედები, მრავალკუთხედები, წრეები და წრეწირები. ცხოვრობენ მეგობრულად, ერთმანეთი ძალიან უყვართ, ხშირად სტუმრობენ, ერთად თამაშობენ და სალაშქროდაც მიდიან ხოლმე. გორაკები ისეთი ლამაზი, შერეული ტყითაა დაფარული, რომ იქ სეირნობას არაფერი ჯობია. თვალუწვდენელი ნაძვები და ფიჭვები ზედ მძრომიალე ციყვებით;  ლაღად მხრებგაშლილი მუხები, წიფლები, აშოლტილი აკაციები, სუფთა ჰაერი, ჩიტების ჭიკჭიკი და რაც მთავარია, იმ ტყეში მცხოვრები კეთილი, ცისფერი ფერია, რომელიც ზოგჯერ ჩურჩულით ნათქვამ სურვილს ასრულებს. აი, რა იზიდავდათ გეომეტრიელებს აქ.
ერთ მზიან დილასაც გადაწყვიტეს ტყეს სწვეოდნენ. ირბინეს, ითამაშეს და დასასვენებლად გვირილებით მოჩითულ მინდორზე ჩამოსხდნენ.
- ახლა რა ვქნათ? - იკითხა წრემ.
- ვიცეკვოთ - თავი წამოწია ნებიერად წამოწოლილმა მართკუთხა სამკუთხედმა.
- როგორ? ჩვენ ცეკვა არ ვიცით. - წამოიძახეს მართკუთხედებმა.
- აი, ასე - წამოხტა მართკუთხა სამკუთხედი. ჯერ რამდენიმე კამარა შეკრა, შემდეგ თითის წვერებზე აიწია და ბალერინასავით დაბზრიალდა. ჯერ ნელა, მერე უფრო სწრაფად და სწრაფად. ისეთი ლამაზი სანახვი იყო, სამკუთხედს ვერც კი გამოარჩევდი.
იქვე, მუხის ტოტზე შემოსკუპულ ცისფერ ფერიას ძალზე მოეწონა მოცეკვავე, ჯადოსნური ჯოხი აიქნია და  ულამაზეს ფიგურად აქცია. იცით რა დაარქვეს ამ ფიგურას? კონუსი.
- უფ, რა კარგია, მოდი, მეც ვსინჯო - წამოიძახა მართკუთხედმა. ფეხები განზე გადგა და დაბზრიალდა. მასაც ლამაზად გამოუვიდა. არც მას დასწყვიტა გული ფერიამ და ლამაზ ფიგურად, ცილინდრად აქცია.
- ჩვენც გვინდა, ჩვენც - დაბზრიალდნენ წრე და წრეწირი. მათი ბზრიალი კიდევ უფრო მოეწონა ფერიას და ასე გაჩდნენ ბირთვი და სფერო.
- ჩვენ რა ვქნათ? - წამოიძახეს სამკუთხედებმა.
- ხორუმი ვიცეკვოთ - შესთავაზეს მართკუთხედებმა. შეიკვრნენ და დაიწყეს ცეკვა.
მათმა ცეკვმაც მოხიბლა ფერია და ისინი პირამიდებად და პრიზმებად აქცია.
- რაკი, თქვენ გაშლილ სივრცეში იშვით, სივრცითი ფიგურები იქნებით - გადმოსძახა ცისფერმა ფერიამ, ფრთები აიქნია და ტყეში გაუჩინარდა.
აი, ასე გაჩნდა გეომეტრიაში კიდევ ერთი, სივრცით ფიგურათა უბანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები